როგორ იშოვა ჭანჭიკებისა და ქანჩების გაყიდვით გერმანელმა რაინჰოლდ ვიურთმა მილიარდობით დოლარი და რომელი ადგილი უკავია მას „ფორბსის“ მილიარდერთა რეიტინგში
ამერიკული ჟურნალი „არტ ნიუსი“ თავის ფურცლებზე ყოველწლიურად აქვეყნებს „ფორბსის“ მილიარდერებისგან შემდგარ კოლექციონერთა რეიტინგს, სადაც მსოფლიოში განთქმული ფერმწერებისა და მოქანდაკეების ნამუშევრების კოლექციათა მფლობელი ბიზნესმენები არიან შესულნი. პაბლო პიკასო, პოლ გოგენი, ენდი უორჰოლი, ფრანსუა-ოგიუსტ როდენი, ჯეკსონ პოლოკი, სალვადორ დალი და კიდევ უამრავი სხვა ცნობილი ხელოვანის ნამუშევრები მილიარდერთა პირად კოლექციებში ინახება და მათი უმეტესობისთვის ახალი ტილოს ან სკულპტურის შეძენა გაცილებით მეტს ნიშნავს, ვიდრე რამე ახალი ბიზნესპროექტის წამოწყება. სწორედ ასეთ კოლექციონერთა რიცხვს მიეკუთვნება გერმანელი მეწარმე 74 წლის რაინჰოლდ ვიურთი. მის პირად კოლექციაში პიკასოს და ედვარდ მუნკის ნამუშევრები ჭარბობს და ის „ფორბსის“ 2009 წლის რეიტინგში 5,2 მილიარდი დოლარით 93-ე ადგილზე იმყოფება.
კომპანია „ვიურთის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე, პროფესორი რაინჰოლდ ვიურთი 1935 წელს, გერმანიის ბადენ-ვიურთემბურგის მხარეში, ქალაქ ერინგენში დაიბადა. მის მშობლებს, ადოლფ და ალმა ვიურთებს, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, 1945 წელს ჭანჭიკების და ქანჩების საცალო ვაჭრობის პატარა ფირმა ჰქონდათ. ბავშვობაში რაინჰოლდი მუსიკით იყო გატაცებული და ვიოლინოს კლასში მეცადინეობდა, მაგრამ 14 წლის ასაკში მამამ ის სკოლიდან გამოიყვანა, თავი დაანებებინა ვიოლინოზე დაკვრას და თავის ფირმაში ქანჩების გაყიდვების უმცროსი სპეციალისტის თანამდებობაზე დანიშნა. 1952 წელს რაინჰოლდმა გაიარა საცალო და საბითუმო ვაჭრობისთვის საჭირო კურსები და წარმატებით ჩააბარა გამოცდა სამრეწველო-სავაჭრო პალატაში. 1954 წელს ადოლფ ვიურთი, გულის შეტევისგან გარდაიცვალა და ვიურთების საგვარეულოს ბიზნესს სათავეში 19 წლის რაინჰოლდი ჩაუდგა. კომპანიაში მოსულ რაინჰოლდს სულ ორი თანამშრომელი დახვდა და მომდევნო ათწლეულში მან რეგიონული მცირე კომპანიიდან მსხვილი კონცერნი ჩამოაყალიბა, რომელმაც დაიწყო თანამშრომლობა გერმანიის თითქმის ყველა გამაგრებითი სამუშაოებისათვის საჭირო პროდუქციის მწარმოებელ ქარხანასთან. 60-იანი წლების დასაწყისში კი „ვიურთ კომპანი“ ევროპულ ბაზარზე გავიდა თავისი პროდუქციით. მათი საქმიანობის მთავარი სფერო სამონტაჟო და გამაგრებითი სამუშაოებისთვის საჭირო 50 ათასამდე ნაირსახეობის პროდუქტი (ჭანჭიკები, ქანჩები, „ბოლტები“) იყო. 1962 წელს ვიურთის კომპანია უცხოეთში, კერძოდ ჰოლანდიის ბაზარზე გავიდა და იმ დროისთვის მის სისტემაში 2 ათასამდე თანამშრომელი მუშაობდა. დღესდღეობით რაინჰოლდ ვიურთის კომპანია მსოფლიოს 4 კონტინენტზე, 86 სახელმწიფოში საქმიანობს და მის სტრუქტურაში 60 ათასამდე ადამიანია დასაქმებული, ხოლო წლიური ბრუნვა 8,5 მილიარდ ევროს აჭარბებს.
1994 წელს რაინჰოლდი ჩამოშორდა აქტიურ საქმიანობას და სათავეში ჩაუდგა კონცერნის დირექტორთა საბჭოს, ხოლო კომპანიის მართვა თავის ქალიშვილს ბეტინა ვიურთს გადააბარა. დირექტორად მუშაობის პერიოდში რაინჰოლდი თანამშრომლებთან ფსიქოლოგიურ თემებს განიხილავდა, როგორებიცაა – მართვის კულტურა, თანამშრომლების სტიმულირება და პროფესიული ეთიკის საკითხები. გარდა ამისა 2003 წლამდე რაინჰოლდ ვიურთი ლექციებს კითხულობდა და სათავეში ედგა კარლსრუეს უნივერსიტეტში განთავსებულ სამრეწველო ინსტიტუტს. რაინჰოლდ ვიურთი არის ტიუბინგენის უნივერსიტეტის საპატიო დოქტორი, აგრეთვე დაჯილდოებულია გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ორდენით – დიდი ჯვრით, იმ წვლილისთვის, რაც მან ბადენ-ვიურთემბურგის მიწაზე მრეწველობის განვითარების საქმეში შეიტანა.
რაც შეეხება, მისი ხელოვნების ნიმუშებით დაინტერესებას: პირველად, ფერწერული ტილო რაინჰოლდმა 60-იან წლებში შეიძინა. ეს იყო ემილ ნოლდეს აკვარელში შესრულებული ნახატი, რომელმაც სათავე დაუდო ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე დიდ ფერწერულ კოლექციას. ვიურთის კოლექციაში 10 500 ტილო, ქანდაკება და ხელოვნების სხვა ნიმუში ინახება. მათ შორის თქვენ შეგიძლიათ იხილოთ: პაბლო პიკასოს, ედუარდ მიუნხის, მარკუს ლუპერცის და სხვათა ნამუშევრები. 1991 წელს ვიურთმა კუნცელსაუში შეიძინა ადმინისტრაციული შენობა, სადაც მუზეუმი გახსნა და ყველა მსურველს წელიწადის ნებისმიერ დროს შეუძლია იხილოს ეს ექსპონატები. სხვათა შორის, 2000 წელს საფრანგეთის კულტურის სამინისტრომ რაინჰოლდ ვიურთი საპატიო ლეგიონის კავალრად აკურთხა, ფრანგული და ევროპული ხელოვნების და კულტურის განვითარებაში შეტანილი ღვაწლისთვის.
2008 წელს გერმანულ „შპიგელში“ გამოქვეყნდა სტატია, რომელშიც აღნიშნული იყო, რომ რაინჰოლდ ვიურთს გერმანიის საგადასახადო პოლიცია გადასახადების გადახდისგან თავის არიდებაში ადანაშაულებდა. ქალაქ შტუტგარტის მთავარი პროკურორი ვიურთს ბრალს სდებდა სხვადასხვა ფინანსურ მაქინაციებში და გადასახადების გადახდისგან თავის არიდებაში. საბოლოოდ, სასამართლომ გაამართლა ვიურთი, მაგრამ მცირე ჯარიმა მაინც დააკისრა. სასამართლო პროცესი კი ყველას რაინჰოლდ ვიურთის გამოსვლით დაამახსოვრდა, რომელმაც განაცხადა, ცოტა უფრო ახალგაზრდა რომ ვიყო, სრულიად მარტო, ადვოკატების გარეშე, შევძლებდი თავის გამართლებას და ამ ჯარიმის გადახდასაც არავინ მაიძულებდაო.
რაც შეეხება გერმანელი მილიარდერის პირად ცხოვრებას, 1974 წლიდან ის და თავისი მეუღლე კარმენი ჰერმერსბერგ-ნიდერნჰალის 1540 წელს აშენებულ სასახლეში ცხოვრობენ. რაინჰოლდს სამი შვილი – ბეტინა, მარკუსი და მარიონი ჰყავს, რომელბიც ჩართულები არიან კომპანიის საქმიანობაში. ფერწერული ტილოების კოლექციონირების გარდა, რაინჰოლდი თვითმფრინავების მართვით (მას აქვს პროფესიონალი პილოტის ლიცენზია) და „ჰარლეი დევიდსონის“ მარკის მოტოციკლების შეგროვებით არის დაკავებული. რაინჰოლდ და კარმენ ვიურთებს ძალიან უყვართ რუსეთის ფედერაციაში მოგზაურობა და შემოვლილი აქვთ რუსეთის თითქმის ყველა დიდი ქალაქი. განსაკუთრებით აღაფრთოვანა ვიურთი კამჩატკაზე ვიზიტმა, რომელმაც მასზე წარუშლელი შთაბეჭდილება დატოვა. თავის ამ გატაცებას, რაინჰოლდი იმით ხსნის, რომ თავის დროზე მისმა თანამემამულეებმა, მეორე მსოფლიო ომის დროს, დიდი ზიანი მიაყენეს რუსეთს და ყოფილ საბჭოთა კავშირის რესპუბლიკებს. ამით კი ის ცდილობს გამოისყიდოს მათი დანაშაული. საინტერესოა, რომ მხოლოდ რუსეთში კომპანია „ვიურთის“ 8 ფილიალია გახსნილი.
უშანგი რუხაძე