როგორ დაკარგა ოჯახმა მამა და მეუღლე დიდი ბიზნესის გამო
49 წლის ლეილა ზაქარიას ასული ტამოევა, 11 წლის მევლუდ მერაბის ძე მოსიაშვილი და 20 წლის მეგი მერაბის ასული მოსიაშვილი ეძებენ 52 წლის მერაბ ზურაბის ძე მოსიაშვილს.
ისტორია: მე და ჩემი შვილები ვეძებთ ჩემს მეუღლეს: 52 წლის მერაბ ზურაბის ძე მოსიაშვილს. ჩვენ მასთან ერთად ვცხოვრობდით ტიუმენის მხარის ქალაქ ნეფტიუგანსკში, საიდანაც მე წლინახევრის ბიჭთან და 10 წლის გოგონასთან ერთად წამოვედი საქართველოში სტუმრად. შემდეგ როგორც ვიცი, მეუღლეს პრობლემები შეექმნა ბიზნესში და ჩვენც უკან ვეღარ დავბრუნდით. ბოლო საუბარი მასთან 2001 წელს მქონდა, მას შემდეგ კი ყველა კონტაქტი გაწყდა და დღემდე არ ვიცი, რა მოხდა იქ სინამდვილეში. სად აღარ მივედი და ვის აღარ მივმართე, მაგრამ ყველგან გულგრილობასა და უსამართლობას შევხვდი. ამდენი ნერვიულობით ავადაც გავხდი და ამჟამად ჩემს შვილებს მხოლოდ თქვენი იმედიღა დარჩათ, რომ მამა აპოვნინოთ და დაგვეხმაროთ იმის გარკვევაში, თუ რა მოხდა სინამდვილეში. უმორჩილესად გთხოვთ, გამოიჩინოთ გულისხმიერება და დაგვეხმაროთ მის პოვნაში.
– როგორ დაკარგეთ მეუღლე, რატომ დაიკარგა მასთან სატელეფონო კავშირიც კი?
– ჩვენ ყველანი ერთად ვცხოვრობდით ტიუმენის მხარის ქალაქ ნეფტიუგანსკში, საიდანაც მე, ჩემი ვაჟი და ჩემი გოგონა 2000 წელს მეუღლემ საქართველოში გამოგვიშვა დროებით, სტუმრად. მერაბს იქ, ნეფტიუგანსკში, ჰქონდა კარგად აწყობილი ბიზნესი, მისი აბსოლუტურად ყველა საბუთი და ლიცენზია წესრიგში იყო, ფლობდა ფერმას, ქარხანას, ჰქონდა თავისი პროფილაქტიკა. დღემდე ვერ ვხვდები, რა შეიძლებოდა, მომხდარიყო. როდესაც საქართველოში ჩამოვედი, ჩემი ვაჟი წლინახევრის იყო. ის ჩვენი ნანატრი შვილია, რადგან ვაჟი არ გვყავდა და, გამორიცხულია, რომ მამამისს ის დაევიწყებინა (ტირის). ბოლოს 2001 წელს დამირეკა და მითხრა, რომ რაღაც პრობლემები აქვს ბიზნესთან დაკავშირებით, ეს იყო ჩვენი ბოლო საუბარი, მეტად მას აღარ დაურეკავს და არც ვიცით, რა მოხდა და სად არის.
– პირადად თქვენ რას ვარაუდობთ, რა შეიძლება მომხდარიყო, სახიფათო ბიზნესსაც ხომ არ ეწეოდა?
– არ ეწეოდა სახიფათო ბიზნესს, მას ყველა საბუთი წესრიგში ჰქონდა და ლიცენზირებული იყო ყველაფერი. მე ვეჭვობ, რომ მისი პარტნიორის – ბეჟან მირცხულავას გამო, რომელთან ერთადაც ეწეოდა საქმიანობას და რომელიც არანაირად არ იყო სანდო პიროვნება, მოხდა ეს ყველაფერი. მერაბი და ბეჟანი ძმაკაცები იყვნენ. ვინც ბეჟანს იცნობდა, ყველა აფრთხილებდა ჩემს ქმარს, რომ მასთან საქმე არ დაეჭირა, მაგრამ, მერაბმა მათ არ მოუსმინა. დამეთანხმებით, ალბათ, რომ საეჭვოა ამხელა ქონებისა და ბიზნესის პატრონს ყველაფერი უკვალოდ და ერთ დღეში დაეკარგა, ეს ხომ არარეალურია. ჩვენ ბეჟანსაც ვურეკავდით, ის გვიმტკიცებდა, რომ არ იცის, სად არის მერაბი და რა მოხდა. ტერიტორიული სიშორისა და უსახსრობის გამო იქ ვერ ჩავედი და ყველაფრის გარკვევა ადგილზე ვერ მოვახერხე. სულ ველოდებოდით, რომ თვითონ დარეკავდა. წარმოუდგენელი იყო ჩვენთვის მისი დაკარგვა. ჩემი ვაჟი ამჟამად 10 წლისაა და ყველაზე მეტად ის განიცდის მამიკოს გვერდში არყოფნას. სწორედ მისი ინიციატივა იყო თქვენთან დაკავშირებაც, რადგან პირადად მე უკვე უიმედოდ ვარ.
– აქამდე ვის მიმართეთ თქვენი მეუღლის მოსაძებნად და რამის გარკვევა თუ მოახერხეთ?
– თქვენ ვერც კი წარმოიდგენთ, რა მონდომებით ვეძებდი, ვის და სად აღარ მივმართე, საგარეო სამინისტროდანაც კი მომივიდა დოკუმენტი, რომელშიც ძალიან დიდი სისულელე წერია, ფაქტია, რომ ეს დოკუმენტი გაყალბებულია. მე იქიდან 2000 წლის 2 ივნისს წამოვედი, იმ დოკუმენტში კი წერია, რომ ჩემი მეუღლე 1998 წელს ცხოვრობდა იქ, 1999 წლის აპრილიდან კი იქიდან წავიდა. როგორ შეიძლება, ეს მომხდარიყო, როცა მან მე იქიდან 2000 წელს გამომაცილა და მე ამის დამამტკიცებელი საბუთიც კი მაქვს?! (ტირის).
– თქვენი აზრით, რა მოხდა სინამდვილეში?
– მე გავგზავნე მიმართვა საგარეო საქმეთა სამინისტროში, რადგან ჩემი მეუღლე ჩაწერილი იყო სიღნაღის რაიონის ქალაქ წნორში, საქობოში. იქ მივიდა „ზაპროსი”, რომელიც ჩემს მეუღლეს ეხებოდა. მივმართე თბილისში, ჩიტაძის ქუჩაზე მდებარე სათანადო ორგანიზაციას და ვთხოვე, რომ ჩემი მეუღლის შესახებ მოეძიათ რაიმე ინფორმაცია და ჩემთვის გადმოეცათ. ჩამოვიდა კურიერი, რომელმაც ჩამომიტანა ჩემი მეუღლის საბუთები, მერაბის ფოტოც კი მაჩვენა და მითხრა, რომ მეორე დღეს ყველაფერი ისევ უკან უნდა გაეგზავნათ. ვთხოვე, ის მაინც მითხარით, ცოცხალია თუ არა, სად ვეძებო და როგორ დავუკავშირდე-მეთქი. დამამშვიდა – ცოცხალია, ნუ ნერვიულობთო, მაგრამ მეტი ინფორმაცია არ მომცა, რადგან ქორწინების საბუთი მთხოვა, რომელიც მე არ მაქვს, რადგან მე და ჩემს მეუღლეს, მიუხედავად იმისა, რომ ორი შვილი გვყავს, ხელი არ გვაქვს მოწერილი. ოფიციალური ძებნით რომ ვერაფერს გავხდი, ვიპოვე ერთი ქალბატონი, რომელიც სამმართველოში მუშაობდა და ის შემპირდა დახმარებას, ოღონდ, იმ შემთხვევაში, თუ მის ვინაობას არ გავამხელდი. გადავუხადე თანხა და მისგან ვიცი, თითქოს ჩემი მეუღლე უზბეკეთის ქალაქ კოკანდშია და იქ ციხეში ზის, მაგრამ, არ ვიცი, რამდენად სანდოა ეს ინფორმაცია. უბრალოდ, აღარ ვიცი, სად ვეძებო და როგორ.
თუ ვინმეს გაქვთ რამე ინფორმაცია ამ ისტორიების შესახებ, ან თუ გსურთ თქვენც გაგიწიოთ დახმარება დაკარგული ახლობლის მოძებნაში, დაგვიკავშირდით: 33-42-24; 893 22-04-31. დარეკეთ საღამოს, 6 საათის შემდეგ. E-mail: tbiliselebi2001@yahoo.com.
ნატალია მახარაშვილი