დაანგრიე მითები...
ზოგჯერ ყველაზე რეალური ფაქტიც კი, შესაძლოა, მითი აღმოჩნდეს. 2010 წელი რამდენიმე ასეთი ფაქტის „გამოაშკარავებით“ გახდა ცნობილი:
1. დღემდე მიიჩნევდნენ, რომ დემოკრატია ჯერ კიდევ ინგლისში ჩაისახა, როცა იოანე უმიწაწყლომ ხელი მოაწერა „უფლებების ქარტიას“ – დოკუმენტს, რომელიც ინგლისის მეფის უფლებებს ზღუდავდა. სინამდვილეში, იოანე უმიწაწყლო საკმაოდ გაუნათლებელი მმართველი გახლდათ. მან არც წერა იცოდა და არც კითხვა.
2. მთქნარება გადამდებია – არ შეეფერება სიმართლეს. როცა ერთი ადამიანი გემრიელად ამთქნარებს, მეორესაც შეიძლება გაუჩნდეს ამის სურვილი. ანთროპოლოგებს მიაჩნიათ, რომ ჩვენ ეს რეფლექსი მაიმუნებისგან შემოგვრჩა, რომლებსაც უყვართ ერთმანეთის გამოჯავრება. ანუ, ჩვენც მექანიკურად ვბაძავთ იმას, ვინც ამთქნარებს.
3. წვიმაში თუ მოჰყვები, უმჯობესია, გაიქცე, ნაკლებად დასველდები – არავითარ შემთხვევაში. მათემატიკური გამოთვლებით დაადგინეს, რომ გაიქცევი თუ უბრალოდ, გაჩერდები, წვიმა ერთნაირად დაგასველებს.
4. ზღარბს ადამიანები არ ჭამენ – თქვენ, ეტყობა, ცუდად იცნობთ ბოშურ ნაციონალურ სამზარეულოს. ბოშები უწყინარ ზღარბუნიას პაწაწინა გოჭივით წვავენ და ჩაშუშულ ბოსტნეულთან ერთად მიირთმევენ.
5. ბაცილა და ბაქტერია განსხვავებული მიკროორგანიზმებია – მცდარი მოსაზრებაა. ბაცილაც და ბაქტერიაც ნიშნავს, „ჩხირს“. უბრალოდ, ერთი ბერძნულიდან შემოვიდა და დამკვიდრდა, მეორე – ლათინურიდან.
6. „ტრაინოი“ ოდეკოლონი მეოცე საუკუნის მონაპოვარია – შეცდომაა. ნაპოლეონ ბონაპარტეს ბრძანებით, სპეციალურად ჯარისკაცებისთვის შექმნეს სადეზინფექციო სითხე, სამმაგი დაცვის ფორმულით – ანუ, ის ერთდროულად უნდა ყოფილიყო სამკურნალო, ჰიგიენური და პარფიუმერიული თვისებებით აღჭურვილიც. ასი წლის განმავლობაში ფრანგებმა ნაპოლეონის იდეაზე უკეთესი ვერაფერი მოიფიქრეს და 1913 წელს პარიზში მსოფლიო მიღწევების გამოფენაზე, ამ შედევრმა გრანპრი აიღო.
7. ვინ იყო ლურჯწვერა, რომელიც ცოლებს კლავდა. ზღაპრული გმირი ცოლების შესაშინებლად?! – ამ გმირის პროტოტიპი ფრანგი მარშალი ჟილ დე რე გახლავთ. ჰყავდა ერთადერთი ცოლი და ისიც ბუნებრივი სიკვდილით გარდაიცვალა. მაგრამ, გრაფი ალქიმიით იყო გატაცებული. მსხვერპლშეწირვაც არ იყო მისთვის უცხო. საბოლოოდ, დე რემ ოქრო მაინც ვერ შექმნა, ჩავარდა ვალებში და ინკვიზიციამ ერთ-ერთი მეზობლის დასმენის საფუძველზე კოცონზე დაწვა.