უკრაინელი ინჟინრისთვის ტაილანდში მივლინება თოთხმეტწლიან მონობად იქცა
უკრაინელი ინჟინერი ანატოლი ვდოვიჩენკო, რომელმაც 14 წელი ბანგკოკის გარეუბანში, ერთ-ერთ ფაბრიკაში მონობაში გაატარა, ამზადებს საჩივარს თავისი მტანჯველების წინააღმდეგ ტაილანდის განსაკუთრებულ საქმეთა გამოძიების დეპარტამენტში.
57 წლის მამაკაცი გათავისუფლებულ იქნა 11 იანვარს, ბანგკოკში ტაილანდში უკრაინის საკონსულოს თანამშრომლების მიერ მას შემდეგ, რაც კონსულმა ფაბრიკის მფლობელს განუცხადა, რომ პოლიციას გამოიძახებს.
უკრაინის საკონსულომ ბანგკოკში ცნობები მათი თანამემამულის მონური შრომის შესახებ მიიღო ბირმელი გასტარბაიტერის წერილიდან, რომელიც რამდენიმე ხანს მუშაობდა იმავე ფაბრიკაში.
ვდოვიჩენკო მუშაობდა დაცვის ქვეშ და ხელფასის გარეშე. მთელი ამ დროის განმავლობაში, მის ოჯახს არ შეეძლო მასთან დაკავშირება. თვით ინჟინერმა არც კი იცოდა, რომ მისი მონობის დროს გაიხსნა უკრაინის საელჩო ტაილანდში. მას არ აძლევდნენ გაზეთის წაკითხვის უფლებას, არ ჰქონდა რადიო, ტელევიზორი; ინჟინრის თქმით, ერთადერთი რუსული წიგნი მას წაართვა და დაუხია ფაბრიკის მფლობელმა.
ვდოვიჩენკომ უამბო გაზეთს, რომ ტაილანდში 1996 წელს მივლინებით ჩავიდა ჟანგბადის წარმოების ხაზის დამონტაჟებისა და გაშვების მიზნით. უკრაინულ ფირმას, რომელშიც იგი მუშაობდა, ჰქონდა პარტნიორული ურთიერთობა ბანგკოკის კომპანიასთან.
1996 წლის აპრილში ვდოვიჩენკომ საწარმოს ავარიის გამო მიიღო დამწვრობა და იძულებული იყო, დარჩენილიყო ტაილანდში სამკურნალოდ. ამის შემდეგ, მისი სიტყვებით, ფაბრიკის მფლობელმა შესთავაზა მას, კონტრაქტით დარჩენილიყო ფაბრიკაში სამუშაოდ. რადგან, ვდოვიჩენკო, როგორც კარგი სპეციალისტი, ფაბრიკისთვის საჭირო იყო.
1997 წელს ფაბრიკის მფლობელმა შეუმცირა მას ხელფასი, შემდეგ კი საერთოდ შეუწყვიტა გადახდა. როდესაც ვდოვიჩენკომ მას კუთვნილი ხელფასი მოსთხოვა, ფაბრიკის მფლობელმა მოტყუებით წაართვა პასპორტი და აიძულა იგი, უხელფასოდ ემუშავა. ვდოვიჩენკო მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშ იყო, ხოლო „ბატონი” მას ხშირად ემუქრებოდა პისტოლეტით.
უკრაინის საკონსულოს უფროსმა, კონსტანტინ ივაშჩენკომ, უამბო გაზეთს, რომ, როდესაც იგი გათავისუფლების შემდეგ შეხვდა ვდოვიჩენკოს, ყოფილი ტყვე პრაქტიკულად ვერ ლაპარაკობდა მშობლიურ ენაზე.
„ბანგკოკ პოსტი” წერს, რომ ვდოვიჩენკო უჩივის თავის მტანჯველებს და იმედოვნებს, რომ ის არა მარტო დასჯის თავის მწვალებლებს, არამედ მიიღებს მათგან კომპენსაციას მატერიალური და მორალური ზიანის გამო.