სპორტის რომელ სახეობაში დაამყარა რეკორდი გიორგი ბასილაშვილმა და რატომ ვერ გავიდა ის გადაცემა “ნიჭიერის„ ფინალში
21 იანვარს საქართველოში კიდევ ერთი რეკორდსმენი გამოვლინდა – ახალგაზრდა სპორტსმენმა გიორგი ბასილაშვილმა სპორტის ორ სახეობაში დაამყარა რეკორდი. ის აქტიურადაა დაკავებული სპორტით და მომავალშიც არაერთი მსოფლიო რეკორდის დამყარებას აპირებს.
– სპორტის რომელ სახეობაში დაამყარე მსოფლიო რეკორდი?
გიორგი ბასილაშვილი: მსოფლიო რეკორდი დავამყარე ორ დისციპლინაში: პირველია, ცალ ფეხზე 140 ბუქნი 4 წუთსა და 55 წამში; მეორე კი აზიდვები – 30 წამში გავაკეთე 120 აზიდვა ორ ხელზე. ეს შეჯიბრება ჩატარდა სპორტული კომპლექსის – სკას დარბაზში. დიდი მადლობა მინდა გადავუხადო მის დირექტორს ბატონ შალვა გოგოლაძეს. ამ ღონისძიებას ძალიან ბევრი მხარდამჭერი ჰყავდა. ასევე, ესწრებოდა მედია. ყველაფერი ძალიან კარგად ჩატარდა.
– მანამდეც თუ იყავი სპორტით დაკავებული?
– დიახ, დიდი ხანია, ვვარჯიშობ ძიუდოში. საქართველოს ნაკრების მცველი ვარ. ასევე, ვვარჯიშობ კიოკუშინ კარატეში – სპორტის ამ სახეობაში კავკასიის ჩემპიონი ვარ. ახლა ვემზადები მსოფლიოს ჩემპიონატისთვის, რომელიც ზაფხულში გაიმართება.
შოთა ქელდიშვილი: გიორგიმ შარშანაც დაამყარა რეკორდი – ცალ ხელზე აზიდვებში 157 მოძრაობა გააკეთა, ამით მან შვეიცარიელი სპორტსმენის – ივან დე ვებერის რეკორდი გააუმჯობესა.
– ალბათ, ძალიან ბევრს ვარჯიშობ, ამდენ რეკორდს რომ ამყარებ.
გიორგი: ბავშვობიდან ვვარჯიშობ. ყოველთვის ძალიან მიყვარდა სპორტულ შეჯიბრებებში მონაწილეობა და ამისთვის ყოველთვის შესაბამისად ვემზადები ხოლმე. თუ ბევრი არ იშრომე და იწვალე, ისე არაფერი გამოვა. გამუდმებით ვმუშაობ საკუთარ თავზე, რომ უფრო და უფრო გავაუმჯობესო შედეგები.
– დღეში რამდენ საათს ვარჯიშობ?
– დღეში 8-10 საათს მაინც ვვარჯიშობ. ვიღლები, მაგრამ, როდესაც ცხოვრებაში მიზანი გაქვს, მარტო იმაზე ფიქრობ და სხვა არაფერი გაინტერესებს, შრომა გიადვილდება. ზუსტად ვიცი, რომ წვალების გარეშე ვერაფერს მივაღევ, ამიტომ, მზად ვარ, ყველანაირ სირთულეს შევეგუო და გადავლახო. მინდა, მეტი და მეტი რეკორდები დავამყარო.
– რა პროფესიის ხარ?
– ჯერჯერობით სკოლის მოსწავლე ვარ – მეთორმეტე კლასში ვსწავლობ. ახლა ვემზადები ინგლისურში, მათემატიკასა და უნარებში. ძალიან ბევრს ვმეცადინეობ და დიდი სურვილი მაქვს, უნივერსიტეტში ჩავაბარო.
– როგორც მახსოვს, შენ გადაცემა „ნიჭიერშიც” იღებდი მონაწილეობას.
– დიახ, შარშან ვიღებდი მონაწილეობას გადაცემა „ნიჭიერში”. პატარა შოუსავით გვქონდა დადგმული, სადაც შედიოდა ბლოკების მტვრევა და სხვა ილეთები. ჩემი აზრით, სანახაობრივად ძალიან კარგი იყო. წელსაც გამოდის ჩვენი გუნდი, უკვე მეორე ტურში ვართ გადასულები.