რა განსაცდელს გაუძლეს ნინი ქარსელაძემ და მისმა ოჯახმა და რაზე უჭირს მას უარის თქმა
უკვე რამდენიმე თვეა, რაც ნინი ქარსელაძე ოჯახთან ერთად ჰოლანდიაში გადავიდა საცხოვრებლად ბიძასთან. ნინიმ უცხო, ჩრდილოეთ ქვეყანაში ახალი ცხოვრება დაიწყო, საკმაოდ პატარა ასაკში – კიდევ ერთხელ. ამ ოჯახის ცხოვრებაში ხშირად ყოფილა მომენტები, როდესაც ყველაფერი ძალიან სწრაფად იცვლებოდა დადებითისკენ ან უარყოფითისკენ. როგორ იმოქმედა ამ ყველაფერმა ნინიზე, ამას ინტერვიუდან შეიტყობთ.
ნინი ქარსელაძე: ამ ბოლო დროს ცოტა დისტანციურად მიწევს ცხოვრება, საცხოვრებლად გადავედით სხვა ქვეყანაში, თან, აქედანაც ბოლომდე არ წავსულვარ. მე და თიკა ჯამბურიამ ჩავწერეთ დუეტი, ახალი სიმღერა – „ღამის თბილისი”, რომელიც ქეთი გაბისიანს ეკუთვნის. ტექსტი კი – ირინა სანიკიძეს. ძალიან კარგი სიმღერაა, რომელიც ღამის განათებულ თბილისს ეძღვნება. კლიპის გადაღებასაც ვაპირებდით, მაგრამ, სამწუხაროდ, ოპერატორი პაატა ჭელიძე, რომელსაც უნდა გადაეღო, გარდაიცვალა. ამ დროს ქალაქში არ ვიყავი და ეს ამბავი ძალიან მეწყინა. ასე რომ, კლიპის გადაღება გადაიდო, ჩვენ თვითონ აღარ გვაქვს სურვილი, მაგრამ კლიპი მაინც იქნება და მას მალე ნახავს მაყურებელი. რაც შეეხება ჩემს ცხოვრებას, ჰოლანდიაში გადავედით და, მგონია, რომ ჩემთვის ეს მაინც დადებითი ცვლილება იყო. აქ რომ ვარ, საკუთარი თავი არ მაძლევს იმის საშუალებას, ყველაფერი ის გავაკეთო, რასაც იქ გავაკეთებ. ყველა ჩემი მეგობარი აქ არის, სულ ერთად ვართ და ეს ყურადღებას მიფანტავს. დაგირეკავენ: სადმე წავიდეთ საღამოს, ყავა ხომ არ დავლიოთ და ასე მეგობრების მსგავს შემოთავაზებებზე უარის თქმა ძალიან მიჭირს. ამიტომ, ვფიქრობ, ჩემთვის და ჩემი მომავლისთვის ეს კარგი ნაბიჯია. ვნახოთ, რა იქნება.
– აქ სწავლობ, ხომ?
– კი, „გეპეიში”, იურიდიულ ფაკულტეტზე. ახლა სწორედ იმ პროცესში ვარ, რომ საბუთები გადავიტანო. სამი თვის განმავლობაში იქ ვიყავი და ახლა სულ ერთი კვირით ვარ ჩამოსული. ჰოლანდია ძალიან კარგი ქვეყანაა, გადასარევი სიტუაციაა, მაგრამ აქაურობა, ჩემი თბილისი, მეგობრები საშინლად მენატრება. ერთი სული მქონდა, როდის ჩამოვიდოდი. მიუხედავად ყველაფრისა, თბილისის მონატრება სულ მაქვს. მიჭირს, მაგრამ, რას ვიზამ, უნდა შევეგუო. პირველად თვე-ნახევრით რომ წავედი, საშინლად გამიჭირდა, ცუდად ვიყავი. მერე ჩამოსული ვიყავი, მასწავლებლებთან დავდიოდი. ამჯერად წასვლისას, უკვე ვიცოდი, რომ სამი თვე ვეღარ ჩამოვიდოდი, ფსიქოლოგიურად მზად ვიყავი, რომ ამდენი ხანი ვეღარ დავბრუნდებოდი და ისე ძალიან აღარ გამიჭირდა. ჩვეულებრივად, ცოტა მოწყენილად ვიყავი.
– იმავე სპეციალობით აპირებ სწავლის გაგრძელებას?
– დიახ, პირდაპირ რომელიმე უნივერსიტეტში გადავიტან საბუთებს. ძალიან კარგი ქვეყანაა, ხალხი როგორია, ჯერ არ ვიცი, არ მაქვს იქაურებთან შეხება. ძირითადად, სახლში ვარ. რამდენიმე ქართველი ოჯახი ცხოვრობს ახლოს და მათთან ვართ ხოლმე სტუმრად. რომ გითხრა, მოწყენილი ვარ-მეთქი, არა. საერთოდ არ ვიწყენ. პირიქით, დავისვენე. აქ იმდენად არეული რეჟიმი მაქვს, ღამე არ მძინავს, დილით ადრე ვდგები და სულ გადარბენაზე ვარ, გამოფიტული ვარ ხოლმე, იქ კიდევ, რეჟიმში ვდგები – 11-12 საათზე უკვე მძინავს. თქვენი დროით 3-ზე, მაგრამ იქაურ დროზე იოლად ვეწყობი და ასე, გრაფიკით ცხოვრება მომწონს. დღე და ღამე არ მძინავს.
– გაორება არ გჭირს? აქ ხარ – ისინი გენატრებიან, იქ ხარ – მეგობრები.
– არა, ერთი კვირაა, რაც ჩამოვედი და ჯერ არ მენატრებიან. მარტო ჩემი და მენატრება.
– აქ მარტო ცხოვრობ?
– არა, დედაჩემის მეგობართან ვარ. დედაჩემიც მალე ჩამოვა, ვიზები აქვს გასაკეთებელი. ჩემს ჭკუაზე მაინც ვერ ვარ. სადაც არ უნდა ვიყო, დედამიწის ნებისმიერ წერტილში, დედაჩემი წუთში ერთხელ კი არა, ათჯერ მირეკავს. სულ იცის, სად და ვისთან ერთად ვარ. ყოველთვის კონტროლზე ვყავარ, თან, ძალიან ცუდზე. მაგრამ, ამ კონტროლსაც ისე მივეჩვიე, რომ არ ვიზღუდები, პრობლემა არ არის ჩემთვის. შემაწუხებლად არ იცის ხოლმე რეკვა, როგორც ზოგ-ზოგიერთების მშობლებმა. მაგალითად, თიკას დედა ხუთ წუთში თხუთმეტი ათასჯერ რეკავს: სად ხართ, რას აკეთებთ, ვინ და ვინ? – მხოლოდ ამ სამი კითხვით რეკავს სულ. დედაჩემს ნაკლებად უყვარს ლაპარაკი და მსგავსი კითხვებით არ მირეკავს, უბრალოდ, სულ იცის, სად ვარ. ვურეკავ ხოლმე და ვეუბნები: დე, აქ ვარ, შენ რას შვრები?
– დედაშენზე მზრუნველობის მომენტი შენ არ გაქვს? მით უმეტეს, რომ ბევრჯერ ჰქონია რთული პერიოდი.
– კი, ხშირად ყოფილა მომენტები, როცა როლები შეგვიცვლია და მე ვიწყებ მის მიხედვასა და მოვლას. არ ვიცი, როგორ გამომდის, ეს დედაჩემს უნდა ჰკითხოთ, მაგრამ, თუ მისი ხასიათზე მოსვლით ვიმსჯელებთ, გამომდის. საერთოდ, მეხერხება ადამიანის კარგ განწყობაზე დაყენება. რაც უნდა ცუდ ხასიათზე, დეპრესიულად იყოს ადამიანი, სულ ვცდილობ კომფორტი შევუქმნა.
– თქვენს ოჯახს ხშირად ჰქონდა ხან ჩავარდნის, ხან უცებ პიკზე ასვლის პერიოდები, თუნდაც ფინანსურად, თუნდაც სხვა პრობლემებით. ეს არ მოქმედებდა პატარა ნინიზე?
– ჩემზე ეს ყველაფერი გაცილებით უფრო მძაფრად მოქმედებდა, ვიდრე დედაჩემზე. ის სულ ამ შემართებით იყო: „ყველაფერი კარგად იქნება“. მიუხედავად რთული მდგომარეობისა, ის სულ ამბობდა: უნდა გავუძლოთ, ეს არის განსაცდელი, ღმერთისგან გამოგზავნილი და სხვა გზა არ გვაქვსო. რამდენიმე კვირა მონასტერში ვცხოვრობდი, სადაც მონაზონმა მითხრა სიტყვები, რომელიც სულ მახსენდება და სულ ამ სიტყვებით ვამხნევებ ყველა ჩემიანს: როცა ადამიანი იტყვის – აღარ შემიძლია, მაშინ თავისი შესაძლებლობების მხოლოდ და მხოლოდ სამი პროცენტი აქვს გამოყენებულიო. ძალიან მიყვარს ჩემი მონაზვნები ბოდბის მონასტრიდან. იქ საკმაოდ ხშირად ჩავდივარ ხან ერთი დღით, ხან ერთი კვირით, ორი კვირაც დავრჩენილვარ. იქ ვგრძნობ თავს ყველაზე კარგად, ვგიჟდები იქაურობაზე. იქ რომ ჩავდივარ, ყველაზე ბედნიერი ვარ. მოკლედ, სულ ვუმეორებ ყველას ამ სიტყვებს. ეს რომ მითხრა მონაზონმა, დავფიქრდი. თან, ამას თუ ამბობ, ღმერთი ხედავს, რომ ცუდად ხარ და ზუსტად მაშინ გეხმარებაო. მართლაც, ერთ თვეში მოხდა კარგი ამბავი. ამიტომ დღეს უკვე ყველას ვუმეორებ, რომ უფრო მეტად უნდა იყოს საკუთარ თავში დარწმუნებული, მეტი აკეთოს და ყველაფერი გამოვა.
– ისეთი შემთხვევა ბევრჯერ ყოფილა, როცა გგონია, რომ ყველაფერი დამთავრდა და უცებ რაღაც კარგი ხდება?
– დიახ და ამისთვის სულ მზად უნდა იყო. ვნანობ იმას, რომ მზად არ ვიყავი არანაირი ცვლილებისთვის. მაგალითად, ახლაც. მხოლოდ ფრანგული ენა ვიცი, ინგლისური – არა. დედაჩემი მთელი ცხოვრება მიჩიჩინებდა, ისწავლე ინგლისური, აუცილებლად დაგჭირდებაო. ახლა მართლა ისე დამჭირდა, მასწავლებელთან დავდივარ, რომ იქ ლექციებს დავესწრო. ანუ, დადგა პერიოდი, როდესაც ვნანობ ამ ყველაფერს. მონაზვნის სიტყვებზე ძალიან ღრმად დავფიქრდი: რა აღარ შემიძლია, საერთოდ რამე გაკეთებული მაქვს, თუნდაც ის სამი პროცენტი გამოვიყენე-მეთქი? დღეს ვფიქრობ, რომ ჩემი შესაძლებლობების მეასედიც არ მაქვს გაკეთებული, ვარ წარმოუდგენლად ზარმაცი. სულ მაქვს მოთხოვნილება, რომ ჩემი ძმის, კახის შრომისმოყვარეობა მომცეს ღმერთმა. არა, იმის მეათედი მაინც. ისე სწავლობს, რომ არ ვიცი, ძალიან მაგარი ბიჭია, უჭკვიანესი.
– ეს, ალბათ, იმის ბრალიცაა, რომ ევროპაში ცხოვრობს.
– ალბათ. იმ წესზეა გაზრდილი. აქ მასაც ზუსტად იგივე ემართება, რაც მე: როგორც კი ჩამოდის, აბსოლუტურად ყველაფერი ავიწყდება. მეც ზუსტად ამისგან ვისვენებ იქ. ჯერ მარტო იმით ვარ ბედნიერი, ქუჩაში რომ გავდივარ არავინ იწყებს ჩემკენ ყურებას და იმაზე ლაპარაკს, რა მაცვია და რა მახურავს... არასდროს რომ არ მთავრდება ამ ქალაქში სხვისი ცხოვრებით ცხოვრება.
– მაგრამ, ალბათ, ეგეც მოგენატრება.
– არ ვიცი, შეიძლება. ხალხის ყურადღება, სითბო მომენატრება. საერთოდ, ვისაც გამოცდილი აქვს ის მომენტი, რომ ყველგან სცნობენ, სითბოს გამოხატავენ მის მიმართ, არ არსებობს ამას მისთვის მნიშვნელობა არ ჰქონდეს.
– შენი ბიძაშვილები სწავლობენ?
– დიახ, უფროსი 16 წლისაა და ძალიან მაგრად სწავლობს, უმცროსი სკოლაში დადის, მაგრამ, ძირითადად ფეხბურთითაა დაკავებული – მისი ცხოვრება ესაა.
– არ ფიქრობ, რომ მისი მენეჯერი გახდე?
– არა მგონია, იურისტი ვარ. ისე, იურისტობა ამ სფეროშიც გამომადგება. ვნახოთ, შეიძლება, ასეც მოხდეს. ჰოლანდიაში მშვიდად, წყნარად ვცხოვრობ, ბევრი დრო მაქვს საფიქრელად, რა მინდა, ვაკეთო. აქ ერთკვირიანი დატვირთვა, დამუხტვა მყოფნის იმისთვის, რომ იქ კარგად ვიყო. ცხოვრება დაღმართებით და აღმართებითაა სავსე და, არ იცი, რა როდის დამთავრდება. ჯვარი სწერია ყველას, ღმერთმა ყველა კარგად ამყოფოს, მაგრამ, ჩავარდნის პერიოდები ნებისმიერი ადამიანის ცხოვრებაშია. მაგრამ, გადავაგორეთ ეს ცუდი პერიოდი და ვნახოთ, რა იქნება. მოხდა რაღაც კარგი და ამას ვიღებთ ღმერთის საჩუქრად. ამბობენ, ადამიანი ცუდსაც ეჩვევაო, მაგრამ, გააჩნია ადამიანს. ვერ ვიტყვი, რომ კარგს მიჩვეული ადამიანი ცუდს ასე იოლად მიეჩვევა, თუნდაც მორალურად, ფსიქოლოგიურად. დედაჩემისა და ჩემი დედაოების დამსახურებით მაინც მყარად ვიდექი ფეხზე. რომ არა ისინი და ჩემი მოძღვარი, ამ გასაჭირს ვერ გავუძლებდი.
– შენი პატარა დაიკო რას შვრება?
– ის უკვე გიჟდება იქაურობაზე, მალე უკვე ბაღშიც წავა. მომენტებში, როცა თავისი მეგობარი ახსენდება, წუხს, სად არის, რატომ არ მოდისო, ვერც ხვდება, რომ სხვა ქვეყანაშია. ბავშვებისთვის ბევრად ადვილია ადაპტაცია.
– ალბათ, ზედმეტად დალაგებული ქვეყანაა ჰოლანდია?
– მთლად ასეც არ არის. ყველა ქვეყანაშია რაღაც პრობლემები. რომ გითხრა, ამსტერდამის ცხოვრება მომწონს-მეთქი, მოგატყუებ. არ მაქვს ის ენერგია, რომ სულ კლუბებში ვიარო, ღამის ცხოვრებით ვიცხოვრო. ზოგადად, კლუბური მუსიკა ჩემთვის მძიმეა, არ მხიბლავს ეს ყველაფერი. იმ ქალაქში, სადაც ვცხოვრობთ, სიმშვიდე და სიწყნარეა და მომწონს.