რისი უნარი დაკარგა ჩიტო ნემსაძე-ნაკაშიძემ, მას შემდეგ, რაც სამკაულების კოლექციონერი გახდა
ჩიტო ნემსაძე-ნაკაშიძის კოლექციას აღტაცებაში მოჰყავს დამთვალიერებლები. მეც ერთ-ერთი მათგანი გახლავართ. საინტერესოა, რომ მრავალი ნიმუში ამ კოლექციიდან ძველისძველი ღილებით არის დამზადებული. თუ როგორ იქმნება ქალბატონი ჩიტოს სამკაულები და რა იქცა, ხუთი წლის წინ, ამოსავალ წერტილად მის შესაქმნელად ამას ჩვენი ინტერვიუდან შეიტყობთ.
ჩიტო ნემსაძე-ნაკაშიძე: ერთ დღეს, დეპრესიული ფონის დროს, დედას ღილი ვნახე ჩემს ნივთებში და მან მიკარნახა რაღაც შემექმნა. უფრო სწორად, ეს ღვთის ნება იყო. როგორც ონკანს მოუშვებენ და ჯერ ჟანგიანი წყალი წამოვა და შემდეგ იწმინდება, ასე დამემართა მეც. თავდაპირველი ნამუშევრები არც ისე მიმზიდველი იყო. შემდეგ ეტაპზე, ხელი უფრო გავიწაფე. რადგან ღილი იყო მაპროვოცირებელი, ამიტომაც ჩემს სამკაულებს დავარქვი ღილთა სიმფონია.
– ეს რამდენი წლის წინ მოხდა?
– ეს იყო 5 წლის წინ. მას შემდეგ ეს კოლექცია ჩემი ცხოვრების ნაწილად იქცა. როდესაც ვმუშაობ, ყველა პრობლემა მეორეხარისხოვანი ხდება და ამ სამკაულის შექმნა ჩემთვის გარკვეულწილად თერაპიაცაა. როგორც კი ერთ ყელსაბამს ვამთავრებ, მაშინვე მეორეზე ვიწყებ მუშაობას.
– რა პერიოდი სჭირდება ერთი ყელსაბამის შექმნას?
– მიგნებას სჭირდება ხანგრძლივი პერიოდი და არა ტექნიკურ შესრულებას. როგორც კი მოვიფიქრებ კომპოზიციას, მას მოსდევს ფერის შერჩევა. ამის შემდეგ კი ყველაფერი მარტივდება.
– მასალა და ფერები ვახსენეთ, რომელს ანიჭებთ უპირატესობას?
– ჩემი სამკაულები, უმრავლეს შემთხვევაში, ძვირფასეულობით არ მზადდება. მინდვრის ყვავილებივითაა. ათასში ერთხელ თუ გამოერევა მათში ძვირფასი ქვები. მე თვითონ არ მაქვს ამის სურვილი. ძვირფასი მასალა, ისედაც ძვირფასია და არ საჭიროებს განსაკუთრებულ დიზაინს. რაც შეეხება ფერებს, უფრო პასტელის ფერები მომწონს. ჩემს მეხსიერებას ხალასად შემორჩა ბავშვობაში ნანახი მინდვრები. ყველა ყვავილი მახსოვს, შეიძლება, სახელები ვერ გავიხსენო, მაგრამ შეხამება – რომელი რომლის გვერდით იყო, ზუსტად შემიძლია აღვიდგინო, როგორ გითხრათ, ყველა ფოთოლი მწვანეა, მაგრამ ყველა ყვავილს შესაბამისი ტონალობის ფოთოლი აქვს და ეს მკარნახობს როგორ ვიმუშაო ფერში. ეს არის ამოსავალი. ამას, ალბათ, ის განაპირობებს, რომ ამ მიწის შვილები ვართ. მარტო წინაპრების გენეტიკას კი არა, ამ მიწის გენეტიკასაც ვატარებთ. მე მგონია, რომ უბრალო მასალისგან ვქმნი სილამაზეს. ყოველ შემთხვევაში, ამის სურვილი მაქვს და ამ სულისკვეთებით ვმუშაობ.
ჩემი აზრით, ეს სამკაულები 13-14 წლის ასაკის გოგონას ჰგავს.
– რა პროფესიის ბრძანდებით?
– ფილოლოგი ვარ. ძალიან შორს ვარ მხატვრობისგან. ჩემი ნამუშევრებით კიდეც ვმღერი, კიდეც ვხატავ და კიდეც ვუკრავ, მაგრამ რეალობაში არც ერთი არ შემიძლია.
– რა რეაქცია აქვთ, როდესაც თქვენს კოლექციას ათვალიერებენ?
– მგონია, მოსწონთ და ეს იგრძნობა კიდეც. ასეთი ფრაზებიც ყოფილა: გაყიდე, რემონტს მაინც გააკეთებო, მაგრამ არ შემიძლია. მე ეს კოლექცია კი არ მომწონს, მიყვარს. ისე, ქუჩაში ძალიან ხშირად მიგრძნია, რომ თვალებით მომდევენ. გამოფენებზეც უკითხავთ: არ იყიდება? არა, – არის ჩემი პასუხი. აბა, ინახება?!
– მართლა არასდროს გაგიყიდიათ თქვენი სამკაული?
– არა. არასოდეს.
– გაჩუქება შეგიძლიათ?
– არა. ვქსოვდი, ვქარგავდი და ვარიგებდი, უცხოებისთვისაც კი მიჩუქებია. რაც ამ სამკაულების კეთება დავიწყე, გაჩუქების უნარი დავკარგე. იცით, რა? გულკეთილი ვარ, მაგრამ ეს არ შემიძლია და რა ვქნა?!
– რამდენი სამკაულია დღესდღეობით ამ კოლექციაში?
– უამრავი. ძალიან ბევრი.
– გამოფენებზე თუ გაგაქვთ თქვენი სამკაულები?
– არაერთხელ გამომიტანია. ბოლოს „ფეშენ-ვიქზე“ მივიღე მონაწილეობა მაია მიქაშავიძის დამსახურებით. გამოფენებიდან შევიძინე ის, რომ დავუახლოვდი კეთილშობილ, დიდსულოვან და ნამდვილ შემოქმედ ადამინებს. მათ შორისაა, ნანა ბედიაშვილი, რომელმაც მომცა გამბედაობა, რომ ეს ინტერვიუ შემდგარიყო.
– რას ნიშნავს თქვენთვის ეს კოლექცია?
– ეს კოლექცია ჩემი დიდი სიამოვნებაა, ჩემი ნეტარებაა და განტვირთვის საუკეთესო საშუალება.