როგორ ეხმარებიან ამერიკის შეერთებულ შტატებში ღარიბ ოჯახებს და რატომ ვერ იღებდა სტანდარტით დადგენილ სრულფასოვან საკვებს 2008 წელს ყოველი მეშვიდე ამერიკული ოჯახი
შესაძლოა, იმის გამო, რომ საბჭოეთი უსიამოვნო მოგონებებს აღძრავს და საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობამ კარგად იცის (მეტიც, საკუთარ ტყავზე აქვს გამოცდილი) სოციალისტურ-კომუნისტური იდეების უტოპიურობა, ყველაფერი სოციალისტური იმთავითვე უარყოფით ასოციაციებს იწვევს (მათ შორის, სოციალურიც). მეორე მხრივ, საბაზრო ეკონომიკის ხსენებისთანავე მაშინვე კონკურენციისა და გადარჩენის ველური კანონი გვახსენდება. შესაბამისად, ყალიბდება მცდარი აზრი, რომ თავისუფალი ბაზრის პირობებში სახელმწიფო სოციალური ვალდებულებებისგან თავისუფლდება და როგორც თავის გამოკვება, ისე სოციალური უზრუნველყოფა მხოლოდ მოქალაქის საქმეა. თუმცა, როგორც აღმოჩნდა, კაპიტალისტური ურთიერთობები, სწორედაც რომ, მაღალი სოციალური გარანტიებით ხასიათდება. ბუნებრივია, ამერიკის შეერთებულ შტატებზე კაპიტალისტური და განვითარებული ქვეყანა რთულად თუ მოიძებნება დედამიწაზე, ამდენად, სავსებით ბუნებრივია, რომ დავინტერესდით ჩვენი ოკეანისგაღმელი უპირველესი სტრატეგიული პარტნიორის ბიუჯეტის პრიორიტეტებით და აღმოვაჩინეთ, რომ ამერიკის ბიუჯეტიდან სოციალურ დაცვაზე მიმართული ხარჯები უმეტესად თავდაცვის ხარჯებსაც კი აღემატება. რა პრინციპით იგება ამერიკის შეერთებული შტატების ფედერალური და შტატების ბიუჯეტები, რა ხარჯებია მათთვის პრიორიტეტული და რაში უნდა მიჰბაძოს თავის პარტნიორს ჩვენმა ქვეყანამ? – ამ მეტად აქტუალურ საკითხებს საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) სრული პროფესორი მერაბ კაკულია განგვიმარტავს.
– რის საფუძველზე იგება აშშ-ის ფედერალური ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილი? არის თუ არა ეს ისეთივე სტაბილური პრინციპი, როგორიც, ვთქვათ, აშშ-ის კონსტიტუცია?
– საბიუჯეტო პროცესი ამერიკის შეერთებულ შტატებში დეტალურად რეგულირდება ფედერალური კანონმდებლობით, რომელიც მაღალი სტაბილურობით ხასიათდება; მაგალითად, საბიუჯეტო აქტი, რომელიც ჯერ კიდევ 1921 წელს მიიღეს, დღესაც ძალაშია. ამასთან, ფედერალური ბიუჯეტის ხარჯები ორგვარია: დისკრეტული და სავალდებულო. პირველი გულისხმობს ხარჯებს, რომლებიც კონგრესის გადაწყვეტილებით ყოველწლიურად მტკიცდება: მაგალითად, თავდაცვის, სოფლის მეურნეობის, ენერგეტიკის და სხვა ხარჯები; ხოლო მეორე კანონმდებლობით დადგენილი მყარი ნორმებითა და კრიტერიუმებით განისაზღვრება: მაგალითად, სოციალური უსაფრთხოების, სამედიცინო დახმარების და სხვა პროგრამები.
– როგორ ცნობილია, აშშ-ის ფედერალური მთავრობის ხარჯების ყველაზე მსხვილი კატეგორია სოციალური უზრუნველყოფის ხარჯებია, რომლებიც ძირითადად მოხუცებს მიეცემათ. ეს ყოველთვის ასეა, თუ არის პერიოდები, როდესაც სოციალური უზრუნველყოფის ხარჯებს სხვა სახის, მაგალითად, თავდაცვის ხარჯები აღემატება?
– ხარჯების ეს კატეგორია ერთ-ერთი უმსხვილესია, მაგრამ შესაძლოა, ყოველთვის ყველაზე მსხვილი არ იყოს. მაგალითად, 2001 წელს მისი წილი მთლიან ხარჯებში ბევრად აღემატებოდა სხვა ხარჯებს, თუმცა 2008 წელს იმდენივე იყო, რამდენიც თავდაცვის ხარჯები – 20,5 პროცენტი. ეს, ცხადია, ერაყსა და ავღანეთში საომარ მოქმედებებთან დაკავშირებით თავდაცვის დისკრეტული ხარჯების მატებით იყო გამოწვეული. სოციალურ უზრუნველყოფაზე გამოყოფილ ასიგნებათა ერთი ნაწილი პენსიების გაცემას ხმარდება, ხოლო მეორე – შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა სოციალურ დაზღვევას.
– დარწმუნებული ვარ, რომ, ჩვენი ბიუჯეტისგან განსხვავებით, იქ საბუთდება ამა თუ იმ ხარჯის აუცილებლობა. რით ხსნიან აშშ-ში, მიუხედავად იმისა, რომ მე მათ ასეთ მიდგომას სავსებით ვეთანხმები, მოხუცებისადმი პრიორიტეტულ დამოკიდებულებას?
– მე მგონი, ამას რამე განსაკუთრებული დასაბუთება არ სჭირდება. 1935 წელს, პრეზიდენტ რუზველტის დროს, მიიღეს ამერიკის შეერთებული შტატების სოციალური უზრუნველყოფის აქტი, რომელიც ითვალისწინებს ასაკოვანი ადამიანების – 62 წელს ზემოთ – სოციალურ დაზღვევას. აღნიშნულმა აქტმა, რომელმაც რამდენიმე ცვლილება განიცადა, საფუძველი ჩაუყარა ფედერალური ბიუჯეტიდან შესაბამისი პროგრამების დაფინანსებას.
– საქართველოს 100-ლარიანი პენსიების მომხრეთა მხრიდან ხშირად გამიგონია შემდეგნაირი არგუმენტი: ისინი, ანუ საქართველოს პენსიონერები ქმნიდნენ დოვლათს სხვა ქვეყნისთვის და ამიტომაც სავსებით ბუნებრივია, რომ ისინი იღებენ დაბალ პენსიასო. რამდენად მართებულია ასეთი ახსნა და საერთოდაც, როგორ სახელმწიფო პოლიტიკაზე მეტყველებს ის, როდესაც ქვეყანაში პენსია არ არის საარსებო მინიმუმის ტოლიც კი?
– ქართველი პენსიონერების ბრალი არ არის ის, რომ მათ ცხოვრების უდიდესი ნაწილი საბჭოთა საქართველოში იცხოვრეს. ეს არცაა მთავარი. მთავარი ისაა, რომ მათმა დიდმა უმრავლესობამ პატიოსნად იშრომა და სიბერეში შესაბამის სოციალურ გარანტიებს იმსახურებს. ხოლო ის, რომ პენსია საარსებო მინიმუმზე ნაკლები არ უნდა იყოს – აქსიომური ჭეშმარიტებაა. თუ სახელმწიფო პენსიებს საარსებო მინიმუმის დონეზე მაინც ვერ უზრუნველყოფს, მისი სოციალური პოლიტიკა ვერავითარ კრიტიკას ვერ უძლებს.
– ცნობილია, რომ ამერიკის ფედერალური მთავრობის ხარჯების რიგით მეორე, უმსხვილესი კატეგორიაა თავდაცვის ხარჯები. თუ ამას გადავიყვანთ ციფრებში, ეს ნიშნავს, რომ იქ თავდაცვაზე იმაზე ნაკლები იხარჯება, ვიდრე მოხუცების ღირსეული სიბერის უზრუნველყოფაზე?
– როგორც უკვე აღვნიშნე, საომარი მოქმედებების დროს თავდაცვის ხარჯები სიდიდით შესაძლოა სოციალური უზრუნველყოფის ხარჯებს გაუტოლდეს. იმავე 2008 წელს ეს უკანასკნელი სულ რამდენიმე მილიონით მეტი იყო თავდაცვის ხარჯებზე.
– ამერიკის ბიუჯეტში არის ჩვენი რეალობისთვის უცხო კატეგორია, კერძოდ, შემოსავლის უსაფრთხოების ხარჯები. რა იგულისხმება ამაში და რა თანხები გამოიყოფა ამ მიზნით აშშ-ის ფედერალურ ბიუჯეტში?
– ეს არის ასიგნება, რომელიც ძირითადად გამოიყოფა უმუშევართა სოციალური დაზღვევისა და ღარიბი, მათ შორის მცირეწლოვანი ბავშვიანი, ოჯახების მატერიალური შემწეობის პროგრამების დასაფინანსებლად. საინტერესოა, რომ აღნიშნული ხარჯები ყოველთვის ფულადი ფორმით არ გაიცემა. ზოგიერთ შემთხვევაში, მაგალითად, ღარიბ ოჯახებს ეხმარებიან სასურსათო ტალონებით ან დროებითი საცხოვრისის ქირის გადახდის, ან სხვა ფორმით. შემოსავლის უსაფრთხოების ხარჯები 2008 წელს ფედერალური ბიუჯეტის ხარჯების 14 პროცენტზე მეტს შეადგენდა.
– თქვით, რომ შემოსავლების უსაფრთხოების ხარჯები გულისხმობს ბავშვიანი ოჯახების დახმარებას – ნებისმიერ ბავშვიან ოჯახზეა ლაპარაკი თუ მხოლოდ მათზე, ვისაც უჭირს?
– აქ საუბარია ბავშვიან გაჭირვებულ ოჯახებზე.
– როგორ დგინდება ამერიკულ რეალობაში „ღარიბი ოჯახი“? როგორც ჩემთვის ცნობილია, თუ ოთხსულიანი ოჯახი წლიურად 23 000 აშშ დოლარზე ნაკლებ შემოსავალს იღებს, ის ღარიბად მიიჩნევა.
– თითქმის 1 000 აშშ დოლარით შეცდით: სიღარიბის ზღვარი 4-სულიანი ოჯახისთვის ამერიკის შეერთებულ შტატებში 2008 წელს 22 050 აშშ დოლარი იყო.
– ნიშნავს ეს იმას, რომ ამერიკაში არავინ შიმშილობს? ანუ ყველა იღებს იმდენ საკვებს, რაც სტანდარტითაა დადგენილი?
– ოფიციალური მონაცემებით, 2008 წელს ამერიკული ოჯახების 15 პროცენტი დაუცველი იყო სურსათის მოხმარების მხრივ. ეს იმას ნიშნავს, რომ თითქმის ყოველ მეშვიდე ოჯახს ხელი არ მიუწვდებოდა იმ რაოდენობისა და ხარისხის საკვებზე, რომელიც მისი თითოეული წევრის სრულფასოვანი ცხოვრებისთვის იყო საჭირო.
– სამედიცინო დაზღვევისა და ჯანდაცვის ხარჯები მეხუთე-მეექვსე ადგილს ინაწილებენ ფედერალური ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილში. რა თანხებით გამოიხატება ეს რეალობა ციფრებში?
– სამედიცინო დაზღვევა გულისხმობს ასაკოვნებისა და შეზღუდული შესაძლებლობების ადამიანების უფასო სამედიცინო მომსახურებას. 2008 წელს ამ მიზნით ფედერალურ ბიუჯეტში 391 მილიარდი ამერიკული დოლარი იყო გამოყოფილი. ჯანდაცვის ასიგნებანი მოიცავს უფასო სამედიცინო დახმარების, დაავადებათაგან ბავშვების დაზღვევის და სხვა სამედიცინო პროგრამებს. მათმა დაფინანსებამ იმავე წელს 204 მილიარდი ამერიკული დოლარი შეადგინა.
– ძალიან საინტერესო კატეგორიაა საერთო-სახელმწიფოებრივი ხარჯები, რომელშიც შედის პრეზიდენტისა და მისი ადმინისტრაციის, კონგრესის, ფედერალური სასამართლო სისტემის და სხვა ხარჯები. ჩვენი მკითხველისთვის განსაკუთრებით, საინტერესო იქნება აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციასა და კონგრესზე გაწეული ხარჯების ოდენობა?
– მოკლედ გეტყვით, ამერიკის შეერთებული შტატების ადმინისტრაციაზე, კონგრესზე, სასამართლო ხელისუფლებაზე, საერთაშორისო ურთიერთობების განხორციელებასა და კიდევ სახელმწიფო ვალის მომსახურებაზე ერთად 2008 წელს ფედერალური ბიუჯეტის 11,1 პროცენტი დაიხარჯა.
– ეს რაც შეეხებოდა ფედერალური მთავრობის ბიუჯეტს, მაგრამ არანაკლებ სოციალურად არის ორიენტირებული აშშ-ის შტატებისა და ადგილობრივი მთავრობების ხარჯები. იქ როგორ არის გადანაწილებული პრიორიტეტები?
– შტატებისა და ადგილობრივი მთავრობების ბიუჯეტებში ყველაზე მსხვილ კატეგორიას განათლების დაფინანსება წარმოადგენს, რომელიც 2008 წელს მთლიანი ხარჯების 28 პროცენტს შეადგენდა. ამ ასიგნებით ძირითადად საჯარო სკოლების დაფინანსება ხორციელდება. ეს იმას ნიშნავს, რომ საშუალო განათლების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა ამერიკის შეერთებული შტატების ადგილობრივი ხელისუფლების ამოცანაა.
– არანაკლებ საინტერესოა საზოგადოებრივი კეთილდღეობის ხარჯები, ანუ ღარიბებზე გაცემული ტრანსფერტები. რას გულისხმობს ეს ხარჯი: ღარიბი ოჯახების დახმარების პროგრამებს ხომ ფედერალური ბიუჯეტიც აფინანსებს, თუ სხვადასხვა კატეგორიის ღარიბ მოქალაქეებს აფინანსებენ?
– ეს ხარჯები ძირითადად ფედერალური პროგრამებით ფინანსირდება, რომელსაც შტატებისა და ადგილობრივი მთავრობები ახორციელებენ.
– კიდევ რა ხარჯებს გაიღებენ ადგილობრივი ბიუჯეტები?
– ადგილობრივი ბიუჯეტები სამედიცინო პროგრამებსაც აფინანსებენ. უნდა აღინიშნოს აგრეთვე ახალი გზების გაყვანისა და შენახვის ხარჯები. საუბარია ცხადია, ადგილობრივი დანიშნულების და არა ფედერალურ გზატკეცილებზე. ასევე, მნიშვნელოვანია გარემოს დაცვითი ღონისძიებების დაფინანსება, მათ შორის ტყე-პარკების მოვლა. პოლიციისა და სახანძრო დაცვის ხარჯებიც ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსირდება.
– ნიშნავს თუ არა ყოველივე ზემოთქმული, რომ აშშ-ის ბიუჯეტი სოციალურადაა ორიენტირებული?
– ეს ცალსახად ასეა. მხოლოდ სუფთა სოციალური ხარჯები 2008 წელს ფედერალური ბიუჯეტის თითქმის 35 პროცენტს შეადგენდა. თუ ამას დავუმატებთ ჯანდაცვის, უფასო სამედიცინო მომსახურების, განათლებისა და ვეტერანთა დახმარების პროგრამებთან დაკავშირებულ ხარჯებს, მათი ხვედრითი წილი 61 პროცენტს აჭარბებს. ამასთან, არ უნდა დაგვავიწყდეს ადგილობრივი ბიუჯეტების სოციალური ხარჯებიც.
– ჩვენთან, სამწუხაროდ, სოციალური, რატომღაც, სოციალისტურთან ასოცირდება, რასაც, ბუნებრივია, არანაირი კავშირი არ აქვს რეალობასთან. როგორ ახასიათებს ქვეყანას სოციალური დაცვის მაღალი გარანტიები და აქვს თუ არა საქართველოს შანსი, მიაღწიოს სოციალური დაცვის ასეთ ხარისხს თუ არა, ნახევარს მაინც?
– სოციალური დაცვის მაღალი გარანტიები შეიძლება ჰქონდეს ქვეყანას, რომელსაც ეფექტიანი ეკონომიკა აქვს. საქართველოსაც აქვს შანსი, ჰქონდეს სოციალური დაცვის ასეთი გარანტიები, თუმცა ამისთვის მან ეკონომიკური ზრდის მაღალ და რაც ძალზე მნიშვნელოვანია, მდგრად ტემპებს უნდა მიაღწიოს. მანამდე კი, ქვეყანამ რაციონალურად უნდა განკარგოს არსებული ფინანსური რესურსები. გასათვალისწინებელია ისიც, რომ ჩვენს პირობებში სოციალური პროგრამების უპირატესად უცხოური კრედიტებისა და გრანტების ხარჯზე მზარდი დაფინანსება მიმოქცევაში ფულის მასის ზრდისა და ინფლაციის სტიმულირების სერიოზულ რისკებს შეიცავს.