კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

მსოფლიო ფეხბურთის ყველაზე კურიოზული ტრავმები

2011 წელი სულ ახალი დამდგარი იყო, იტალიური „მილანი” არაბულ მზეს ეფიცხებოდა დუბაიში და ადგილობრივ კლუბებთან სპარინგებს ატარებდა, როდესაც „როსონერის” ბრაზილიელმა შემტევმა, რობინიომ მსოფლიო ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე კურიოზული ტრავმა მიიღო. ფეხბურთელი მოედნის კიდესთან ტელეკამერას დაეჯახა და მუხლი დაიზიანა. ტრავმა სერიოზული არ აღმოჩნდა და ამჟამად რობინიო მწყობრშია. თუმცა ამ ფაქტმა გაგვახსენა მსოფლიო ფეხბურთის ისტორიაში დაფიქსირებული ყველაზე კურიოზული ტრავმები, რომლებიც მოთამაშეებმა არასპორტულ სიტუაციაში მიიღეს.

* 2002 წლის აგვისტოში ფრანგული „რენის” მცველი ჟულიენ ესკუდე საკუთარ ძაღლს ასეირნებდა, როდესაც მოულოდნელად, ქუჩაში კატა გამოჩნდა და ესკუდეს ძაღლმა მისი დაჭერა განიზრახა. ფეხბურთელმა სცადა შეეჩერებინა თავისი ოთხფეხა მეგობარი და ამ პროცესში აქილევსის მყესი გაიწყვიტა, რაც მას რამდენიმეთვიან უქმად ყოფნად დაუჯდა. იმ პერიოდში მოლაპარაკებები მიმდინარეობდა „მანჩესტერ იუნაიტედში” მის გადასვლაზე და რა თქმა უნდა, კონტრაქტი ჩაიშალა. ანალოგიური ტრავმა მიიღო „ჩელსის” ყოფილმა გოლკიპერმა, იტალიელმა კარლო კუდიჩინიმ, რომელიც ასევე საკუთარ ძაღლს გაეკიდა და სირბილის დროს მუხლი დაიზიანა.

* კატალონიური „ბარსელონას” 90-იანი წლების სათადარიგო გოლკიპერმა – კარლოს ბუსკეტსმა შესაშური რეაქცია გამოავლინა სახლში და გავარვარებული უთო დაიჭირა, რომელიც მის შვილს ეცემოდა თავზე. ბუსკეტსმა ხელის მრავლობითი დამწვრობა მიიღო, თუმცა გარჯა ამად ღირდა. მისი შვილი, სერხიო ბუსკეტსი, გვარდიოლას „ბარსას” უცვლელი წევრია.

* 1993 წელს „საუთჰემპტონის” მეკარემ დეივ ბიზანტმა ტრავმა მაიონეზის კონსერვის ქილით მიიღო. იგი სახლში მაცივრიდან პროდუქტის გამოღებას ცდილობდა და შემთხვევით, იდაყვი მაიონეზის ქილას გაჰკრა. ქილა ფეხზე დაეცა და მყესები დაუზიანა. ტრავმას ბიზანტი 2 თვის განმავლობაში მკურნალობდა. და ეს იყო ყველაზე ხანგრძლივი ტრავმა, რაც კი მას კარიერის განმავლობაში მიუღია.

* მოსკოვის „დინამოსთან” ერთად ესპანეთში შეკრებაზე მყოფ ქართველ ფეხბურთელს, ოთარ ხიზანეიშვილს თან ჰქონდა მართლმადიდებლური ხატი, რომელსაც საწოლის თავზე ჰკიდებდა ხოლმე. ერთხელ მას დაესიზმრა, რომ აუტს აწოდებდა და ხელი ისე აიქნია, ხატი ჩამოვარდა და თვალი დაუზიანა. თვალის გადარჩენა მოხერხდა, თუმცა ტრავმა მძიმე გამოდგა. ხიზანეიშვილის მსგავსად, ძილში მიიღო ტრავმა იტალიელმა მცველმა ლუიჯი ბონიცონიმ. ოღონდ აუტის ნაცვლად, მას პენალტის დარტყმა დაესიზმრა და ისე ძლიერ მოიქნია ფეხი, საწოლს მიარტყა და წვივში მოიტეხა.

* დანიელი ალან ნილსენი ახალი გადასული იყო „კოპენჰაგენიდან” ლონდონის „ჩელსის” რიგებში, როდესაც მისმა მეუღლემ იმშობიარა. ახალგამომცხვარი მამა სამშობიაროს ესტუმრა ჩვილის სანახავად. ნილსენმა ჩვილი ხელში აიყვანა, მან კი მამას თვალში თითი ისე ატაკა, რომ ნილსენი ერთი კვირის განმავლობაში, კუტუზოვივით თვალშეხვეული ესწრებოდა „ჩელსის” ვარჯიშებს.

* ინგლისის ნაკრების ექს-გოლკიპერს დევიდ ჯეიმსს მხარის კუნთი დაეჭიმა სახლის პირობებში. დივანზე წამოწოლილი დევიდი ტელევიზორს უყურებდა და გადაწყვიტა, ჟურნალის მაგიდიდან დისტანციური პულტი აეღო.

* ძაღლთან შეჯახებით დასრულდა „ბრენტფორდის” მეკარის, კრის ბროდის კარიერა. მოედანზე მოულოდნელად გამოვარდნილი ქუჩის ძაღლი მეკარეს დაეჯახა და ფეხი მოტეხა, რის გამოც მას ნაადრევად მოუწია კარიერის დასრულება.

* „რეინჯერსის” მცველი – კირკ ბროუდფუტი საავადმყოფოში მიკროტალღურ ღუმელში სადილის გაცხელების გამო მოხვდა. კირკმა კვერცხის მოხარშვა ღუმელში განიზრახა და როდესაც კარი გამოაღო, კვერცხი გასკდა და ფეხბურთელმა სახის მრავლობითი დამწვრობა მიიღო. ინციდენტის გამო ბროუდფუტი 2 თვის განმავლობაში მკურნალობდა.

* „ბარნსლის” ნახევამცველმა დარენ ბარნარდმა 5 თვე გაატარა ლაზარეთში, მას შემდეგ, რაც საკუთარი ძაღლის შარდის გუბეში დაუცურდა ფეხი და მუხლი დაიზიანა.

* ტრავმაზე უარესი, ნამდვილი ტრაგედია შეემთხვა ინდონეზიელ ფეხბურთელს, მასტარის 1995 წელს. ვარჯიშის დროს მოედანზე შევარდნილმა ღორების კოლტმა ფეხბურთელი გადაჯეგა, რის გამოც იგი ადგილზევე გარდაიცვალა.

* ესპანელი გოლკიპერი – სანტიაგო კანისარესი შხაპის შემდეგ სუნამოს იპკურებდა. ფლაკონი ხელიდან გაუვარდა და ფეხზე დაეცა. გატეხილი შუშით მყესი დაუზიანდა და ამ ტრავმის გამო მას 2002 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის გამოტოვება მოუწია.

* „ტოტენჰემელ” ალან მიურიეს, ერთხელ მხრის კუნთი კბილების კამოხეხვისას დაეჭიმა. დღემდე უცნობია, როგორ მოახერხა მან ამ ტრავმის მიღება.

* ხორვატი მილან რაპაიჩი თვითმფრინავით მგზავრობისას, ხელში ბილეთს ათამაშებდა და უხერხულად მოქნეული ხელით ბილეთის კუთხე თვალში მოირტყა. ფეხბურთელს თვითმფრინავშივე გაუწიეს სამედიცინო დახმარება, მაგრამ რამდენიმე მატჩის გამოტოვება მაინც მოუწია.

* 70-იანი წლების ნორვეგიელი მცველი – სვენ გრიონდალენი იძულებული შეიქნა ეროვნული ნაკრების მატჩი გამოეტოვებინა, რადგან დილის ვარჯიშის დროს მას ცხენ-ირემი (ლოსი) დაეჯახა.

* „ლიდს იუნაიტედის” და „ბლექბერნის” ყოფილ მცველს დევიდ მეტს ფეხზე მყესი იმიტომ გაუწყდა, რომ სამი წლის შვილი, სამბორბლიანი ველოსიპედით დაეჯახა და წააქცია.

* გოლკიპერი მიხაელ სტეენსგარდი ვერ მოხვდა „ლივერპულის” ძირითად შემადგენლობაში, სამაგიეროდ, ყველაზე კურიოზული ტრავმების რეიტინგშია მოწინავე პოზიციებზე. მეკარემ მხარი იმ დროს ამოიგდო, როდესაც დედის თხოვნით, კარადიდან საუთოებელი ფიცარი გამოჰქონდა. ტრავმა მძიმე აღმოჩნდა და მან 2 თვე სამედიცინო დაწესებულებაში გაატარა.

* „მანჩესტერ იუნაიტედის” ცნობილი მეკარე ალექს სტეპნი ერთ-ერთი მატჩის დროს, ისე ემოციურად უყვიროდა თავის თანაგუნდელებს, რომ ყბა მოიტეხა. ბრიტანეთის სამედიცინო წრეებში დღემდე ლაპარაკობენ ამ ტრავმის ანომალიაზე.

* ერთ-ერთი მატჩის დროს ვეტერანმა შოტლანდიელმა მეკარემ, ჯიმი ლეიტონმა კონტაქტური ლინზა დაკარგა. მეკარეს მხედველობასთან პრობლემები ჰქონდა და ცალი თვალით მატჩს ვერ გააგრძელებდა. ამიტომ, მოედნის დატოვება მოუხდა. იმ მომენტში ლეიტონის გუნდს ცვლილებების შესრულების ლიმიტი ამოწურული ჰქონდა და მის ნაცვლად კარში ჩამდგარმა ერთ-ერთმა მცველმა მატჩის დასრულებამდე სამი ბურთი გაუშვა.


скачать dle 11.3