ყველაზე წარმატებული და ყველაზე წარუმატებელი შეკვეთილი მკვლელობები ფეოდალური ხანის საქართველოში
დღე არ გავა, რომ ან პრესაში არ წავიკითხოთ, ან ტელევიზიით არ გადმოსცენ – ტერორისტთა, დაქირავებულ მკვლელთა, ქილერთა თაობაზე... უფრო სწორად, მათი ნამოქმედარის ან მსხვერპლის შესახებ... იშვიათად, მათი პერსონის შესახებ და უფრო იშვიათად, მათ დამკვეთთა ირგვლივ.
გვიანი ფეოდალური ხანის საქართველოში არაერთი ცნობილი პიროვნება მოუკლავთ შეკვეთით. მკვლელებსა და მკვლელობის დამკვეთებზე ჩვენი რესპონდენტი, ფსიქოლოგი გელა გარაყანიძე გაგვიზიარებს თავის მოსაზრებებს.
გელა გარაყანიძე: როდესაც ამ საკითხს ჩავუღრმავდი, განსაკუთრებით – დაქირავებულ მკვლელთა წმიდა ქართული სახელწოდება და მათი მაშინდელი რეპუტაცია მაინტერესებდა. წინასწარი ვარაუდიც მქონდა – მეგონა, რომ „დაქირავებული მკვლელის” ერთსიტყვიან ქართულ შესაბამის სინონიმს ვიპოვიდი, ხოლო მკვლელთა რეპუტაციაზე მკვეთრად უარყოფითი მოლოდინი გამაჩნდა.
– იპოვეთ ის სიტყვა, გამართლდა თქვენი მოლოდინი? ან საძიებო არედ ეპოქის რომელი მონაკვეთი აირჩიეთ?
– საძიებო არედ მეჩვიდმეტე საუკუნე ვარჩიე. ფეოდალურ ხანაში ათეულობით შეკვეთილი მკვლელობაა ჩადენილი. შედარებით თვალსაჩინო მკვლელობათა რამდენიმე ეპიზოდზე მოგაწვდით ჩემს დაკვირვებებს.
„დაქირავებული მკვლელის” შესატყვისი, ერთსიტყვიანი, შესაბამისი სიტყვა ვერ აღმოვაჩინე... ცოტა არ მიძებნია... ის რაც ვიპოვე, მხოლოდ ნაწილობრივ გამოდგება ამ ორი სიტყვის – დაქირავებული მკვლელი – სინონიმად. კერძოდ, ეს სიტყვაა „შეჩენილი”.
რაც შეეხება ფეოდალური ხანის ქილერთა რეპუტაციას, ჩემი მოლოდინის საწინააღმდეგოდ, ისინი მაინცდამაინც ცუდად არ მოიხსენიებიან მაშინდელ მემატიანეთა ნაწერებში.
– ბატონო გელა, იქნებ, რომელიმე კონკრეტული შემთხვევა განვიხილოთ. ალბათ, ამ განხილვისას უფრო კარგად გამოჩნდება საქმის ვითარება.
– განვიხილოთ 1661 წელს მომხდარი სამეგრელოს მთავრის ვამიყ დადიანის, ლიპარტიანის მკვლელობა.
ვამიყი ლეჩხუმის თავის, ხოსია ლაშხიშვილის „შეჩენილმა” კაცმა მოკლა. მითითება ქართლის მეფის ვახტანგ მეხუთესგან მოდიოდა.
– რა გახდა სამეგრელოს მთავრის მკვლელობის მიზეზი?
– ცოტა ხნით ადრე, ალბათ, 1660 წელს, ვამიყ დადიანმა და ვახტანგ მეხუთემ დამოყვრების პირობა დადეს – ვახტანგის პირმშო ვაჟს 13 წლის არჩილს ცოლად უნდა შეერთო ვამიყის ასული. მაგრამ, ვახუშტის სიტყვით: „არამედ ჰყვა დადიანს ცოლი გლიპი და აიძულებდა ქმარსა თვისსა არა ყოფად ამისსა სიშორისათვის. უსმინა მანცა და მისცა ღოღობერიძეს ქალი იგი ცოლად. გარნა შეჩენითა მეფისათა მოკლეს ღოღობერიძე იმერთა.”
მოგვიანებით კი, ახალგაზრდა სიძეს – ბეჟან ღოღობერიძეს სვანეთში გაქცეული სიმამრიც დააკლეს.
– რით არის ეს მკვლელობები თქვენთვის საყურადღებო?
– ამ მკვლელობისას ხოსია შუამავალი რგოლია, დამკვეთი ქართლის მეფეა, შემსრულებელი ხოსიას შეჩენილი კაცი...
გადის 7 წელიწადი. იმერეთში ვახტანგ ჭუჭუნიასშვილი, იგივე ბაგრატიონი და დარეჯან თეიმურაზ პირველის ასული მეფობენ. „მაშინ დარეჯანს და ვახტანგს ჰყვნეს სანდოდ თვისად ლაშხისშვილი ხოსია თავი ლეჩხუმისა და სცხო მირონიცა დარეჯან ხოსიას და განაგებდნენ იმერეთსა. შემდგომად შეიზრახნენ იმერნი, გარდმოიბირეს ხოსია და შეუჩინეს დარეჯანს და ქუთათისს ციხესა შინა, აღმკაზმელი თავისა თვისისა დილასა დარეჯან დედოფალი მოჰკლა შუბითა ხოსიამ.”
სხვა ცნობით ხოსია „დარეჯან დედოფალმა იშვილა ჩვეულების თანახმად ძუძუზე კბილის დადებით და ფიცის წარმოთქმით. ამის შემდეგ დედოფალი ხოსიას ენდობოდა, მაგრამ მან ფიცი გატეხა...”
ნათლულიც ან ნაშვილებიც ასეთი უნდა!... თანაც ხოსია ამჯერად უკვე თვითონ არის შეჩენილი, დამკვეთნი კი ბაგრატ მეოთხე, გენათელი და იმერელი დიდგვაროვნები არიან!
– არ მინდა თემას გადავუხვიოთ, მაგრამ ძალიან მაინტერესებს, თვითონ ხოსიას ბედი როგორ წარიმართა?
– თქვენ წარმოიდგინეთ, ორივე ეს მკვლელობა ხოსიას ხახვივით შერჩა. აღარც დადიანებს მოუკითხავთ ვამიყის სისხლი და აღარც ბაგრატიონებს – დარეჯანისა... და რაც ყველაზე მეტად გამიკვირდა – ხოსიას მიმართ მკვეთრად უარყოფითი საზოგადოებრივი აზრი არც შექმნილა.
– მაინც ვის უნდა მოეძია მოკლულების სისხლი?
– თავი დავანებოთ დადიანებს, არჩილ კახთა მეფეს ხომ ცოლად დარეჯანის ძმისწული ჰყავდა – ქეთევანი... მაგრამ, როგორც ჩანს, მამამისს, ქართლის მეფეს არ დაუპირისპირდა.
ასევე, საცა სამართალია, ერეკლე პირველსაც, როცა იგი ქართლში გამეფდა, არავინ დასძრახავდა თავისი მამიდის სისხლი აეღო... მემატიანენი ამის თაობაზე არაფერს გვაუწყებენ.
– რატომ ფიქრობთ, რომ „შეჩენილი” მხოლოდ ნაწილობრივ გამოხატავს მკვლელად მიჩენილს?
– მეთექვსმეტე საუკუნეში იმერეთის მეფეს დატყვევებული ჰყავს ლევან დადიანი. „მაშინ შეუჩინა ქაიხოსრო ათაბაგმან ჩხეიძე ხოფილანდრე. ამან გამოაპარა ლევან დადიანი და მოიყვანა სამცხეს. ამისთვის ეზრახა ათაბაგი გურიელსა, რათა მისცეს გზა ლევან დადიანს. ხოლო გურიელმა სიხარულით წარიყვანა და ჰყვეს დადიანად ლევან ოდიშსავე”. (ვახუშტი)
როგორც ვხედავთ, „შეუჩინა” არც მაშინ გულისხმობდა ყოველთვის მკვლელობას. მით უმეტეს არც დღეს. გაიხსენეთ ცნობილი ხალხური სიმღერა – „მაჭანკალი შემომიჩნდა”...
– სხვა შეკვეთილ მკვლელობებზე რას გვეტყვით? მკვლელობის სხვა ფორმას, თუნდაც მოწამვლას არ იყენებდნენ? ზოგი, ალბათ, წარუმატებლობითაც დამთავრდებოდა.
– მეჩვიდმეტე საუკუნის 80-იან წლებში კახეთის მმართველად ბეჟან ხანი იყო მოვლინებული. აქაური თავადები მისადმი დიდ ერთგულებას არ იჩენდნენ. „იხილა რა სიამაყე ესე კახთა ხანმან, იწყო მოწამლვით და რომელთამე ცხადად სიკუდილი. ამისთვის კახთაცა იწყეს კრძალვა და ფრთხილობა”.
ამ ხანის წინ არჩილი მეფობდა. შეიძლება მისი თხოვნითაც, მისმა ძმამ – ქართლის მეფე გიორგი მეთერთმეტემ, „შემოუჩინა კაცი ხანსა, ჰკრეს თოფი და მოსტეხეს მხარი. არამედ დაეხწა სიკუდილსა. მერმე წარმოუვლინა გიორგი მეფემან დოსტაქარი. მაშინ ხანი იტყოდა: „უმჯობეს იყო არცა სიკუდილი და არცა კურნება”, ამისთვის განბოროტებულმან ხანმან მისცა ნება და ძალი ლეკთა და უწყეს კახეთს კირთება და ტყუევნა, არათუ ლაშქრით, არამედ ავაზაკობით”.
– ყველაზე წარუმატებლად რომელი შეკვეთილი მკვლელობის ფაქტი შეგიძლიათ დაგვისახელოთ?
– ასეთად მიმაჩნია ლევან მეორე დადიანის წინააღმდეგ მეჩვიდმეტე საუკუნის ოციან წლებში ვერშემდგარი ტერაქტი.
... მკვლელობის შემკვეთნი იყვნენ იმერეთის მეფე გიორგი, აფხაზეთის მთავარი შარვაშიძე, გურიის მთავარი – ლევანის ღვიძლი ძმა, იოსები, იგივე იასე.
მკვლელობის დამგეგმავი გახლდათ ლევან მეორის მთავარი ვეზირი – პაპუნა. მან საქმეში ჩართო ლევანის მერიქიფე, მისი ორი ძმა და ვიღაც აფხაზი, რომელსაც მახვილით უნდა მოეკლა ოდიშის მთავარი.
ოპერაცია წარუმატებლად დამთავრდა. აფხაზს კვალიფიკაცია არ ეყო, მისმა არაპროფესიონალიზმმა მხოლოდ დაჭრა მკვლელობის ობიექტი... გადარჩენილმა ლევან მეორემ სასტიკად იძია შური – პაპუნა ვეზირი „ჯერ ღამით დაახრჩეს და მერე დღისით ერთ დიდ ზარბაზანში ჩასდეს, ცეცხლი მისცეს და ამგვარად, მისი სხეული, ნაკუწ-ნაკუწად ქცეული, ჰაეში გაიბნა”. (არქანჯელო ლამბერტი).
მერიქიფეს და მის ძმებს თვალები დასთხარეს და ცალ-ცალი ხელი და ფეხი მოჰკვეთეს... აფხაზი დასჯას გადარჩა, ვერსად იპოვეს.
– ყველაზე წარმატებით რომელი შეკვეთილი მკვლელობა შესრულდა?
– ასეთად მიმაჩნია როსტომ მეფისთვის მისი ნაშვილების – ლუარსაბ ვახტანგის ძის მოკვლა.
– რა ნიშნით ანიჭებთ ამ მკვლელობას უპირატესობას?
– ყველაფერი კარგად იყო გათვლილი. მკვლელობა ნადირობის დროს მოხდა და ზოგს შეიძლება, ეს ამბავი უბედურ შემთხვევად მიეღო... საყურადღებო ის არის, რომ არც შემკვეთი და არც შემსრულებელი არსად ფიგურირებენ!
– იქნებ მართლა უბედური შემთხვევა იყო?
– შეუძლებელია. ტყვია რაღა მაინცდამაინც როსტომის ნაშვილებს მოხვდა, იქ ბევრნი ირეოდნენ... სომეხმა მეისტორიემ ორი ეჭვმიტანილის ვინაობაც შემოგვინახა – შიოშ ბარათაშვილი და ბაადურ თუმანიშვილი. მათი ბრალის გარკვევა საინტერესო ხერხით მოინდომეს... ვურჩევ მკითხველს „ქართლის ცხოვრების” მეოთხე ტომის 444 – 445 გვერდები ყურადღებით წაიკითხოს...
– გასამრჯელო, თანხა ან სხვა სახის მატერიალური წახალისების ფორმა არსად არის მითითებული „შეჩენილთა” სტიმულირებისთვის?
– იმ ეპოქაში, რომელიც მე მაინტერესებდა, ასეთი ცნობები ვერ მოვიძიე. როგორც ჩანს, გაწეული საქმიანობის საფასური „კომერციული საიდუმლო” იყო.
– თქვენ ამტკიცებთ, რომ, როცა მემატიანენი შეკვეთილ მკვლელობებზე მოგვითხრობენ, ზნეობრივ მხარეზე ყურადღებას არ ამახვილებენ?
– ვერსად მივაკვლიე მცირე წუხილს მაინც ამის თაობაზე, რაც ჩემთვის დიდი მოულოდნელობა იყო.