კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რამდენ ხანს მალავდნენ გრძნობებს თემურ ჩხეიძე და ნანი ჩიქვინიძე და ვის გამო დაშორდნენ ერთმანეთს

დაახლოებით ნახევარი საუკუნის წინ ეკრანებზე „მაგდანას ლურჯა“ გამოჩნდა. ეს ქალბატონი, რომელზედაც ახლა გიამბობთ, მაშინ, სულ რაღაც 5 წლის იყო და დუდუხანა წეროძისა და კაკო კვანტალიანის გვერდით იმდენად თავდაჯერებულად თამაშობდა, მსახიობი რომ არ გამხდარიყო, ეს მის ცხოვრებაში ალბათ ყველაზე დიდი შეცდომა იქნებოდა. სწორედ მისმა ბავშვობამ განაპირობა მთელი მისი შემდგომი ცხოვრება. ის შეხვდა ყველასთვის საოცნებო რეჟისორს მიშა თუმანიშვილს, რომელთანაც ნაყოფიერი შემოქმედებითი წლები გაატარა და თემურ ჩხეიძეს, რომელიც მისი ცხოვრების მეგზური გახდა.

მოდი, ერთად გადავათვალიეროთ ნანი ჩიქვინიძის საოჯახო ალბომი. გავიგოთ მისი ზღაპრული ბავშვობის, წარმატებისა და „აკრძალული სიყვარულის“ ამბავი.

– ყველა ეტაპი, რასაც ცხოვრებაში გავდივართ, მნიშვნელოვან კვალს ტოვებს მეხსიერებაში. ბედნიერი ადამიანი ხართ, რომ თქვენმა ბავშვობამ ისე, უბრალოდ არ ჩაიარა და ის ეკრანზე აისახა.

– ღრმა მოხუცებულობაში რომ ემართებათ სკლეროზი, იმედია, მე ეს არ დამემართება. თან, ყველაზე ნათლად ბავშვობა ახსოვთ, ისეთი მომენტები, რაც მთელი ცხოვრების განმავლობაში არ ახსენდებათ. რა თქმა უნდა, ყველა ბავშვობიდან მოვდივართ. მთელი ჩემი შემდგომი ცხოვრება ბავშვობამ განაპირობა – როგორც შემოქმედებითი გზა, ისე პირადი. რომ არა ჩემი პროფესია, ჩემს მეუღლეს ვერ შევხვდებოდი. ყველა პატარა გოგოს ოცნებაა კინოში გადაღება, მაგრამ მე ამაზე არ მიოცნებია, პირდაპირ კინოში აღმოვჩნდი. კონკურსი იყო გამოცხადებული ბავშვების როლის შემსრულებელზე. რეზო ჩხეიძე და თენგიზ აბულაძე საბავშვო ბაღებში დადიოდნენ და ბავშვებს ეძებდნენ. ვერ იპოვეს ისეთი, როგორიც უნდოდათ. ერთ-ერთ საბავშვო ბაღში ჩვენი ოჯახის ახლობელი მუშაობდა და მას უთქვამს: სანათესაოში ერთი საოცარი ბავშვი გვყავს, რომელმაც ბევრი ლექსი და სიმღერა იცის, ძალიან თავისუფალი და მეტიჩარა ბავშვიაო. მისამართი მიუცია, მაგრამ შეცდომით. ზემელზე ვცხოვრობდით. ჩვენს მეზობლად ცხოვრობდა რეზო თარხან-მოურავი, რომელიც კინოსტუდიაში მუშაობდა. ის ნათესავი მოვიდა და დედაჩემს უთხრა: პატარა გოგოს ეძებენ კინოში გადასაღებად, თქვენი მისამართი მივეცი და, ალბათ, მოგაკითხავენო. ბატონმა რეზომ ეს რომ გაიგო, მომკიდა ხელი და კინოსტუდიაში წამიყვანა. მიმიყვანა გადამღებ ჯგუფში და იმ დღესვე დამამტკიცეს. ჩემი მშობლებისთვის გადაღებებზე სიარული, მით უმეტეს მაშინ, როდესაც ნატურაზე ჰქონდათ გადაღება, საკმაოდ რთული იყო. როგორც წესი, ზაფხულის სცენებს ზამთარში იღებდნენ, ზამთრისას – ზაფხულში. გავცივდი, სერიოზულად გავხდი ავად. ძლივს გადამარჩინეს. სრულიად უკომპლექსო ბავშვი ვიყავი. ამას მშობლებსა და იმ გარემოს ვუმადლი, რომელშიც გავიზარდე. დედა გურული, ძალიან მხიარული ქალი იყო. სადაც შევიდოდა, ყველგან ხალისი შეჰქონდა. 89 წლის იყო, რომ გარდაიცვალა. როგორც წესი, ღრმად მოხუცებულს მაინცდამაინც არ ტირიან, მაგრამ მისი ამქვეყნიდან წასვლა ყველასთვის დიდი გულისტკივილი იყო. მამა ძალიან მშვიდი კაცი იყო, მისგან ხმამაღალი სიტყვა არ მახსოვს. ჩემი მშობლები გვიან შეუღლდნენ. დედას პირველი მეუღლე დაუხვრიტეს და 22 წლის დაქვრივდა. ჩემი და მაშინ 3 წლის იყო. დედა გათხოვებაზე არ ფიქრობდა, ეს ამბავი გარიგებით მოხდა და ძალიან კარგი ოჯახი შექმნეს. თვრამეტი წელი იცხოვრეს ერთად. მამაჩემმა ჩემს დასაც გაუწია მამის მაგივრობა მერე მამა გარდაიცვალა.

– როცა ეკრანზე იხილეთ საკუთარი თავი, რა გრძნობა დაგეუფლათ? ძალიან პატარა იყავით და, ალბათ, ვერც გააცნობიერეთ, რა ხდებოდა თქვენ გარშემო.

– ეკრანზე როცა ვნახე ჩემი თავი, მაინცდამაინც არ გამკვირვებია, იმიტომ, რომ შიგნიდან ვუყურებდი, როგორც მსახიობი უყურებს თავის თავს. ეს ყველაფერი მახსოვდა: კამერა, ადამიანები, რომლებიც ჩემ თვალწინ გადაიღეს. მახსოვს, პრემიერა რომ დამთავრდა და გარეთ გამოვდიოდით, ვიღაცამ ხელი გადამხვია, მერე მაკოცა და დამლოცა. რომ წავიდა, დედას ვკითხე, ვინ იყო ეს კაცი-მეთქი. რომ გაიზრდები, მიხვდები. მის ნაწარმოებებს წაიკითხავო. ეს იყო კონსტანტინე გამსახურდია. რაც შეეხება „სხვის შვილებს“, მაგ დროს უკვე 7 წლის ვიყავი და უფრო ნათლად მახსოვს გადაღებები. მე და დედა ბათუმში ვიყავით დასასვენებლად, როცა ფილმი ეკრანებზე გამოვიდა. წავედით სანახავად. როგორც კი ფილმი დამთავრდა და შუქი აინთო, ვიღაცამ მიცნო და ყველა ჩემკენ წამოვიდა. მე და დედას სერიოზულად შეგვეშინდა, ამდენი ხალხი ჩემკენ რომ დაიძრა და გავიქეცით. ყველა პერიოდში სხვადასხვანაირად აღიქვამ. ჯერ უყურებ, როგორც შენს ბავშვობას, მერე არა მხოლოდ როგორც ბავშვობას, არამედ საოცარ სამყაროს, რომელშიც ერთ დროს ამ ადამიანებთან ერთად ცხოვრობდი. ზრდასრულ ასაკში, როცა უკვე მსახიობი გავხდი, ოთარ კობერიძესთან, დუდუხანა წეროძესთან, კარლო საკანდელიძესთან და სხვებთან ურთიერთობა დამყარდა. ადამიანები მიდიან – ეს, ბუნებრივია და ამაში არაფერი გასაოცარი არ არის. ჩემი დროც მოვა, მაგრამ, როცა ამ ფილმებს ვუყურებ, მხოლოდ სიხარულის განცდა აღარ მაქვს. ნაღველიც ახლავს. ამიტომ აღარ მიყვარს მათი ყურება. მადლობელი ვარ ჩემი მშობლების, ასევე, ბატონი თენგიზის და ბატონი რეზოსი, რომ მათ მომცეს ის თავისუფლება და სილაღე, რაც შემდეგ, ფილმებში გამოვიყენე. ბატონმა რეზო ჩხეიძემ გადამაწყვეტინა, მსახიობის პროფესია ამერჩია. წეღან ვთქვი, ბავშვობაში უკომპლექსო ვიყავი-მეთქი, მაგრამ, რომ წამოვიზარდე და სკოლა დავამთავრე, კომპლექსი გამიჩნდა. მეშინოდა – ვაითუ არასწორ გზას ვირჩევ-მეთქი. იმ დროს ბატონ მიშა თუმანიშვილს ჯგუფი ჰყავდა. თქვენ კარგად მოგეხსენებათ, რას ნიშნავდა მის ჯგუფში მოხვედრა – ეს ყველას ოცნება იყო.

– თეატრალური ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ როგორ გაგრძელდა თქვენი ცხოვრება?

– ბატონი მიშა უკვე რუსთაველის თეატრში იყო, როცა პირველი როლი ვითამაშე. ბრწყინვალე სპექტაკლი დადგა – „ანტიგონე“. ხან მე ვთამაშობდი, ხან მარინა ჯანაშია. ძველ დადგმაში სერგო ზაქარიაძე და ზინაიდა კვერენჩხილაძე თამაშობენ. მეოთხე კურსზე ვიყავი, როცა ბატონმა მიშამ დადგა „კოლმეურნის ქორწინება“, სადაც ირინე ვითამაშე. ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ გადაწყვეტილი მქონდა, რუსთაველის თეატრში წავსულიყავი, არც ისინი იყვნენ წინააღმდეგი, მაგრამ ამ დროს ბატონი მიშა რუსთაველის თეატრიდან წამოვიდა და ამან ბევრად განაპირობა ჩემი გადაწყვეტილება. შემდეგ მარჯანიშვილის თეატრიდან მედეა კუჭუხიძემ შემომთავაზა, მათთან მემუშავა – ძალიან მინდა, ჩემს სპექტაკლებში იყო დაკავებულიო. ბევრი ვიფიქრე, რადგან, როდესაც ოთხი წელიწადი ერთ სცენაზე დგახარ და რაღაცნაირად შენი ხდება ის გარემო, ძნელია, ადგე და წახვიდე. ბოლოს მაინც მარჯანიშვილის თეატრმა გადაწონა. მედეამ ბევრი როლი მომცა. იყო წარმატებაც, წარუმატებლობაც, მაგრამ, როცა ახალგაზრდა ხარ, იმ წარუმატებლობასაც გპატიობენ. დაახლოებით ათი წელიწადი ვიმუშავე მასთან. ოთხმოციან წლებში თეატრში მოვიდა თემური – თეატრმა გადაწყვიტა ასე. მაშინ დეა ოთხი წლის გვყავდა. იქ დაიწყო სხვა ეტაპი ჩემს შემოქმედებით ცხოვრებაში.

– მახსოვს, მარჯანიშვილის თეატრში „ჯაყოს ხიზნების“ სანახავად სიარული არ გვწყინდებოდა. ახლა ვფიქრობ, გივი ჩუგუაშვილს რომ ჯაყო არ ეთამაშა, ნოდარ მგალობლიშვილს – თეიმურაზ ხევისთავი და თქვენ – მარგო, იქნებოდა თუ არა ისეთივე შთამბეჭდავი, როგორც მაშინ იყო. როგორ გახსენდებათ ის პერიოდი?

– თავდაპირველად თემურმა ეს სპექტაკლი მოსკოვის დიდი სამხატვრო თეატრის სცენაზე დადგა, მერე თავის თეატრში გადაწყვიტა, დაედგა. სპექტაკლს მოსკოვშიც დიდი რეზონანსი ჰქონდა. როდესაც თემურმა მარგოს როლი შემომთავაზა, ცხადია, წინააღმდეგობა არ გამიწევია. მიმაჩნია, რომ მსახიობმა ყველანაირი როლი უნდა ითამაშოს, თუ არ უნდა, რომ დაიშტამპოს, თუმცა, ცოტა გამიკვირდა, რადგან მანამდე უფრო „მსუბუქ“ – ჯულიეტას ტიპის როლებს ვთამაშობდი. ჯულიეტა ძალიან კარგი როლია, მაგრამ მერე მოდის სხვა ეტაპი დრამატურგიაში, როცა უფრო ღრმა, საინტერესო როლები გიზიდავს, რომლებსაც ჯულიეტას აღტკინებასთან და რომანტიზმთან საერთო არაფერი აქვს.

– საკმაოდ საინტერესო სიყვარულის ისტორია გაქვთ. მედეა ჩახავას უფროსი ვაჟი შეგიყვარდათ. როგორც ვიცი, ამ სიყვარულის გამო გარკვეული ბარიერების გადალახვა მოგიწიათ.

– მეოთხე კურსზე ვიყავი, თემურს რომ შევხვდი და შემიყვარდა. თემური, როგორც რეჟისორის ასისტენტი, ისე მოვიდა ბატონ მიშა თუმანიშვილთან. ჯერ ერთი, მერე მეორე სპექტაკლი დადგა. მე ჩემი გრძნობა მქონდა შენახული, მას – თავისი. დაახლოებით სამ წელიწადში დავქორწინდით. რაც შეეხება ბარიერებს, მიზეზი ჩვენი გვიან შეუღლებისა იყო ის, რომ თემურს ოჯახი ჰქონდა. თემური ყოველთვის ამბობდა, რომ თავისი ცოლი უყვარდა, როცა მოიყვანა, მაგრამ მერე მათი ინტერესები გაიყო. საკმაოდ ტრადიციების დამცველ ოჯახში ვარ გაზრდილი და, ამდენად, ჩემთვისაც აბსოლუტურად დაუშვებელი იყო, ოჯახში პრობლემები შეჰქმნოდა. კარგა ხანს ვიხევდით უკან, რათა ვინმესთვის გული არ გვეტკინა. ვფიქრობდი, სერიოზული გრძნობა არ აქვს ჩემ მიმართ, იქნებ დაუბრუნდეს ოჯახს-მეთქი. უნდა დავრწმუნებულიყავი იმაში, რომ ის მზად იყო, ეს ნაბიჯი გადაედგა. მაგრამ, ცხოვრება ისეთი რამეა, რასაც არ ფიქრობ, სწორედ მას გადაეყრები. ვერასდროს წარმოვიდგენდი, თუ შეიძლებოდა, ჩემს ცხოვრებაში ასეთი რამ მომხდარიყო. სიყვარული არაფერს ითვალისწინებს და ამის გამო საკმაოდ დიდი გამოცდა მოვუწყვეთ საკუთარ თავს. უკვე ოცდათხუთმეტი წელია, ერთად ვართ, მაგრამ, არასდროს მიფიქრია, რომ შეცდომა დავუშვი. წლებმა დაამტკიცა, რომ ერთად კარგად ვართ და ერთად უნდა ვყოფილიყავით. თუმცა, იმის განცდა, რომ ამ სიყვარულის გამო ოჯახი დაინგრა, დღემდე მომყვება. სხვათა შორის, ჩემს ცხოვრებაში დადგა რაღაც მომენტი, როცა ჩვენ ერთმანეთს დავშორდით, აღარ ვხვდებოდით. ჩემი ოჯახი ძალიან წინააღმდეგი იყო ჩვენი შეუღლების, ისევე, როგორც თემურის მხრიდან იყვნენ წინააღმდეგი. მერე, როცა მივხვდით, რომ სასაცილო მდგომარეობაში აღმოვჩნდით, ერთად ყოფნა გვინდოდა და არ ვიყავით, შევუღლდით. დარწმუნებული ვიყავი, რომ მასავით არასდროს არავინ შემიყვარდებოდა.

– ქალბატონი მედეა როგორ შეხვდა ამ ამბავს?

– მედიკო არასდროს ჩარეულა თემურის პირად ცხოვრებაში. მას მიაჩნდა, რომ ნებისმიერ ადამიანს უნდა ჰქონდეს არჩევნის გაკეთების საშუალება თავის ცხოვრებაში. რასაკვირველია, მას არ უნდოდა, ოჯახი დანგრეულიყო, მაგრამ, როცა მიხვდა, რომ სხვა გამოსავალი არ რჩებოდა, ამ აზრს შეეგუა. სხვათა შორის, თემური იმ დროს დამწყები რეჟისორი იყო. საკმაოდ გვიან გავიგე, რომ მედეა ჩახავას შვილია. მედიკო დამოუკიდებლად მიყვარდა როგორც მსახიობი და, პირადად რომ გავიცანი, კიდევ უფრო შემიყვარდა.

ერთი დღეც არ მინდა თემურის გარეშე სიცოცხლე და მეც ყოველთვის ვგრძნობდი, რომ მას უჩემოდ არ შეუძლია. ის არაფერს დამპირებია, პირიქით, მითხრა, ვერ დაგპირდები, რომ კარგად ვიცხოვრებთო. თვითონაც ისეთ ოჯახში ვარ გაზრდილი, ამას არანაირ ყურადღებას არ ვაქცევდი. ჩვენ ძალიან დიდხანს ვცხოვრობდით ჩემს მშობლებთან – 27 წელი, მაგრამ ამას ჩვენს ურთიერთობაზე არ უმოქმედია. თემური ძალიან კარგი საყრდენია ქალისთვის. მის მხარდაჭერას ნებისმიერ სიტუაციაში ვგრძნობ.


скачать dle 11.3