როგორ დაეუფლა „სოკარი“ საქართველოს საწვავის საცალო და საბითუმო ბაზარს და რატომ ასაღებენ ნავთობიმპორტიორები აზერბაიჯანულ „რეგულარს“ ევროპულ საწვავად
საწვავის ფასი ჩვენს ქვეყანაში დიდად არც საერთაშორისო ბაზრის ლოგიკას ექვემდებარება და არც ადგილობრივისას. იანვრის განმავლობაში საწვავი 15 თეთრით გაძვირდა. მეტიც, ბოლო გაძვირებამდე მცირე ხნით ადრე შეგვამზადეს, რომ, თუკი ბარელი ნავთობის ფასი 100 აშშ დოლარს, ანუ „ფსიქოლოგიურ ზღვარს“ გადალახავდა, საწვავი უცილობლად გაძვირდებოდა. ოღონდ, ისე მოხდა, რომ ჯერ ქართველმა ნავთობიმპორტიორებმა გააძვირეს და მხოლოდ ამის შემდეგ გადალახა ბარელი ნავთობის ფასმა ფსიქოლოგიური ზღვარი (ვითომ, ჩვენი ნავთობიმპორტიორები მომავალს ჭვრეტენ?!). მეორე მხრივ, ცნობილია, რომ კომპანია „სოკარი“ ნავთობის იმდღევანდელი მსოფლიო ფასით მუშაობს, თანაც, აზერბაიჯანი ყურის ძირშია და იქიდან საწვავის ტრანსპორტირება, ჯერ ერთი, ოპერატიულად ხდება და, რაც მთავარია, ყველაზე იაფი სატრანსპორტო საშუალებით, ანუ რკინიგზით. ამის მიუხედავადაც, საქართველოში თითქმის ყველა ბენზინგასამართ სადგურზე (წვრილ-წვრილის გამოკლებით), საწვავს ერთნაირი ფასი ადევს. მეტიც, „სოკართან“ შეძენილი საწვავი, აი, იმ წვრილ-წვრილ სადგურებში, „სოკარის“ ქსელში დაწესებულ ფასზე იაფად იყიდება. რატომ ეკიდება ცეცხლი ქართულ სასაწვავე ბაზარს? – ამ თემაზე ახალგაზრდა ფინანსისტთა და ეკონომისტთა ასოციაციის თავმჯდომარე მერაბ ჯანიაშვილი გვესაუბრება.
– ჩვენი ნავთობიმპორტიორები გულთმისნებიც არიან? უკვე წინა დღეს აძვირებენ საწვავს?
– ნავთობის ფასი წინა კვირის დასაწყისში 98 ამერიკული დოლარი იყო და, შეიძლებოდა, რომ 100 დოლარისთვის გადაეჭარბებინა, მაგრამ ფასის წინასწარ გაძვირება ჩემთვის გაუგებარია. ხშირად აცხადებენ კომპანიების წარმომადგენლებიც და ნავთობიმპორტიორთა, მწარმოებელთა და მომხმარებელთა კავშირის თავმჯდომარეც, რომ საქართველოსთვის 45 დღე სჭირდება საერთაშორისო ფასის ცვლილების ასახვას. თუმცა, საერთაშორისო ბაზარზე ნავთობის ფასის ზრდა მაშინვე აისახება საქართველოს ბაზარზე, კლება კი, ან საერთოდ არ აისახება, ან ორი თვე მაინც სჭირდება.
– ისიც საერთაშორისო ბაზარზე ნავთობის ფასი სტაბილურად უნდა იკლებდეს?
– რა თქმა უნდა. ნავთობიმპორტიორთა, მწარმოებელთა და მომხმარებელთა კავშირის თავმჯდომარე ხშირად ამბობს, რომ მსოფლიო ბაზარზე იზრდება ნავთობის ფასი და ჩვენც, გაძვირების გარდა, სხვა გზა არ გვაქვსო. მე ვეთანხმები, რომ 2010 წელს მართლაც გაიზარდა ნავთობის საერთაშორისო ფასი, მაგრამ, მხოლოდ 2010 წლით რატომ ვხელმძღვანელობთ?! სხვა წლებსაც გადავხედოთ: ნავთობმა მაქსიმალურ ფასს 2008 წელს მიაღწია – ბარელი ნავთობი 144 ამერიკული დოლარი ღირდა, თუმცა მაშინ საქართველოს საცალო ქსელში საწვავის ფასი 1,9-2 ლარი იყო.
– თავს იმართლებენ იმით, რომ 2008 წელს ლარის კურსი იყო დღევანდელთან შედარებით დაბალიო. სამწუხაროდ, ეროვნული ბანკის საიტზე 2008 წლის მაჩვენებლები ვერ ვიპოვე, თუმცა 2007 წლის ბოლოს ლარის გაცვლითი კურსი შემდეგნაირი იყო 1 აშშ დოლარი – 1,6 ლარი, ანუ 13-პროცენტით ნაკლები, ვიდრე დღეს არის.
– ანუ, ბარელი ნავთობის ფასი 2008 წელთან შედარებით 40-50 პროცენტით გაიაფდა, მიუხედავად იმისა, რომ ლარი 13 პროცენტით გაუფასურდა, საწვავი მაინც არ უნდა გაძვირებულიყო, მაგრამ გაძვირდა. საერთოდ, ლარის კურსი მხოლოდ მაშინ მოჰყავთ არგუმენტად, როდესაც მათთვისაა ხელსაყრელი. 2006 წლიდან 2008 წლამდე ლარი პერმანენტულად მყარდებოდა, რამაც უდიდესი მოგება მისცა საქართველოში მოქმედ ნავთობიმპორტიორებს, მაგრამ მე არ მახსოვს, რომ ამ პერიოდში ბენზინი საგრძნობლად გაეიაფებინათ.
– იყო მცირეხნიანი პერიოდი, როდესაც ბენზინი ცოტათი იაფი ღირდა, თუმცა ეს მაინც არ იყო ადეკვატური გაიაფება ლარის კურსისა და ნავთობზე საერთაშორისო ფასის გათვალისწინებით.
– ლარის გამყარების ტენდენციას ფეხს არ უწყობენ, თუმცა, როგორც კი ლარი უფასურდება, მაშინვე ფასებს ააყოლებენ. ჩემი აზრით, მთავარი პრობლემა ის არის, რომ ამ ბაზარზე არ არის კონკურენცია, მიუხედავად იმისა, რომ ხუთი მსხვილი კომპანიაა წარმოდგენილი.
– ძალიან საინტერესოა, რომ ყოველწლიურ დაჯილდოებაზე მაინც არავინ რჩება ჯილდოს გარეშე – ხუთივე გამარჯვებულია, როგორც წესი.
– გულნატკენს არავის ტოვებენ. ერთი სიტყვით, ბაზარზე არ არის კონკურენცია. იმის თქმა, რომ მათ კარტელური გარიგება აქვთ ერთმანეთთან და შეთანხმებით მოქმედებენ, შესაძლოა, არ იყოს სწორი, მაგრამ, ფაქტია, რომ კონკურენცია არ არის, რადგან, წარმოუდგენელია, ხუთ სხვადასხვა კომპანიას ხუთი სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოჰქონდეს საწვავი და ერთნაირ ფასად ყიდდეს.
– ჩამოვთვალოთ ქვეყნები, საიდანაც თითქოსდა შემოდის საწვავი საქართველოში.
– „სოკარს“ ჩამოაქვს აზერბაიჯანიდან, „ვისოლს“ – იტალიიდან, „რომპეტროლს“ – რუმინეთიდან, „სენტას“ – ბულგარეთიდან და „ლუკოილს“ – რუსეთიდან. ანუ, ყველას სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოაქვს საწვავი. ეს ქვეყნები კი, სხვადასხვა მანძილითაა დაშორებული საქართველოს. იტალია აზერბაიჯანზე შორსაა და, ამდენად, იტალიიდან ჩამოტანა უფრო ძვირი უნდა ჯდებოდეს და იტალიური საწვავი უფრო ძვირიც უნდა ღირდეს. თავი რომ დავანებოთ მანძილს, ამ ხუთ კომპანიას, მათი ზომიდან თუ მარკეტინგული სტრატეგიიდან გამომდინარე, როგორ შეიძლება, საწვავის შემოტანა ერთი და იგივე ფასი უჯდებოდეს?! შესაბამისად, თითოეულს საწვავზე სხვადასხვა ფასი უნდა ჰქონდეს. ელემენტარული კონკურენცია მაინც რომ იყოს მათ შორის, საერთაშორისო ბაზარზე ფასის ცვლილება ადეკვატურად აისახებოდა ადგილობრივ ფასზე, რადგან, ის კომპანია, რომელიც საწვავს ადეკვატურ ფასად არ გაყიდდა, მომხმარებელს დაკარგავდა. რაც შეეხება იმას, არის თუ არა საწვავის ბაზარზე ოლიგოპოლია: საცალო ბაზარზე მართლაც რამდენიმე კომპანიაა. მათ შორის ყველაზე მსხვილია „ვისოლი“ – ბაზრის 35 პროცენტი უჭირავს, მაგრამ „სოკარს“ უჭირავს საბითუმო ბაზრის 80 პროცენტი. ანუ ჩვენთან შემდეგნაირი სიტუაციაა: ბაზარზე მოქმედ ხუთ კომპანიას ზემოთ დასახელებული სხვადასხვა ქვეყნიდან ძალიან მცირე ოდენობის საწვავი ჩამოაქვს. მაგალითად, „ვისოლს“ მხოლოდ „აპი“ ჩამოაქვს იტალიიდან, „რეგულარი“, დარწმუნებული ვარ, „სოკარისგან“ აქვს ნაყიდი. საქართველოში გაყიდული „რეგულარის“ სახეობის საწვავი დიდი ალბათობით „სოკარისაა“. არადა, ჩვენს ქვეყანაში მოხმარებული საწვავის 92 პროცენტი სწორედ „რეგულარია“, დარჩენილ 8 პროცენტში შედის „ნორმალი“ და „სუპერი“, ანუ, საცალო ბაზრის ძალიან დიდ ნაწილსა და საბითუმო ბაზარზე უდიდეს წილს სწორედ „სოკარი“ ფლობს. შესაბამისად, წესით და რიგით, „რეგულარზე“ ყველაზე დაბალი ფასი მას უნდა ჰქონდეს, რადგან აზერბაიჯანიდან შემოაქვს. ამიტომ, სრულიად გაუგებარია ის საფასო პოლიტიკა, რაც ქართულ ბაზარზეა. ერთ-ერთ ინტერვიუში ნავთობიმპორტიორთა, მწარმოებელთა და მომხმარებელთა კავშირის თავმჯდომარემ ჟურნალისტის შეკითხვას – რატომ არ შეუძლია „სოკარს“, უფრო დაბალ ფასად გაყიდოს ბენზინი, ვიდრე სხვა კომპანიებსო, ასე უპასუხა: „სოკარს“ 20 ბენზინგასამართი სადგური აქვს საქართველოში, ფასის შემცირება შეუძლია, მაგრამ, მაშინ დანარჩენები გაკოტრდებიანო. ანუ, გამოდის, ჩვენ ვზრუნავთ, რომ ყველა ნავთობიმპორტიორმა კომპანიამ იარსებოს.
– მართლაც თქვა ასეთი რამ?
– რა თქმა უნდა. რა გამოდის?! ყველა კომპანია თანასწორი უნდა იყოს და ყველას თანაბარი შემოსავალი უნდა ჰქონდეს?! თუ კონკურენციაა, ბუნებრივია, სუსტი უნდა დაიჩაგროს, გავიდეს ბაზრიდან და ძლიერი უნდა გადარჩეს. არადა, თურმე, თუ ნავთობიმპორტიორი კომპანიები გაკოტრდებიან, ხალხი დარჩება უმუშევარი. ესე იგი, ჩვენ, მომხმარებლებმა, უნდა დავაფინანსოთ იმ კომპანიის თანამშრომლების ხელფასებიც.
– „სოკარი“ დააჯილდოეს იმის გამო, რომ 2010 წელს ბიუჯეტში შეიტანა ყველაზე მეტი – 150 მილიონი ლარი გადასახადების სახით. ყველაზე უარესი გათვლებით, ამ ოცი გასამართი სადგურით, 150 მილიონი ხომ მაინც მიიღო მოგება? საიდან აქვს ყველაზე დიდი მოგება კომპანიას, რომელსაც მხოლოდ 20 ბენზინგასამართი სადგური აქვს? სულელიც დაითვლის, რომ ყველაზე მეტი ფასნამატი სწორედ „სოკარს“ აქვს.
– „სოკარი“ განაგებს საწვავის საბითუმო ბაზარს. თქვენ თქვით, რომ მცირე ზომის ბენზინგასამართ სადგურებში „სოკარის“ საწვავი უფრო ნაკლებ ფასად იყიდებაო. ვინმე ამიხსნის, რატომ ხდება ასე?! იმასაც ამბობენ, მცირე კომპანიას მარკეტინგული ხარჯი არ აქვსო. მაგრამ, თუ მარკეტინგული ხარჯი არ აქვს, ხომ უფრო ცოტასაც ჰყიდის?! დაუწერელი კანონია: რაც უფრო დიდი რაოდენობით პროდუქციას აწარმოებ, მისი თვითღირებულება უფრო ნაკლებია. თუ ერთი ვარ, ერთი ბენზინგასამართი სადგური მაქვს და 100 ლიტრს ვყიდი, სხვას რომ მეტი ბენზინგასამართი სადგური აქვს, ხომ უფრო მეტს ჰყიდის?! ესე იგი, თითო ლიტრი ხომ უფრო ნაკლები უჯდება?! ანუ, წესით, მსხვილი კომპანიები უნდა ყიდდნენ უფრო იაფად, ვიდრე წვრილები, ჩვენთან კი პირიქითაა და იქმნება პარადოქსული ვითარება. მეორე მხრივ, ისიც ვთქვათ, მცირე კომპანიები იმით ირჩენენ თავს, რომ უფრო იაფად ყიდულობენ და ყიდიან საწვავს, მაგრამ რაოდენობაში ატყუებენ მომხმარებელს.
– არც მსხვილი კომპანიები ზომავენ მისხალ-მისხალ! სხვადასხვა მანძილს გავდივარ ერთი და იმავე სახეობის ბენზინით, იმისდა მიხედვით, სად ჩავასხამ.
– ხომ ჩატარდა ფარული შემოწმება: ოთხ კომპანიაში ჩაასხეს საწვავი და მათგან სამმა მოიპარა. მეორე მხრივ, ეს ისეთი პროდუქტია, რომ მასზე უარს ვერ იტყვი. აქედან გამომდინარე, ამ კომპანიებს არანაირი შეფერხება არ აქვთ საიმისოდ, რომ, თუნდაც, სამი ლარი დააწესონ ერთ ლიტრ საწვავზე. ვინმეს აქვს კანონიერი უფლება, რამე უთხრას და შეაჩეროს?! შესაძლოა, ერთ დღესაც, გამოვიდნენ ნავთობიმპორტიორი კომპანიების ხელმძღვანელები და თქვან, არ გვაინტერესებს საერთაშორისო ბაზარი და ჩვენ საწვავს ვყიდით სამ ლარადო. რა, ჩვენს ქვეყანაში კარტელური გარიგება იკრძალება თუ მაღალი ფასის ხელოვნურად შენარჩუნება?! ეს ყველაფერი კანონიერია, ოღონდ, კანონიერება ყოველთვის არ ნიშნავს სამართლიანობას. ის, რაც კანონიერია, შესაძლოა, უსამართლო იყოს, როგორც ამ შემთხვევაში.
– იყო პერიოდი, როდესაც საქართველოს „მაკდონალდსში“ „ბიგმაკი“ უფრო ძვირი ღირდა, ვიდრე ამერიკაში. ახლა ფასები გათანაბრებულია. ასეა ძალიან ბევრ პროდუქტზე. რა შეუძლია, გააკეთოს სახელმწიფომ, იმის გარდა, რომ ხელი შეუწყოს კონკურენციას? შეამციროს აქციზის გადასახადი საწვავზე?
– ისიც ვთქვათ, რომ ამ ნავთობიმპორტიორ კომპანიებს სხვადასხვა სოციალური ვალდებულების შესრულებასაც ავალებენ. ოღონდ, ისინი ამ ქველმოქმედებას ეწევიან არა თავიანთი მოგებიდან, არამედ ხარჯში ატარებენ. ბენზინში ბევრად მეტს მახდევინებს და შემდეგ იქიდან მეასედს მომიგდებს მათხოვრულად?! ამბობენ, რომ აქციზსა და დღგ-ს უჭირავს დიდი წილიო, მაგრამ, ყველამ კარგად იცის, რომ ფასნამატში გადასახადს მცირე წილი აქვს. მეორე მხრივ, დღესვე რომ გაუქმდეს აქციზის გადასახადი, ფასები კი არ დაიკლებს, არამედ კომპანიების მოგება გაიზრდება.
– სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს კონკურენცია. ბოლოს და ბოლოს, ეს არის მისი მოვალეობა და არა ზეიმების მოწყობა.
– საერთოდ, რომელიმე ბაზარზე მონოპოლია, სახელმწიფოს დახმარების გარეშე, რთულად თუ შეიქმნება. მონოპოლიების 90 პროცენტი, ძირითადად, სახელმწიფოს მონაწილეობით იქმნება. ამიტომ, უბრალოდ, ნება უნდა არსებობდეს, რომ კონკურენცია განვითარდეს. სამწუხაროდ, ეს ნება არ არის.
– მომხმარებელს არაფრის შეცვლა არ შეუძლია?
– მომხმარებლები პერიოდულად გამოხატავენ პროტესტს.
– ვისარგებლებ შემთხვევით და ვიტყვი: საწვავის ფასების გამო პროტესტს გამოხატავენ ავტომანქანების მსვლელობით და ამაში ისევ და ისევ საწვავს ხარჯავენ და უფრო ამდიდრებენ ნავთობიმპორტიორებს.
– მიუხედავად ამისა, მაინც არ არის სასიამოვნო, როდესაც საყვირების ხმა ისმის შენს სამუშაო კაბინეტთან, თუმცა, მეჩვენება, რომ ნავთობკომპანიების თანამშრომლები შეჩვეულნი არიან კრიტიკასა და ლანძღვას და ყურს არ იბერტყავენ პროტესტის გამო.
– ალბათ, ნავთობიმპორტიორები იმას და იმდენს გაბედავენ, რის უფლებასაც მათ ხელისუფლება მისცემს?
– უნდა შეიქმნას ანტიმონოპოლიური სამსახური და ამას ევროკავშირი უკვე ორი წელია, ითხოვს.
– ესე იგი, მომხმარებლები მათ ვერც სასამართლოში უჩივლებენ?
– ვერა, იმიტომ რომ, არ გვაქვს ანტიმონოპოლიური კანონი. ამდენად, ისინი კანონიერად მოქმედებენ.
– ანუ, კანონიერად გვძარცვავენ?
– დიახ. ის კანონები, რომლებსაც შეიძლებოდა, ხელი შეეშალა მათთვის, გაუქმებულია. მაგალითად, 2008 წლის აგვისტოში, ომის გამო, რეალურად, ყველაფერზე უნდა გაზრდილიყო ფასები, მაგრამ ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენლებმა მკაცრი ტონით ჩამოუარეს და ფასები არ გაზრდილა, საწვავზე გაიაფდა კიდეც. ახლაც, ხომ ხედავთ, რა მოხდა შაქართან მიმართებაში. მსოფლიოში შაქრის ფასი არ შემცირებულა, მაგრამ პირველი გაძვირების ტალღის შემდეგ საქართველოში შაქარი გაიაფდა. რატომ? შაქრის მოსავალი ავიღეთ თუ რა მოხდა?! ანუ ამ შემთხვევაშიც იმუშავა მაგიდაზე მუშტის დარტყმის პოლიტიკამ. მაგრამ, როდესაც სახელმწიფო განსაზღვრავს ფასს ამა თუ იმ ბაზარზე, ესე იგი, იქ არ არის ჯანსაღი კონკურენცია, ხოლო, სადაც არ არის ჯანსაღი კონკურენცია, იქ არასდროს იქნება სამართლიანი სახელმწიფო. მეორე მხრივ, სიმართლე რომ გითხრათ, ნავთობპროდუქტებზე მოთხოვნა არ შემცირებულა. თუ ისე გაუჭირდება ხალხს, რომ მანქანებს დააყენებს და ფეხით ივლის, მაშინვე გაიაფდება საწვავი.
– ბრიტანეთის ავიაკომპანია გაფიცვას აპირებს პრინცის ქორწილის დღეს, ჩვენს გაფიცულ მაღაროელებზე კი მაღაროს ხელმძღვანელობა ამბობს, პროფკავშირები ურევს მათ ტვინსო. „ტვინის არევაში“ კი ხელფასის მატების მოთხოვნა იგულისხმება.
– ხელისუფლება იქცევა საზოგადოების დაკვეთის ადეკვატურად. სადამდეც გაუვათ, ფასებს გაზრდიან. რატომღაც ჩვენს მოსახლეობას მიაჩნია, რომ ქუჩაში გამოსვლა მხოლოდ იმიტომ შეიძლება, რომ პრეზიდენტი გადადგეს. არადა, უცხოეთში ყველაზე დიდ საპროტესტო ტალღას პროფკავშირები და სხვა საზოგადოებრივი ორგანიზაციები აგორებენ. გინახავთ ჩვენთან, რომელიმე კონკრეტული კანონის გასაუქმებლად ვინმე გამოსულიყოს ქუჩაში?! მეტად ძლიერი რომ იყოს სამოქალაქო საზოგადოების ერთიანობა, რა თქმა უნდა, ეს შედეგს მოიტანს.
– შეიძლება ექსპერიმენტის ჩატარება: ვაზარალოთ ერთ კვირას ნავთობიმპორტიორები, გავაჩეროთ და ვიაროთ ფეხით, ან, სულაც, ველოსიპედებით. იქნებ „არგოთ წამალმა“?!