გულახდილად – ყველაზე მთავარზე...
– რა არის ყველაზე მთავარი? – იკითხავთ თქვენ... რა თქმა უნდა, სიყვარული, რომელზეც ოცნებობს ყველა ქალი და ამ ოცნებაში მათ არც მამაკაცები ჩამორჩებიან. დღეს ისევ აქტუალურია ბედნიერი, მყარი, თბილი ოჯახის შექმნის სურვილი. ტექნიკური რევოლუციებით დატვირთულ და დაძაბულ ჩვენს რეალობაში მთავარი ისევ ჩვეულებრივი, ადამიანური ურთიერთობებია და სიყვარულიც... რა თქმა უნდა, სიყვარულია, ის, რაც ამოძრავებს პროგრესს და გვაძლევს სტიმულს, მაგრამ როგორია იდეალური ცოლი მამაკაცისთვის? ალბათ, იდეალური მოდელი არ არსებობს, თუმცა, ზოგადი პორტრეტი ასეთია: მამაკაცისთვის კარგი ცოლი არის ის, ვისაც მეგრული კერძის მომზადება შეუძლია; ვისაც არ ეზარება სახლის დალაგება და ქმრის მოვლა; ვისაც შეუძლია, მოუსმინოს მამაკაცს და გაიგოს მისი პრობლემები; არ იწუწუნოს და არ იჭირვეულოს. კარგი ცოლი ჭკვიანიც უნდა იყოს და მიხვედრილიც. არ უნდა უყვარდეს ბევრი ლაპარაკი და, თუ ამ ყველაფერთან ერთად, ლამაზიც იქნება, მამაკაცი თავს უბედნიერეს ადამიანად ჩათვლის.
ტყუილია ის, რომ მამაკაცების უმრავლესობას ჭკუა ეკეტება ქერებზე – არანაირად. შანსები 50X50-ზეა. სხვათა შორის, არსებობს ერთი უცნაური ფაქტი: ერთი ნახვით შეყვარების მამაკაცებს უფრო სჯერათ, ვიდრე ქალებს. რატომ? ნუთუ კაცები ქალებზე რომანტიკულები არიან? ესეც არის მიზეზი და კიდევ ის, რომ მამაკაცები საკმაოდ დიდხანს რჩებიან ბავშვებად. გულის სიღრმეში მათ სწამთ, რომ ცხოვრებაში ერთხელ მაინც, აუცილებლად გაუმართლებთ და მათ თავს სასწაული მოხდება.
და კიდევ: რიცხობრივად, შეყვარებული მამაკაცი ყოველთვის უფრო მეტია, ვიდრე შეყვარებული ქალი – 60 პროცენტი 49 პროცენტიის წინააღმდეგ. ოღონდ, ნუ დაინტერესდებით, რა არის ამის მიზეზი.