პოლიგლოტები
„საქართველოს მთებში გაგაჩინა ზენამ“
თავდაპირველად, გავრცელდა ინფორმაცია, რომ საგადასახადო სამსახურების წარმომადგენლებმა რესტორნის მომღერლებს ჩამოუარეს და რუსულად ამღერების შემთხვევაში ჯარიმების დაწესებას დაჰპირდნენ, შემდეგ, თითქოსდა რადიოების ხელმძღვანელებსაც ჩამოურეკეს და, რადიოეთერში რუსული სიმღერების გაჟღერების შემთხვევაში, საგადასახადო შემოწმების პირობა მისცეს. მოგვიანებით საგადასახადო სამსახურის თავკაცმა ამ ხმებს უსაფუძვლო უწოდა. ამის პარალელურად, ისიც ითქვა, რომ სკოლებში რუსული ენის შესწავლა იკრძალება. ბუნებრივია, ამ ფაქტს არა საგადასახადო სამსახური, არამედ განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო გამოეხმაურა (შესაძლოა, იმიტომ, რომ გენინსპექცია თავად ჰყავს) და, რა თქმა უნდა, ამ ხმებს უსაფუძვლო უწოდა. კერძოდ, მინისტრის მოადგილე ქ-ნი ქურდაძე ბრძანებს, რომ რუსული ენის სწავლება სკოლებზე იქნება დამოკიდებული (მეორე მხრივ, ერთი – მანდატურების შეშვება იქნება დამოკიდებული სკოლების კეთილ ნებაზე და მეორე – რუსული ენის სწავლება).
სახელდობრ, საქმე შემდეგნაირადაა: ახალი ეროვნული სასწავლო გეგმით, სკოლებში ორი უცხოური ენის სწავლებაა სავალდებულო. პირველი კლასიდან, ცხადზე უცხადესია, ინგლისურის შესწავლა დაიწყება (ისე კი არა, როგორც საბჭოთა დროს ისწავლებოდა რუსული ენა, სხვათა შორის, მხოლოდ მეორე კლასიდან, არამედ – დემოკრატიულად), მეორე უცხო ენის შესწავლა კი ოდენ მეშვიდე კლასიდან დაიწყება და სწორედ ამ მეორე ენის სწავლება იქნება სკოლებზე დამოკიდებული. უფრო მეტიც, სკოლას მესამე ენის სწავლების უფლებაც მიენიჭება და იმისიც, რომ მეორე ენა სავალდებულო საგნად მეშვიდე კლასამდე დაამატოს.
ბუნებრივია, წყალი არ გაუვა ჭეშმარიტებას – რამდენი ენაც იცი, იმდენი კაცი ხარო (ერთ დღესაც, შესაძლოა, ამ ჩვენი მრავალენოვნების წყალობით ეს ოთხ-ნახევარი მილიონი 13 მილიონამდე გავმრავლდეთ), თუმცა, თუ იმ უსიამოვნო ასოციაციას გავიხსენებთ, რასაც უცხო ენის პირველი კლასიდანვე სწავლება იწვევს (მაშინ – რუსული, ახლა – ინგლისური), ჩნდება ეჭვი, რომ „გალიებს“ ჯერაც ვერ გავცდენილვართ და, ცოტა არ იყოს, ჩვენი „არწივობაც“ საეჭვოა.