როგორ გავიგოთ ყოფილა თუ არა ჩვენი ავტომობილი ნაავარიები
ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, ავტომობილი, რომელსაც ვიძენთ, ან უკვე ჩვენ საკუთრებაშია, ნაავარიები ყოფილა თუ არა. ყიდვის დროს ეს, რა თქმა უნდა, ფასზე იმოქმედებს, მოხმარებისას კი – მის უსაფრთხოებაზე. რამდენად დაცულია ესა თუ ის ავტომობილი ავარიის დროს და რა „დარღვეულობა” აქვს მას, ამას ინტერვიუდან შევიტყობთ.
მევლუდ მელაძე: ძალიან ხშირია ისეთი სიტუაცია, როდესაც მშვენიერ, ლამაზ ავტომობილს ვიყიდით, მაგრამ ცოტა ხანში, რომელიმე მეგობარი ან ხელოსანი გვეტყვის, რომ ის ნაავარიებია, გადაღებილია ან სხვა. როგორ უნდა გამოვიცნოთ ეს თავიდანვე და საერთოდ, როგორ უნდა მივხვდეთ, ესა თუ ის ავტომობილი დაზიანებული იყო თუ არა, არცთუ ისე რთულია. ვიზუალური დათვალიერებით მარტივად შეგვიძლია, გავიგოთ შეღებილია თუ არა ავტომობილი თავიდან და ჰქონდა თუ არა მას სერიოზული დაზიანება. მართალია, თუ კარგად არის აღდგენილი, ეს აღარ არის პრობლემა, ავტომობილი მშვენივრად ივლის, მაგრამ, ვინაიდან ჩვენ პირობებში მას იდეალურად ვერ აღადგენენ, ძალიან მარტივი ავტოსაგზაო შემთხვევის დროსაც კი, შესაძლოა, ავტომობილად სერიოზულად დაზიანდეს. სწორედ ამავე მიზეზით, რადგან ხელოსნები არ ხარჯავენ დიდ ენერგიას და დროს ავტომობილის შეღებვაზე, იოლად შეიმჩნევა ნებისმიერი დეფექტი. ეს მხოლოდ ხელოსნების ბრალიც არ არის. ჯერ მარტო ის აპარატი, რომელიც იდეალუად „შკურკავს” შესაღებად გასამზადებელ ავტომობილის 4 500 ევრო ღირს და საქართველოში ის არც ერთ პროფილაქტიკას არ აქვს. აქვე დავამატებდი, რომ ავტომობილს ყოველთვის არ ღებავენ დაზიანების გამო. ასე რომ, თუ ის ხელახლა შეღებილია, ეს არ ნიშნავს, რომ ცუდია...
– თუმცა, მაინც ჯობია, ვიცოდეთ, რა აქვს შეღებილი და რა შეკეთებული ჩვენს ავტომობილს.
– რა თქმა უნდა. როგორ გავიგოთ ეს? პირველი, რაც ყველაზე იოლად შესამჩნევია, უნდა შევხედოთ ავტომობილს გვერდიდან. ამ მხრიდან იოლად შეემჩნევა ტალღები, ანუ მას არ ექნება იდეალურად სწორი ზედაპირი. ხელით „გაშკურკვის” დროს, შეუძლებელია, ზედაპირი ტალღოვანი არ დარჩეს. მეორე – ავტომობილი იღებება ნაჭრებად – ცალკე ფრთა, ცალკე კარი. შეერთების ადგილას კი ყველაზე მეტადაა შესამჩნევი დეფექტი. კარი თითქოს მომრგვალებულია, ის იზნიქება და ასევე, ჩაზნექილია „კრილოც”. ხელოსნებსაც მინდა ვუთხრა, რომ ასეთი დეტალები ერთად „იშკურკება”. მძღოლებს კი გავაფრთხილებ, რომ თუ მხოლოდ კარი აქვთ შესაღები, უნდა „გაიშკურკოს” და „დაიშპაკლოს” ფრთა და კარი ერთად. თან, კარი უნდა იყოს დაკეტილი, რომ ფერთა გადასვლა იდეალურად მოხდეს. თუ კარსა და ფრთას შორის დიდი განსხვავებაა, ეს ნიშნავს, რომ ის უბრალოდ შეღებილი კი არა, შერემონტებულია ანუ, ის უბრალო ნაკაწრის გამო არ არის შეღებილი.
რაც შეეხება დაზიანებულ და აღდგენილ მანქანას, აუცილებალად უნდა მიექცეს ყურადღება, ვინაიდან თუ ის კარგად არ არის აღდგენილი, უსაფრთხოების ნორმები დარღვეული იქნება. ამის გასაგებად, უპირველესად, ავტომობილის ყველა კარი უნდა გააღოთ და კარის ჩარჩოებს ის რეზინები მოაძროთ, რომელიც დახურვისას მის ჰერმეტულობას უზრუნველყოფს. ის ძალიან ადვილად ძვრება და კეთდება. კარის ჩარჩოს კუთხეებს დააკვირდით: პირველი – იქ არ უნდა იყოს არც ერთი ტალღოვანი ნაწილი, მეორე – მისი შედუღება უნდა იყოს წერტილოვანი. თუ ასე არ არის და ის გადაბმულია, ეს ნიშნავს, რომ იქ სერიოზული ჩარევა მოხდა. თუ სადმე ნაკეციც აქვს, ეს, რომ ავარიის შედეგად შეიღუნა და გაასწორეს. ჩარჩო შიგნით იდეალურად სწორი უნდა იყოს, ასევე, როცა ძრავა ხუფს ავხდით. შეიძლება, თვითონ ის ნაწილი, რომელიც ავარიის დროს დარტყმას საკუთარ თავზე იღებს, სალონი დაზიანებისგან დასაცავად, ანუ, ეგრეთ წოდებული „ბაკავინა”, ტალღოვანი იყოს, რათა დაიკეცოს, მაგრამ, არავითარ შემთხვევაში, არ უნდა იყოს ტალღოვანი მისი კანტები. ასევე, არ უნდა იყოს შეღებილი ძრავას სექტორის ნაწილები, რადგან ეს კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს იმას, რომ წინა ნაწილი დაზიანებული გახლდათ და შემდეგ აღადგინეს. ძრავას სიმხურვალე ძალიან იოლად აფუჭებს საღებავს. ძრავას შიდა სექტორს არავინ ღებავს, თუ ის ნაავარიები არ არის. თან, მის შესაღებად საჭიროა ძრავას და სხვა დეტალების ამოღება, სხვანაირად ეს არ ხერხდება. ნაავარიები მანქანის კიდევ ერთი მარტივი ამოცნობა – ეგრეთ წოდებული „ზაზორები”, ანუ ადგილები კარსა და ჩარჩოს შორის, ფარებს, „სტოპებსა“ და მის გვერდებს შორის იდეალური უნდა იყოს.