როდის უშვებს ადამიანი საბედისწერო შეცდომებს და რა პერიოდში ხდება საკუთარი შესაძლებლობების გადაფასება
ადამიანი დაბადებისთანავე, თავისი ცხოვრების ათვლის წერტილიდან იწყებს განვითარებას. ანუ, ის მთელი ცხოვრების განმავლობაში ასტროლოგიური კუთხით, განვითარების 12 პერიოდს გადის. თითოეული პერიოდი განსხვავებულია და მას ადამიანის ცხოვრებაში გარკვეული როლი აკისრია.
7 წლამდე ადამიანში მოჭარბებულია ენერგია, ცნობისმოყვარეობა, მოუთმენლობა. ვერძივით, ანუ ზოდიაქოს პირველივე ნიშანივით მოუთმენელი და ენერგიით სავსეა. ამ დროს ხდება ჩვენში მთავარი ნიჭისა და ემოციის ჩამოყალიბება. ასევე, ვითარდება ნებისყოფა, რომელიც განვითარების შემდგომ ეტაპებზე გვეხმარება.
8 წლიდან 14 წლამდე ადამიანში ხდება ურთიერთობების გადაფასება, ემოციების მართვის სწავლა, სმენისა და მეხსიერების განვითარება, ჰარმონიული ურთიერთობების ჩამოყალიბება, ურთიერთობათა ენერგოვიბრაციების უკეთ აღქმა. ანუ ის, რაც კუროს ზოდიაქოს ნიშნის ქვეშ დაბადებულ ადამიანს ახასიათებს.
15 წლიდან 21 წლამდე ადამიანი ტყუპების ზოდიაქოს ნიშანს გადის და ამიტომ მეტად უჩნდება დამოუკიდებლობის, ლოგიკური აზროვნებისა და საპირისპირო სქესთან ურთიერთობების დარეგულირების სურვილი. ამ დროს ხდება მაქსიმალური ინფორმაციის მიღება და ათვისება. ადამიანი მეტად მიდრეკილია ჭორაობისკენ და არ აწუხებს უპასუხისმგებლობა.
22 წლიდან 28 წლამდე ადამიანი აკეთებს საკუთარი თავის ანალიზს, მეტად ფიქრობს მომავალზე, ხშირად უჩნდება სურვილი, ყველაფერს თავი დაანებოს და ცხოვრება სუფთა ფურცლიდან დაიწყოს. ამ დროს ხშირია დეპრესიები. ეს, ასტროლოგიურად, კირჩხიბის ზოდიაქოს ნიშნის გავლის წლებია და მეტად კრიტიკული.
29 წლიდან 36 წლამდე ადამიანი გაივლის ლომის ზოდიაქოს ნიშანში და ამ დროს ცდილობს, საკუთარი ენერგია სწორად მართოს, საქმეში გამოიყენოს დაგროვილი გამოცდილება, შეიქმნას უზრუნველი მომავალი, განავითაროს ცნობიერება. სწორედ ამ წლებში ხდება კოსმიური კანონზომიერებების სწორად მართვა. ადამიანი მეტად მგრძნობიარე ხდება და, არ არის გამორიცხული, საბედისწერო შეცდომები დაუშვას.
37 წლიდან 43 წლამდე პერიოდში ხდება კარმული პროგრამის კორექცია, ანუ ის, რაც ჩვენი მისიაა დედამიწაზე. ამ დროს ჩვენ ქალწულის ზოდიაქოში ვართ. ადამიანს შეუძლია პრობლემების დიპლომატიურად გადაწყვეტა, ცხოვრებისეული ცვლილებების აუღელვებლად დაგეგმვა და დაგროვილი ენერგიის სწორი ხარჯვა-გაცემა-გადანაწილება.
44 წლიდან 49 წლამდე ადამიანს შესწევს უნარი, შემოქმედებითად დაიხარჯოს, აქტიურად იშრომოს და მიიღოს ის, რასაც იმსახურებს. ადვილად შეიძლება ჰარმონიისა და სიმშვიდის მიღწევა როგორც პირად, ასევე კარიერულ ცხოვრებაში. ამ პერიოდში ადამიანი ასტროლოგიურად სასწორის ზოდიაქოს ნიშანს გადის.
50 წლიდან 57 წლამდე კარმულად ძალიან რთული პერიოდია. არ არის გამორიცხული, სწორედ ამ დროს გაგიჩნდეთ ცხოვრებაში მნიშვნელოვანი ცვლილებების გატარების სურვილი, რაც თქვენს მომავალზე დამღუპველად აისახება. ამ პერიოდში თქვენ მორიელის ზოდიაქოს ნიშანს გადიხართ. გაძლიერებულია ინტუიცია და ნუ დატოვებთ მას ყურადღების გარეშე, უსმინეთ, რას გკარნახობთ. გეძლევათ შანსი, თავად აირჩიოთ ის, რაც შემდგომში თქვენსავე ცხოვრებაზე იმოქმედებს დადებითად. არ შეცდეთ არჩევანში.
58 წლიდან 65 წლამდე ადამიანი მშვილდოსნის ზოდიაქოს ნიშანს გადის და ამიტომ ინფორმაციულად მეტად დატვირთულია. მეტად აქვს მოთხოვნილება, მაქსიმალურად დაიხარჯოს შრომაში და შეასრულოს ისეთი სამუშაოც კი, რაც მისი ორგანიზმისთვის ცოტა რთული ასატანია.
66 წლიდან 72 წლამდე, ასტროლოგიურად ადამიანი გადის თხის რქის ზოდიაქოს ნიშანს. უმჯობესია, ცხოვრებას რეალურად შეხედოთ და ისე იმოქმედოთ. ეს ემოციურად ცოტა დატვირთული პერიოდია, ამიტომ ეცადეთ, სწორად მართოთ საკუთარი ემოცია. არ არის გამორიცხული, რომ სწორედ ამ დროს გაგიჩნდეთ სურვილი, განმარტოვდეთ და გადააფასოთ საკუთარი წარსული, მაგრამ ამისთვის დროს ტყუილად ნუ დახარჯავთ. სჯობს ეს დრო მოახმაროთ ახლობლებთან და ოჯახის წევრებთან ურთიერთობას და დასვენებას.
73 წლიდან 80 წლამდე ასტროლოგიურად ჩვენ მერწყულის ზოდიაქოს ნიშანს გავდივართ და ამ დროს ჩვენში მეტად ვითარდება ამ ზოდიაქოს ნიშნის ნიშან-თვისებები. ამ დროს, როგორც არასდროს, ადამიანს მართებს საკუთარი კარმული მისიის შესრულება დედამიწაზე. აუცილებელია ახლობლებთან მჭიდრო კონტაქტი და მათთვის სიყვარულისა და გამოცდილების გაზიარება. ასე მეტ სიამოვნებას მიიღებთ ცხოვრებისგან და თქვენს კარმულ მისიასაც შეასრულებთ.
81 წლიდან ადამიანი თევზების ზოდიაქოს ნიშნის გავლენის ქვეშაა და ადვილად გრძნობს კოსმიურ ძალებთან კავშირს. მისთვის აუცილებელია სიმშვიდე და ოჯახის წევრების მხრიდან აზრთა გაზიარება.