ვინ იყო ქართველი „რემბო“, რომელმაც თავზეხელაღებულობით ავღანეთის ომში გაითქვა სახელი
მას მერე, რაც ცნობილი ამერიკული ფილმი „პირველი სისხლი“ გამოვიდა, რომელშიც სილვესტერ სტალონე სუპერჯარისკაც რემბოს როლს ასრულებდა და ეს ფილმი მილიონობით საბჭოთა ადამიანმა ნახა, საბჭოთა კავშირში მეტსახელი „რემბო“ მრავალ თავზეხელაღებულ ადამიანს შეარქვეს, რომლებიც, როგორც შავ სამყაროში, ასევე, ძალოვან სტრუქტურებშიც მოღვაწეობდნენ. დღევანდელ პუბლიკაციაში ერთ ასეთ „რემბოზე“ მოგითხრობთ.
ქურდული ბლოკი და გაქცევა
– გთხოვთ, ფეხზე ადგეთ, სასამართლო მობრძანდება! – გამოაცხადა სასამართლო სხდომის მდივანმა. დარბაზში შეკრებილებმა სულ რაღაც ორ წუთში შეიტყვეს, რომ 1960 წლის 13 ივლისს დაბადებულ თემურ გრიგოლის ძე ქორიძეს 3 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა ცინიკური ხულიგნობისთვის, რასაც ექვსი ადამიანის სხეულის დაზიანება და სხვადასხვა ვადით მათი ჯანმრთელობის მოშლა მოჰყვა. სასამართლომ გაითვალისწინა, ქორიძის დამსახურება ქვეყნის წინაშე და პატიმრობის ვადის მინიმუმი განუსაზღვრა, თორემ, მის ადგილას რომ სხვა ყოფილიყო, ან 7 წელიწადს მიუსჯიდნენ, ან სულაც გაუშვებდნენ, თუკი ფულს გადაიხდიდა. მაგრამ თემურის საქმეში ცნობილი კრიმინალური ავტორიტეტები იყვნენ ჩარეული, მათ ინტერესში შედიოდა ქორიძის ციხეში ჩასმა და 10 ათასი მანეთიც იმიტომ გადაიხადეს, რომ 23 წლის ახალგაზრდის საქმე ამგვარად დარსულებულიყო. ზემოაღნიშნული სასამართლო 1984 წლის 8 მაისს გაიმართა და მსჯავრდებული პატიმარი ციხეში უნდა დაებრუნებინათ, რომ, რაც შეიძლება, მალე გადაეყვანათ კოლონიაში, რაც, აგრეთვე, დაინტერესებული კრიმინალური ავტორიტეტების სურვილი იყო.
23 წლის თემურ ქორიძე, რომელსაც მეტსახელად „რემბოს“ უწოდებდნენ სამი წლის განმავლობაში იბრძოდა ავღანეთის ომში, სამი საბრძოლო ორდენი ჰქონდა მიღებული და სწორედ ბრძოლებში თავზეხელაღებულობის გამო შეარქვეს მას თანამებრძოლებმა „რემბო“.
თემურის, ოჯახში ყველა ექიმი იყო – დედ-მამაც, ბებია-ბაბუაც და თავად თემურიც სამედიცინო ინსტიტუტში სწავლობდა, სადაც სკოლის დამთავრებისთანავე მოეწყო, ერთმა შემთხვევამ მისი ცხოვრება რადიკალურად შეცვალა: 1981 წელს თემურის საცოლე, ეკა, სხვამ მოიტაცა. ის სხვა კი მაშინდელი საქართველოს ცეკას ერთ-ერთი მაღალჩინოსნის ვაჟი იყო. თემურს იმდენად ძლიერ უყვარდა ეკა, რომ მზად იყო, მოტაცებული გოგონაც კი მოეყვანა ცოლად, რაც იმ დროს სირცხვილად ითვლებოდა. თემურმა ეკასთან შეხვედრაც კი მოახერხა და თავისი განზრახვა გაანდო, მაგრამ გოგონამ აღარ ინდომა თემურის ცოლობა და მას უთხრა:
– უკვე ვეღარაფერს შეცვლი. მე სხვისი ცოლი ვარ. მშვიდობით!
– მშვიდობით, ეკა. დიდ ბედნიერებას გისურვებ და ღმერთმა არასდროს გამოგაცდევინოს ისეთი ტკივილი, როგორსაც მე ახლა განვიცდი, – მიუგო თემურმა გოგონას და უკანმოუხედავად წავიდა.
იმ პერიოდში თემური სამედიცინო ინსტიტუტის მესამე კურსზე სწავლობდა და 20 წლის სრულდებოდა. მან მეორე დღესვე გამოიტანა საბუთები ინსტიტუტიდან, სამხედრო კომისარიატში მივიდა და კომისარს უთხრა:
– ავღანეთში მინდა წასვლა.
– მოხარშული წაბლი არ გინდა? – ეხუმრა სამხედრო კომისარი თემურს, მაგრამ მის კოპებშეკრულ, კუშტ სახეს რომ შეხედა, უთხრა: – რატომ, რაშია საქმე?
– ჯარში მინდა სამსახური, თანაც, ყველაზე ცხელ წერტილში. ასეთი კი დღესდღეობით ავღანეთია, – მიუგო თემურმა კომისარს.
კომისარმა თემურის საბუთები დაიტოვა და მეორე დღისთვის დაიბარა. თავად კი თემურის ამბავი გაარკვია და რომ გაიგო, მამამისს კარგად იცნობდა, პირდაპირ საავადმყოფოში ეახლა მას და ყველაფერი უამბო. თემურის მამამ შვილზე ზემოქმედება სცადა, მაგრამ მიღებული გადაწყვეტილება ვერ შეაცვლევინა და უთხრა:
– რადგან შენსას არ იშლი, რა გაეწყობა, წადი, მაგრამ გახსოვდეს, მტერსაც და მოყვარესაც ღირსეულად მოექეცი და იცოდე, რომ ჩვენ ჯიშში ლაჩარი არ გვყოლია.
თემურს ჰყავდა ოთხი წლით უმცროსი ძმა – ნოდარი, რომელიც 16 წლის იყო. თემურმა, უმცროსი ძმა დაიმარტოხელა და უთხრა.
– იცოდე, ნოდარ, რომ ჩვენების ერთადერთი ნუგეში შენ ხარ და ისე მოიქეცი, რომ მათ ეს მძიმე ყოფა შეუმსუბუქო. მე ომში მივდივარ და მათ ესეც ეყოფათ სანერვიულოდ.
თემური ჯერ ბაქოში გაამწესეს ექვსთვიან სასწავლო კურსებზე და სწორედ იქიდან გაუშვეს ავღანეთში, სადაც მან სუპერმეომრის სახელი მოიხვეჭა. თემური უკვე სამხედრო კარიერის გაგრძელებას აპირებდა, როდესაც შეიტყო, რომ მისი უმცროსი ძმა, ნოდარი, წესიერ გზას ასცდა, კრიმინალებს დაუკავშირდა და სამართალდამცველებთან პრობლემები შეექმნა. ამ ყველაფერს ისიც დაემატა, რომ თემურის მამა ავარიაში დაიღუპა, დედა კი ლოგინად ჩავარდა, ამიტომ, „რემბო“ იძულებული გახდა, სახლში დაბრუნებულიყო და ოჯახისთვის მიეხედა.
თემური 1984 წლის 6 თებერვალს დაბრუნდა თბილისში, 9 თებერვალს კი დედა გარდაეცვალა. დაკრძალვის შემდეგ თემურმა გადაწყვიტა, ძმისთვის მიეხედა, რომელიც უკვე 19 წლის იყო, მაგრამ ახალი უბედურება დაატყდა თავს. 20 თებერვალს თემურს „სიკოსთან“ და „საქოსთან“ მოუვიდა შელაპარაკება, რომლებიც ცნობილი კრიმინალური ავტორიტეტები იყვნენ და სწორედ მათი ბრალი იყო ნოდარის გზიდან აცდენა. სიკო და საქო თავანს – 12 ათას მანეთს სთხოვდნენ ნოდარს, რომელიც მან მათთან „ბურაში“ წააგო. თემურმა ფულის ჩასაბარებლად ორი კვირა ითხოვა და დათქმულ დროს ძმის ვალი გაისტუმრა, სიკოსა და საქოს კი უთხრა:
– ამით თქვენი და ნოდარის ურთიერთობა დასრულდა და, თუკი თქვენ მის ძველ გზაზე დაბრუნებას ისევ შეეცდებით, საკუთარ თავს დააბრალეთ!
სიკოსა და საქოს თემურისთვის არაფერი უპასუხიათ და ფული გამოართვეს, მაგრამ, მანქანაში რომ ჩასხდნენ, საქომ სიკოს უთხრა:
– ამ ფრაერს არ უყურებ? მოინდომა, რაღა, ჩვენთვის მეწველი ძროხის წართმევა!
– ვერ მივართვით! – დაეთანხმა მეგობარს სიკო.
– იმ ფარჩაკს ვწველავდით, ვწველავთ, მომავალშიც მოვწველავთ და ამაში ეგ რემბო თუ ვიღაც ჩემი ფეხებია, ხელს ვერ შეგვიშლის.
20 მარტამდე, ანუ ერთი თვის განმავლობაში, ნოდარი წესიერად იქცეოდა, ძმას უჯერებდა და მუშაობის დაწყებასაც აპირებდა, მაგრამ თემური რაიონში გაემგზავრა, ერთ-ერთი თანამებრძოლის მამის დაკრძალვაზე, უკან დაბრუნებისას კი, გაიგო, რომ ნოდარს „ბურაში“ 20 ათასი წაეგო სიკოსთან და საქოსთან. ამიტომ თემური მათ „მალინაზე“ მივიდა, ავტორიტეტები და მათი ოთხი „პაძელნიკი“ შიშველი ხელებით სცემა და სახლში დაბრუნდა. მაგრამ, სამი საათიც არ იყო გასული, რომ მას მილიცია დაადგა თავზე და დააპატიმრა. საჩივარი კი საქოს მეზობელმა შეიტანა მილიციაში და, მართალია, როგორც ავტორიტეტები, ასევე მათი „პაძელნიკები“ ცემის ფაქტს უარყოფდნენ და თემურის გათავისუფლებას მოითხოვდნენ, მაგრამ, სინამდვილეში, ყველაფერი მათი მოწყობილი იყო და ეს იმიტომ გააკეთეს, რომ, ერთი მხრივ, ნოდარ ქორიძის ყვლეფა გაეგრძელებინათ, მეორე მხრივ კი თემური დაესაჯათ ავტორიტეტების ხელყოფისთვის.
როდესაც თემურ ქორიძე ციხეში შეიყვანეს, ყველამ იცოდა, რომ მისი დაპატიმრება ავტორიტეტების მოწყობილი იყო და მას ქურდული ბლოკი შეუკრეს, მაგრამ სიკოსა და საქოს წინააღმდეგ წასვლას ვერავინ ბედავდა და თემურის „გასაქათმებლად“ ემზადებოდნენ. მიუხედავად ამისა, თემურ ქორიძის ჰომოსექსუალთა საკანში შეგდება ვერც პატიმრებმა შეძლეს და არც ციხის თანამშრომლებს უცდიათ, ხოლო მაშინდელმა ციხის უფროსმა შემოთავაზებულ ფულზე უარი თქვა და სიკოს უთხრა:
– რაღა მე მაგდებ ხათაბალაში? ცოტა მოიცადე, ზონაზე გადავაგზავნი და, როგორც კი გასროკავენ, იქ მის გაქათმებაში არც მაყუთი დაგეხარჯება და უფრო ადვილადაც მოხერხდება ეს საქმე.
თემურ ქორიძემ კარგად იცოდა, რასაც უპირებდნენ და რომ მას ქურდებმა ბლოკი შეუკრეს, რაც ან მისი ღირსების შელახვით უნდა დასრულებულიყო, ან – სიკვდილით. თემური, რა თქმა უნდა, მეორეს აირჩევდა, მაგრამ არც სხვა ვარიანტს გამორიცხავდა. ამიტომ გაქცევის გეგმა შეიმუშავა და 1984 წლის 8 მაისს, როდესაც მას 3 წლით პატიმრობა მიუსაჯეს და ბადრაგს ის სასამართლოდან ციხეში მიჰყავდა, რომ შემდეგ კოლონიაში გაეგზავნათ, ეს გეგმა სისრულეში მოიყვანა – რემბო პატიმრობიდან გაიქცა...
საყოველთაო ნადირობა და „რემბოს“ შურისძიება
კრიმინალურ ავტორიტეტებს: სიკოს, საქოს ვინმე, კუკური ღურჭუმელიძესა და ბადრი ფრუიძეს რუსთავის კოლონიაში მყოფი კრიმინალები წინასწარ ჰყავდათ გაფრთხილებული და, როგორც კი რემბოს „ზონაზე“ შეიყვანდნენ, ქურდების ხელყოფისთვის ის კოლონიის ჰომოსექსუალებს უნდა გაეუპატიურებინათ და თავიანთ ბარაკში „ძუკნად“ ჰყოლოდათ, რაც იმას ნიშნავდა, რომ თემურს საწოლის ქვეშ უნდა ეცხოვრა, დაერეცხა, დაეხვეტა და ყველა ის დამამცირებელი სამუშაო შეესრულებინა, რაც „ძუკნებს“ ევალებოდათ. მაგრამ კრიმინალებს კოვზი ნაცარში ჩაუვარდათ – მათ რემბოს გაქცევის ამბავი შეიტყვეს, შეშინდნენ, თუმცა იხტიბარს არ იტეხდნენ და ამბობდნენ: მაგ ბოზს ან ჩვენ მოვკლავთ, ან – „ძაღლებიო“.
თემურ ქორიძის გაქცევა პროფესიონალურ დონეზე იყო მოფიქრებული და შესრულებული: როდესაც რემბო სასამართლო დარბაზიდან გაიყვანა სამმა ბადრაგმა სპეციალური გვირაბით, ის იყო ციხის მანქანაში უნდა ჩაესვათ, რომ თემურმა სამი უსწრაფესი და უძლიერესი დარტყმით ძირს დასცა ბადრაგები, შემდეგ ხელბორკილები გაიხსნა და ციხის მანქანის მძღოლი და მეოთხე ბადრაგი გაანეიტრალა, მეოთხე ბადრაგს „მაკაროვის“ სისტემის პისტოლეტი აართვა, საჭეს მიუჯდა, სასამართლოს ეზოდან მშვიდად გავიდა და მიიმალა. ციხის მანქანა ორთაჭალის ერთ-ერთ ჩიხში აღმოაჩინა მილიციამ, თავად რემბოს კვალს კი ვერსად მიაგნეს და მასზე საყოველთაო ძებნა-ნადირობა გამოცხადდა.
თემურ ქორიძემ კარგად იცოდა, რომ მასზე ტოტალურ ნადირობას დაიწყებდნენ. ამიტომ ის არც სახლში მისულა, არც ნათესავებთან და არც მეგობრებთან. მან არაორდინარული გადაწყვეტილება მიიღო და თავის ყოფილ საცოლეს – ეკა მახარაძეს მიადგა, რომელიც იმ დროს ქმრის გვარს – მიქაძეს ატარებდა და ერთი წლის დაქვრივებული იყო (ეკას მეუღლე საავტომობილო ავარიაში დაიღუპა წყნეთის გზაზე) ეკა ვაკეში ცხოვრობდა 2 წლის შვილთან ერთად, თან სამედიცინო ინსტიტუტში სწავლობდა. ეკას ამბავი თემურმა შემთხვევით, ციხეში შეიტყო, სადაც ეკას მეზობელი იხდიდა სასჯელს და სწორედ მაშინ მოუვიდა აზრად, რომ, თუკი გაქცევას მოახერხებდა, დროებით ეკასთან შეეფარებინა თავი. რემბო ეკას სადარბაზოში დაელოდა როდესაც ქალი გამოჩნდა და ლიფტში დააპირა შესვლა, თემური მას შეჰყვა, პირზე ხელი ააფარა, რომ არ ეყვირა და უთხრა:
– მეძებენ, შემიფარებ?
– თემურ, შენ? საიდან? – აღმოხდა ეკას.
– ციხიდან გამოვიქეცი. შემიფარებ?
– რა თქმა უნდა. მით უმეტეს, რომ ახლა მარტო ვარ სახლში.
– ვიცი, უკვე შევამოწმე. სამი საათია, რაც გელოდები.
მიუხედავად იმისა, რომ ეკა ქვრივი იყო და სახლში მარტო იმყოფებოდა, თანაც თემურს ის ძველებურად უყვარდა, მოულოდნელმა სტუმარმა მას თითიც არ დააკარა და უთხრა:
– ეკა, ძვირფასო, მე აქ იმიტომ არ მოვსულვარ, რომ ლოგინში ჩაგიწვინო. მაქსიმუმ ერთი კვირა გავჩერდები აქ და წავალ.
თემური მხოლოდ ხუთი დღე დარჩა ეკასთან, მანამდე კი თავის ჯარის მეგობარს, ქუთაისელ კოტე ჯაფარიძეს დაუკავშირდა და 13 მაისს, მას მერე, რაც კოტემ მანქანით ჩამოაკითხა თბილისში, ქუთაისში გაჰყვა. გამგზავრების წინ ეკამ რემბოს უთხრა:
– მაპატიე, თემურ. ყველაფერი, რაც შენ და შენს ოჯახს შეგემთხვათ, ჩემი ბრალია და ამისთვის ღმერთმა უკვე დამსაჯა – ქმარი წამართვა. მინდა იცოდე, რომ მე შენ ისევ მიყვარხარ, შენთვის ვილოცებ და დაგელოდები...
კოტე ჯაფარიძე სამხედრო მოსამსახურე იყო, ქუთაისის სამხედრო კომისარიატში მუშაობდა, მას მთელი იმერეთი იცნობდა და თემურის ქუთაისში უსაფრთხოდ ჩაყვანა და შეფარება არ გასჭირვებია. მით უმეტეს, რომ 27 წლის კოტე უცოლო იყო და მარტო ცხოვრობდა.
მხოლოდ მას მერე უამბო რემბომ კოტეს ყველაფერი, როდესაც ისინი ქუთაისში ჩავიდნენ და ჯაფარიძის სახლში განმარტოვდნენ.
– ვიცნობ მე მაგ კუკურა ღურჭუმელიძეს, – უთხრა კოტემ თემურს, – საღორიელია და ქურდი კი არის, მაგრამ დამპალი ვინმეა. ამბობენ, „ძაღლებთანაა“ შეკრულიო, მაგრამ ვინ დაამტკიცებს ამას?
– შეკრულია თუ არა, არ მაინტერესებს. ეგ სიკო და მისი ძმაკაცი საქო ჩემი ოჯახის დამაქცევლები არიან და სამაგიერო უნდა მივუზღა. მათ გამიფუჭეს მცირეწლოვანი ძმა, რასაც მამაჩემის დაღუპვა, დედაჩემის ლოგინად ჩავარდნა და სიკვდილი მოჰყვა, – უთხრა რემბომ ჯაფარიძეს.
– შენ გვერდით ვარ და ყველაფერში დაგეხმარები, – მიუგო კოტემ თემურს და საუბარი ამით დასრულდა.
სანამ თემური ქუთაისში იმალებოდა და სიკოსა და საქოზე შურისძიების გეგმას ადგენდა, მას მილიციაც და შავი სამყაროც გამალებით ეძებდა. მილიციამ ნოდარიც კი აიყვანა და სასტიკად აწამა, რომ ძმის ადგილსამყოფელი გაეთქვა, მაგრამ ნოდარმა არაფერი იცოდა და ორკვირიანი „პრესების“ შემდეგ ცოცხალ-მკვდარი ნოდარ ქორიძე „ოპერებმა“ სახლში მიიყვანეს. კრიმინალებმა კი აღარ მიაკითხეს, რადგან უკვე გაგებული ჰქონდათ, რომ მან ძმის ადგილსამყოფელზე არაფერი იცოდა.
ამასობაში ოთხი თვე გავიდა და თემურის კვალს ვერავინ მიაგნო. თავად რემბომ კი, 1984 წლის 10 სექტემბერს, საღამოს 10 საათზე, საღორიაზე სიკო და მასთან ერთად მყოფი საქო მოიხელთა, რომლებიც ორი დღით იყვნენ ქუთაისში ჩასულები ერთ-ერთი ქურდის დედის დაკრძალვაზე. რემბომ სიკო და საქო გააშიშვლა და ჯერ მაგრად გაშოლტა, შემდეგ შუბლზე ორივეს მსხვილი ასოებით ამოაკაწრა: – „მე ბოზი ვარ“ და დედიშობილა ავტორიტეტები ქუჩაში გაყარა.
– იარეთ ახლა დაშტამპულებმა, თქვე ნაბოზრებო და, სადაც თქვენი დაიკვეხოთ, იქ ჩემიც თქვით...
რემბოს თბილისში მდებარე თავისი კუთვნილი ბინა და სხვა ქონება წინასწარ ჰქონდა გაყიდული, ნაწილი თანხით ძვირფასეულობა იყიდა, ნაწილით – დოლარები, სექტემბრის მიწურულს კი თავის ძმასთან, ეკა მახარაძესთან და მის 2 წლის ვაჟთან – თემურთან ერთად, მთიანი აჭარიდან, ჯერ არალეგალურად გადავიდა თურქეთში, იქიდან კი ამერიკის შეერთებულ შტატებში გაემგზავრა და ბიზნესი ააწყო. მოგვიანებით ამერიკაში კოტე ჯაფარიძეც ჩავიდა. ხოლო სიკო და საქო კი ერთ-ერთ ქურდულ „სხოდკაზე“ გაამტყუნეს და ტიტულები ჩამოართვეს...
P.S. ძმები ქორიძეები და კოტე ჯაფარიძე თავიანთ ოჯახებთან ერთად დღესაც ამერიკაში ცხოვრობენ და საკმაოდ მომგებიან ბიზნესს უდგანან სათავეში...