რას ავლენენ გიორგი ყიფიანი და რუსკა მაყაშვილი სასიყვარულო ურთიერთობებში და ვინ შექმნა მათი საოჯახო ფილმი
კანტორა უიღბლო შეყვარებულებისთვის – „გული+“ – ფილმი, რომლის პრემიერაც 14 თებერვალს, ვალენტინობის დღეს შედგება, „კონტროლსტუდიოსა” და „სანგუკოს” ერთობლივი პროექტია. ირაკლი ჩხიკვაძე – ფილმის რეჟისორი, გიორგი ყიფიანი და რუსკა მაყაშვილი – მთავარი როლების შემსრულებლები. 14 თებერვლიდან – ყველა კინოთეატრში!
ირაკლი ჩხიკვაძე: ფილმის ბიოგრაფია გრძელია: ორი წლის წინ ფილმის იდეა ჩაისახა, შემდეგ სცენარი დავწერე. შემდეგ ეს სცენარი ძალიან ბევრ ადამიანთან ერთად გავაკეთე. ბევრი ხალხი ვსხდებოდით და ვმუშაობდით. რასაც არ უნდა აკეთებდე, დრო რომ გადის, მასზე შეხედულება სულ გეცვლება. დახვეწის ფინალი დგება მაშინ, როდესაც გადაღებას იწყებ. ისე კი, ეს უწყვეტი პროცესია. მერე კინოცენტრის დაფინანსება მოვიპოვეთ. ძირითადად, კომპანია „სტენდის” აპარატურა და „სანგუკოს” თეთრი განათებაა გამოყენებული. ამ ორი რესურსითაა გაკეთებული ეს ყველაფერი. ზაფხულში, ივლისში დავიწყეთ რეპეტიციები ზაზასთან, გიორგისთან, რუსკასთან ერთად. აგვისტოში გადაღებები უნდა დაგვეწყო, მაგრამ, რაღაცეები დაიძაბა, გადაიდო და ამასობაში პერიოდულად ვხვდებოდით, სცენარს ვცვლიდით ხან – მე, რუსკა და გიორგი, ხან – მე და გიორგი...
– და, საბოლოო ჯამში, რუსკამაც არ იცის ფინალი.
– ასე გამოვიდა. საკმაოდ ცოტა, ოც თუ ოცდაერთდღიანი გადაღებები უნდა გვქონოდა და ამ პრობლემების გამო გაიწელა.
– რა კრიტერიუმით შეირჩნენ მსახიობები, მით უფრო, რომ გიორგისთვის ეს პირველი როლია?
– მინდოდა, რომ ამ ფილმში ცოტა სნობი და ცოტა გოიმი მსახიობები ყოფილიყვნენ.
რუსკა: სნობი ვარ?! გოიმი მსახიობი ვარ, ირაკლი?! გიორგი, იცოდი ეს შენ?! (იცინიან).
ირაკლი: პერსონაჟებიდან გამომდინარე მოხდა ყველაფერი, მათ შევასხით ხორცი. საბოლოო ჯამში, მსახიობები უკვე კარგად წარმოდგენილი პერსონაჟების მიხედვით შევარჩიეთ.
– რუსკა და გიორგი რეალურ ცხოვრებაში შეყვარებულები არიან და, რატომღაც, წარმოვიდგინე, რომ ფილმშიც ასე იქნებოდა. თუმცა, აღმოჩნდა, რომ პირიქით – რუსკა ის გოგოა, რომლის მოშორებასაც გიორგი მთელი ფილმის განმავლობაში ცდილობს.
რუსკა: წინასწარ დასკვნებს ნუ გამოვიტანთ.
ირაკლი: სულ სხვა რაღაცაა ამ ფილმის პრობლემატიკა. ძირითადი თემა „ის უყვარს და ეს უყვარს“ არ არის. მთელი ფილმი კომიკურ და ცოტა გროტესკულ ჟანრშია გადაწყვეტილი. დღეს, 2011 წელია. ოცი წლის წინ ჩვენ საბჭოთა კავშირში ვცხოვრობდით და დღევანდელ დღემდე ჩვენი მენტალიტეტი ეტაპობრივად შეიცვალა და უცებ გავხდით გარეგნულად ევროპელები, შინაგანად კი მაინც ქართველები ვართ. ადამიანის მენტალური „პერესტროიკა” ჩვენი თაობისთვის ძალიან რთულად გადასატანი აღმოჩნდა. ფასეულობები იცვლება, როგორ ბანალურადაც უნდა ჟღერდეს ეს.
– და იქმნება ახალი სტერეოტიპები.
– დიახ. ადამიანში ამ დროს საკუთარ თავთან კონფლიქტი იწყება: თან ევროპელია, თან ქართულ ტრადიციებზე დარჩენა უნდა. რა ტრადიციები გვჭირდება და რა აღარ – ეს არავინ იცის. ვართ თანამედროვედ განვითარებულები, ჩაცმულები „ბოლო მოდაზე”, არ დავდივართ ჩადრებში, დავდივართ დისკოთეკებზე, ჩამოგვყავს დიჯეები, ვლაპარაკობთ, „პლანის“ ლეგალიზაციაზე, იქ ელეზდე, რაღაცეები – ვითომ ეს ყველაფერი ხდება, მაგრამ ეს ძალიან გარეგნული გამოვლინებებია, შინაგანად ჩვენი მენტალიტეტი, აღზრდა, ტრადიციები არ გვაძლევს რაღაცეების საშუალებას. ფილმი იმაზეა, თუ რა შედეგი მოაქვს ამ გარეგნულ გაევროპელებას რეალურად საქართველოში.
– სასიყვარულო ურთიერთობებში კი მთელი ეს კონფლიქტი ყველაზე კარგად ვლინდება.
– დიახ. სიყვარული ყოველთვის ყველაფრისთვის ყველაზე კარგი მაგალითია – მძიმედ ვლინდება ხოლმე ყველა უცნაურობა.
– გიორგი, შენ, სულ სხვა პროფესიის ხარ და, არ გაგიკვირდა, როლი რომ შემოგთავაზეს?
გიორგი: ძალიან გამიკვირდა და საშინლად ვინერვიულე, რადგან, არ ვიცოდი, რა გამოვიდოდა. მაგრამ, ყველაზე მეტად მიხარია და ჩემთვის მნიშვნელოვანია ის, რომ ამ ფილმში რუსკასთან ერთად ვთამაშობ. ეს ფილმი დარჩება და მთელი ცხოვრება მექნება, როგორც ყველაზე კარგი მოგონება. რუსკას ფაქტორმა გამარისკვინა. სხვა სიტუაციაში, რუსკა რომ არ ყოფილიყო, არ მგონია, ამაზე წავსულიყავი. საჩემო გარემო შეიქმნა, ყველა პირობა მქონდა იმისთვის, რომ ჩემი მაქსიმუმი გამომევლინა. იმას კი არ ვამბობ, რომ ძალიან მაგარი ვიყავი, უბრალოდ, უფრო მეტი გავაკეთე, ვიდრე უცხო გარემოში შევძლებდი. ერთი ოჯახი შეიკრა და ყველა ერთად ვეცადეთ, რაღაც კარგი გამოსულიყო.
რუსკა: საშინლად ნერვიულობდა, სანამ რეპეტიციები და გადაღებები დაიწყებოდა, კვდებოდა.
გიორგი: თან, იმ ფაქტორმაც იმოქმედა, რომ ზაზა პაპუაშვილთან ერთად უნდა მეთამაშა. იმ დონის მსახიობია, რომ ჩრდილქვეშ მაყენებს არა მარტო მე, არამედ მთელ ამ სფეროს. მიუხედავად ამ ყველაფრისა, პირიქით მოხდა, მასთან მუშაობა თავადვე ძალიან გამიმარტივა. ზაზა მომეხმარა და, მიხარია, რომ ასეთ სიტუაციაში მომიწია მუშაობა. ეს საუკეთესო, საინტერესო პერიოდია ჩემს ცხოვრებაში.
– ეს შენი და რუსკას საოჯახო ფილმი იქნება.
რუსკა: როგორი საჩუქარი გაგვიკეთა ამ გოიმ და სნობ მსახიობებს! (იცინიან) რაღაც, ისე დაემთხვა, რომ უკვე მეორე წელია, ვალენტინობის დღეს ფილმის პრემიერა მაქვს. შარშანაც 14 თებერვალს შედგა „ოცნების ქალაქის” პრემიერა. რაღაც განსაკუთრებულად ვღელავ ამ ფილმზე: ჯერ იმიტომ, რომ გიორგისთან ერთად ვთამაშობ, თან – ზაზა პაპუაშვილის გვერდით. ჩემი ოცნება იყო, მასთან ერთად ფილმშიც და სცენაზეც მეთამაშა. ავისრულე ეს ოცნება და, მგონი, ყველაზე მეტად ახლა მე ვღელავ. ვერ ვხვდები, რა გამოვა.
– ირაკლიმ თქვა, რომ ეს არ იქნება რომანტიკული ფილმი. აბა, როგორი ფილმი იქნება?
ირაკლი: რომანტიკული ფილმი არის, მაგრამ, ცოტა რთულად განსასაზღვრავი ჟანრია. ცოტ-ცოტა ყველაფერი იქნება, ცრემლიც, ღიმილიც... ერთმნიშვნელოვნად რომანტიკული ფილმი არ არის.
– დღეს ყველაზე რთულია, რომ გულით, „ხარისხიანად“ გააცინო ადამიანი.
– ეს ყოველთვის ყველაზე რთული იყო. კომედია რთული გასაკეთებელი და ყველაზე ნაკლებად დაფასებული ჟანრია. ადამიანი რომ იცინის, მერე თითქოს ნანახი „ედიშოვება”.
გიორგი: მთავარი „პრელესტი” ის აქვს ამ ფილმს, რომ მარტივია და ყველა, ვინც მას ნახავს, შეძლებს, რომელიმე გმირში ან მის კონკრეტულ საქციელში თავისი თავი ამოიცნოს.
ირაკლი: თანამედროვე ქართველი ახალგაზრდების დიდი ნაწილი ამოიცნობს საკუთარ თავს. შეიძლება, არ თქვას, მაგრამ, ასი ან ცოტა მეტი მიხვდება, რომ თვითონაა. მიუხედავად იმისა, რომ ფილმი თან არ არის რეალისტური ჟანრი, არ არის ჩვეულებრივი დიალოგები, პერსონაჟები არ ლაპარაკობენ ისე, როგორც რეალურ ცხოვრებაში; გროტესკშია ეს ყველაფერი გადაწყვეტილი, რაც კომიკურობას ჰმატებს და გმირების ხასიათს ამძაფრებს. ამით უფრო რადიკალურს ვხდით გმირებს.
– იქნებ დასაწყისი მაინც მომიყვეთ, რა ხდება ფილმში?
– „გული+” არის კომპანია, კომპანია კი არა, კანტორა, რომელიც უიღბლოდ შეყვარებულებს ეხმარება და ამის გარშემო ხდება ამბავი. როგორც სარეკლამოები მომრავლდა დღეს, ისე ზრუნავენ ისინი ინდივიდუალურ ტიპებზე, როგორც კომპანიებზე, მთელი თავისი ფიარაქციებით. რეალურად ეს რეკლამები ძალიან მოქმედებს ჩვენზე. შეიძლება, სიყვარული სულ სხვაგანაა. ვიწრო, მერკანტილური ინტერესები განსაზღვრავს ყველაფერს.
– ანუ, ჩვენ ოთხნიც ასეთები ვართ?
– გულის სიღრმეში – კი. ეს ადამიანის ბუნებაა.
– რას გაიხსენებთ გადაღებებიდან?
რუსკა: კოშმარივით მახსოვს, ერთ-ერთი სცენის გადაღების დროს გიორგის მანქანიდან უნდა გადმოვსულიყავი, მას გზა უნდა გაეგრძელებინა, კამერა უნდა გაჰყოლოდა და მე სადღაც, ზემოთ მარტოს მტოვებდნენ...
ირაკლი: ზემოთ კი არა, „პოსეიდონთან” (იცინიან).
რუსკა: ამაზე კარგი რა გინდა, „პოსეიდონთან” რომ დაგტოვებენ ძალიან მოკლე კაბით, ბევრი სამკაულით, შიშველს, სიცივეში. გიჟივით მოვრბოდი იქიდან ფეხით, დილის 5 საათზე, გაყინული და შეშინებული. მოვდიოდი იქ, სადაც ჩვენი გადამღები ჯგუფი იდგა. ეს ხუთჯერ თუ ექვსჯერ მოხდა, კინაღამ გავგიჟდი.
გიორგი: გაიცნო ვიღაცეები (იცინიან).
რუსკა: კაფეში გადაღების დროს მე და გიორგის ისეთი სიცილი აგვიტყდა, ისტერიკა დაგვემართა, გავსკდით სიცილით, ვერ დაგვაწყნარეს.
– საუნდთრეკი უკვე ყველამ ზეპირად იცის, გავრცელდა „ფეისბუქზე”, ტელეფონებში, რადიოებში...
ირაკლი: „სულის ვარდოზეა“ საუბარი?! და ნიაზმა იცის?! (იცინიან) ნიაზმა ჩაწერა ეს სიმღერა – ბაბუაჩემის ლექსზეაო. სულ სხვა სიმღერაზე ვუთხარი, ფილმისთვის გამოვიყენებ-მეთქი, კარგიო და, ეს სიმღერა გამოვიყენეთ (იცინიან).
რუსკა: ასეთ რეჟისორთან ერთად როგორ შეიძლება, რომ გადაღებებზე მოიწყინო?!
– აფერაში გაეხვიეთ?
ირაკლი: კი, ოღონდ არ უთხრათ! (იცინიან).