როგორ ეძებს შვილი სოფელ თირგნისში მცხოვრებ მამასა და ნათესავებს და რისი იმედი აქვს უკრაინაში მცხოვრებ ქართველ ქალს
ლუბა მიხეილის ასული ბუჯგულაშვილი ეძებს: 78 წლის მიხეილ (ჯიმშერ ) ნიკოლოზის ძე ბუჯგულაშვილს, 73 წლის ჟუჟუნა ნიკოლოზის ასულ კიკვილაშვილს, 79 წლის გიორგი ნიკოლოზის ძე ბუჯგულაშვილს, 50 წლის ნიკოლოზ გიორგის ძე ბუჯგულაშვილს და 53 წლის ცეპალი გიორგის ძე ბუჯგულაშვილს.
ისტორია: ვეძებ მამაჩემს – 78 წლის მიხეილ ნიკოლოზის ძე ბუჯგულაშვილს და ჩემს ნათესავებს: ბიძას – 79 წლის გიორგი ნიკოლოზის ძე ბუჯგულაშვილს, მამიდას – 73 წლის ჟუჟუნა ნიკოლოზის ასულ კიკვილაშვილს, ასევე ჩემს ბიძაშვილებს – ბუჯგულაშვილ ნიკოლოზს და მის ძმას. საქართველოში მე ძალიან ბევრი ნათესავი მყავს, რომლებთანაც უკვე 31 წელია, კონტაქტი დაკარგული მაქვს. თავად მე უკრაინაში ვცხოვრობ და აქედან რამდენჯერმე ვცადე წერილის გაგზავნა მათთან, მაგრამ წერილები ისე მიბრუნდება უკან, რომ ადრესატამდე ვერ აღწევს. თქვენი დიდი იმედი მაქვს იქნებ მაპოვნინოთ ჩემი ფესვები და ნათესავები.
– ლუბა, მოგვიყევი შენი ისტორია, როგორ დაკარგე მამა და ნათესავები?
– ჩემი მშობლები დაშორდნენ ერთმანეთს და მამამ სხვა ცოლი შეირთო. ბოლოს მამაჩემი ჩემს სანახავად 1984 წელს იყო ჩამოსული უკრაინაში, მას შემდეგ მე ის აღარ მინახავს. მიუხედავად იმისა, რომ მშობლები დაშორებულები იყვნენ, მე მამასთან ყოველთვის ძალიან თბილი ურთიერთობა მქონდა, პრაქტიკულად არც მიგრძვნია, რომ მამა ტერიტორიულად ჩემგან შორსაა, რადგან მე თვითონაც ხშირად ჩამოვსულვარ საქართველოში. ბოლოს 1978 წელს ვიყავი ჩამოსული და ყველა ჩემი ნათესავი მოვინახულე. ისინი ცხინვალსა და გორს შორის მდებარე სოფელ თირგნისში ცხოვრობდნენ. სამწუხაროდ, ეს ჩვენი ბოლო შეხვედრა იყო, რადგან მას შემდეგ ისინი აღარ მინახავს და ვერც ვუკავშირდები. ძალიან განვიცდი ამ ამბავს, რადგან აგვისტოს მოვლენების დროს, რამდენადაც ვიცი, ის ტერიტორია საკმაოდ დაზიანდა, დიდი იმედი მაქვს, რომ ჩემი მშობელი მამა და ნათესავები ცოცხლები არიან და საცხოვრებლად სხვაგან გადავიდნენ. 2007 წელს, ანუ, ჯერ კიდევ ომამდე, მე სატელეფონო საუბარიც კი შევუკვეთე, მაგრამ ოპერატორმა ვერ დამაკავშირა ჩემთვის გაურკვეველი მიზეზის გამო.
– რა იცით კიდევ მამის შესახებ რა ინფორმაცია შეიძლება გამოგვადგეს მის პოვნაში?
– მამაჩემის მეორე მეუღლეს მარო ერქვა, სამწუხაროდ, მისი გვარი არ მახსოვს, მაგრამ დაზუსტებით ვიცი, რომ მათ 1980 წელს იშვილეს ბიჭი (ანუ მე მყავს ძმა მამის მხრიდან), რადგან შვილი არ უჩნდებოდათ. მიუხედავად იმისა, რომ ჩემი ნახევარძმა ნანახიც კი არ მყავს, მისი პოვნა და გაცნობა ძალიან მინდა. მამას ჰყავს ძმა – გიორგი. ბიძაჩემი ამჟამად 79 წლის უნდა იყოს. ასევე, მყავს მამიდა – 73 წლის ჟუჟუნა, იგი მეუღლის გვარზეა და კიკვილაშვილია. საქართველოში მყავს ასევე ბიძაშვილები: ცეპალი და ნიკოლოზი, რომელთა პოვნაც ჩემთვის დიდი სიხარული იქნება. ვიცი, რომ ეს ინფორმაცია ასე თუ ისე მწირია ძებნის თვალსაზრისით, მაგრამ, სამწუხაროდ, მე მამის ფოტოც კი არ მაქვს და თქვენი ჟურნალის მკითხველის იმედს ვიტოვებ, იქნებ ამ ისტორიის მიხედვით ვინმემ გაიხსენოს ეს ხალხი და გამომეხმაურონ.
2009 წლის აგვისტოში გადავწყვიტე „ჟდი მენიას” რედაქციაში წერილის გაგზავნა და მათ საიტზე ჩემი განაცხადი განვათავსე. სწორედ იქიდან მირჩიეს, საქართველოში მყოფ ნებაყოფლობით დამხმარეებთან დაკავშირება, ვინაიდან დაკარგულების ისტორიები ძალზე ბევრია და, შესაბამისად, ამ ყველაფერს დიდი დრო სჭირდებოდა.
– როგორ ფიქრობ, შენი ნათესავებიც გეძებენ? ან, მათი პოვნის შემთხვევაში, სად აპირებთ შეხვედრას?
– ჩემი აზრით, მამაჩემსა და ჩემს ნათესავებს უნდა გაუხარდეთ ჩემი პოვნა, რადგან, როგორც უკვე ვთქვი, მე მათთან ძალიან კარგი და თბილი ურთიერთობა მქონდა, საქართველოც ძალიან მიყვარს და დიდი სიამოვნებით ჩამოვიდოდი მათი პოვნის შემთხვევაში. ჩვენი შეხვედრაც, წესით სწორედ საქართველოში უნდა მოხდეს. იმედია, ყველაფერი კარგად დამთავრდება და ჩვენ ერთმანეთს ახლო მომავალში შევხვდებით და ჩემს ძმასაც გავიცნობ. ვფიქრობ, მან იცის ჩემი არსებობის შესახებ და, ალბათ, მასაც გაუხარდება ჩემი გაცნობა.