რით დასრულდა რუსეთში მცხოვრები შვილის მიერ მამის მოძებნის ისტორია და ვინ იპოვა მან საქართველოში
30 წლის რომან მზევარის ძე ლოგინოვი ეძებდა 54 წლის მზევარ შალვას ძე წულაიას.
ისტორია: ვეძებ მამას, 54 წლის მზევარ შალვას ძე წულაიას. როდესაც ბოლოს მამაჩემი ვნახე, სულ პატარა ვიყავი. ამჟამად 30 წლის ვარ და ძალიან მინდა, მამა ვიპოვო, მაგრამ მარტომ ეს ვერ შევძელი, თუკი ვინმემ რამე იცის მამაჩემის შესახებ, იმედია გამომეხმაურებიან. საქართველოში არასდროს ვყოფილვარ და ამჟამად თქვენ ჩემი ერთადერთი იმედი ხართ, შეიძლება საქართველოში, კერძოდ კი ფოთში, მამას ჰყავდეს ნათესავები, რომლებმაც იციან მისი ადგილსამყოფელი.
ჟურნალისტის შენიშვნა: ეს ისტორია რუბრიკა „დაკარგულების” 27 დეკემბრის ნომერში გამოქვეყნდა. სამწუხაროდ, რუსეთში მცხოვრებ შვილს – რომანს, დააგვიანდა მამის პოვნა, რადგან ის, ერთი წლის წინ გარდაცვლილა, მაგრამ ამ ისტორიას გამოეხმაურა რომანის ნახევარდა – ეკა წულაია, რომელიც საქართველოში ცხოვრობს და თანახმაა, ჰქონდეს ურთიერთობა თავის ნახევარძმასთან.
დღევანდელი რუბრიკის სტუმარი რომან მზევარის ძე ლოგინოვია.
– როგორ დაკარგეთ მამა-შვილმა ერთმანეთი და რა ხერხებით ეძებდით მშობელს?
– როგორც წინა ინტერვიუში გიამბეთ, მამაჩემი ქართველი იყო და 1977-1978 წლებში სამუშაოდ ჩამოვიდა საქართველოდან ვოლგოგრადში, დურნოვსკის მხარეში, სადაც გაიცნო დედაჩემი – ვალენტინა ივანეს ასული ლოგინოვა. მათ შეუყვარდათ ერთმანეთი და რამდენიმე წელი ერთად იცხოვრეს კიდეც. 1980 წლის 10 სექტემბერს გავჩნდი მე. მამაჩემისთვის პირველი შვილი ვიყავი და, როგორც ვიცი, ძალიან ვუყვარდი, მაგრამ, ჩემთვის უცნობი მიზეზის გამო მამამ მიგვატოვა მე და დედაჩემი და წავიდა ჩვენგან. სანამ პატარა ვიყავი, მისი მოძებნა არ მიცდია, რადგან სულ ველოდი და ვიმედოვნებდი, რომ ერთ მშვენიერ დღეს დაბრუნდება ან ხმას მოგვაწვდის-მეთქი, მაგრამ ასე არ მოხდა. დღემდე დედაჩემის გვარს ვატარებ. მამაჩემის ერთადერთი ფოტო მქონდა, რომელსაც დღემდე ვინახავ და მხოლოდ ამ ფოტოზე ვამყარებდი იმედს, რომ მამის პოვნაში დამეხმარებოდა. დიდი ხანი იყო გასული მას შემდეგ, რაც მამას ვეძებდი, იმედიც კი ამომეწურა უკვე და, სიმართლე გითხრათ, თქვენთან დაკავშირებით შემდეგაც არ ველოდი რაიმე შედეგს. პირველად „ჟდი მენიაში” განვაცხადე და, სწორედ „ჟდი მენიას“ სამძებრო საიტზე, ჩემი ისტორია 6 წელი უპასუხოდ იდო. მიუხედავად იმისა, რომ ვიცოდი, რა დიდი დრო უნდა მოძებნას, მაინც ველოდი შედეგს. შეიძლება, ყველაფერი სხვანაირად ყოფილიყო, თავიდანვე თქვენთვის რომ მომემართა. როგორც არ უნდა იყოს, მაინც დიდი მადლობელი ვარ თქვენი და თქვენი რუბრიკის, რადგან მე ჩემი ნახევარდა გამომეხმაურა.
– ჩვენი ჟურნალის რედაქცია იზიარებს თქვენს მწუხარებას – მამის პოვნა მართლაც დაგვაგვიანდა, რადგან მზევარი ერთი წლის წინ გარდაცვლილა, მაგრამ, თქვენ გყავთ ნახევარდა, რომელსაც სურს თქვენთან ურთიერთობა. როგორ ფიქრობთ, სად ან როგორ შეხვდებით ერთმანეთს?
– ჩემთვის დიდი ბედნიერებაა, რომ მე ჩემი ნახევარდა ვიპოვე, რადგან ყოველთვის ვფიქრობდი, თუ მამას ვიპოვი და მას მეორე ოჯახი ეყოლება, მის შვილებთან კარგი ურთიერთობა მექნება-მეთქი, დიდი მადლობელი ვარ ჩემი ნახევარდის იმისთვის, რომ გამოეხმაურა ჩემს ისტორიას და ჩემთან ურთიერთობის სურვილი გამოთქვა. ჩვენი ერთმანეთთან დაკავშირება გართულდა, რადგან მე ისევ შევიცვალე საცხოვრებელი მისამართი და ამის შეტყობინება სამძებრო სამსახურისთვის დამაგვიანდა, ამიტომ, იმედს ვიტოვებ, რომ მას კვლავ უნდა ჩემთან დაკავშირება და, მიუხედავად ტერიტორიული სიშორისა, ჩვენ ამას ოდესმე აუცილებლად მოვახერხებთ. ამჟამად მე ვოლგოგრადში ვცხოვრობ, ძალიან მინდა ჩემი ნახევარდის ნახვა, მასთან საუბარი, მისი გაცნობა. დარწმუნებული ვარ, რომ მისგან მამაჩემის შესახებ ბევრ რამეს გავიგებ.
– ვინ გგულშემატკივრობდათ მამის მოძებნაში და რა რეაქცია ჰქონდათ მათ, როდესაც თქვენი ძებნის შედეგები გაიგეს?
– ყველაზე მეტად ამ საქმეში ჩემი მეგობრები მგულშემატკივრობდნენ, რომლებიც სულ მეუბნებოდნენ, რომ მამას აუცილებლად იპოვი, თუ ეს ძალიან გინდაო. როდესაც მათ გაიგეს, რომ მე დავუკავშირდი ძებნის სამსახურს საქართველოში, მეტი იმედით განეწყვნენ, მაგრამ ასეთ ფინალს არავინ ელოდა. ბუნებრივია, ყველას გული დაგვწყდა, რომ მისი პოვნა დამაგვიანდა, თუმცა, მე ამას სხვაგვარადაც ვუყურებ – ალბათ, ასე უნდა მომხდარიყო.
იმედს ვიტოვებ, რომ მამაჩემის მხრიდან ნათესავები, მათ შორის – ჩემი ნახევარდა და სხვებიც, ვინც ჩემთან ურთიერთობას ისურვებენ, კმაყოფილი დარჩებიან.