როგორ წარმოიშვა ქართული გვარ-სახელები
ბედიანაშვილი
გვარი, სავარაუდოდ, მომდინარეობს საკუთარი სახელიდან – ბედიანა.
ამავე ძირისაა გვარსახელები: ბედანაშვილი, ბედენაშვილი, ბედიანი, ბედიანიძე, ბედიანაძე, ბედიაშვილი, ბედინეიშვილი.
„ბედია, მეფე ნაზარალი-ხანის მსახური, მისი მიწები მეფემ შესწირა დავით გარეჯის მონასტერს“ (1688-1700 წლები).
„ბედიანასშვილები, ფხვენისს მცხოვრებნი, ნაზარალი – ხანმა ისინი უბოძა იოთამ ამილახვარს“ (1692 წელი).
„ბედიანასშვილი დეკანოზი, მის ვენახამდე ნიკოლოზ სამებელმა გარეჯის იოვანე ნათლისმცემლის მონასტერს შესწირა ხაშმში ქოქრაშვილის ვენახი“ (1690 წელი).
ბედიანაშვილები ჩანან ქვემო ქართლშიც. „მღვდელი გაბრიელ ბედიანაშვილი ჩიოდა: „მე, ვახტანგ ორბელიანის ყმა არა ვარ. გადმოსული ვართ ჯავახეთიდან, სამეფო ყმები ვიყავით და ვახტანგ ორბელიანი არამართებულად მეჭიდებაო ყმად“. ვახტანგ ორბელიანი კი სასამართლოში წარდგენილ განცხადებაში მიუთითებს, რომ „მღვდელი გაბრიელ ბედიანაშვილი (იგივე ბოჩოლაშვილი) ჩემი ყმა არის“.
საქართველოში 500 ბედიანაშვილი ცხოვრობს: თბილისში – 184, გარდაბანში – 140, რუსთვში – 50.
ჩადუნელი – ჩადუნაშვილი
სავარაუდოა, გვარი ჩადუნელი მომდინარეობდეს სამოსახლო პუნქტის სახელიდან და იყოს გვარად ქცეული სადაურობის სიტყვა. ჩადუნა, ასევე, მცენარის სახელია, გვიმრის ერთ-ერთი სახეობა. თუმცა, ამას ეწინააღმდეგება ამავე ძირის ჩადუნაშვილის არსებობა, რომელიც ჩადუნის საკუთარ სახელად გულისხმობს.
საქართველოში 56 ჩადუნაშვილი ცხოვრობს. თეთრი წყაროში – 34, რუსთავში – 15, თბილისში – 7.
3 538 ჩადუნელი: ბორჯომში – 898, ხაშურში – 767, თბილისში – 672.
აბესალამაშვილი – მურადაშვილი – ყორხმაზაშვილი
გვარის ფუძეა მამაკაცის სახელი აბესალომ, აბესალა, „აბესალას მიწა ესაზღვრებოდა გოგია ქოსაშვილის მიერ ოთარ ყორღანაშვილის მიყიდულ მიწას“ (1688 წელი).
აბესალამაშვილი-აბესალამიანი ცხოვრობდნენ დარბასჭალაში, მათი მამული წილად ხვდა იოთამ ბარათაშვილს 1537-1538 წელს.
აბესალამშვილებიდან იღებს სათავეს შტო-გვარი მურადაშვილი.
მურადაი ნასესხებია არაბულიდან და ნიშნავს „სურვილს“, „სასურველს“.
„აბესალამაანთ ესტატე, იგივე აბესალამაანთ მურადაშვილი ესტატე, ძმა აბესალამაანთ მურადაშვილ ხოჯინასი“. აბესალამაანთ მურადაშვილი ხოჯინა მოიხსენიება 1679-1693 წლებში. ჰყავს ძმა ესტატე. მან მიჰყიდა აშოთან მუხრანის ბატონიშვილს სახლები 1683-1693 წლებში.
აბესალამაანთ ყორხმაზასშვილი (საკუთარი სახელიდან ყორხ-მაზ) ბეჟუამ მიჰყიდა თავის ბიძას ფასინას მამული სახლ-კარით, 1680 წელს.
მურადაშვილი გვხვდება სხვა ქართულ გვარიდან ნაყარ შტო-გვარადაც.
ყორხმაზაშვილი დღეს, ფაქტობრივად, აღარ გვხვდება.
საქართველოში 195 აბესალამაშვილი ცხოვრობს: თბილისში – 103, ონში – 14, რუსთავში – 10.
1 704 მურადაშვილი: გორში – 705, თბილისში – 399, ასპინძაში – 134.
ალავერდაშვილი
გვარის ფუძე, საკუთარი სახელი ალავერდა, ნასესხები სიტყვაა. ალაჰ-ვერდი არაბულ-თურქულია და იგივეა, რაც ქართულად „ღმერთის მოცემული“, ალახ(ჰ) – ღმერთს ნიშნავს, ვერდი – მოცემას. ჩამოყალიბებული ტრადიციის თანახმად, ქალს პირმშო რომ არ რჩებოდა, მოლასთან მიდიოდა, შეულოცავდა ის და ურჩევდა, სახელად ალავერდი (ალაჰ-ვერდი) დაერქმია და ბავშვი ჯანმრთელი და ბედნიერი გაიზრდებოდა.
„ალავერდა დმანისს მცხოვრები, მამულით წილად ხვდა იოთამ ბარათაშვილს“ (1537-1538 წლები).
„ალავერდა მამასახლისი, მოწმე ვენახის ნასყიდობის წიგნისა“ (მეჩვიდმეტე საუკუნის ბოლო მეოთხედი).
ქართულ სამართლის ძეგლებში მოიხსენიებიან ალავერდა, არაქედა, ასიტა, ბერუა, გიორგი დავითა, დურმიშხან, თამაზა, ინდია, სტეფანა ალავერდაშვილები.
ალავერდაშვილები იყვნენ ქვემო ქართლის აზნაურები.
ალავერდაშვილები არიან ქვემო ქართლის მებატონე-მემამულე იაგულაშვილების შტო-გვარი. იაგულაშვილებიდან იღებს სათავეს გვარები: ალიხანაშვილები, ბეჟანისშვილები, დემურაშვილები, ბერუაშვილები, ასლამაზიშვილები.
1783 წლიდან დაწყებული არაერთი ქართული გვარი რუსებმა რუსულ ჩანაწერებში ფორმატი – ოვი და იევით ჩაწერეს, ზოგს კი სომხურ-გრიგორიანული სარწმუნოება მიაღებინეს. ზოგიც გააფრანგეს და მიაღებინეს კათოლიკობა. ამ გზით გაჩნდნენ ალავერდოვები, ალიხანოვები, ბერუევები, ბეჟანოვები, დემუროვები, ასლამაზოვები; ასლამაზიშვილები აწარმოეს ასევე ბარათაშვილების საგვარეულომ, ბეჟანიშვილებმა თავად მოგვცეს შტო-გვარები – ბეჟანასშვილი, მესხასატურიშვილი – ბეჟანისშვილი 1670-1692 წლებში.
ალავერდაშვილები ყოფილი ქართველი აზნაურიშვილები არიან. რუსიფიკატორულმა პოლიტიკამ დაამახინჯა მათი გვარი. ასე რომ, ალავერდოვი იგივე ალავერდაშვილია.
საქართველოში 744 ალავერდაშვილი ცხოვრობს: თბილისში – 199, მცხეთაში – 156, გორში – 113.
27 კაცი ჩაწერილია ალავერდიშვილად.
თაბაგარი
თაბაგრები იმერლები არიან. 1840-იან წლებში მოიხსენიებიან სოფელ დარკვეთში, შროშაში და ასე შემდეგ. დარკვეთში არიან საბატონო გლეხები – თაბაგრები-თაბაქრები; შროშაში არიან სახელმწიფო გლეხები.
გვარში თაბაგარი ფუძედ გამოყენებულია საკუთარი სახელი თაბა.
პირვანდელი გვარი თაბაქარი იყო. თა იყო ართრონი (წინსართი), ფუძე – ბაქარი.
საქართველოში ყველაზე გავრცელებულ 1 000 გვარს შორის თაბაგარი 378-ე ადგილზეა.
საქართველოში 2 163 თაბაგარი ცხოვრობს: ჭიათურაში – 812, თბილისში – 403, ზესტაფონში – 223.
ოთარაშვილი-ოთარიშვილი
საგვარეულოს ფუძეა სახელი ოთარი. სახელი წინაპრებს უსესხებიათ არაბულიდან. არაბებთან ოთარ იგივეა, რაც „წამალი“, „სურნელოვანი“, „ნელსაცხებელი“. ოთარის მოფერებითი ფორმაა ოთია, აქედან გვარი ოთიაშვილი, ოთინაშვილი, ოთინაძე, ოთაროვი (ოთარაშვილი-ოთარიშვილთა რუსიფიცირებული ფორმა) წარმოიშვა.
ოთარიშვილთა გვარი სათავეს იღებს ბარათაშვილ-გერმანოზიშვილთა საგვარეულოდან. გვარის ათვლა დაწყებულია ოთარ გერმანოზიშვილიდან. კერძოდ, ნიკოლოზ ბარათაშვილი და გერმანოზი იყრებიან და ნიკოლოზის მამა ოთარისგან ჩნდება გერმანოზისშვილ-ოთარისშვილთა საგვარეულო. ეს მოხდა 1750-1760-იან წლებში.
გერმანოზიშვილებიდან გაჩნდა გვარი დათუაშვილი. მაშასადამე, მივიღეთ გვარები: ბარათაშვილი – გერმანოზიშვილი – ოთარიშვილი – დათუაშვილი – გერმანოზიშვილი – ბახურაული.
ოთარაშვილების გვარი გაჩენილია ასევე, ამილახვართა (ამილახორი) საგვარეულოდან. „ამილახორთა გვარი 4 ძმისგან, 4 ნაწილად დანაწილდა. სოფელ ჭალაში მათ შესაბამისად ოთხი გალავანი გაშენდა, შუა სოფელში – გივიანთი (ციციაშვილები) თაყაანთი (თაყაშვილები), ავთანდილაანთი (ავთანდილაშვილები) და ოთარაანთი (ოთარაშვილები).
„ოთარასშვილების ნაქონი გოგოლაური მამული ანდუყაფარი, ქრისტეფორე და ვახტანგ ამილახორიშვილებმა უბოძეს აზნაურ დათუნა ტარსაიჭაშვილს“.
საქართველოში 1 908 ოთარაშვილი ცხოვრობს: თბილისში – 622, თელავში – 374, საგარეჯოში – 129.
87 ოთარიშვილი: თბილისში – 26, რუსთავში – 11, თელავში – 7, 40 – ოთაროვი.
აკადემიკოს იაკობ ახუაშვილის მიერ მოწოდებული მასალების მიხედვით
მოამზადა ნონა დათეშიძემ