კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ უთვალთვალებდა გიორგი ახვლედიანი ცოლს ფარული კამერით და როგორ გაუსწორდა ის ცოლის ესპანელ თაყვანისმცემელს

ქრისტიან-დემოკრატების ყველაზე მძიმეწონიანმა ლიდერმა გიორგი ახვლედიანმა სამი წელია, რაც პირადი ცხოვრება შორენა კობერიძეს დაუკავშირა და იმიჯს, რომლითაც ის სამეგობროში იყო ცნობილი, წერტილი საბოლოოდ დაუსვა. საოჯახო საზრუნავისგან გათავისუფლებულ პოლიტიკურ ლიდერს, სახლში ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფუნქცია დაუტოვეს – ის „მშობელი ¹1“ გახდა და პატარა ანდრიას გამოკვებას, საქართველოს მთავრობის განცხადების გარეშეც კი, რეკორდულად მცირე დროში ახერხებს.

– თქვენი ოჯახური თანაცხოვრება უკვე სამ წელიწადს ითვლის, რა შეიცვალა ამ პერიოდში თქვენს ურთიერთობებში, როგორ შედგა თქვენი ტანდემი?

გიორგი: დროთა განმავლობაში ცოლ-ქმარს შორის, რა თქმა უნდა, ბევრი რამ იცვლება. ეს ურთიერთობა უარყოფითად იცვლება, ჩვენთან, ღვთის წყალობით, ეს არ მომხდარა. პირიქით, ამ სამ წელიწადში ბევრი რამ შეიცვალა უკეთესობისკენ, ბევრი თვისება უფრო სიღრმისეულად აღმოვაჩინეთ ერთმანეთში, ბევრი რამ ვისწავლეთ ერთმანეთისგან, უკეთესები გავხადეთ ერთმანეთი. ამის გარეშე ადამიანებს, ალბათ, ბეზრდებათ ერთმანეთი და ცხოვრების გაგრძელებაც რთულია. ის, რაც ჩვენს შორის უცვლელი დარჩა, არის ჩვენი სიყვარული, განცდა, ლტოლვა, რაც ცოლქმრულ ურთიერთობაში ძალიან მნიშვნელოვანია.

ჩვენ საკმაოდ ბევრი გადაკვეთის წერტილი გვქონდა ჟურნალისტური საქმიანობის, ადამიანური ინტერესებისა და საახლობლო წრის მიხედვით. აქედან გამომდინარე, ერთმანეთზე ძალიან პროგრესულ გავლენას ვახდენთ, რაც ჩვენს ურთიერთობას საინტერესოს ხდის.

– შოკა, თქვენ რა აღმოჩენები გააკეთეთ ქმართან დაკავშირებით?

შოკა: მე გავიცანი, შემიყვარდა და ცოლად გავყევი ჟურნალისტ გიორგი ახვლედიანს. ახლა, რაც პოლიტიკაშია, საკმაოდ შეიცვალა. ჯერ ერთი, ჭაღარა შეერია და წონაში მოიმატა. დიეტაზეც ვერ ვსვამთ. მით უმეტეს, საარჩევნო პერიოდებში გვიჭირს ამის გაკეთება, რადგან საარჩევნო კამპანიების დროს ხვდება უამრავ ადამიანს, რომლებიც ოფიციალური შეხვედრების შემდეგ, მათ სუფრასთან ეპატიჟებიან. გიორგი ქრისტიან-დემოკრატების მთელ ამ ტვირთს საკუთარ თავზე იღებს, ყველას მაგივრად სვამს და ჭამს, რადგან მიაჩნია, რომ ქართული ტრადიციების მიხედვით, ადამიანს სუფრასთან მიპატიჟებაზე უარი არ უნდა უთხრა. თუ გავითვალისწინებთ, რომ მომდევნო სამი წელიწადი საარჩევნო წლებია, მგონი, 2014 წელს ლიპოსაქციის გაკეთება დასჭირდება (იცინის). გარდა გარეგნობისა, გიორგის საკმაოდ შეეცვალა ხასიათი, უფრო მძიმე გახდა, როგორც სასწორზე, ისე ცხოვრებაში. თუ ადრე ისეთ ადგილებში დადიოდა, სადაც სიამოვნებას იღებდა, ახლა იმდენ რთულ და მძიმე სიტუაციებში უწევს მოხვედრა, კარგ ხასიათზე ყოფნას ვერ მოვთხოვ.

გიორგი: როცა ჟურნალისტი ვიყავი, ჩემი პროფესიისგან ძალიან დიდ სიამოვნებას ვიღებდი – დილით ვიღვიძებდი ბრაზილიაში და ვიძინებდი ავსტრალიაში. მივდიოდი ცეცხლის გარდამოსვლაზე იერუსალიმში და ვნახულობდი ქრისტეს ქანდაკებას ბრაზილიაში. დღეს, როცა ჩახვალ ფოცხოეწერში, სადაც დევნილებს ასახლებენ, ნახავ იქაურ სიტუაციას და გულგახეთქილი წამოხვალ იქიდან, ჩართავ ტელევიზორს და პრეზიდენტი გეუბნება: შაქარი იმიტომ გაძვირდა, რომ ჩინელებმა ჭამა დაიწყესო, ძალიან დიდი ძალისხმევაა საჭირო იმისთვის, ეს ემოციები სახლში არ მოიტანო და ზღურბლთან დატოვო.

– შოკა, ხშირად ერევით მეუღლის საქმიან ცხოვრებაში?

შოკა: როდესაც მე და გიორგი „იმედში” ერთად ვმუშაობდით, მე უფრო აქტიური შეხება მქონდა „დროების” პროდიუსერთან, ლევან ვეფხვაძესთან. მაშინ მე ტელევიზიის კომერციული მენეჯერი ვიყავი. გიორგიზე ვბრაზდებოდი, როცა სარეკლამო სიუჟეტი გაეპარებოდა, რაც ძალიან არ მსიამოვნებდა. თუმცა, კრიტიკის ქარცეცხლში არა გიორგი, არამედ პროდიუსერი ხვდებოდა (იცინის). როდესაც გიორგი და მისი მეგობრები პოლიტიკაში წავიდნენ, მე „იმედში” დავრჩი. ასე მიმატოვა „ბრძოლის ველზე.” მე მარტოს მიწევდა გიორგისა და მისი მეგობრების დაცვა. იმ პერიოდში პოლიტიკა არ იყო ჩემთვის საინტერესო სფერო, მაგრამ გიორგის წყალობით, მეც საკმაოდ ჩავერთე იმ ყველაფერში, რაც მის ირგვლივ ხდება. ხშირად ვუზიარებ მას საკუთარ აზრს, ხანდახან კრიტიკასაც არ ვაკლებ. ოჯახში ჯანსაღ ოპოზიციონერად ჩამოვყალიბდი (იცინის).

გიორგი: საპარლამენტო არჩევნების დროს, როგორც მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატს, ქუთაისში ძალიან აქტიური კამპანია მქონდა. შოკაც ჩემ გვერდით იყო. თბილისშივე გავაფრთხილე: ძირძველ ქალაქში შენს სახელს ვერავინ გაიგებს. იქ შოკა-მოკა, არ იციან და ამიერიდან შენ იქნები ქალბატონი შორენა-მეთქი. შოკა გახდა ქალბატონი შორენა და აქტიურად ჩაერთო ჩემს კამპანიაში. ხან სასაფლაოზე ითხოვდა ყავას, ხან ამომრჩეველს „მართმევდა”. დღეში ექვს-შვიდ შეხვედრას მაინც ვატარებდი. ერთხელაც შეხვედრას ვმართავ ნიკიას უბანში, დაახლოებით 300-400 ადამიანია შეკრებილი. შოკა ნახევარი საათი მაინც გვერდით მედგა, მერე უცებ გაქრა ჩემი თვალთახედვის არედან. თვალებით ვეძებ, არსად ჩანს. უცებ დავაფიქსირე, ჩემგან დაახლოებით 50 მეტრის მოშორებით, კორპუსთან ახლოს შემოუკრებია ქალები და მიდის იქ ერთი ამბავი – ცალკე თავის ტელეფონს აწერინებს, ცალკე მათ პრობლემებს იწერს. მიდის მსჯელობა სოციალურ და ჯანდაცვის საკითხებზე, შოკა აკვალიანებს ქალებს, მე მამაკაცები შემომეფანტნენ და ყველამ თავისი ცოლისკენ დაიწყო ყურება, ბოლოს ყველამ ქალებთან გადავინაცვლეთ, სადაც შოკამ დაახლოებით ნახევარსაათიანი აქცია ჩაატარა.

– შოკა, გიორგი ახლაც ცდილობს, გამოგაპაროთ რამე, როგორც მაშინ, როცა კომერციულ სიუჟეტებს გამოგაპარებდათ ხოლმე?

შოკა: ახლა არაფერს მაპარებს, ამისი არც მცდელობა მიგრძნია მისგან და არც სურვილი (იცინის).

გიორგი: გვერდით გაპარებას, რაც შეეხება, ამასთან დაკავშირებით, ძალიან მნიშვნელოვანი თეორია გამაჩნია. თინეიჯერობის და ახალგაზრდობის ასაკში, მეგონა, ვიყავი პოლიგამიური ადამიანი, რომელსაც არ შეეძლო მხოლოდ ერთ ქალთან დაეკავშირებინა ცხოვრება. ეს წარმოუდგენლად მიმაჩნდა. იმ პერიოდში ჩემი ცხოვრების წესიც დაუდგრომელი და ძალიან ლაღი იყო. სამეგობროშიც კი დაუოკებელი, დაუდგრომელი კაზანოვას იმიჯით გამოვირჩეოდი. როდესაც დავქორწინდი და ოჯახი შევქმენი, ჩემი იმიჯი დაიმსხვრა. აღმოვაჩინე, რომ უკიდურესად მონოგამიური ადამიანი ვარ. წარმოდგენაშიც კი არანაირ სიამოვნებას არ მანიჭებს გვერდით გადახვევები. მე ჩემს თეორიას ასანთის პრინციპს ვუწოდებ, რომელიც ფლუიდებზეა დამოკიდებული – როდესაც ორი ადამიანის ფლუიდები ერთმანეთთან თანხვედრაში მოდის და არ ხურდება, ადამიანს არანაირად არ გიჩნდება სურვილი, სადღაც გაიქცე და გაიპარო.

შოკა: გიორგის ამ თეორიის წყალობით, ვარ ადამიანი, რომელსაც ეჭვიანობის ნატამალიც კი არ გააჩნია. გიორგი მეუბნება, რომ ასე, მთლად ეჭვის გარეშეც არ შეიძლება. მაგალითად, გუშინ „ფეისბუქზე“ მომწერა ესპანელმა მამაკაცმა კომპლიმენტები და ამაზე ცოტა არ იყოს იეჭვიანა.

გიორგი: ისიც ხომ შემოგთავაზე, თუ გინდა, ბატონ ესპანელს მე თვითონ მივწერ-მეთქი რამეს (იცინის).

– ოჯახში ყოფით პრობლემებს ვინ წყვეტს?

გიორგი: ჩემი სიდედრი, ქალბატონი ლიდა, მე და შოკა ფინანსურად უზრუნველვყოფთ ოჯახს. თუ მე და შოკა გადავეწყვეთ თანამედროვე მოდელზე და პროდუქტის შესაძენად მარკეტებში დავდივართ, ჩემი სიდედრი ოლიმპიური სიმშვიდით მიდის ბაზარში სტაფილოს საყიდლადაც კი, ამით საკმაოდ დიდ ეკონომიას უკეთებს მთელ ოჯახს.

– შოკა, გიორგის ოჯახში რა ევალება?

შოკა: ბავშვის კვება, ეს ყველაზე კარგად მას გამოსდის. გიორგი არის „მშობელი ¹1” ჭამის თვალსაზრისით.

გიორგი: მე ის გამოცდილება მეხმარება, რაც ჩემს უფროს შვილთან, სანდროსთან დაკავშირებით მაქვს. ვიცი, რომ ბავშვი განსაკუთრებულად არ უნდა გაათამამო – არ უნდა აიყვანო ხელში, რომ იტირებს, მაშინვე არ უნდა შეუსრულო ყველაფერი და ასე შემდეგ. შოკა და დედამისი ისე ართობენ ბავშვს ჭამის დროს, რომ ანდრიას მთავარი, ჭამა ავიწყდება. უფრო მეტიც, შოკას ჭამის პროცესში ანდრიას საყვარელი რეკლამებიც აქვს ჩართული, რომელთა შორის მთავარი – საქართველოს მთავრობის განცხადებაა ანაკლიის მშენებლობასთან დაკავშირებით. არ ვიცი, რატომ, მაგრამ ანდრიას განსაკუთრებულად მოსწონს ეს რეკლამა, მგონი, ანაკლიაში აპირებს ინვესტიციის ჩადებას (იცინის). მე დავსვამ ხოლმე ანდრიას სამზარეულოში, მაგიდასთან, სადაც ახლოს არაა ტელევიზორი, სადაც არც სათამაშოები ჩანს და ბავშვიც ათ წუთში ამთავრებს სადილს.

– ეს ყველაფერი კარგი, მაგრამ რომანტიკა, ფოიერვერკები...

შოკა: ამისთვის, ბოლო პერიოდში, სამწუხაროდ, აღარ გვცალია. თუმცა, პატარ-პატარა ფოიერვერკებს ვახერხებთ.

გიორგი: ახლა რომანტიკა ჩვენთვის აქილევსის ქუსლია. ამისთვის ყველაზე ნაკლები დრო გვრჩება. ბოლო დროს შოკასთვის ყველაზე დიდი რომანტიკა საყიდლებზე სიარული და შოპინგია. ჩემთვის კი ეს მტანჯველ პროცესია. მე ოპერატიული შოპინგი ვიცი. მაღაზიაში შევდივარ თუ არა, შარვალი და პერანგი თავისით „მეძახის”. შოკამ კი უნდა დაათვალიეროს თუ რამეა იქ, მოისინჯოს, ფასები გადაამოწმოს. ამ დროს მე მტკივდება ყველაფერი – წელი, თავი, ნერვები. ამ ზაფხულს შოკა ამ გატაცების გამო ტრაპზონში დიდ სავაჭრო ცენტრშიც კი დაიკარგა. მე და გიორგი თარგამაძე რაგბის მატჩზე ვიყავით. შოკამ რაგბს, რა თქმა უნდა, შოპინგი არჩია და დავტოვეთ სავაჭრო ცენტრში. მას დავუტოვე ჩემი ტელეფონი, საბუთები, კრედიტბარათი. კაცი ცოლს სავაჭრო ცენტრში რომ სახელფასო კრედიტბარათს ანდობს, ჭკუაზე ხომ უნდა იყო? (იცინის). სავაჭრო ცენტრს ბევრი გასასვლელი ჰქონდა, ოთხი საათი ვეძებდით შოკას. სავაჭრო ცენტრის დაცვა და უშიშროებაც კი ჩავრთეთ. ბოლოს სათვალთვალო, ფარულ კამერებთან მიმიყვანეს, რომ იქნებ შოკასთვის მიმეგნო. მაგრამ, დიდხანს ვერ ვიპოვეთ. თვითონ საკმაოდ ბედნიერი იყო იმით, რომ მაინცდამაინც სავაჭრო ცენტრში დაიკარგა... (იცინის).




скачать dle 11.3