კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა კავშირი აქვს ძმები კოდუების დედას გურჯ მილიარდერ ისმეთ აჯართან



ისმეთ აჯარი თურქეთში მცხოვრები ქართველი მილიარდერია, რომლის ქონებაც 2007 წელს ქართულმა პრესამ 3 მილიარდ დოლარად შეაფასა. თურქულ პრესაში კი, არაოფიციალურ მონაცემებზე დაყრდნობით, აცხადებენ, რომ ის ორიოდე წლის წინ, დაახლოებით, 5 მილიარდი დოლარის ქონებას ფლობდა. აჯარზე საუბრისას იმასაც ამბობენ, რომ მისი ქონება გაცილებით მეტია, ვიდრე ოფიციალურად აღინიშნება უმდიდრეს ბიზნესმენთა რეიტინგებში.

ისმეთ აჯარის ქართული გვარი ვაჭარიძეა. ცნობისათვის, თურქული სიტყვა აჯარი ქართულად გაბედულს, მამაცსა და თავგამოდებულს ნიშნავს. მისი ბიოგრაფიიდან გამომდინარე, დარწმუნებით შეიძლება ითქვას, რომ ის თავის ამჟამინდელ გვარს ნამდვილად ამართლებს.

აჯარის შესახებ თურქულ პრესაში არაერთხელ აღნიშნეს, რომ ის თავგამოდებული, თავდაჯერებული და პრინციპული ბიზნესმენია. ამასთან, გამოირჩევა განსაკუთრებული შრომისმოყვარეობით. მასზე იმასაც ამბობენ, რომ გამორჩეულად მამაცია და ვერ იტანს უსამართლობას. ყველაფერთან ერთად, ისმეთ აჯარი ადამიანთა იმ კატეგორიას ეკუთვნის, რომლებიც სხვის აზრს ანგარიშს უწევენ. საქმეში მიზანმიმართულია და თითქმის ყოველთვის აღწევს დასახულ მიზანს.

როგორც თურქული მასმედია აღნიშნავს, აჯარი შეცდომას მხოლოდ ერთხელ პატიობს ადამიანებს, ღალატს კი – არასოდეს. მის მიერ შექმნილ ყველა ფირმაში ოჯახური გარემო სუფევს და თანამშრომლები ერთმანეთის მიმართ შანტაჟზე და ღალატზე კი არა, დახმარებასა და თანადგომაზე ფიქრობენ. აჯარი თურქული პრესის საყვარელი გმირია და უკვე დიდი ხანია, საზოგადოების ყურადღებას იპყრობს.

ისმეთ აჯარი ისტორიული საქართველოს ტერიტორიაზე, – ამჟამინდელი თურქეთის, ართვინის პროვინციაში, ქალაქ ბორჩხის მახლობლად, სოფელ კასკაში 1946 წლის 1 დეკემბერს, გლეხის ოჯახში დაიბადა.

მას პატარაობიდანვე ფიცხი ხასიათითა და შრომისმოყვარეობით გამოარჩევდნენ. მეოცე საუკუნის პირველ ნახევარში მისი ოჯახი ჩრდილოეთ თურქეთის მოზრდილ ქალაქში, სინოპში გადავიდა საცხოვრებლად, მაგრამ მამამისმა, რომელიც იმ დროს დაახლოებით 40 წლისა იყო, ალღო ვერ აუღო ახალ ცხოვრებას და 8 წლის შემდეგ კვლავ მშობლიურ ბორჩხაში დაბრუნდა.

პირველადი განათლება ისმეთ აჯარმა ართვინში მიიღო, შემდეგ კი სწავლა სტამბულის საინჟინრო კოლეჯში განაგრძო. აჯარი მესამე კურსზე იყო, როდესაც თურქეთის უდიდეს ქალაქში მასობრივი არეულობა დაიწყო, რის გამოც, 1968 წელს სწავლას თავი დაანება. ასე რომ, მან მხოლოდ 3 წელიწადი ისწავლა უმაღლეს სასწავლებელში.

საქმიანობა თავდაპირველად, სტამბულის კეთილმოწყობის სამსახურში დაიწყო. მოგვიანებით კი, სოფლის მეურნეობის სამინისტროში განაგრძო მოღვაწეობა. შემდეგში ამ უწყებაში მინისტრის მოადგილე გახდა.

ისმეთ აჯარს, როგორც ნიჭიერ მენეჯერსა და გონიერ პიროვნებას სახელმწიფო სამსახურში კარგ კარიერასა და პოლიტიკურ წარმატებასაც უწინასწარმეტყველებდნენ, თუმცა, მან ყოველივე ამაზე უარი თქვა და გადაწყვიტა, ყველაფერი ნულიდან დაეწყო.

აჯარის განცხადებით, მას არასოდეს მოსწონდა სახელმწიფო სტრუქტურებში მუშაობა, რადგან მიიჩნევდა, რომ სხვისი მმართველობის პირობებში ადამიანს არ ეძლევა ნიჭის სრულად გამოვლენის საშუალება. საკუთარი ბიზნესის წარმოება კი, ახალ შესაძლებლობებს უქმნის პიროვნებას.

1983 წლიდან აჯარმა კერძო ბიზნესი წამოიწყო, სამშენებლო სფეროში ჩაერთო. მისი კომპანია აშენებდა საცხოვრებელ სახლებს, საავადმყოფოებსა თუ სპორტულ კომპლექსებს, თუმცა ამან მაინც არ დააკმაყოფილა მისი ამბიციები. მალე მან სტამბულში მიწის დიდი ფართობი იყიდა, ქალაქში ამ პატარა ტერიტორიაზე ქალაქი ააშენა და მას „აჯარლარი” უწოდა. ამის შემდეგ აჯარმა სხვა „პატარა ქალაქების” შენებაც დაიწყო. მისი საქმიანობის შედეგია „აჯარკენტი” და „აჯარსიტი” – „ქალაქები” მშვენიერი ვილებით, გასართობი ცენტრებით, სუპერმარკეტებით, სპორტულ-გამაჯანსაღებელი დარბაზებით, საცურაო აუზებით, რესტორნებითა და კაფე-ბარებით. „აჯარკენტი” 300 ჰექტარზეა განთავსებული და ის 2 768 ვილას მოიცავს, „აჯარსიტის” ფართობი დაახლოებით, 120 ჰექტარია და მასში 1 000-მდე ვილა შედის. მშენებლობის პროცესშია მესამე კომპლექსიც, რომელიც გეგმის მიხედვით უფრო მასშტაბური იქნება, ვიდრე მისი წინამორბედები. მისი კომპანია ყველა პროექტს ევროპის უმაღლესი სტანდარტების შესაბამისად ახორციელებს.

ისმეთ აჯარი თურქეთში ცნობილი ჰოლდინგის, „აჯარლარის” დამფუძნებელი და ადმინისტრაციული საბჭოს თავმჯდომარეა, რომლის მთავარი დირექტორი და ფინანსისტიც მისი ქალიშვილია. მას ასევე ჰყავს მეუღლე და კიდევ ორი შვილი. ისმეთ აჯარმა „აჯარლარში” ათასობით ადამიანი დაასაქმა. როგორც თანამშრომლები აღნიშნავენ, მას ყველას გასაჭირი გულთან მიაქვს და შეძლებისდაგვარად ეხმარება კიდეც.

თურქეულ პრესაში გავრცელებული ინფორმაციით, ისმეთ აჯარის მიერ აშენებული და გაყიდული ფეშენებელური სახლებისა და ვილების რაოდენობა 500 ათასს აღწევს, მათი საერთო ღირებულება კი – 15 მილიარდ დოლარს.

აჯარს თურქეთის პოლიტიკურ და სახელისუფლებო წრეებში კარგად იცნობენ და აფასებენ. მას მიღებული აქვს თურქეთის პრეზიდენტისა და პრემიერ-მინისტრების მადლობები ქვეყნის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის.

ცალკე აღნიშვნის ღირსია, აჯარის განსაკუთრებული დამოკიდებულება ისტორიული სამშობლოსადმი. ის არასოდეს მალავს, რომ ქართული წარმოშობისაა და თავის ისტორიულ სამშობლოს უკვე არაერთხელ ეწვია. მას დიდი სურვილი აქვს, საქართველოშიც აწარმოოს ბიზნესი და საქველმოქმედო საქმიანობა.

ამბობს, რომ როგორც ყველა გურჯს, სურს მდიდარი და გავლენიანი საქართველო იხილოს, რომელსაც აღარ დასჭირდება სხვა ქვეყნებიდან დახმარების მიღება და იქით დაეხმარება სხვებს. „საამისო პოტენციალი საქართველოს მისი ისტორიიდან, კულტურიდან და დღევანდელი პოტენციალიდან გამომდინარე, ნამდვილად აქვს, რადგან აქ უამრავი ნიჭიერი ადამიანი ცხოვრობს”, – აცხადებს აჯარი.

როგორც ბოლო წლების განმავლობაში ისმეთ აჯარმა არაერთხელ განაცხადა, მას საქართველოში დიდი თანხის ინვესტირების განხორციელება სურს უძრავი ქონების ბიზნესში, მსუბუქ მრეწველობასა და სოფლის მეურნეობის სფეროში.

ქართული პრესის ინფორმაციით, უკანასკნელ პერიოდამდე საქართველოში ისმეთ აჯარის ერთ-ერთი მთავარი პარტნიორი თურქულ-ქართული ერთობლივი კომპანია „ჯორჯიან აჯარ ლიმიტედია”, რომლის მეპატრონეც ბიზნესმენი ლაურა ღაჭავაა. ის ცნობილი ძმების, კოდუების დედაა.

ისმეთ აჯარმა თბილისში შვიდვარსკვლავიანი სასტუმროს მშენებლობის კონკურსში მიიღო მონაწილეობა და არსებული ცნობებით, გაიმარჯვა კიდევ. ქართული პრესა წერდა, რომ საქართველოს დედაქალაქში, ახალი ფეშენებელური სასტუმროს ასაშენებლად, არჩევანი რუსთაველის პროსპექტზე მდებარე გამომცემლობის ყოფილ შენობასა და მტკვრის სანაპიროზე, ჩოგბურთის კორტების მახლობლად მდებარე ტერიტორიას შორის უნდა გაკეთებულიყო და საბოლოოდ, სანაპიროს ტერიტორიაზე გადაწყდა მშენებლობა, რომლის მენეჯმენტსაც ცნობილი სასტუმროების ქსელი „ჰილტონი” წარმართავდა. მშენებლობის დასრულების თარიღი ჯერჯერობით უცნობია.

ისმეთ აჯარის ქართველი პარტნიორი ლაურა ღაჭავა აცხადებდა, რომ ისინი ერთობლივი ძალებით აპირებდნენ მთელი სიმძლავრით აემუშავებინათ ორთაჭალაში მდებარე საფეიქრო ფაბრიკა, სადაც ბოლო წლებში 120-მდე მოსამსახურე მუშაობდა. ინვესტიციების დაბანდების შემდეგ კი იქ, სულ მცირე, 1 000-მდე ადამიანი დასაქმდებოდა.

როგორც ღაჭავამ პრესას განუცხადა, მანამდე, ვიდრე ერთობლივ ბიზნესს დაიწყებდნენ, ის არც კი იცნობდა ისმეთ აჯარს, თუმცა ამის მიუხედავად, მასზე, როგორც გავლენიან ბიზნესმენზე, ბევრი რამ სმენოდა.

აჯარმა და მისმა პარტნიორმა დაინტერესება გამოთქვეს ორთაჭალის სამკერვალო ფაბრიკის გაფართოებაზე, რომელიც 2002 წლის შემდეგ გერმანული კომპანიის ექსკლუზიური შეკვეთებით მუშაობდა. ისინი კახეთში მსხვილი ფერმერული მეურნეობის შექმნასაც გეგმავენ.

ისმეთ აჯარმა რამდენიმე წლის წინ აღნიშნა, რომ რევოლუციის შემდეგ საქართველოში შექმნილმა ვითარებამ მას იმედი მისცა, რომ ქვეყანა სწორი გზით განვითარდებოდა და სხვა თურქ ბიზნესმენებსაც მოუწოდებდა მის ისტორიულ სამშობლოში დაებანდებინათ კაპიტალი. მიუხედავად ამ განცხადებებისა, ქართულ პრესაში მოგვიანებით გავრცელებული ცნობებით, მას საქართველოში პრობლემები შეექმნა ბიზნესის განვითარების მხრივ.

„ჩემი სურვილია, რომ საქართველოშიც მქონდეს ბიზნესი, მაგრამ ხელისუფლების ზოგიერთ წარმომადგენელს არ ვენდობი. პირდაპირ ვიტყვი, მათ საქმისა და სიტყვის ფასი არ იციან. საქართველოს მოსახლეობას ძალიან უჭირს და მინდოდა რამენაირად დავხმარებოდი, მაგრამ არ გამომივიდა”, – განუცხადა ორი წლის წინ ქართულ პრესას აჯარმა.

წარმოშობით ქართველი ბიზნესმენის უკმაყოფილება იმ ფაქტმა გამოიწვია, რომ ხელისუფლებასთან წარმატებით წარმოებული მოლაპარაკებების შემდეგ, რომელიც თბილისში კრწანისის მიმდებარე ტერიტორიის შეძენას შეეხებოდა, მას სხვა მფლობელი გამოუჩნდა. „ეს იყო საუკეთესო პროექტი, რომელიც ბევრ ადამიანს დაასაქმებდა. უეცრად გავიგე, რომ ის ადგილი, რომელზეც მოლაპარაკებები მქონდა ამდენი ხნის განმავლობაში, სხვისთვის მიუყიდიათ. მართალია, გაიყიდა, მაგრამ ეს ტერიტორია დღემდე ხელუხლებელია, მე კი დღეს იქ შენობა უკვე აშენებული მექნებოდა”, – აცხადებდა აჯარი.

ისმეთ აჯარი იმის გამოც გამოთქვამს შეშფოთებას, რომ უამრავი ქართველი ლუკმაპურის საშოვნელად იძულებულია უცხოეთში წავიდეს. „ეს მეორე მუჰაჯირობაა და ჩვენს ქვეყანას არ შეჰფერის”, – აცხადებს ბიზნესმენი, რომელიც საქართველოში და საერთოდ, ნებისმიერ ქვეყანაში, ბიზნესმენებისა და ინვესტიციების მოსაზიდ საუკეთესო საშუალებად მიმზიდველი ბიზნესგარემოს შექმნას მიიჩნევს.

საინტერესოა, რომ ისმეთ აჯარი თურქეთ-საქართველოს განათლებისა და კულტურის ფონდის ერთ-ერთი დამფუძნებელი და აქტიური წევრია. ეს ფონდი დიდ დახმარებას უწევს საქართველოდან თურქეთში სასწავლებლად წასულ სტუდენტებს და ორი ქვეყნისა და ერის ურთიერთობასა და დაახლოებაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს. ფონდის წევრები ეთნიკური ქართველები, ძირითადად მწერლები და კულტურის სფეროს წარმომადგენლები არიან.

თურქულ-ქართული ფონდი ორი ქვეყნის თანამშრომლობის შედეგად საქართველოსა და თურქეთის მაშინდელი პრეზიდენტების ძალისხმევით, 1996 წელს დაარსდა. ამ ორგანიზაციას სულ 39 არჩეული დამფუძნებელი ჰყავდა. ფონდის შექმნის ერთ-ერთი მთავარი ინიციატორი და სულისჩამდგმელი ისმეთ აჯარი იყო. ანკარასა თუ სტამბულში არაერთი თურქულ-ქართული საღამო გაიმართა თურქეთ-საქართველოს განათლებისა და კულტურის ფონდის ინიციატივით.

თურქულ-ქართული ფონდის დამფუძნებელთა განცხადებით, ეს ორგანიზაცია ამ ორ სახელმწიფოს შორის არსებული პოლიტიკური და კეთილმეზობლური ურთიერთობების განვითარებასა და თანადგომის გაღვივებას, მხარდაჭერას ისახავს მიზნად განათლების, ჯანდაცვის, კულტურის, მეცნიერებისა, სპორტის, ლიტერატურის, მუსიკის, ფოლკლორისა და სხვა სფეროებში. თურქეთ-საქართველოს განათლებისა და კულტურის ფონდის სურვილია, კულტურის ცენტრების დაარსება. მასში თავმოყრილი იქნება საკონცერტო დარბაზები, ქართული ენის, სამხატვრო, ფოლკლორისა თუ მუსიკალური ჯგუფები.

ის გზა, რომელიც უბრალო გლეხის შვილმა და მოსამსახურემ მილიარდერობამდე გაიარა, მართლაც პატივისცემის ღირსია. ისმეთ აჯარზე საუბრისას, ისიც განსაკუთრებით არის აღსანიშნავი, რომ ის არასოდეს ივიწყებდა ისტორიულ სამშობლოს და არც მასზე ოცნებასა თუ ზრუნვას წყვეტდა.

ისმეთმა აუცილებლობად მიიჩნია, რომ არა მარტო მას, არამედ მისი ოჯახის წევრებსაც ესწავლათ ქართული ენა და ამიტომაც თურქეთში, საკუთარ ოჯახში მიიწვია ქართულის ცნობილი სპეციალისტი. აღსანიშნავია, რომ აჯარის სიძეც, რომელიც მისი პარტნიორია საქართველოში საქმეების წარმოებისას, ქართული წარმოშობის თურქეთის მოქალაქეა.



დავით ბახტაძე


скачать dle 11.3