ვინ არის ყველაზე მდიდარი აფრიკელი და შავი კონტინენტის რომელი სახელმწიფოს წარმომადგენლები ჭარბობენ „ფორბსის” რეიტინგში
უკანასკნელი პერიოდია აფრიკის კონტინენტი მსოფლიო საზოგადოების ყურადღების ცენტრში მოექცა. ტუნისსა და სუდანში მიმდინარე მოვლენები ტელევიზიებისა და გაზეთების აქტუალურ თემებად იქცა და მათი გაშუქება თითქმის 24-საათიან რეჟიმში მიმდინარეობს. ამ ქვეყნებში მიმდინარე პროცესებს რომ უშუალო კავშირი აქვს ეკონომიკასთან ცხადია და ექსპერტების აზრით, მომავალში შესაძლოა, ამან გავლენა იქონიოს აფრიკელ მილიარდერებზე. მათი კაპიტალის დიდი ნაწილი სწორედ შავ კონტინენტზეა კონცენტრირებული. ამას ემატება ის ფაქტიც, რომ საქართველოს მთავრობა სამხრეთ აფრიკელი ბიზნესმენებით ჩვენს ქვეყანაში ინვესტიციების განხორციელების პოლიტიკით არის დაინტერესებული. აფრიკის მილიარდერთა უმეტესობა კი, – სწორედ ამ აფრიკული სახელმწიფოს წარმომადგენლები არიან. გთავაზობთ ინფორმაციას „ფორბსის” ვერსიით, ყველაზე მდიდარი აფრიკელების შესახებ, რომელთა ქონება რამდენიმე მილიარდ ამერიკულ დოლარს შეადგენს.
მუჰამედ ალ ამუდი – 10 მილიარდი დოლარი – ეთიოპია
64 წლის ალ ამუდი ყველაზე მდიდარი აფრიკელია პლანეტაზე. „ფორბსის” მილიარდერთა უკანასკნელ რეიტინგში მას 64-ე პოზიცია უკავია. იგი ყველაზე მდიდარი შავკანიანია პლანეტაზე და მას კონკურენციას, განთქმული ოპრა უინფრიც კი ვერ უწევს. ალ ამუდიმ, თავდაპირველად, ბიზნესი უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვით წამოიწყო. თუმცა, მოგვიანებით, ნავთობზე და გაზზე გადაერთო და თავისი მილიარდები სწორედ ამ სფეროში მოიპოვა. მუჰამედი დროის უმეტეს ნაწილს სამშობლოში ან საუდის არაბეთის დედაქალაქ ერ-რიადში ატარებს. იგი ცნობილია მეცენატობით და აქტიურად თანამშრომლობს სხვადასხვა საქველმოქმედო ორგანიზაციებთან.
ნასეფ სავირისი – 5,9 მილიარდი დოლარი – ეგვიპტე
ეგვიპტელი მილიარდერი ნასეფ სავირისი „ფორბსის” 127-ე ნომერია, ხოლო მისი კომპანია წლიურად 25 მილიონამდე ტონა ცემენტს აწარმოებს. იგი ცემენტის უმსხვილესი მწარმოებელი და იმპორტიორია აზიის და აფრიკის რეგიონებში. მსოფლიოში „ორასკომის” დაახლოებით 20-მდე საწარმო ფუნქციონირებს, სადაც 40 ათასამდე ადამიანია დასაქმებული. ჩიკაგოში მიღებული უმაღლესი განათლების მქონე 50 წლის ნასეფი ეგვიპტის ნაციონალ-დემოკრატიული პარტიის ბიზნეს-სამდივნოს წევრია. იგი ყველაზე ცნობილი ეგვიპტელი ბიზნესმენია მსოფლიოში.
ნიკი ოპენჰეიმერი – 5 მილიარდი დოლარი – სამხრეთ აფრიკა
სამხრეთ აფრიკელი ნიკი ოპენჰეიმერი ოჯახთან ერთად მსოფლიოში ყველაზე ცნობილ ალმასებისა და ბრილიანტების მომპოვებელ კომპანიას „დე ბეერს” ფლობს. 66 წლის ნიკის განათლება ოქსფორდის უნივერსიტეტში აქვს მიღებული, სადაც იგი პოლიტოლოგიას, ეკონომიკასა და ფილოსოფიას ეუფლებოდა. მისი წინაპრები ერნესტ და ჰარი ოპენჰეიმერები „დე ბეერსის” დაარსების სათავეებთან იდგნენ, ჯერ კიდევ 1888 წელს. წარმოშობით ოპენჰეიმერი გერმანელი ებრაელია და „ფორბსის” რეიტინგში 154-ე ადგილი უკავია.
პატრიკ სუნ-სიონგი – 5 მილიარდი დოლარი – სამხრეთ აფრიკა
სუნ-სიონგი ჩინელი ემიგრანტების შვილია, რომელიც 1952 წელს სამხრეთ აფრიკულ იოჰანესბურგში დაიბადა. მისი ოჯახი მეორე მსოფლიო ომის დროს გადავიდა საცხოვრებლად შავ კონტინენტზე. პატრიკი ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და მდიდარი ქირურგია პლანეტაზე. მისი კვლევები ონკოლოგიურ დაავადებებზე მუდამ იწვევენ ინტერესს სამედიცინო წრეებში. საინტერესოა, რომ გასულ წელს პატრიკმა ამერიკის კალათბურთის ნაციონალური ლიგის კლუბის „ლოს-ანჯელეს ლეიკერსის” აქციათა 4,5 პროცენტი შეიძინა ლეგენდარული „მეჯიქ” ჯონსონისგან.
ონსი სავირისი – 3,1 მილიარდი დოლარი – ეგვიპტე
ონსი სავირისი ნასეფ სავირისის მამაა და კომპანია „ორასკომის” დამფუძნებელი. სავირისები ეგვიპტელი ქრისტიანები – კოპტები არიან. გარდა ცემენტის ბიზნესისა, სავირისების ოჯახი დაინტერესებულია ტურისტული, სატელეკომუნიკაციო და სამშენებლო ბიზნესით. სავირისების საგვარეულო ერთ-ერთ ყველაზე მდიდარ ოჯახად ითვლება აფრიკის კონტინენტზე. ნასეფის მსგავსად, მისი ვაჟები ნაჯიბი და სამიჰიც ბიზნესმენები არიან.
ნაჯიბ სავირისი – 2,5 მილიარდი დოლარი – ეგვიპტე
„ორასკომ ტელეკომის” უმსხვილესი ეგვიპტური GSM ოპერატორის მფლობელი – ნაჯიბ სავირისია. მან განათლება შვეიცარიის საუკეთესო კოლეჯებში მიიღო და ბიზნესსაქმიანობა 22 წლის ასაკში, მამისგან დამოუკიდებლად დაიწყო. ნაჯიბ სავირისის სახელს უკავშირდება ისტორიული ფაქტი – მისი უშუალო ხელმძღვანელობით, ჩრდილოეთ კორეაში დაარსდა პირველი მობილური ტელეფონის ოპერატორი კომპანია „კორიოლინკი”.
იოჰან რუპერტი – 2,3 მილიარდი დოლარი – სამხრეთ აფრიკა
იოჰან რუპერტის საკუთრებაა 1988 წელს დაფუძნებული ოქროს სამკაულების, მაჯის საათების, ტანსაცმლისა და ძვირფასი საგნების მწარმოებელი ჰოლდინგი „რიჩემონტია”, რომლის შემადგენლოაბში შედის უცნობილესი კომპანიები – „კარტიე”, „ალფრედ დანჰილი”, „ქლოე”, „პიაჯეტი”, „შანჰაი ტენგი”, „შაუფჰაუზენი”, „ლანცელი” და სხვა. გარდა ამისა, იგი ისეთი სახელოვანი ფირმების მფლობელია, როგორებიცაა: „ვენფინი” და „რემგროა”. რუპერტი წარმოშობით სამხრეთ აფრიკული ქალაქიდან, სტელენბოშიდანაა და დღემდე იქ ცხოვრობს. მიუხედავად იმისა, რომ მისი ძირითადი ბიზნესი შვეიცარიაშია კონცენტრირებული. ერთი პერიოდი რუპერტი ინგლისური პრემიერლიგის კლუბების – „ნიუკასლისა” და „ბლექბერნის” შეძენით იყო დაინტერესებული, თუმცა არ გამოუვიდა.
პატრის მოცეპი – 2,3 მილიადი დოლარი – სამხრეთ აფრიკა
პატრისი წარმოშობით მცვანას ტომიდან არის და თავისიანებში იგი პრინცის ტიტულს ატარებს. იგი პირველი შავკანიანი მილიარდერია სამხრეთ აფრიკის ისტორიაში. საინტერესოა, რომ მილიარდიანი ქონების მიუხედავად, მოცეპი ჩეულებრივად ცხოვრობს. მას ერთი ბინა აქვს და არც იახტებსა და თვითმფრინავებს ფლობს. ერთადერთი, რაზეც მას ფულის გადახდა არ ენანება, შვილების განათლებაა. მისი სამივე შვილი მსოფლიოს ყველაზე პრესტიჟულ უნივერსიტეტებში სწავლობენ.
ალიკო დანგოტე – 2,1 მილიარდი დოლარი – ნიგერია
ალიკო დანგოტე ყველაზე მდიდარი ნიგერიელია პლანეტაზე, რომლის კაპიტალი შაქრისა და ნავთობის ბიზნესშია ინვესტირებული. ალიკო დანგოტე კომპანია „დანგოტე გრუპის” დამფუძნებელი და მისი პრეზიდენტია. ამბობენ, რომ საკუთარი ქონების დაგროვება, მან ნიგერიის პოლიტიკური ელიტის დახმარებით მოახერხა.
მუჰამედ იბრაჰიმი – 2,1 მილიარდი დოლარი – სუდანი
შესაძლოა, ამ სტატიის გამოსვლის დღეს, მსოფლიოს რუკაზე ახალი სახელმწიფო გამოჩნდეს და ამ ფაქტს, უშუალო კავშირი აქვს სუდანთან. საუბარია სუდანის რესპუბლიკის ორ ნაწილად გაყოფაზე, რასაც სამხრეთ სუდანის მოსახლეობის 99 პროცენტი რეფერენდუმის სახით უჭერს მხარს. სუდანელი „მო” იბრაჰიმი, როგორც მას ბიზნესწრებში უწოდებენ, ამჟამად სატელეკომუნიკაციო სფეროშია დაკავებული. მისი ხელმძღვანელობით დაარსდა ერთ-ერთი უმსხვილესი აფრიკული მობილური კავშირის ოპერატორი „სელნეტი” – „ბრითიშ ტელეკომის” აფრიკული ანალოგი. იბრაჰიმი ერთ-ერთ ყველაზე გავლენიანი შავკანიანი მილიარდერია პლანეტაზე.