კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რისგან ძერწავს ნუკი კოპალეიშვილი ულამაზეს ნივთებს და რა ნიჭი აღმოაჩინა მან საკუთარ თავში

ნუკი კოპალეიშვილი ძალიან მხიარული, საყვარელი და გულახდილი რესპონდენტი აღმოჩნდა. ის მაყურებელმა გაიცნო სერიალიდან „გოგონა გარეუბნიდან”. ნუკიმ ეკრანზე გამოჩენისთანავე ყველას ძალიან შეაყვარა თავი, თუმცა, მასზე მაყურებელმა ბევრი რამ არ იცის. თურმე, მსახიობობის გარდა, მას უამრავი ინტერესი და გატაცება აქვს, რომლებზეც ნუკი თავად გვესაუბრება.

ნუკი კოპალეიშვილი: რამდენიმე კვირა არდადეგები მქონდა და ძალიან კარგად დავისვენე – ბაკურიანში ვიყავი წასული სპორტ-სკოლაში. 3 წლიდან ვდგავარ თხილამურებზე და ძალიან კარგად ვსრიალებ. ცოტა ხნის წინ ჩამოვედი ბაკურიანიდან, ახლა კი შევუდგები ისევ და ისევ სწავლას, გავაგრძელებ წრეებზე სიარულს. დამეწყება გადაღებები – მოკლედ, ჩვეულ რიტმში ჩავდგები.

– სერიალში „გოგონა გარეუბნიდან” როგორ მოხვდი?

– როდესაც გამოაცხადეს ქასთინგი, იმ პერიოდში თეატრალურ სტუდია „ბერიკებში“ დავდიოდი. იქიდან გავგზავნეთ იმეილზე ჩემი სურათები და დაგვიბარეს. შემდეგ მივედი და გავიარე ქასთინგი. საკუთარ თავში დარწმუნებული არ ვიყავი, მაგრამ, როგორც ჩანს, გამიმართლა. მერე დაიწყო საცდელი გადაღებები. ცოტა ხანს გაგრძელდა, მერე კი უკვე ნამდვილი გადაღებები დაიწყო და ასე აღმოვჩნდი სერიალში.

– პროფესიით ვინ გინდა გამოხვიდე?

– ჯერ არ ვიცი, რა პროფესიას ავირჩევ. ძალიან მინდა, გავხდე მოქანდაკე, ვგიჟდები, ისე მიყვარს სხვადასხვა ნივთის გამოძერწვა. თუმცა, მსახიობობა ყოველთვის იქნება ჩემი მეორე პროფესია.

– შენი ნამუშევრების დათვალიერების შემდეგ აღფრთოვანებული დავრჩი, რამდენი ხანია, რაც ეს ნიჭი აღმოაჩინე საკუთარ თავში?

– ექვსი წელია, რაც ძერწვა დავიწყე. სადაც არ უნდა ვნახო რამე ლამაზი ნივთი, სახლში მოსვლისთანავე ვიწყებ ისეთივეს გამოძერწვას. სამუშაოდ ხან თიხას ვიყენებ, ხან – პლასტელინს. ყოველთვის ვცდილობ, ბევრი თავისუფალი დრო დამრჩეს, რომ ძერწვისთვისაც მოვიცალო.

– ყველაზე დიდ სიამოვნებას რა განიჭებს?

– უამრავი რამ მანიჭებს სიამოვნებას. ახლახან დავიწყე გიტარაზე დაკვრის შესწავლა. ძალიან მომწონს, როცა კარგად უკრავენ. ასევე, ვგიჟდები ცეკვაზე. უკვე მესამე წელია, „ჰიპ-ჰოპზე“ დავდივარ.

– სპორტს რა ადგილი უკავია შენს ცხოვრებაში?

– სპორტს ძალიან მნიშვნელოვანი ადგილი უკავია ჩემს ცხოვრებაში. თითქმის ყველა სახეობაში ვცადე თავი: ძალიან კარგად ვცურავ. თხილამურებზე უკვე გითხარით, როგორ ძალიან მიყვარს და სრიალის გარეშე ცხოვრება ვერ წარმომიდგენია. ჩოგბურთსაც ვთამაშობ. ერთი-ორი წლის წინ სკეიდბორდზეც დავდექი და უკვე თავისუფლად ვსრიალებ. ციგურებზეც ძალიან კარგად ვდგავარ. რისი კეთებაც არ უნდა ვცადო, ყველაფერი გამომდის (იცინის). საერთოდ, არ მაქვს არაფრის შიში – არც სიმაღლის, არც წყლის, ალბათ, ამიტომ, გამომდის ყველაფერი. 5 წლის ასაკიდან მამაჩემი მანქანის ტარებას მასწავლიდა. ახლა დიდი ხანია, არ ვმჯდარვარ, მაგრამ, კარგად ვიცი.

– თუ არის რამე, რაც არ გამოგდის?

– (იცინის) ეს არის ხატვა. ძალიან მიყვარს და ვხატავ ხოლმე რაღაცეებს, მაგრამ ბოლოს აღმოვაჩინე, რომ ასე უბრალოდ ხატვა არ შემიძლია. ხანდახან ორნამენტებს თუ დავხატავ ხოლმე. ძალიან მიყვარს მძივების აწყობა, სულ ვაკეთებ ხოლმე ლამაზ სამკაულებს, უბრალოდ, ახლა ამის დრო აღარ მრჩება, იმდენ რაღაცაზე ვარ ხოლმე გასაქცევი.

– როგორც ჩანს, ძალიან აქტიური ცხოვრება გაქვს.

– ძალიან. მართლა სულ სადღაც ვარ გასაქცევი: სკოლა, გადაღებები, წრეები. ყველას ჰგონია, რომ სკოლისთვის ვეღარ ვიცლი, მაგრამ ასე არ არის, ყველაფერს ვასწრებ. მთავარია, დრო სწორად გადაანაწილო. ხანდახან ისეთი დაღლილი ვარ, რომ ერთი კვირა სახლიდან გასვლა არ მინდა, მაგრამ ეს არასდროს გამომდის (იცინის).

– გართობისთვის, მეგობრებთან დროის გასატარებლად თუ იცლი?

– კი, მაგისთვის ვიცლი (იცინის). მე და ჩემი დაქალები „მაკდონალდსში“ მივდივართ ხოლმე – ჩემი ყველაზე საყვარელი საჭმელი იქ არის. საერთოდ, ძალიან უცნაური მჭამელი ვარ. რომ ჩამოგითვალოთ, რას ვჭამ, გაგიკვირდებათ (იცინის): ცხოვრებაში ბოსტნეული არ მიჭამია, არც ტყემალი. არ მიყვარს არანაირი სალათა. ერთადერთი, მიყვარს ყველი და როცა სტუმრად მივდივარ, მარტო ყველს ვჭამ ხოლმე (იცინის).

– მოდი, ისევ შენს კარიერას დავუბრუნდეთ. წარმატებას ყოველთვის ადვილად აღწევ?

– კი, ყოველთვის მიმართლებს ხოლმე და ყოველთვის ბოლომდე ვიბრძვი. საერთოდ, მაქვს ერთი პრობლემა: სცენაზე გამოსვლის წინ ყოველთვის ძალიან ვნერვიულობ – ალბათ, გამბედაობა მაკლია. მახსოვს, ადრე პიანინოზე დაკვრას ვსწავლობდი და გამოცდა მქონდა. იმდენად ვნერვიულობდი გამოცდის წინ, ვლოცულობდი, ნეტა პირველი მე არ მომიწიოს გამოსვლა-მეთქი. ბილეთების მიხედვით იყო – ვისაც რა ნომერი შეხვდებოდა, ისე უნდა გამოსულიყო. ავიღე ფურცელი და დახედვა არ მინდოდა ისე მეშინოდა. რომ ვნახე, პირველი ნომერი ეწერა, ვერ აგიწერთ რა დამემართა. იქ ვერაფერი ვერ დავუკარი – სულ სხვა ოქტავაში დავიწყე დაკვრა. მივხვდი, რომ არასწორი იყო, თავიდან დავიწყე და – ისევ სხვა ოქტავაში. ბოლოს ავდექი და გამოვედი. ასე დავამთავრე მუსიკაზე სიარული.

– პრანჭია თუ ხარ? შენი ასაკის გოგონების უმრავლესობა სარკესთან ძალიან დიდ დროს ატარებს.

– მეც სწორედ იმ გოგონების რიცხვს მივეკუთვნები, ვინც სარკესთან დიდ დროს ატარებს, (იცინის), თუმცა 24 საათი ნამდვილად არ ვდგავარ (იცინის). საერთოდ, მიყვარს გაპრანჭვა, სანამ სარკეში ისე არ დავინახავ თავს როგორიც მინდა, რომ ვიყო, მანამდე არ გამოვდივარ ხოლმე (იცინის).

– ყველაზე კომფორტულად თავს როდის გრძნობ?

– ყველაზე კომფორტულად და კარგად ვარ მაშინ, როცა თხილამურებზე ვდგავარ – ვგიჟდები ისე მიყვარს. ასევე, გადაღებაზე ვარ ძალიან კარგად. ჩვენთან იმდენად კარგი სიტუაციაა, რომ, შანსი არ არის, ცუდ ხასიათზე დადგე.

– საერთო ჯამში, თავი იღბლიან ადამიანად მიგაჩნია?

– ძალიან იღბლიანი ვარ. არ ვიცი, რისი ბრალია, მაგრამ ყოველთვის მიმართლებს. ამ ბოლო დროს საკუთარი თავის მიმართ ძალიან მომთხოვნი გავხდი. საერთოდ ძალიან მიზანდასახული ვარ, ყოველთვის ვცდილობ ყველაფერი „ხუთიანზე“ გავაკეთო. თუნდაც, თიხაზე მუშაობისას, ძალიან ბევრჯერ დამიშლია და თავიდან გამიკეთებია. ერთხელ არ გამომივა – მეორედ ვცდი, მერე მესამედ და, როცა იქნება, ხომ გამომივა (იცინის). ამ ბოლო დროს ყველაფერი ძალიან კარგად გამომდის, ამიტომ მიმაჩნია, რომ მიმართლებს. ბავშვობის თითქმის ყველა ჩემი ოცნება ამისრულდა.

– შენც, როგორც ყველა ბავშვს, ხანდახან სიზარმაცე თუ შემოგიტევს ხოლმე?

– როგორ არა, ეს ხდება მაშინ, როცა ვკითხულობ და ის წიგნი არ მომწონს. შანსი არ არის, ბოლომდე ჩავიდე. არ შემიძლია ბუნების აღწერის კითხვა, ვკვდები, ისე მეზარება ხოლმე (იცინის). საერთოდ, წიგნი უნდა იყოს პატარა, უცებ უნდა მთავრდებოდეს, კითხვა რომ არ მოგბეზრდეს (იცინის). დიდ წიგნს რომ დავინახავ, გული მისკდება ხოლმე.

– შეყვარებული ხომ არ გყავს?

– შეყვარებული არ მყავს. პატარ-პატარა გატაცებები, რა თქმა უნდა, მქონია, მაგრამ, ამ ეტაპზე შეყვარებული არ მყავს. განა იმიტომ, რომ არ მცალია, უბრალოდ, ჯერ ისეთი არავინ გამოჩენილა, რომ მომეწონოს.

– როგორი უნდა იყოს ბიჭი, შენ რომ მოგეწონოს?

– შეიძლება გაგიკვირდეთ, მაგრამ ბიჭს უპირველესად, ვუყურებ, ფეხზე რა აცვია (იცინის). რა ვქნა, არ მიყვარს წვეტიანი და ოთხკუთხედი ფეხსაცმელი რომ აცვიათ ხოლმე. (იცინის). ასევე, არ მომწონს ჩემი ასაკის ბიჭები – ძალიან ცანცარები არიან. ტანს დიდ მნიშვნელობას არ ვანიჭებ, მთავარია, რაღაც დოზით სიმპათიური იყოს, არ არის აუცილებელი ბიჭის სილამაზე. შემდეგ უკვე მნიშვნელობას ვანიჭებ ხასიათს. ცოტა სერიოზული უნდა იყოს და, რა თქმა უნდა, იუმორის გრძნობაც საჭიროა, მაგრამ, ყველაფერი ნორმის ფარგლებში.

– ბოლოს შენი სამომავლო გეგმების შესახებაც მომიყევი.

– ჯერ 13 წლის ვარ. როგორც უკვე გითხარით, უამრავ წრეზე დავდივარ, მაქვს გადაღებები, ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია სწავლა. ბოლოს, ალბათ, დავჯდები და ავირჩევ ერთ-ერთ საქმეს, რომელიც ყველაზე მეტად მომწონს და იმ საქმეს გავყვები ბოლომდე. ძალიან მიყვარს თეატრი, მაგრამ ჩემი შიშის გამო, ალბათ, ვერასოდეს ვითამაშებ სპექტაკლებში – იქ ხომ შეცდომის უფლება არ გაქვს, ამიტომ, ძალიან მეშინია. ერთადერთი რაც ზუსტად ვიცი, ისაა, რომ სპორტს არასდროს დავანებებ თავს. დანარჩენი რა როგორ იქნება, ამას წლები გვიჩვენებს.


скачать dle 11.3