კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ღამის საჩუქარი

გაგრძელება. დასაწყისი

იხ. „თბილისელები“ ¹26-4(526)





ვის უმართლებს ყველაზე მეტად ცხოვრებაში?! – იმას, ვისაც ზღაპრების სჯერა... სასწაულებისაც, რა თქმა უნდა... თუნდაც ეს ზღაპარი რეალობასთან არანაირ კავშირში არ იყოს... თუმცა, კავშირებზე, მოდი, ნუ ვილაპარაკებთ, თორემ, ძალიან შორს წავალთ და თემასაც დავშორდებით. გინდათ, კიდევ გაფიქროთ და გაგიღიზიანოთ ცნობისმოყვარეობა? მეტისმეტი ხომ არ იქნება? ძალიან ბოროტად ხომ არ ვისარგებლებ თქვენი მოთმინებით? მაგრამ, ერთი რომ არ ვთქვა, არ შემიძლია: – ზღაპრების უნდა გჯეროდეთ და... აუცილებლად გაფრინდებით..

***

ლაშამ მკვეთრად დაამუხრუჭა მანქანა და ორივე ხელი დაარტყა საჭეს.

– მორჩა, მეტი აღარ შემიძლია. მოხდეს, რაც მოსახდენია, ვერსად გავიქცევით... მთელი სხეული მიკანკალებს, დავიმტვრევით!

ვახომ თავში იტაცა ხელები:

– ვაიმე! აბა, ფული დაწვიო?! გადასახტომად მზად ვიყავი!

– არასდროს იფიქრო თავის მოკვლაზე მანამ, სანამ გადარჩენის სულ პაწაწინა შანსი მაინც არსებობს!

– ვინ თქვა ეგ? – საცოდავი, განწირული ხმით იკითხა ვახომ. სხვა ადგილას და სხვა სიტუაციაში ლაშას აუცილებლად გაეცინებოდა, მაგრამ ახლა სასაცილოდ ნამდვილად არ ჰქონდა საქმე.

– არ ვიცი, ალბათ, მე... რა მნიშვნელობა აქვს ამას, ჩვენთვის ახლა სხვა რამეა მთავარი...

– რა?

– რაც შეიძლება უმტკივნეულოდ გაგვისტუმრონ იმქვეყნად.

ვახოს სული შეუგუბდა.

– ესე იგი, მართლა დაგვხოცავენ? არ მინდა, სიკვდილი... რომ დაველაპარაკოთ?

– ჰმ, რაზე უნდა დაველაპარაკოთ?

– ფული ხომ სჭირდებათ? მთელი ეს ამბავი ხომ ფულის გამო დაიწყო – ნახევარ მილიონს ვერ შეელივნენ... მივცეთ, ლაშა, მივცეთ და შეგვეშვებიან... – წყალწაღებულივით მოებღაუჭა ხავსს ვახო... – მივცეთ, ხომ? მაინც მოგვკლავენ?

– არ ვიცი, ვახო, არ ვიცი... არაფერი არ ვიცი... აი, მოდიან და ჰკითხე. მე მოლაპარაკებებისთვის არ ვვარგივარ... ისე, ჩვენს დახოცვას თუ აპირებენ, აქ, შუა ტრასაზე ნამდვილად ვერ შეძლებენ ამას, თუკი მართლაც თავზეხელაღებულები ან სპეცსამსახურების თანამშრომლები არ არიან.

– ვაიმე!.. – აწრიალდა ვახო და კარის სახელურს მოებღაუჭა, – ვაიმე!

– არ გინდა ისტერიკა. სირცხვილია...

ლაშამ კარი გააღო და მანქანიდან გადავიდა.

– რატომ გაჩერდით? – მკაცრი ტონით ჰკითხა მაღალმა. ლაშა დააკვირდა. მის მოძრაობაში საეჭვო არაფერი შეუნიშნავს, ხელებიც ჩამოშვებული ჰქონდა... თუმცა, არც იარაღის სწრაფად ამოღება იქნებოდა რამე სირთულესთან დაკავშირებული... დაბალი საერთოდ არ იყურებოდა მისკენ.

„ეს, ეტყობა, ფლანგს ამაგრებს“, – გაიფიქრა ლაშამ.

მაღალმა შეკითხვა გაუმეორა.

– სად მიგყავართ? ჰკითხა ლაშამ.

– იარეთ და გაიგებთ, – მოკლედ მიუგო მაღალმა, მაგრამ ლაშამ ჯიუტად გააქნია თავი უარყოფის ნიშნად.

– წინააღმდეგობის გაწევას არ გირჩევთ, ისევ თქვენთვის იქნება უარესი.

– ეს მუქარაა? რას გვიპირებთ? გვითხარით და გავაგრძელოთ გზა.

– რაც საჭირო იყო, გითხარით. ისიც იცით, ვინ ვართ და საიდან. დანარჩენს, ადგილზე რომ მივალთ, იქ გაიგებთ.

– სად რომ მივალთ? მეც სწორედ ეს მაინტერესებს.

– დანიშნულების ადგილზე. პრობლემებს ნუღარ დაიმატებთ, ისედაც საკმარისზე მეტი გაქვთ, თქვენი საქმიანობიდან გამომდინარე.

– ანუ, ჩვენი ლიკვიდაცია გაქვთ გადაწყვეტილი?.. – ყოყმანით ჰკითხა ლაშამ.

მაღალმა გაიცინა.

– კარგი შეკითხვაა. რა უნდა გიპასუხოთ – არა?

– ის, რაც სიმართლეა.

მაღალი შეიჭმუხნა:

– ულტიმატუმს არ ვიღებ. ჩემი პროფესიიდან გამომდინარე, ულტიმატუმებს იქით ვუყენებ ხოლმე. ასე რომ, ჩაბრძანდით მანქანაში და შეასრულეთ მითითება. ჩვენ ბანდიტები არ ვართ. დაგაკმაყოფილათ პასუხმა?

ლაშა ზანტად გაემართა მანქანისკენ.

– რაო, საფლავებსაც საკუთარი ხელით ხომ არ გვათხრევინებენ? – უნიჭოდ იხუმრა ვახომ და ოფლით სველი შუბლი ხელისგულით მოიწმინდა.

– მოსულხარ გუნებაზე, – ლაშამ ფულით სავსე ჩანთას გახედა და ამოიოხრა, – მგონი, მართლა „იქიდან“ არიან, ბიჭო...

– რა იცი? ისევ საბუთი გაჩვენა და ახლა უკვე ეჭვი აღარ გეპარება?

– ჰო, რა, რაღაც მაგდაგვარი იყო. ყოველ შემთხვევაში, ქილერები არ არიან, ეს უკვე ზუსტად ვიცი.

– ჩვენს თავიდან მოშორებას პროფესიონალი ქილერები არც სჭირდება. თან, თავადაც არ თქვი, ამ შუა ტრასაზე ამას ვერ შეძლებენო?

– არავინ გვიპირებს მოკვლას, მაგრამ, ალბათ... – ლაშა გაჩუმდა და სარკეში ადევნებულ მანქანას გახედა.

– რა „მაგრამ“... თქვი, რა, ისედაც ცუდად ვარ, – მხარზე უბიძგა ვახომ.

– ალბათ, დაგვიჭერენ, რა!..

– რა?! რისთვის?

– თაღლითობისთვის... – თქვა ლაშამ, – თაღლითობისთვის. ახლა რაღაცას მივხვდი...

– რას მიხვდი?.. ნუ დამტანჯე. შიშმა ისეთ დღეში ჩამაგდო, მოვკვდები თუ გადავრჩები, ჩემთვის სულერთია უკვე... ცუდად არის, ხომ, საქმე?

– ცუდად არის საქმე... – გაიმეორა ლაშამ, – რა თქმა უნდა, კარგად ვერ იქნება... ვინ დაიჯერებს ჩემს ვერსიას? დაიხოცებიან სიცილით.

– ვერსია არ არის, რეალობაა, უნდა დაიჯერონ.

– ჩემთვის და შენთვის არის რეალობა, მაგრამ ისე, უნიჭო ზღაპარს ჰგავს. ახლა დაიწყება ჩემი წამება. იმას მათქმევინებენ, რაც არ გამიკეთებია.

– მოიცა, შენ რა, თაღლითობას აღიარებ?

– აბა, ის მოვყვე, ფულს როგორ ვიგებდი?

– უნდა მოყვე! – დარწმუნებით გაიმეორა ვახომ, – მე რაღას მერჩი, ტო!

– შენ არაფერს არ გერჩი, უნდა გაგვესწრო, მაგრამ ახლა უკვე გვიანია. არ ვიცოდი, როგორ ქვეყანაში ვცხოვრობდი? ნეტავი, რამდენ წელს მოგვისჯიან?

ვახო ისევ გაფითრდა:

– არც ციხეში არ მინდა...

– არც მე მინდა... – ამოიოხრა ლაშამ, – ახლა, როცა ამდენი ფული მაქვს თან, არავისთვის წამირთმევია და არც მომიპარავს, ციხეში ნამდვილად ცოდვა ვარ, მაგრამ...

– შეკრულები არიან ეგენი... ძალა ერთის ხელშია, მეორეს ფული აქვს და შენ ჭიანჭველაც არ ხარ. ლაშა, უნდა მოახერხო და დაარწმუნო შენს სიმართლეში, ამაზე მარტო შენი კი არა, ჩემი სიცოცხლეც არის დამოკიდებული.

ლაშამ თავი დაუქნია:

– ვიცი და ვგრძნობ მაგ პასუხისმგებლობას. ყველანაირად ვეცდები, მაგრამ, იმედი არ მაქვს. შეეცადე, თავი ხელში აიყვანო...

***

ლიანამ ქმრის ყურადღება წუწუნით რომ ვერ მიიპყრო, თეფშს ხელი დაავლო და გამეტებით დაანარცხა იატაკზე. თეფში ნამსხვრევებად გაიფანტა ოთახში.

– რას აკეთებ, ლიანა? მაგ თეფშს არაფერი დაუშავებია, საერთოდ არაფერი.

– მაშინ ის მომიყვანე, ვინც დააშავა! – იყვირა ქალმა, – ახლა მითხარი, სად წავიდე და სად ვეძებო შენი უზნეო შვილი!

– ძალიან გთხოვ, ბავშვს ნუ ლანძღავ, ეს რა ჩვევა გაქვს, – შეიჭმუხნა კაცი.

– მაშინ, შენ მოძებნე „კორექტულად“, მე ნერვები აღარ მყოფნის, ლამის ჭკუიდან შევიშალო!

– დამშვიდდი...

– ნეტავი შენ, რომ არაფერი გაღელვებს! შეხედე, რომელი საათია – თორმეტს გადასცდა უკვე... გეკითხები, სახლში არ უნდა იყოს ამ დროს? ქუჩა-ქუჩა ვეძებო?..

– არა, ქუჩა-ქუჩა საძებნი ჩემი შვილი ნამდვილად არ არის. თუმცა, ვაღიარებ, მეც ძალიან ვნერვიულობ. მაგრამ, შენგან განსხვავებით, არ მჯერა, რომ ლიკას რამე ცუდის გაკეთება შეუძლია.

– მაშინ, ძალიან ცუდად ყოფილა საქმე და ის დროა, საავადმყოფოები და მორგები ჩამოვიაროთ.

– ცოტა ხანს კიდევ დავიცდი, მერე კი, ალბათ, მოგვიწევს მაგის გაკეთება.

– შენ ფიქრობ, რომ ავარიაში მოყვა? – ისტერიკული ხმით იყვირა ქალმა.

– არ ვიცი. არ მინდა, ეგ ვიფიქრო. საერთოდ, ცუდი ამბავი გაცილებით სწრაფად ვრცელდება. ასე რომ, მოდი, ორივემ სიმშვიდე შევინარჩუნოთ – ასე უფრო მივხვდებით, რა უნდა ვქნათ. სოფოს არ დაურეკე? იქნებ მასთანაა?

– სოფოს მობილური გამორთული აქვს, სახლის ნომერი კი მე არ ვიცი. დაკავებულია, ალბათ, – გესლიანად ჩაილაპარაკა ლიანამ.

– აი, ისევ... ერთი წუთით არ შეგიძლია, ემოციები შეიკავო. ვერ ვხვდები, რა დაგიშავა იმ გოგომ. დაურეკე მარინას და მოგცემს სოფოს სახლის ტელეფონის ნომერს.

– მარინა სოფოსთან ნაჩხუბარია და აზრი არ აქვს მასთან დარეკვას. მეც არ მელაპარაკება, სხვათა შორის...

– აი, ესეც შენი ხასიათიდან გამომდინარე მორიგი პრობლემა.

– ამაში მაინც ნუ დამადანაშაულებ, ძალიან გთხოვ, თითქოს არ იცოდე მარინას ხასიათის ამბავი. ვერც ერთი მეზობელი ვერ იტანს, ყველასთან ნაჩხუბარია.

– არ მაინტერესებს მარინა. მე ჩემი შვილი მყავს სადარდებელი. მართლა უნდა მოვძებნოთ, – აწრიალდა კაცი, – უკვე მეც შემეშინდა... უკვე ძალიან გვიანია...

– ჰოო?! აბა, მე რაზე ვჩხუბობ? მართლა სულელი კი არ ვარ, რომ არაფრის გამო ვინერვიულო. სად წავიდა, შენთვისაც არ უთქვამს?

– არა.

– უნდა გეკითხა, კატეგორიულად უნდა მოგეთხოვა, რომ ეთქვა. არ შეიძლება ასე. მერე რა, რომ დედაა და შვილი ჰყავს, თავის ნებაზე მიშვებით სადამდეც მივედით, ხომ ნახე. ისე ცუდად ვარ, მეშინია, არ წავიქცე. მომკლავს ამდენი ნერვიულობა.

– ნუ ყვირი, ლიანა, ბავშვს არ გაეღვიძოს. ცოდვაა. შენ გგონია, პატარაა და ვერაფერს ხვდება? ჯიბით მამამისის სურათი დააქვს. გუშინ შემთხვევით ვუნახე... მომკლა მისმა საცოდაობამ.

– კარგი იქნება, მის მშობლებსაც ჰქონოდათ სიბრალულის გრძნობა, – ამოიოხრა ლიანამ და პატარა ჭიქაში წვეთები ჩაასხა, – აი, დალიე... ცუდი ფერი გაქვს.

კაცმა უარის ნიშნად თავი გააქნია:

– შენ დალიე, შენ უფრო გჭირდება... მე ვეცდები, როგორმე სოფო მოვძებნო. მარინა ბუა არ არის, მივალ და იმას მაინც გავიგებ, სად ცხოვრობს მისი შვილი.

– რას ეტყვი, ლიკა ღამით სახლში არ მოსულა და კარდაკარ დავეძებო? არ შეგრცხვება მაინც? – ლიანამ წვეთები დალია და აბუზღუნდა: – მარინასაც ეს უნდა – ქვეყანას შემიყრის. ამ შანსს ხელიდან როგორ გაუშვებს, ისედაც ბოღმისგან გულზე იყო გახეთქილი, ჩემს შვილს რომ ოჯახი ჰქონდა და ქმარი ჰყავდა. ახლა მეზობლებსაც მოსდებს – ღამ-ღამობით შვილს ქუჩა-ქუჩა ეძებენო... არა, არ გაგიშვებ მარინასთან, არავითარ შემთხვევაში!..

– ვაიმე, ლიანა... ახლა ამის დრო არ არის... პირველი საათი სრულდება, ვერ ვფიქრობ, სად უნდა წასულიყო ლიკა... ლაშა მაინც რომ იყოს...

– ლაშა რომ იყოს... ლიკას რომ მობილური ჩართული ჰქონდეს და, საერთოდაც, ნორმალურად რომ იქცეოდეს, ამდენი შეუსაბამობა და პრობლემა რომ არ იყოს!.. არის და რა ვქნათ ახლა? არ მოვძებნოთ ბავშვი? უნდა მოვძებნოთ!.. – ლიანას ნერვებმა უმტყუნა და ხმამაღლა ატირდა, – მოუკვდეს დედა! მოუკვდეს ჩემი თავი, ვინ იცის, როგორ უჭირს... მართალი ხარ, რა დროს მეზობლებია... წადი და გაიგე, სად ცხოვრობს ის გოგო, თორემ, მართლა გამისკდება გული!

***

... როცა შენს ოჯახში ქარიშხლის მერე სიმშვიდე დაისადგურებს, აუცილებლად ჰკითხე საკუთარ თავს, რა შესწირე ამ სიმშვიდეს მსხვერპლად, რადგან, ფაქტობრივად, არ არსებობს სიმშვიდე მსხვერპლის გარეშე, თვითონ ცხოვრება არ არსებობს მსხვერპლის გარეშე. ჩვენც ზოგჯერ ნებსით, უფრო ხშირად კი, უნებლიეთ, გავიღებთ ხოლმე ამ მსხვერპლს, არც კი ვუფიქრდებით, ისე შევეჩვიეთ ამას და სხვანაირად უკვე ვეღარც წარმოგვიდგენია... აღარ არის ეს მსხვერპლი ტკივილთან ან თვითგვემასთან გაიგივებული – ყოველდღიურობის ნაწილია და იმიტომ. ადამიანს იშვიათი ნიჭი აქვს: ის ყველაფერს ეჩვევა – ცუდსაც და კარგსაც. ცუდს – უფრო ძნელად და კარგს – უფრო ადვილად, მაგრამ ამას მნიშვნელობა არ აქვს, მსხვერპლი – მსხვერპლია, თუნდაც მისი გაღების შემდეგ თავი ოდნავ უკეთ იგრძნო... ეს ხანმოკლე კარგად ყოფნა, ანუ ის, რასაც ამ მსხვერპლის ფასად მოვიპოვებთ, ეტყობა, გვიღირს კიდეც...

***

ანდრომ სიგარეტის კოლოფი და მობილური ჯიბეში ჩაიდო და ჭიქაში ჩარჩენილი ვისკი ბოლომდე დალია, წყლად ქცეული ყინული მთლიანად შეერია სასმელს და გემო დაუკარგა.

– რა საზიზღრობაა... თან გამთბარა კიდეც... – დაიჭყანა ანდრო. სოფომ ჩანთა აიღო:

– მე წავალ. საშინლად დავიღალე და უნდა დავისვენო.

ანდრომ ყოყმანით შეხედა. აშკარად რაღაცის თქმა უნდოდა და ფიქრობდა, ეთქვა თუ არა.

– ვიცი, ახლა რაც უნდა მითხრა – რომ ჯობდა, ლიკა აქ საერთოდ არ მომეყვანა, რომ ეს ძალიან ცუდი იდეა იყო. შეიძლება, მაგრამ, ძალიან შემეცოდა ჯერ ერთი, ჩემი მეგობარია, თანაც...

ანდრომ ხელზე მოუჭირა ხელი.

– ამჯერად ვერ გამოიცანი, სულ სხვა რამის თქმას ვაპირებდი. თუმცა, მაგაშიც გეთანხმები – არ იყო გენიალური იდეა, აქ რომ მომიყვანე – მაინც ვერაფრით დავამშვიდე. მაგრამ მე მესმის შენი. წამოდი, სახლში წაგიყვან.

სოფომ გაოცებით ასწია წარბები:

– მანქანით ვარ...

– ჰო? როგორ დამავიწყდა... მაშინ შენ წამიყვანე... მეც ძალიან დაღლილი ვარ.

– მე წაგიყვანო? სად?

– შენთან.

– ანდრო, დაფიქრდი, რას ლაპარაკობ... მართლა გინდა ჩემთან წამოსვლა?

– დარწმუნებული ვერ ვიქნები, მით უმეტეს, ახლა როცა, ასეთ მდგომარეობაში ვარ, მაგრამ, მგონია, რომ მინდა...

– იცი, რა, შენ ვისკიც ასე დალიე – გეგონა, რომ გინდოდა, მაგრამ აშკარად არ გესიამოვნა. არ მინდა, ჩემს შემთხვევაშიც იგივე განმეორდეს, – გაეღიმა სოფოს.

– რას გულისხმობ? აა... შენ ფიქრობ, რომ დილით ვინანებ ამას? სხვათა შორის, არც ისე ცუდი გემო ჰქონდა წყალშერეულ ვისკის... – იხუმრა ანდრომ და სოფოს ხელი ტუჩებთან მიიტანა, – მინდა შენთან... მანქანას აქ დავტოვებ და წამიყვანე...

ქალმა ფრთხილად გამოაცურა თავისი თხელი, ლამაზი თითები მამაკაცის მომუშტული ხელისგულიდან და ჯიუტად თქვა:

– არა!

– არა?! კი მაგრამ, რატომ?

– იმიტომ, რომ არ მინდა. მართლა ძალიან დავიღალე და მართლა მეძინება.

– მეც ძალიან დავიღალე და მეც მეძინება. მხარზე თავს ჩამოგაყრდნობ და დავიძინებ, მეტი არაფერი... გეფიცები...

– მგონი, არ ღირს... არ გეწყინოს...

ანდრომ შუბლი მოისრისა:

– სოფო, ახლა არაფრით შემიძლია მარტო ყოფნა. არ მინდა და, თუ დამტოვებ, შეიძლება, ვეღარასოდეს მნახო.

– ეს რა არის, მუქარა?

– არა, შენ მაინც ხომ მიცნობ, დამუქრება ჩემს ხასიათში არ ზის. საერთოდ არ შემიძლია, ვინმეს დავემუქრო ან შევაშინო მით უმეტეს – შენ... მაგრამ, როცა გვერდით საყვარელი ადამიანი მჭირდება, თანაც მჭირდება ჰაერივით, იმას კი ჩემი არ ესმის... ან, არ უნდა, რომ ესმოდეს... მაშინ, მე...

– გეყოფა! – შეაწყვეტინა სოფომ, – არ ვიცოდი, შენი საყვარელი ადამიანების რიცხვში თუ ვიყავი, ეს ჩემთვის აღმოჩენაა.

– კარგი რა, სოფო... ასეთი სია საერთოდ არ არსებობს... არც ისე დიდი ხნის წინ აღმოვაჩინე, რომ მარტო ვარ...

სოფოს სუნთქვა შეეკრა. ყელში რაღაც გათბა და მთელ სხეულში ცხელი ტალღასავით ჩაიღვარა... უცებ ტირილი მოუნდა და ცრემლებისთვის გზა რომ არ მიეცა, თვალები მაგრად მოისრისა... კაცი მიუხვდა.

– შენი ატირება არც მიფიქრია. მხოლოდ ის ვთქვი, რაც ვიგრძენი. შეიძლება, ეს სენტიმენტები სასაცილოა, მაგრამ იშვიათად ვარ ხოლმე ასეთ განწყობაზე. ბოლოს როდის ვიყავი ამ მდგომარეობაში, რომ მკითხო, ვერ გიპასუხებ.

– არც გეკითხები, მაგრამ ჩემთვის ეს შენი სიტყვები ძალიან ბევრს ნიშნავს და...

ანდრომ სულ ახლოს მიიტანა სოფოს ტუჩები სახესთან... ისე ახლოს, რომ ქალს მისმა ცხელმა, გახშირებულმა სუნთქვამ შუბლი გაუხურა...

– ანდრო, ილუზიებს ნუ შემიქმნი, ძალიან გთხოვ... – ენის ბორძიკით წარმოთქვა ფერდაკარგულმა...

– რას ამბობ, ვერ მივხვდი... – ანდრომ ახლა ტუჩები შეახო ყურს ქვემოთ. სოფომ ამოიოხრა და თავი გააქნია...

– არ შემიძლია, არ მინდა... ჯობია, წავიდე.

– რა არ შეგიძლია, რა არ გინდა? შენ მე მჭირდები, შენ კი ჩემთან ყოფნა გინდა. რა აზრი აქვს ჯიუტობას და ამის უარყოფას? იცი, რა ცუდად ვარ?

– მეც... – ჩაილაპარაკა სოფომ და გაჩუმდა.

ანდრომ შუბლზე ჩამოშლილი თმა გადაუწია.

– რა – შენც... შენც ცუდად ხარ? ამის თქმა გინდა? ჰოდა, რატომ უწევ წინააღმდეგობას საკუთარ თავს? ღირს კი ამდენ ფიქრად და ნერვიულობად?

– შენ გინდა, რომ არ ვინერვიულო?

– რა თქმა უნდა. ეჭვი გეპარება ამაში? მე ყოველთვის შენ გვერდით ვიყავი, ხომ არ უარყოფ ამას?

– არ ვიცი. გააჩნია, შენთვის რას ნიშნავს „გვერდით“ ყოფნა, – ორაზროვნად მიუგო სოფომ და ჩანთა მაგრად ჩაბღუჯა, – უნდა წავიდე...

ანდრომ მხრები აიჩეჩა. იმედგაცრუებული და ნირწამხდარი ჩანდა:

– მე მეტს ვეღარაფერს გეტყვი. რადგან ასე გინდა, წადი...

სოფო ნელი ნაბიჯით გაემართა კარისკენ, მერე, ერთბაშად შემობრუნდა და ამოიოხრა:

– არ შემიძლია! მართალი ხარ, აზრი არ აქვს საკუთარ თავთან და საკუთრ სურვილებთან ბრძოლას. ვაღიარებ, მეც ძალიან მინდა შენთან, ოღონდ, შევთანხმდეთ: თავს მხარზე მადებ და იძინებ...

ანდრო გაიბადრა და ისეთი შვებით ამოისუნთქა, თითქოს გულიდან დიდი ლოდი მოეხსნა.

– ოჰ, მე კი ლამის უკვე დავრწმუნდი, რომ მარტოს მტოვებდი...

– კარგია, – გაიცინა სოფომ, – ცოტათი მაინც ხომ განერვიულე!

– მხოლოდ ცოტათი? – ანდრომ სოფოს მხარზე მოხვია ხელი და კაბინეტში სინათლე გამორთო...

***

უკვე მიხვდით, რომ ზღაპრების უნდა გჯეროდეთ? თუ ასეა, გაგიმართლათ, რადგან ზოგჯერ ამის გარეშე ფონს ვერ გახვალთ. თავად ცხოვრება ითხოვს ჩვენგან, სულ ცოტათი უფრო მეტად ვიყოთ ბავშვები, უფრო სწორად, გავათავისუფლოთ ის ბავშვი, ჩვენში რომ არის ჩაკეტილი. იმან ზუსტად იცის, როდის რა დაიჯეროს. იმიტომაც არის მხიარული და გულწრფელად უხარია სიცოცხლე...

***

მაღალმა სიგარეტს მოუკიდა.

– როცა ვნერვიულობ ან ვბრაზობ, ბევრს ვეწევი... უკვე ნახევარ კოლოფზე მეტი მოვწიე, კიდევ რამდენ ხანს გაგრძელდება ასე?

ლაშამ თავი გადააქნია:

– ჩემი მეგობარი სად არის?

– ნუ გეშინია, აქვეა, გვერდით ოთახში და არაფერი უჭირს. ისე, ცოტა ნერვიულია. ხომ არ იცი, ასე რატომ ნერვიულობს?

– არ ვიცი. ისე, ეს რას ნიშნავს, დაკითხვაზე ვარ?

მაღალმა გაიცინა:

– როგორ მიყვარს მიხვედრილი ადამიანები. მაგრამ, ზოგჯერ რატომ „ჭედავ“? აი, მაგალითად, რატომ არ გჯერა, რომ ტყუილებით ფონს ვეღარ გახვალ? ზღაპრების მოყოლის დრო დამთავრდა. ახლა, როგორც სერიოზულ ხალხს შეშვენის, საქმეზე გადავიდეთ.

ლაშამ წარბების ქვემოდან ახედა:

– დამიკონკრეტეთ, რა საქმეზე მელაპარაკებით და სიამოვნებით გიპასუხებთ ყველა შეკითხვაზე.

მაღალმა კიდევ ახალ ღერს მოუკიდა:

– ხედავ? არადა, ახლა ჩავაქრე ამისი წინამორბედი. არ გირჩევ, ჩემი მოთმინება კიდევ დიდხანს გამოსცადო, ჩემთან თანამშრომლობა გერჩივნოს. თანაც, დრო ცოტა გვაქვს. შენი მეგობარიც კიდევ უფრო დაფრთხება და შეშინდება...

– მე არ მეშინია, პირდაპირ მითხარით, რაში მადანაშაულებთ.

– წეღან უფრო მიხვედრილი იყავით. რა გაეწყობა... – მაღალმა მაგიდაზე „დაბრძანებულ“ გატიკნილ ჩანთას შეავლო ხელი...

– ნახევარი მილიონი... კარგი ფულია, მით უმეტეს, როცა პირდაპირ ციდან გეყრება... სიმართლე გითხრა, ბევრი თაღლითი მინახავს, მაგრამ შენ და შენი მეგობრები შეუდარებლები ხართ. თუმცა, მე ვალდებული ვარ, ჩემი აღფრთოვანება დავმალო. ვერც აპლოდისმენტებით გაგანებივრებთ, მაგრამ, როგორც უკვე გითხარით, ნიჭს ძალიან დიდ პატივს ვცემ... – მაღალმა სიგარეტის ნამწვი საფერფლეზე დაასრისა.

– აბა, კიდევ ერთი ღერი მოვწიო თუ დაიწყებ?

ლაშამ მხრები აიჩეჩა:

– სიამოვნებით დავაკმაყოფილებდი თქვენს ცნობისმოყვარეობას, მაგრამ, ზუსტად ვიცი, რომ არ დამიჯერებთ.

– რატომ?

– იმიტომ, რომ ზუსტად ვიცი...

მაღალმა ამოიოხრა:

– მდაა... ვვარაუდობდი, რომ თქვენთან საუბარი ადვილი არ იქნებოდა, მაგრამ ეს უკვე მეტისმეტია. რატომ ართულებთ ყველაფერს? მითხარით თქვენი თაღლითური გეგმის შესახებ და მოვრჩეთ ამით.

– რა?

– მომისმინეთ. ასე არ ხდება. ამას არავინ დაიჯერებდა...

– როგორ „ასე“?! – მიამიტი ბავშვივით იკითხა ლაშამ.

– არ გირჩევთ-მეთქი ჩემი მოთმინების გამოცდას. სუსტი ნერვები არ მაქვს, მაგრამ, მაინც...

– შეიძლება, გავიგო სად ვართ? ეს რა შენობაა? თქვენს დაწესებულებას არ ჰგავს.

– კონსპირაციული ბინაა. განყოფილებაში გერჩივნათ?

– მე საერთოდ სხვა რამე მერჩივნა, მაგრამ ახლა რა მნიშვნელობა აქვს ამას... სამწუხარო ის არის, რომ, როგორი გულახდილიც არ უნდა ვიყო, როგორ ძალიანაც არ უნდა მოვინდომო, თქვენ მაინც არ დამიჯერებთ.

– რატომ? თქვენ ჯერ სცადეთ, იქნებ ვიჯერებ? ცნობისთვის გეტყვით, რომ არაჩვეულებრივი ინტუიცია მაქვს. ვხვდები, როდის მატყუებენ.

– პროფესიული ჩვევაა? – „მეგობრულად“ გაუღიმა ლაშამ.

– ჰო, რაღაც ამდაგვარია... ხედავთ? საუბარი გამოგვდის.

– მე თაღლითი არ ვარ... – თქვა ლაშამ, – და არც კაზინოა ჩემი ჰობი, საერთოდ არასდროს ვყოფილვარ. აზარტული თამაშები არასდროს მიტაცებდა. პირიქით, დიდ სისულელედ, დროისა და ფულის დაკარგვის უგუნურ საშუალებად მიმაჩნდა. არც ვთამაშობდი.

– მართლა? საინტერესოა... – ორაზროვნად ჩაილაპარაკა მაღალმა.

– უკვე არ გჯერათ... ხომ ვთქვი...

– არა, რატომ? მჯერა, უბრალოდ, საინტერესო დასაწყისია. არ დადიოდით კაზინოში, სანამ თქვენს მეგობართან ერთად ფულის მოგების უტყუარ მეთოდს არ მიაგენით ხომ ასეა?.. მერე ვალიც გადაიხადეთ, პრობლემებიც მოგვარდა, ახალი მანქანაც იყიდეთ და ბოლოს... ნახევარი მილიონიც მოიგეთ – მე თქვენ შესახებ ყველაფერი ვიცი.

– ამას უკვე მივხვდი. დიდი ხანია, დამდევთ?

– არც ისე. საკმარისი დრო იყო იმისთვის, რომ თაღლითობა იღბლიანობისგან გამერჩია. აბა, ახლა ამბის ყველაზე საინტერესო ნაწილზე გადავიდეთ სქემა მაინტერესებს...

ლაშამ ამოიოხრა:

– აჯობებს, ბრალი პირდაპირ წამიყენოთ და დამაპატიმროთ.

მაღალმა თავი გააქნია:

– არა, არ აჯობებს. თქვენი დაპატიმრება იქ უფრო ადვილი იქნებოდა, პირდაპირ ფაქტზე აგიყვანდით.

– რომელ ფაქტზე? გეუბნებით, არ მითაღლითია-მეთქი, – აუღელვებლად თქვა ლაშამ.

– კარგი ნერვები გაქვთ, მეც კი შემშურდა. მაგრამ ნერვიული თაღლითი, ფაქტობრივად, არ შემხვედრია. თქვენი მთავარი კოზირი ხომ სიმშვიდეა – ამით გამოირჩევით დანარჩენი მოთამაშეებისგან. თქვენ, შეიძლება, არ იცით, რომ ფსიქოლოგი გაკვირდებოდათ...

– მართლა? ნამდვილად არ მიმიქცევია ამისთვის ყურადღება. ესე იგი, საცდელი ვირთხაც ვიყავი... მერე იმ თქვენმა ფსიქოლოგმა არ გითხრათ, რომ ზოგჯერ ადამიანებს ბედი სწყალობთ, ფორტუნა უღიმით? თუ, თქვენი პროფესიული სტატუსი ამას არ ითვალისწინებს?

მაღალს მაშინვე არაფერი უთქვამს, სიგარეტის კოლოფში ჩაიხედა და შიგ ჩარჩენილი ღერები გადათვალა, მერე ნიკაპი მოისრისა:

– მდაა... კიდევ ორი საათი შემიძლია ვისმინო ეს სისულელე... ორი საათი კი არც ისე ცოტა დროა...

– ჩემი მეგობრის ნახვა მინდა...

– მე თავად გადავწყვეტ, როდის შეძლებთ თქვენს მეგობართან – მოდი, მას თანამზრახველი ვუწოდოთ, ნუ დავუკარგავთ დამსახურებებს – შეხვედრასა და დალაპარაკებას.

– თქვენ ფიქრობთ, რომ ცალ-ცალკე უფრო ადვილად გამოგვტეხავთ იმაში, რაც არ გაგვიკეთებია? – ჩაეცინა ლაშას, – თქვენი ნებაა... სცადეთ. მე შემიძლია, შრომა გაგიადვილოთ კიდეც. მითხარით, რისი მოსმენა გინდათ და მეც იმას ვიტყვი. რა აზრი აქვს წინააღმდეგობის გაწევას, რაც მალე დამთავრდება ეს ნერვების ომი, მით უკეთესი.

მაღალმა მოწონებით დააქნია თავი:

– აბსოლუტურად გეთანხმებით, ჯიუტობას აზრი მართლა არ აქვს, მაგრამ, მე სიმართლე მჭირდება. სქემა მჭირდება, რომლის წყალობითაც კაზინოს ატყავებდით. ვაღიარებ, რომ ძალიან ოსტატურად აკეთებდით ამას, რაღაც განსაკუთრებული მეთოდით...

– არანაირი მეთოდი არ არსებობს, მიმართლებდა, – ჯიუტად გაიმეორა ლაშამ.

მაღალმა ამოიოხრა და უკმაყოფილოდ შეიჭმუხნა:

– კარგი. კიდევ ერთ კოლოფ სიგარეტს ვიყიდი, მაგრამ, თავადვე ნახავთ, ამას კარგი არაფერი მოჰყვება. მე ახლა თქვენს მეგობართან გავალ, მისი ვერსიაც მაინტერესებს იღბლიანობასთან დაკავშირებით. თქვენ კი იფიქრეთ და იქნებ მიხვდეთ, როგორი წამგებიანია ჩვენთან ომი...

***

... არც ერთმა ადამიანმა არ იცის საკუთარი შესაძლებლობების ზღვარი. არც ერთი ადამიანი არ იცნობს საკუთარ „მეს“ ისე, რომ ბოლომდე გახსნას თავისი პოტენციალი. თითოეულ ჩვენგანში გენიოსი ცხოვრობს... გენიალურობა ხომ მარტო ნობელის პრემიით არ განისაზღვრება, ინდივიდუალობა უკვე არის გენია. მაგრამ, ცოტა თუ აცნობიერებს ამას... საკუთარ თავში გენიის აღმოჩენა უმრავლესობას ისე აფრთხობს, ურჩევნიათ, უმალ საღათას ძილს მიეცნენ, ვიდრე „გამოღვიძებულები“ საზღვრებს გასცდნენ და სასწაულები ჩაიდინონ – ჩვენ ხომ არ გვჯერა სასწაულების...

***

ინამ თვითონაც ვერ იგრძნო, როდის გადაწყვიტა დანებება და წინააღმდეგობის შეწყვეტა. ეს უფრო კაპიტულაციას ჰგავდა, მაგრამ, თავად ამას არაფრით აღიარებდა. თუმცა დათომ მაინც იგრძნო ქალში მომხდარი ცვლილება, იგრძნო და უკან დაიხია, გულზე ხელებდაკრეფილი ზურგით მიეყრდნო კედელს და ინას სევდიანად ჩააშტერდა თვალებში.

– ასე რატომ მიყურებ? – უხერხულობა იგრძნო ინამ.

– არ ვიცი. უბრალოდ, გიყურებ... არ ვეკითხები საკუთარ თავს, რატომ გიყურებ-მეთქი.

– მიყურე... ეტყობა, ის ამბავი არ გაღელვებს, რომ, შეიძლება, უსამსახუროდ დავრჩეთ.

– რატომ უნდა დავრჩეთ უსამსახუროდ? – გაეღიმა დათოს და ქალს ერთი ნაბიჯით მიუახლოვდა.

– ბატონი ანდრო ძალიან უცნაურად იქცევა და, საერთოდ, ამ კაზინოში ბოლო დროს უცნაური რამეები ხდება.

– ძალიან დავზარალდით? – გულგრილად იკითხა დათომ.

– საქმე მარტო ფულში არ არის. ბატონი ანდრო თვითონ ისეთი შეცვლილია, საკუთარ თავს არ ჰგავს – ავადმყოფურად განიცდის რაღაცას.

– მესმის, შეურაცხყოფილია – ვიღაც თაღლითმა გაასუფთავა და დააგოიმა. ამას განიცდის, ფულის დაკარგვას კი არა.

ინამ უცნაურად შეხედა. დათოს გაეღიმა:

– რა იყო? ძალიან მარტივად და ქუჩურად აგიხსენი?

– არა, კარგად ამიხსენი... შენს დას ბატონი ანდრო უყვარს?

დათო შეიჭმუხნა. ამ შეკითხვას არ ელოდა და ძალიან არ მოეწონა:

– მე არ ვერევი ჩემი დის პირად ცხოვრებაში, ეს ჩემი საქმე არ არის. ჩემი და ისეთი მიყვარს, როგორიც არის, ყველა ნაკლითა და ღირსებით... არც მას უკითხავს არასდროს არაფერი შენ მიმართ ჩემი გრძნობის შესახებ.

– მე რა შუაში ვარ?

– შენ?.. – დათომ პიჯაკის ჯიბეში ჩაიყო ხელი, – მართალია, თანამდებობით აშკარად გამისწარი და უფლება გაქვს, რაღაც-რაღაცეები მიბრძანო, მაგრამ მაინც გავბედავ და გთხოვ, მიიღო ეს ჩემგან და იფიქრო. პასუხს ახლავე ნუ მეტყვი...

ინამ განცვიფრებულმა დახედა წითელი ხავერდის კოლოფს...

– თუ ამაში ის დევს, რაც ვივარაუდე, უნდა გითხრა, რომ ძალიან ჩქარობ. ჩემ შესახებ, ფაქტობრივად, არაფერი იცი.

– სრულიად საკმარისია და მაკმაყოფილებს ის, რაც ვიცი. მინდა, ჩემი ცოლი გახდე...

ინამ თავი გააქნია:

– შენ ვერ გამიგე... მე მარტო არ ვარ...

დათო გაფითრდა:

– მატყუებ, არავინ გყავს. ზუსტად ვიცი. ერთხანს ანდროზე ვეჭვიანობდი, მაგრამ მერე მივხვდი, რომ შენ მასთან მადლიერების გრძნობა გაკავშირებს... კიდევ, ძალიან ერთგული ხარ... ეტყობა, შენი ეს თვისება ყველაზე მეტად მომეწონა.

– დათო, მე შვილი მყავს...

დათომ ყასიდად შეიცხადა:

– რას მეუბნები! გგონია, არ ვიცოდი? შესანიშნავია, შვილი რომ გყავს. მართალია, არ გამაცანი და ამ დრომდე მიმალავდი, მაგრამ გაპატიებ. იცი, რა ვქნათ? დღესვე გამოვასწოროთ ეს შეცდომა. ახლა შენთან წამოვალ და გავიცნობ. ვიცი, რომ ბიჭია. აი, ნახავ, ერთმანეთს არაჩვეულებრივად გავუგებთ...

– არა, დათო, არ შემიძლია...

– რა არ შეგიძლია?

– ჩემს ცხოვრებაში ასე ადვილად ვერ შემოვუშვებ უცხო ადამიანს. მით უფრო, ჩემს შვილს ვერ მივუყვან და მათ დამეგობრებას ხელს ვერ შევუწყობ. არ შემიძლია...

– რატომ?

– იმიტომ, რომ, როცა ეს ბავშვური თამაში მოგბეზრდება და წახვალ, ჩვენ ძალიან ცუდად ვიქნებით. მე ერთხელ უკვე დავუშვი შეცდომა და ამ შეცდომის შედეგებს ჩემი შვილი დღემდე იმკის. საკმარისია, არ მინდა, კიდევ ერთხელ ეტკინოს გული იმ ადამიანის წასვლით, ვინც უყვარს.

– არსად წასვლას არ ვაპირებ, – დათომ მხარზე მოჰკიდა ხელი ინას და თვალებში ჩახედა, – რომც გამაგდო, ძალიანაც რომ მოინდომო. არ წავალ. ეს თამაში არ არის და აღარც მე ვარ ბავშვი. ზუსტად ვიცი, რასაც ვაკეთებ. ერთადერთი ხარ, ვინც მჭირდება და ეს სიტყვები ჯერ არც ერთი ქალისთვის არ მითქვამს. თუ დროა საჭირო, მოგცემ დროს, მაგრამ უარს არ მივიღებ. დღეს იქნება ეს თუ ხვალ, მნიშვნელობა არ აქვს, აუცილებლად დაგარწმუნებ ჩემს სიყვარულში.

დათომ უხალისოდ ჩაიყო ჯიბეში ხელი და აწკრიალებული მობილური ამოიღო:

– დედა?! რა მოხდა?! რა თქმა უნდა, ვნახე კიდეც დღეს. როგორი უცნაური ლაპარაკი იცი, მისამართი როგორ არ მეცოდინება! დედა... შენ იმიტომ არ იცი, რომ თავად არ მოინდომე... მოდი, მერე ვილაპარაკოთ ამაზე... ვინ? ლიკა რა შუაშია? რა თქმა უნდა, წავიყვან. დამელოდონ, მოვდივარ უკვე. რა დრო დამჭირდება? დედა, მოვდივარ-მეთქი, დამშვიდდი! – დათომ ამოიოხრა.

– პრობლემები გაქვს? – ჰკითხა ინამ. მის ხმაში თანაგრძნობამ გაიჟღერა.

– მე არა. ჩემი დის დაქალს ეძებენ. დედაჩემმა დამირეკა... ცოტა უცნაური ქალია, ზედმეტად მგრძნობიარე. უნდა წავიდე, ხვალ გნახავ.

ინამ კოლოფს დახედა.

– ეგ შენთან იყოს, – თითქოს ფიქრს მიუხვდა ბიჭი, – გადაწყვეტილების მიღებაში დაგეხმარება. მაგრამ, გახსოვდეს – უარს არ მივიღებ...

გაგრძელება შემდეგ ნომერში


скачать dle 11.3