როგორ ეძებს ინგლისში მცხოვრები გოგონა თავისი ცხოვრების სიყვარულს თბილისში
25 წლის სუსანა თამაზის ასული გვილავა ეძებს 25 წლის დაჩი მიხეილის ძე სისვაძეს.
ისტორია: ვეძებ 25 წლის დაჩი მიხეილის ძე სისვაძეს. დაჩი დაიბადა და გაიზარდა თბილისში. ჩვენ ერთმანეთი ინტერნეტით გავიცანით და სამი წლის განმავლობაში ვხვდებოდით ერთმანეთს. 2007 წლიდან საცხოვრებლად ინგლისში, ლონდონში წამოვედი – აქ ვსწავლობ და ვმუშაობ. მას შემდეგ, რაც საქართველოდან წავედი, ისევ ინტერნეტით გვქონდა ურთიერთობა. ორი წელია, რაც დაჩი დავკარგე. ვერანაირად ვერ ვუკავშირდები და სულ ვფიქრობ მასზე, ძალიან მინდა, მის პოვნაში დამეხმაროთ.
ჟურნალისტის შენიშვნა: ეს ისტორია სუსანამ ელექტრონული ვერსიით მომაწოდა, შემდგომ კი დამიკავშირდა და დახმარება მთხოვა. სწავლისა და სამსახურის გამო ჩემი რესპონდენტი კიდევ ხუთი წლის განმავლობაში ვერ ჩამოვა საქართველოში. იმედი აქვს, რომ ამ ისტორიას წაიკითხავს მისი შეყვარებული და გამოეხმაურება. ვიმედოვნებ, რომ ამ ისტორიას ექნება თავისი ლოგიკური და კეთილი დასასრული.
– სუსანა, გვიამბე, სად გაიცანით ერთმანეთი და როგორ შეგიყვარდა ეს ადამიანი ისე, რომ უცხოეთში წასულმაც კი ვერ დაივიწყე?
– მე და დაჩის ისტორია ძალიან სტანდარტულად დაიწყო. იმ დროს, როდესაც დაჩი გავიცანი, საერთოდ არ ვფიქრობდი სიყვარულზე და ჩემმა მეგობრებმა ჩემგან დამოუკიდებლად განათავსეს ჩემი ფოტო ერთ-ერთ საიტზე, სადაც ადამიანების გაცნობა ხდებოდა – ასე ცდილობდნენ ისინი დეპრესიიდან ჩემს გამოყვანას, ბოლოს დამითანხმეს, რომ გართობის მიზნით მაინც დავლაპარაკებოდი ვინმეს – რა იცი, რა მოხდება, იქნებ ვინმე შეგიყვარდესო. სიმართლე გითხრათ, მაშინ მეგონა, რომ მხოლოდ გავერთობოდი, მაგრამ, როდესაც დაჩიმ პირველად მომწერა, მისი ფოტო ვნახე და მაშინვე მომეწონა. მერე თავისი ტელეფონის ნომერიც მომწერა და ასე დაიწყო ჩვენი ნაცნობობა. ორი თვის განმავლობაში მხოლოდ ტელეფონით ვურთიერთობდით. არც ერთს არ გვეჩქარებოდა შეხვედრა, თუმცა, ვხვდებოდი, რომ ძალიან მომწონდა ეს ადამიანი თავისი აზროვნებითა და საუბრით. პირველად კაფეში შევხვდით, პავლოვზე. გუშინდელივით მახსოვს ჩვენი შეხვედრა და ყოველთვის მეხსომება. ეს იყო ჩემი პირველი სიყვარული, რომელიც, ვიცი, რომ მთელი სიცოცხლის განმავლობაში თან ვატარებ. მეორე შეხვედრაზე უკვე გულახდილი საუბარი გვქონდა და მან მე სიყვარული ამიხსნა. დაჩი სწავლობდა იურიდიულ ფაკულტეტზე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტში. მეც და მასაც ცოტა დრო გვქონდა იმისთვის, რომ ხშირად გვენახა ერთმანეთი, მაგრამ, დღე არ გავიდოდა, ტელეფონით რომ არ დავკავშირებოდით.
– რატომ დაშორდით ერთმანეთს, რა მოხდა მერე?
– დღემდე არ ვიცი, რა მიზეზით მოხდა ასე. მე და დაჩი ოჯახის შექმნაზე ვფიქრობდით. სანამ ინგლისში წასვლას გადავწყვეტდი, მან თავისი სახლიც კი მანახა, სადაც ჩვენ ერთად უნდა გვეცხოვრა. მერე კი დაიკარგა, ვურეკავდი ტელეფონზე, მაგრამ სულ გამორთული ჰქონდა, ასე გრძელდებოდა ექვსი თვის განმავლობაში. არ ვიცი, სხვა ჩემს ადგილას, ალბათ, ჭკუიდან შეიშლებოდა, მე კი მაინც მჯეროდა, რომ ის გამოჩნდებოდა. მართლაც, ნახევარი წლის მერე მან დამირეკა და მითხრა, რომ ყველაფერს შეხვედრისას ამიხსნიდა. როდესაც შევხვდი, გავიგე, რომ თურმე, მამა მოუკვდა და არ უნდოდა, რომ ამ ამბით „დავეგრუზე“, ამიტომ, გადაწყვიტა, დროებით გამქრალიყო ჩემი ცხოვრებიდან. მითხრა, მას რაღაც დრო სჭირდებოდა იმისთვის, რომ გამოსულიყო ამ მდგომარეობიდან; დედაჩემს ჰყავს დაქალი, რომელიც უკვე 16 წელია, ინგლისში ცხოვრობს და მან ურჩია დედას, რომ მასთან გავეგზავნე. ჩემს ოჯახში ეს საკითხი უცებ გადაწყდა და მე გავფრინდი ინგლისში. მაშინ მეგონა, რომ ასე უკეთესი იქნებოდა ჩემთვის, რადგან ყველა ჩემი მეგობრები დაჩისთან დაშორებას მირჩევდნენ. მეგონა, ასე დამავიწყდებოდა. მას შემდეგ, რაც ინგლისში ჩამოვედი, იყო მომენტები, როდესაც ის მართლაც უზომოდ მენატრებოდა და ვნანობდი, რომ წამოვედი. ერთ მშვენიერ დღეს კი ისევ გამოჩნდა – ისევ მომწერა წერილი ინტერნეტით. ერთმანეთს სკაიპით ველაპარაკეთ და მითხრა, რომ დამელოდებოდა ან თვითონ ჩამოვიდოდა, როგორც კი ფულს შეაგროვებდა. ვერ დაიჯერებთ და, მის შემდეგ მისი ხმაც კი აღარ გამიგონია, ისევ არ მპასუხობს ტელეფონზე და სკაიპშიც აღარ არის. ორი წელი გავიდა, მე კი მასზე ვფიქრობ და მაინც მიყვარს. თბილისში ჩამოსვლას მხოლოდ 2017 წელს შევძლებ, ძალიან მინდა, ვიპოვო დაჩი და გავიგო, რა მოხდა ისეთი, რამაც მას ჩემი თავი დაავიწყა, მაინტერესებს, ვუყვარვარ თუ არა. მინდა, ეს ყველაფერი დავადგინო და მხოლოდ ამის შემდეგ აღარ ვიფიქრებ მასზე.
– იქნებ, მან სხვა გოგო შეიყვარა ან ოჯახი შექმნა – გიფიქრია ამაზე? მისი ასეთი გაუჩინარება რას უნდა ნიშნავდეს, შენი აზრით?
– მე მინდა, სიმართლე ვიცოდე, ვიცი, რომ, როცა ადამიანი გიყვარს, ყოველთვის ამართლებ, მაგრამ მე მისი დღემდე მჯერა და, ვშიშობ, იქნებ, რამე ცუდი შეემთხვა და ამის გამო არ მიკავშირდება. რომ არ ვყვარებოდი, მაშინ ხომ საერთოდ აღარ გამოჩნდებოდა! ან, რა მიზეზით მომატყუებდა? თუკი სხვა შეიყვარა და მე აღარ ვახსოვარ, ვფიქრობ, ამისი გაგების უფლებაც მაქვს. სამწუხაროდ, მისი მხოლოდ ერთი ფოტო მაქვს. მეგონა, დავივიწყებდი, მაგრამ დღემდე მესიზმრება და ველოდები მის ზარს. ამჟამად მე ყველაფერი მაქვს, რაზეც ადრე მხოლოდ ოცნება შემეძლო, მაგრამ არ მყავს შეყვარებული და ვიცი, რომ ვერავის შევიყვარებ, სანამ ამ ისტორიას არ გავარკვევ.
თუ ვინმეს გაქვთ რამე ინფორმაცია ამ ისტორიის შესახებ, ან თუ გსურთ თქვენც გაგიწიოთ დახმარება დაკარგული ახლობლის მოძებნაში, დაგვიკავშირდით: 33-42-24; 893 22-04-31. დარეკეთ საღამოს, 6 საათის შემდეგ. E-mail: tbiliselebi2001@yahoo.com.