ადვოკატი გირჩევთ
კითხვა: შესაძლოა თუ არა ევროპის სასამართლოს გადაწყვეტილების გადასინჯვის მოთხოვნა?
პასუხი: სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, თუ აღმოჩნდება ფაქტი, რომელიც გადაწყვეტილების მიღებისას ცნობილი არ იყო სასამართლოსთვის და ალბათობაც არ არსებობს, რომ ის მხარეებისთვის ცნობილი იქნებოდა, ამ ფაქტს კი შეუძლია, გადამწყვეტი ზეგავლენა იქონიოს სასამართლოს მსჯელობაზე, მხარეს შეუძლია გადაწყვეტილების გადასინჯვის მოთხოვნით მიმართოს სასამართლოს, ფაქტის მოპოვებიდან ექვსი თვის განმავლობაში. გადაწყვეტილების გადასინჯვის თხოვნა შეიძლება, არ დაკმაყოფილდეს, თუ არ არსებობს მისი დაკმაყოფილების მიზეზი. იმ შემთხვევაში კი, თუ თხოვნა დაკმაყოფილდა, სასამართლოს გამოაქვს თავისი გადაწყვეტილება.
კითხვა: როგორ ხდება ევროპის სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულება?
პასუხი: ევროპის სასამართლოს გადაწყვეტილება, ექვემდებარება სავალდებულო აღსრულებას. მინისტრთა კომიტეტი, რომელიც არის ევროპის საბჭოს აღმასრულებელი ორგანო, მეთვალყურეობას უწევს წევრი ქვეყნების ვალდებულებათა შესრულებას, მათ შორის ევროპის სასამართლოს გადაწყვეტილებათა აღსრულებას. მას შემდეგ, რაც სასამართლო მიიღებს გადაწყვეტილებას, განმცხადებელს არ ეკისრება რაიმე სახის ზომების მიღება გადაწყვეტილების აღსრულებასთან დაკავშირებით. გადაწყვეტილება ავტომატურად გადაეცემა მინისტრთა კომიტეტს. საბოლოო გადაწყვეტილების მინისტრთა კომიტეტისადმი გადაცემის შემდეგ, ეს უკანასკნელი მოპასუხე სახელმწიფოს სთხოვს, მიაწოდოს ინფორმაცია მის მიერ მასზე დაკისრებული ნებისმიერი სამართლიანი კომპენსაციის (კომპენსაცია და/ან ხარჯები) ანაზღაურების შესახებ, ისევე როგორც ნებისმიერი ცალკეული ზომის შესახებ, რაც სახელმწიფოს მიიყვანს შესაბამისობაში გადაწყვეტილებით დაკისრებულ სამართლებრივ ვალდებულებასთან. საბოლოო გადაწყვეტილება უნდა აღსრულდეს 3 თვის ვადაში. გადაწყვეტილებების აღსრულების მიზნით, საქართველოს იუსტიციის მინისტრი, სასამართლოს მიერ საბოლოო გადაწყვეტილების გამოტანიდან ორი კვირის ვადაში, გამოსცემს ადმინისტრაციულ აქტს, რომელიც ეგზავნება სააღსრულებო ბიუროს. განმცხადებელი, რომლის სასარგებლოდ არის გამოტანილი გადაწყვეტილება, უნდა გამოცხადდეს სააღმსრულებლო ბიუროში, წარადგინოს პირადობის დამადასტურებელი მოწმობა, რის შემდეგაც სასამართლოს აღმასრულებელი გადასცემს მას შესაბამის დოკუმენტს. მასში მითითებული იქნება იმ თანხის ოდენობა, რომელიც უნდა მიიღოს. შესაბამისი დოკუმენტის ბანკში წარდგენით, განმცხადებელი მიიღებს ევროპის სასამართლოს მიერ ბიუჯეტიდან მის სასარგებლოდ დაკისრებულ თანხას.
კითხვა: მოქალაქე სასამართლოს მიერ გამოცხადდა გარდაცვლილად, რის გამოც ცოლს შეუწყდა მასთან ქორწინება და გათხოვდა სხვაზე. ხუთი წლის შემდეგ ყოფილი ქმარი გამოჩნდა, რომლის განცხადების საფუძველზე, გაუქმდა სასამართლოს გადაწყვეტილება მისი გარდაცვლილად გამოცხადების შესახებ. აქვს თუ არა მას ქორწინების აღდგენის მოთხოვნის უფლება?
პასუხი: ქორწინება არ შეიძლება აღდგეს, თუ გარდაცვლილად გამოცხადებული, ან უგზო-უკვლოდ დაკარგულად აღიარებული პირის მეუღლე უკვე დაქორწინებულია სხვა პირზე.
კითხვა: მოხუცებულს ჰყავდა ერთადერთი ვაჟიშვილი, რომელიც გარდაეცვალა. დარჩა მხოლოდ რძალი. რძალმა ის მოხუცთა და ინვალიდთა თავშესაფარში მიაბარა. მოხუცს ჰქონდა აგარაკი და ძვირფასი წიგნები. გარდაცვალების შემდეგ აღმოჩნდა, რომ მან რძალს უანდერძა მხოლოდ წიგნები. ვის ეკუთვნის ანდერძის გარეთ დარჩენილი ქონება?
პასუხი: მოხუცთა და ინვალიდთა სახლს, რადგან მოხუცი მის რჩენაზე იმყოფებოდა.
კითხვა: შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელმა, რომელიც იმყოფებოდა საკუთარ ბინაში, უყურადღებოდ დატოვა ტაბელური იარაღი. მისმა არასრულწლოვანმა ვაჟმა დაუკითხავად აიღო იარაღი და შემთხვევით გაუვარდა, რასაც მოჰყვა დიასახლისის სიკვდილი. როგორ კვალიფიცირდება შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლის ქმედება?
პასუხი: როგორც ცეცხლსასროლი იარაღის დაუდევრად შენახვა.
კითხვა: არის თუ არა რაიმე შეზღუდვა უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე, რომელთაც სურთ სააღსრულებო ბიუროს მიერ გამართულ საჯარო აუქციონზე ქონების შეძენა?
პასუხი: მოქმედი კანონმდებლობიდან გამომდინარე, ნებისმიერ პირს აქვს უძრავი ქონების შეძენის უფლება, რადგან აუქციონი არის საჯარო და საქართველოს კანონი „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ ასეთ შეზღუდვას არ ითვალისწინებს.
კითხვა: ვინ არიან სათადარიგო მსაჯული და უფროსი ნაფიცი მსაჯული და რა ფუნქცია აქვთ მათ?
პასუხი: მოქმედი კანონმდებლობიდან გამომდინარე, სათადარიგო ნაფიცი მსაჯულები შეირჩევიან იმისათვის, რათა თავიდან იქნეს აცილებული საქმის ხელახალი განხილვა, თუ რომელიმე მოქმედ ნაფიც მსაჯულს გაუთვალისწინებელი რამ შეემთხვა. სათადარიგო მსაჯული სასამართლო სხდომას და სასამართლოს თათბირს ესწრება. სათადარიგო მსაჯულს უფლება არ აქვს, გამოხატოს საკუთარი აზრი, გავლენა მოახდინოს ნაფიც მსაჯულებზე ან მიიღოს მონაწილეობა კენჭისყრაში.
სანამ ნაფიცი მსაჯულები სათათბირო ოთახში გავლენ, სხდომის თავმჯდომარე შერჩეულ მსაჯულთაგან ერთ-ერთს ნიშნავს უფროს მსაჯულად, რომელიც აირჩევა ნაფიცი მსაჯულების შემადგენლობიდან, მსაჯულთა მიერ, წილისყრის საფუძველზე უფროსი მსაჯული თათბირს ხელმძღვანელობს და, საჭიროების შემთხვევაში, ნაფიც მსაჯულთა სახელით წერილობითი შეკითხვით მიმართავს სხდომის თავმჯდომარეს. იგი გადაწყვეტილების მიღებისას კენჭისყრის საერთო შედეგებს აჯამებს, შესაბამის დოკუმენტებს ადგენს, სხვა მსაჯულებთან ერთად ხელს აწერს ვერდიქტს და სასამართლოს სხდომაზე აცხადებს მას.
კითხვა: შეიძლება თუ არა, ბრალდებულს სასჯელის სახით შეეფარდოს თავისუფლების აღკვეთა 2 თვის ვადით?
პასუხი: სასჯელის სახის თავისუფლების აღკვეთის მინიმალური ვადაა 6 თვე. ნაკლები ვადით თავისუფლების აღკვეთის შეფარდება შესაძლებელია მხოლოდ საპროცესო შეთანხმების დადების შემთხვევაში.