როგორ ვმართოთ საკუთარი ცხოვრება და ბედი მარილის მაგიური ძალის დახმარებით და რატომ უნდა დააკვირდეთ ტანსაცმელზე დაკერებულ ღილებს
ამქვეყნად უამრავი ისეთი რამ არსებობს, რაც ადამიანის კეთილდღეობაზე, ჯანმრთელობაზე, ბედზე, იღბალსა თუ უიღბლობაზე აგებს პასუხს. ეს ყველაფერი უხსოვარი დროიდან იღებს სათავეს და მას ადამიანები ყოველთვის ითვალისწინებდნენ. ალბათ, ბევრისთვის გასაკვირი იქნება, თუ ვიტყვით, რომ ჩვეულებრივი მარილი და ბრინჯი მხოლოდ საკვებად კი არა, ადამიანის ბედის სწორი მართვისთვისაც გამოიყენება. თუ ეზოთერიკოს, ქალბატონ ნანის დავუჯერებთ, უბედური ადამიანი არ არსებობს; არც მძიმე მდგომარეობიდან გამოსავლის პოვნა გაგიჭირდებათ და არც პრობლემებისგან თავის დაღწევა, თუ საკუთარ ცხოვრებას სწორად მართავთ. მისივე თქმით, მარილისა და ბრინჯის გარდა, თურმე გარკვეული მაგიური თვისებები უბრალო ღილსაც გააჩნია.
ნანი: არ მსიამოვნებს, როცა ადამიანები საკუთარ ბედზე დაიწყებენ მოთქმას და თავს გაბეზრებენ წუწუნით, როგორ იტანჯებიან უიღბლობის გამო. არადა, ასეთ ადამიანებთან კონტაქტს ყველა ერიდება, არ სიამოვნებთ, მათგან უარყოფითი ემოცია რომ მოდის. დამიჯერეთ, გარკვეული დროის განმავლობაში, ეს უარყოფითად აისახება ნებისმიერ ჩვენგანზე.
– პირად საუბარში მითხარით, ჩვეულებრივ სუფრის მარილს ადამიანის ბედის უკეთესობისკენ შეცვლა შეუძლიაო. ეს როგორ უნდა მოვახერხოთ და რეალურია თუ არა ეს ყველაფერი?
– მართალია, მარილს აქვს გარკვეული მაგიური თვისებები და მას ჩვენი ბედის სასიკეთოდ შეცვლაც შეუძლია. მოკლედ, გაზაფხულის პირველი თვის პირველ შაბათ დღეს, ღამის პირველ საათზე, უნდა აიღოთ მუჭით მარილი, ისე გახვიდეთ სახლიდან გზაჯვარედინზე, რომ ხმა არავის გასცეთ, დადგეთ, მარილის ნახევარი თავს უკან გადაყაროთ, ნახევარი კი უკან წამოიღოთ სახლში. ეს მარილი გაყავით ორ ნაწილად, ერთი ნაწილი ერთ პატარა ტომსიკაში ჩაყარეთ, მეორე – მეორეში, ტომსიკები თვითონ უნდა შეკეროთ, ხავერდის წითელი ქსოვილისგან. მოკლედ, გაანაწილეთ ამ ტომსიკებში მარილი, ერთი ბალიშის ქვეშ დაიდეთ, მეორე კი ჩანთით ატარეთ. თან, ეს სიყვარულშიც მოგიმართავთ ხელს, ფინანსურ კეთილდღეობაშიც დაგეხმარებათ, უფრო მეტად კი რომანტიკულ ურთიერთობაში მოგიგვარებთ პრობლემებს. დამიჯერეთ, ეს უძველესი დროიდან გამოცდილი მეთოდია. მაგალითად, თუ საყვარელ ადამიანს დაშორდით და კვლავ გინდათ მასთან შერიგება, ამ საქმეშიც მარილი დაგეხმარებათ. კერძოდ, წელიწადის ნებისმიერი სეზონის ბოლო კვირა დღეს, ღამის 12 საათზე, დადექით გზაჯვარედინზე თქვენი სახლისკენ ზურგით, სამჯერ დაიყვირეთ იმ ადამიანის სახელი, ვისთან შერიგებაც გსურთ და მარილი თავს უკან გადაყარეთ. დიდი ალბათობაა იმისა, რომ ის თქვენთან უახლოეს მომავალში დაბრუნდეს. მარილი მლაშეა და, ჩვენი წინაპრები ამ მეთოდზე ამბობდნენ თურმე, ის ორ ადამიანს ერთმანეთს აწყურებს, თუ გარკვეული გრძნობა არსებობს მათ შორისო. ყველა ადამიანი იმსახურებს ბედნიერებას და რჩეულის გვერდით ყოფნას, ამიტომ ამ რიტუალის ჩატარება და ბედის ცდა ნამდვილად ღირს და ამაში ნურავინ შემეკამათება. აქვე გაგანდობთ ბრინჯით მკითხაობის მეთოდსაც, რომელიც ბევრმა სცადა და, თქვენ წარმოიდგინეთ, გაამართლა.
– ეს რაში ეხმარება ადამიანს?
– ბრინჯით მკითხაობა ძალიან ადვილია და ის მომავალზე მოგცემთ უტყუარ ინფორმაციას. მოკლედ, აიღეთ გამჭვირვალე ჭიქა განიერი პირით და ჩაასხით მასში ახალ მთვარეზე აღებული ონკანის წყალი. მაგიდას თეთრი ქსოვილი გადააფარეთ, დადგით მასზე წყლით სავსე ჭიქა. აიღეთ ერთი მუჭა ბრინჯი, დადექით მაგიდასთან, დახუჭეთ თვალები და იფიქრეთ იმაზე, რისი გაგებაც გსურთ.
– ამ შემთხვევაში დროს მნიშვნელობა არ აქვს?
– როგორ არ აქვს, ეს უნდა გააკეთოთ საღამოს საათებში, სიწყნარეში, ანუ ოთახში, სადაც მარტო იქნებით და არავინ შეგაწუხებთ. მოკლედ, ჩაიფიქრეთ, მაგალითად, მოგემართებათ თუ არა ხელი ამა თუ იმ საქმეში, ან, უყვარხართ თუ არა ამა თუ იმ პიროვნებას, ან, მოგიტანთ თუ არა დადებით შედეგს სადმე წასვლა და ასე შემდეგ. ამ დროს, როცა ამ კითხვაზე ფიქრობთ, მუჭში ბრინჯი კარგად გაათბეთ, შეიგრძენით ის თქვენს ხელში, შემდეგ გაახილეთ თვალი, ბრინჯი ჩაყარეთ წყლიან ჭიქაში და კარგად დააკვირდით, როგორ მიმოიფანტება ბრინჯი ჭიქის ძირზე. თუ ის აქეთ-იქით მიმოიფანტა მთელ ფსკერზე, ესე იგი, თქვენს კითხვაზე უარყოფითი პასუხია, თუ ერთად მოგროვდა ჭიქის ფსკერზე – მაშინ დადებითი.
– სულ ეს არის?
– (იცინის) სულ ეს არის. გაგიკვირდათ, ხომ? ასე უკვირს ყველას. თქვენ წარმოიდგინეთ, მე დღესაც ბევრჯერ ვიყენებ ამ მეთოდს, თუ სამომავლოდ რამის გაკეთება მსურს და ამაზე პასუხი წინასწარ მაინტერესებს. ნათქვამია, მომავლის წინასწარ ცოდნა ცოდვააო, მაგრამ თუ ის შენს დაცვასა და კეთილდღეობაზეა გათვლილი, არ მესმის, რატომაც არ უნდა სცადო კაცმა?! ასევე, განსაკუთრებული მაგიური თვისებები აქვს უბრალო ღილს, რომელიც ჩვენს ტანსაცმელზე აკერია. ვერ დავიჯერებ, რომ ასაკში შესული ადამიანებისგან გაგებული არ გქონდეთ, რომ ჩაცმულ ტანისამოსზე ღილი არ უნდა დაიკერო.
– არ დაგიმალავთ და, ეს მეც მსმენია, მაგრამ რატომ არ შეიძლება ჩაცმულ ტანსაცმელზე ღილის მიკერება, ამაზე არ მიფიქრია.
– საქმეც ისაა, რომ, თუ ჩაცმულ ტანსაცმელზე ღილს მიაკერებთ, კარგა ხანს რომანტიკულ შეხვედრებსა და რჩეულთან მშვიდ და წყნარ ცხოვრებას ნუ ელით. ასე რომ, ჩაცმულზე დაკერებული ღილის წყალობით უბედობის, უიღბლობისა და პრობლემების მსხვერპლი ხდებით. განსაკუთრებული პრობლემები დაოჯახებულ ადამიანებს ექმნებათ ასეთი ქცევით. შესაძლოა, ამ დაუფიქრებელმა ნაბიჯმა, რომელზეც ჩვენ ახლა ვსაუბრობთ, ღალატის წინაშეც დაგაყენოთ და ამით საყვარელი ადამიანისგან დიდი ტკივილი განიცადოთ. ასევე, არ გირჩევთ ღილის მიკერებას ტანსაცმელზე მზის ჩასვლის შემდეგ – ამით ბედს გაითვალავთ და, შესაძლოა, ორმხრივი სიყვარული დიდი ხნის განმავლობაში ვეღარ განიცადოთ. აქვე იმასაც გეტყვით, რომ ტანსაცმელზე ღილები აუცილებლად წყვილად უნდა ეკეროს, რომ წარმატებებს ადვილად მიაღწიოთ, ნებისმიერ სიტუაციაში თქვენი აზრი დაფიქსირდეს, გარშემო მყოფებთან ნდობით ისარგებლოთ და საპირისპირო სქესის წარმომადგენლებისთვის შესამჩნევი და სასურველი იყოთ. მოკლედ, თუ გინდათ პირად და კარიერულ ცხოვრებაში ხელი მოგემართოთ, ტანსაცმელზე ღილები ლუწი რაოდენობით უნდა ეკეროს.
– თუ მაინც კენტი რაოდენობის ღილი აკერია ტანსაცმელს, ამ დროს რა ხდება?
– თუ ადამიანს ტანსაცმელზე კენტი რაოდენობის ღილი აკერია, ის იმ დღეს ხელმოცარული იქნება. ამიტომ, გირჩევთ, ამ ერთი შეხედვით უმნიშვნელო საკითხს მეტად წინდახედულად და ყურადღებით მიუდგეთ. არ ჯობია, ზედმეტი ღილი ააჭრათ ტანსაცმელს და ასე იოლად აიცილოთ თავიდან უსიამოვნებები?
– ღილის ფერსაც მნიშვნელობა აქვს?
– რასაკვირველია. ძალიან კარგია, ეს კითხვა რომ დამისვით. მოკლედ, გეტყვით იმასაც, რომ, თუ საპასუხისმგებლო საქმეზე ან მოლაპარაკებაზე აპირებთ წასვლას გირჩევთ, ისეთი სამოსი ჩაიცვათ, რომელზეც ღია ფერის ღილებია დაკერებული; მაგრამ, თუ საქმის გასარჩევად, ვალის დასაბრუნებლად ან საჩხუბრად მიდიხართ, მაშინ, მუქღილებიანი სამოსი გამოგადგებათ (იცინის). ამას მიაქციეთ ყურადღება და, მერწმუნეთ, ცხოვრებაში წარმატება და იღბალი გარანტირებული გექნებათ.