რა დაავადება ყალიბდება გაციების შემდგომ დარჩენილი ხველის ÿფონზე და რატომ არის ზამთრის პერიოდში საშიში ალერგია
ალერგია წელიწადის თითქმის ყველა სეზონზე ტანჯავს ადამიანს და თუ მას დროულად არ მიექცა ყურადღება და მან ქრონიკული დაავადების სახე მიიღო, ადამიანი ცუდ დღეში ვარდება. ალერგიის დროს თვითმკურნალობა სასტიკად დაუშვებელია. მისმა გართულებულმა ფორმამ, შესაძლოა, ადამიანის სიკვდილიც კი გამოიწვიოს.
ალერგია, ორგანიზმის მომატებულ მგრძნობელობას ნიშნავს და ის საშიშ დაავადებათა სიაში შედის. თუ რა საფრთხეს უქმნის ის ზამთრის სეზონზე ადამიანს და როგორ გავარჩიოთ სურდო ალერგიისგან, ამ თემებზე გვესაუბრება მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, ბატონი დავით თელია.
– ბატონო დავით, როგორ განვასხვავოთ უბრალო გაციება და სურდო ალერგიისგან და რა მეთოდებით დავიცვათ თავი ამ სეზონზე მისგან?
– სურდოს გარჩევა ალერგიისგან ძალიან ადვილია და, თუ ადამიანს დაკვირვებული თვალი აქვს, ეს არ გამოეპარება. სურდო ანუ რინიტი, ძირითადად სამი სახისაა. კერძოდ, არსებობს ალერგიული რინიტი, სეზონური რინიტი და ლაზორნოტორული რინიტი. ლაზორნოტორული რინიტი შესაძლოა, მთელი წლის განმავლობაში გაგრძელდეს და ის დაკავშირებული არ იყოს გარემო ფაქტორებთან. ანუ, უკავშირდებოდეს ზემო სასუნთქი გზების სისხლძარღვების არაადეკვატურ რეაგირებას გარემო ფაქტორებზე. ის შესაძლოა, გამწვავდეს ადამიანის ემოციური გადატვირთვის მომენტში, ამინდის ცვლილების დროს, ამა თუ იმ საკვების მიღებისას და ასე შემდეგ. თუ ადამიანმა იცის რომელი ტიპის სურდო აწუხებს, ამას რა ჯობია, მაშინ ადვილად ჩამოყალიბდება, რა მოიმოქმედოს და დროულად უშველოს თავს. ამ დროს ექიმის გარეშე თვითნებურად პრეპარატების მიღება და მკურნალობის კურსის დაწყება, ძალიან საშიშია.
– თუ ადამიანმა იცის, რომ სურდო ალერგიული გენეზისაა?
– სამივე სახის რინიტის სახეობას სხვადასხვა მედიკამენტებით მკურნალობენ, მაგრამ თუ დარწმუნებული ხართ, რომ სურდო ალეგიული გენეზისაა, მაშინ შეგიძლიათ, ანტიალერგიული პრეპარატები ექიმის დანიშნულების გარეშეც მიიღოთ. მაგრამ, ამ დროს უნდა გაითვალისწინოთ და მკაცრად დაიცვათ მედიკამენტის მიღების დრო, დანიშვნის პრინციპი, რადგან დიდი ხნით ამ პრეპარატების მიღება შეჩვევას იწვევს და ეს არასასურველია ადამიანის ორგანიზმისთვის. ასევე, სურდოს დროს ბევრი ადამიანი იწვეთებს ცხვირში გამხსნელ პრეპარატებს. მე, როგორც ექიმი, გეტყვით რომ, კატეგორიულად იკრძალება ამ დროს, ეგრეთ წოდებული, ცხვირის გამხსმნელი, სიმპტომური, სურდოს საწინააღმდეგო პრეპარატების გამოყენება. მათი გარკვეული დროით მიღება იწვევს მედიკამენტურ რინიტს.
– დღეს უამრავი ალერგენი იყიდება აფთიაქებში და მათ ბევრი ადამიანი მოიხმარს, მით უმეტეს ამ სეზონზე, როცა ალერგიული ხველა იმატებს, გაციების ფონზე. თქვენ, როგორც სპეციალისტი, ამაზე რას იტყვით?
– მართალია, დღეს უამრავი ალერგენი იყიდება აფთიაქებში და თუ არ იცით ზუსტად დაავადების დიაგნოზი, თქვენს ჯანმრთელობაზე ექსპერიმენტების ჩატარებას არ გირჩევთ. მოკლედ, იმის თქმა მინდა, რომ ასე პრობლემას შეიქმნით და მის მოგვარებას კარგა ხანს მოუნდებით. ხშირად, გაციების შემდეგ, ადამიანს დიდხანს ახველებს. ეს შესაძლოა, შემდგომში ჯანმრთელობის სერიოზულ პრობლემად ექცეს. ის რომ, ხველება დროთა განმავლობაში გაივლის და მას ყურადღება არ უნდა მიაქციო, არასწორია. თუ გაციების შემდეგ, გარკვეული დროის განმავლობაში, გახველებთ, ეს ნიშნავს, რომ დროებით ტრანზიტოლურ ასთმასთან გაქვთ საქმე.
– დროებითი ტრანზიტოლური ასთმა რა დაავადებაა და რა გამოვლინება აქვს ხველის გარდა?
– დროებითი ტრანზიტოლური ასთმა მიმდინარეობს მხოლოდ ხველით, მწვავდება სხვადასხვა მძაფრი სუნისა და გამაღიზიანებელი ფაქტორების არსებობისას და შესაძლოა, დიდხანს შეგაწუხოთ, თქვენც და თქვენ გარშემო მყოფებიც.
– როგორ უნდა უმკურნალოს ადამიანმა გაციებიდან გამოყოლილ ხველას?
– სანამ ამაზე გესაუბრებით, გირჩევთ, დროულად აღმოფხვრათ პრობლემა და საქმე არ გაირთულოთ. მოკლედ, გაციებიდან გამოყოლილ ხველას მკურნალობა უნდა და თუ უყურადღებოდ დატოვეთ, დიდი რისკია, ასთმაში გადაიზარდოს. დროში გაწელილი ხველის დროს აუცილებელია, სწორი დიაგნოზის დასმა და შესაბამისი მკურნალობის კურსის დროული დაწყება. ამ შემთხვევაში, მერწმუნეთ, ამას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს.
– სეზონური ალერგიის დროს, სასუნთქი გზების პრობლემები რა გამოვლინებებით ხასიათდება?
– სეზონური ალერგიის დროს, იწყება სასუნთქი გზების პრობლემები, – ცხვირში გაჭედვა, ცხვირის ქავილი, სურდო, თვალის ქავილი, ცემინება, ყნოსვის დაკარგვა, ყურების დაგუბება და გემოვნების რეცეპტორების მკვეთრი დაქვეითება. აქვე გეტყვით, რომ ამ დროს იშვიათად ვითარდება ასთმური შეტევები ანუ ბრონქოსპაზმი. მაგრამ, შესაძლოა, ამ დროს განვითარდეს სხვა, მაგალითად, კანის პრობლემები, ჭინჭრისმიერი დაავადებისთვის დამახასიათებელი წვრილ-წვრილი გამონაყარი კანზე, შეშუპება კანის ზოგ უბანზე და ასე შემდეგ. მოკლედ, ამ დროს კლინიკური სურათი საკმაოდ თვალშისაცემია. არ გაშინებთ, მაგრამ შორს წასული და უყურადღებოდ დარჩენილი ალერგია შესაძლოა, სიკვდილის მიზეზი გახდეს. როცა საქმე ზედა სასუნთქი გზების ალერგიას ეხება, ის ძალიან ტანჯავს ადამიანს და არ არის გამორიცხული, ის ქვედა სასუნთქ გზებზეც გავრცელდეს. ამ დროს კი დიდი შანსია, ჩამოყალიბდეს ასთმა, რინიტი, კონიუნქტივიტი და სეზონური ალერგია ბრონქულ ასთმაში გადავიდეს. ეს კი ძალიან სერიოზული დაავადებაა. არასწორი მკურნალობა ამ დროს, უბრალოდ, შეუძლებელია. ის ხშირად ფატალური შედეგებით მთავრდება. აქვე აღვნიშნავ, რომ სამწუხაროდ, ბოლო დროს საკმაოდ იმატა ბრონქული ასთმის შემთხვევებმა. ალერგიის მართვა დღეს პრობლემა აღარაა და თუ ადამიანს საკუთარი თავი უყვარს, მაშინ საკუთარი სიცოცხლე სასწორზე არ უნდა დადოს. ასევე, აქვე აღვნიშნავ, რომ როგორც ზედა, ისე ქვედა სასუნთქი გზების ალერგიული დაავადებები არის როგორც სეზონური, ასევე არასეზონურიც. ეს ორივე დაავადება საკმაოდ მძიმედ და აგრესიულად მიმდინარეობს როგორც ბავშვებში, ისე მოზრდილებსა და ასაკში შესულთათვის. მას განსაკუთრებული, ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ მკურნალობა ესაჭიროება.
– ბატონო დავით, რას ურჩევთ ჩვენს მკითხველებს, როგორ დაიცვან ამ სეზონზე თავი, რომ არ გაუუარესდეთ ჯანმრთელობა, თუნდაც უბრალო გაციების შემდეგ დარჩენილი ხველის ფონზე?
– ყველას ვურჩევ, დროულად მიხედონ და სათანადო ყურადღება მიაქციონ გაციების ფონზე გამოყოლილ ხველას. ნუ გაირთულებენ ჯანმრთელობას. იყავით განსაკუთრებულად ფხიზლად ცივ სეზონზე, რათა სურდო და ალერგია ერთმანეთში არ აგერიოთ. საერთოდ, მოერიდეთ გაციებას, რომ არ გაირთულოთ ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ სეზონზე.