მოძღვარი გვირჩევს
კითხვა: ხშირად გვინახავს, რომ უფლის, ღვთისმშობლისა და სხვა წმიდანთა ხატები დაბრძანებულია შეუფერებელ ადგილებში, სადაც ბილწსიტყვაობა ისმის და ღვთისთვის საწყენი საქმეებიც კეთდება. მართებულია თუ არა ასეთ ადგილებში ხატების დაბრძანება?
პასუხი: სამწუხაროდ, ადამიანების ცხოვრება დაძაბულ და ნერვულ ფონზე მიმდინარეობს. ღვთისთვის საწყენ საქმეებსაც ხშირად ჩავდივართ. თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ სადაც ადამიანი იმყოფება, იქ ხატი არ იყოს. რა თქმა უნდა, ხატებთან მოწიწება და თავდაჭერილი საქციელი გვმართებს, მაგრამ, ყველამ უნდა იცოდეს, რომ ადამიანი თავისი უხამსი საქციელით უპირველესად საკუთარ თავს შეურაცხყოფს, ამიტომ, ის უნდა ეცადოს, რომ არ შეურაცხყოს უფლის ხატად შექმნილი საკუთარი სული და სხეული.
კითხვა: უფალმა იესო ქრისტემ ჯვარცმით მთელი საკაცობრიო ცოდვები იტვირთა. მისი ტანჯვა სხვათა ცოდვების გამოსყიდვის მაჩვენებელია?
პასუხი: არა მხოლოდ ცოდვების გამოსყიდვის მაჩვენებელია, არამედ, ქრისტეს მიერ გადატანილი განსაცდელი – ეს არის შეგონება და დარიგება ქრისტიანისთვის, რომ მიბაძოს განკაცებულ ღმერთს არა სასწაულების ჩადენით, რასაც მისგან არავინ ითხოვს, არამედ სიმდაბლითა და მოთმინებით, რისკენაც მოგვიწოდებს მაცხოვარი საკუთარი მაგალითით.
კითხვა: გვირჩიეთ, როგორ მოვიქცეთ, როდესაც ცუდ განწყობაზე ვართ და ვერაფრით ვშველით თავს?
პასუხი: ასეთ დროს, უპირველესად, შევწიროთ მადლი უფალს, რადგან მან მოგვანიჭა ჩვენ ცხოვრება. შემდეგ უნდა გავიხსენოთ, თუ რამდენ ადამიანს უჭირს ახლა ჩვენზე მეტად. უგუნებობის დროს განსაკუთრებით დაგეხმარებათ ფსალმუნების კითხვა. ხოლო, თუ ეს ყოველივე არ გიშველით, მიიღეთ თქვენი მდგომარეობა, როგორც გამოცდა და კარნახი თქვენი ცოდვების მოსანანიებლად.
კითხვა: ავადმყოფობის ჟამს ჩემმა დამ უფალს შეუთქვა, ოღონდ გამოჯანმრთელებულიყო და ცხვარს დაუკლავდა. ის გამოჯანმრთელდა, მაგრამ ცხვრის დაკვლის საშუალება არ აქვს. მე რომ შევასრულო მისი დაპირება, შეიძლება?
პასუხი: შეგახსენებთ, რომ მას შემდეგ, რაც მოხდა უკანასკნელი სისხლიანი მსხვერპლშეწირვა გოლგოთაზე, როდესაც მაცხოვარი გააკრეს ჯვარზე, ეკლესიაში მხოლოდ უსისხლო მსხვერპლშეწირვა აღესრულება წირვის დროს. მაგრამ, რადგან თქვენი ოჯახის წევრმა უფალს შეუთქვა, თქვენ შეგიძლიათ, აღასრულოთ მისი დანაპირები, ან, იმ ცხვრის საფასური შესწიროთ ეკლესიას.