ვინ წარადგინა ლავრენტი ბერია თავდაპირველად სტალინთან
ბოლშევიკური პარტია, ჯერ კიდევ 1917 წლამდე განიცდიდა სახელმწიფოებრივად მოაზროვნე წევრების ნაკლებობას. თვით ვლადიმირ ლენინიც კი, არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება ჩაითვალოს სახელმწიფოებრივად მოაზროვნე მოღვაწედ. იგი პარტიული მოღვაწე იყო 1917 წლამდე და შემდგომაც. ასეთივენი იყვნენ სხვა ბოლშევიკი ლიდერებიც. ერთადერთი ბოლშევიკი, რომელსაც სახელმწიფოებრივი აზროვნება ახასიათებდა, იყო იოსებ ჯუღაშვილი. მას შემდეგ, რაც ბოლშევიკები ხელისუფლების სათავეში მოვიდნენ, აშკარა გახდა, სახელმწიფო მოღვაწეთა ნაკლებობა. ჯერ საბჭოთა რუსეთის, ხოლო შემდეგ, საბჭოთა კავშირის პოლიტიკურ ხელმძღვანელობაში დამკვიდრდა პარტიული აზროვნება. ბოლშევიკი ლიდერების მიზანი იყო, არა სახელმწიფოს სიძლიერე, პოლიტიკური, ეკონომიკური და სოციალური სისტემის დახვეწა, არამედ ბოლშევიკური (კომუნისტური) პარტიის გაძლიერება, რომელსაც უნდა ებატონა სახელმწიფოზე. ასე იქცა ბოლშევიკური პარტია სახელმწიფოდ სახელმწიფოში. მონსტრად, რომელმაც დათრგუნა ყველაფერი. უკვე მეოცე საუკუნის 20-იანი წლების დამდეგს, გაირკვა, რომ ლენინის მეთაურობით, ბოლშევიკებს კარგად შეეძლოთ ნგრევა, მაგრამ შენება – არა. ნგრევა მიმდინარეობდა ყველაფრის, ერთადერთი მიზნით – ძალაუფლების შენარჩუნება. იოსებ სტალინი იმთავითვე მიხვდა, რომ თუ ნგრევას ბოლო არ მოეღებოდა, ბოლშევიკები ძალაუფლებას დაკარგავდნენ და სახელმწიფოც კვდომას დაიწყებდა. მან ნელ-ნელა დაიწყო მნიშვნელოვანი სახელმწიფო თანამდებობებიდან გაუნათლებელი, მხოლოდ რევოლუციური წარსულის გამო დაწინაურებული, ადამიანების ჩამოშორება. დღეს შეიძლება, დაუჯერებლად მოგვეჩვენოს, რომ მაშინდელ უმაღლეს სახელისუფლო ეშელონებშიც კი იყვნენ ადამიანები, რომელთაც ჰქონდათ 2 ან 4 კლასის განათლება. ამიტომ, სტალინი შეუდგა ახალი კადრების ძიებას. იმ კადრებისას, რომლებიც შეძლებდნენ სახელმწიფოებრივი აღმშენებლობის დაწყებას. ლავრენტი ბერია, სწორედ, სტალინის აღმოჩენა იყო.
მეოცე საუკუნის 20-იან წლებში, ქართველი ბოლშევიკები: ფილიპე მახარაძე, მიხა ცხაკაია, მიხეილ კახიანი, მამია ორახელაშვილი, ლავრენტი ქართველიშვილი, სამსონ მამულია... ტიპიური პარტიული აზროვნების იყვნენ. ხელისუფლებაში დამკვიდრდა დაუსრულებელი ლაყბობა, კამათი, ისეთ საკითხებზე, რომელიც არანაირად არ უკავშირდებოდა საქართველოს. ქართველ ბოლშევიკებს შეეძლოთ, რამდენიმე დღე ეკამათათ გერმანიის, ან ჩინეთის რევოლუციის პერსპექტივებზე, მაშინ, როდესაც თბილისს არ ჰქონდა სასმელი წყალი, სატელეფონო ქსელი, ნორმალური გზები და საქალაქო ტრანსპორტი, ხოლო კოლხეთის დაბლობზე მალარიისაგან იტანჯებოდა მოსახლეობა. აი, ასეთ ვითარებაში მოუხდა ლავრენტი ბერიას საქართველოს პოლიტიკური ხელმძღვანელობის სათავეში მოსვლა. სახელმწიფო უშიშროების ორგანოებში 10 წელზე მეტი ხნის წარმატებული მოღვაწეობის შემდეგ, 1931 წელს, სტალინის რეკომენდაციით ბერია საქართველოს კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის პირველი მდივანი გახდა. იმავე წელს ბელადმა მას კიდევ უფრო მნიშვნელოვანი თანამდებობა მიანდო – ლავრენტი ბერია, საკავშირო კომპარტიის ამიერკავკასიის კომიტეტის პირველ მდივნად აირჩიეს. ამრიგად, ის გახდა საქართველოსა და ამიერკავკასიის ფედერაციის პოლიტიკური ლიდერი.
როგორც ჩანს, სტალინი, დიდხანს და გულდასმით არჩევდა საქართველოსა და ამიერკავკასიის ლიდერის კანდიდატურას. ლავრენტი ბერიამ სტალინის ყურადღება ჯერ კიდევ სახელმწიფო უშიშროების ორგანოებში მუშაობის დროს მიიპყრო. გავრცელებულია აზრი, თითქოს ბელადთან ბერიას რეკომენდაცია ორჯონიკიძემ გაუწია. ეს ვერსია მცდარია. სტალინს ბერია, როგორც პერსპექტიული მუშაკი გაცილებით ადრე წარუდგინა ამიერკავკასიის საგანგებო კომისიის თავმჯდომარემ – რედენსმა. არ არის გამორიცხული, რომ ბელადთან ბერიას სიტყვა შეაწია ცნობილმა ბოლშევიკმა მირჯაფარ ბაგიროვმა. ბაგიროვი და ბერია ერთად მოღვაწეობდნენ აზერბაიჯანში. ამიტომ, უფრო სავარაუდოა, რომ ბერიას სტალინმა ყურადღება მიაქცია, არა ორჯონიკიძის, არამედ რედენსისა და ბაგიროვის წყალობით. ბერიას ორჯონიკიძესთან მუდამ ცუდი დამოკიდებულება ჰქონდა. გამორიცხული არ არის, რომ ბერია აღიზიანებდა ორჯონიკიძეს მისადმი დამოკიდებულებით. ცხადია, ორჯონიკიძეს არ ესიამოვნებოდა, რომ საქართველოსა და ამიერკავკასიის პოლიტიკური ლიდერი მისი გვერდის ავლით შეირჩა. ლავრენტი ბერიას გაპირველკაცება იმთავითვე ცუდად აღიქვა ქართველი ბოლშევიკების ძველმა გვარდიამ. მათ სტალინთან დაჩივლება ვერ გაბედეს, მაგრამ საყვედურებით აავსეს სერგო ორჯონიკიძე. მართალია, ორჯონიკიძესაც არ ეხატებოდა ბერია გულზე, მაგრამ ფილიპე მახარაძისა და სხვებისაგან განსხვავებით, ბელადის ფავორიტის წინააღმდეგ მოსკოვში სიტყვაც არ დაუსველებია. შემდგომში, ალბათ სერგო ორჯონიკიძე კიდეც ნანობდა, რომ ლავრენტი პავლეს ძეს წინააღმდეგ ბრძოლა არ დაიწყო, მაგრამ უკვე გვიან იყო. ბერიას დაწინაურებით განსაკუთრებით აღშფოთებული დარჩნენ: ფილიპე მახარაძე, მიხა კახიანი, სამსონ მამულია, ლავრენტი ქართველიშვილი, მამია ორახელაშვილი.
სტალინმა ბერია დიდი უფლებებით აღჭურვა და დიდი გეგმებიც დაუსახა. ლავრენტი ბერია სწორად მიხვდა, რომ ბელადის მიერ დასახული გეგმების განხორციელებას, ქართველ ბოლშევიკთა ძველ გვარდიასთან ერთად, ვერ შეძლებდა. ამიტომ გადაწყვიტა მათი გზიდან ჩამოცილება. ბერია დიდ რისკზე წავიდა, როდესაც ძველ ბოლშევიკთა რეპრესირება დაისახა მიზნად. შეიძლება, მას ეს სარისკო ნაბიჯი არ გადაედგა, მაგრამ წარუმატებლობის შემთხვევაში, მას სტალინი არ დაინდობდა და ქართველი ბოლშევიკებიც ყველაფერს გააკეთებდნენ იმისთვის, რომ სტალინს ბერია სამაგალითოდ დაესაჯა. ასე რომ, თუ ღრმად ჩავუკვირდებით, ლავრენტი პავლეს ძე ბევრს არაფერს რისკავდა. თუ ძველ ქართველ ბოლშევიკებს ბოლოს არ მოუღებდა, მაშინ თვითონ მას მოუღებდნენ ბოლოს. ცხადია ბერიამ პირველი ვარიანტი არჩია.
სტალინი ბერიას ერთბაშად არ დასთანხმდებოდა ძველ ბოლშევიკთა რეპრესირებას. ლავრენტი პავლეს ძეს შესანიშნავი ალღო ჰქონდა. იგი კარგად გრძნობდა, რომ ძველი ბოლშევიკები არა მარტო ხელს უშლიდნენ, არამედ სტალინისთვისაც არასასურველი მოღვაწეები იყვნენ. ამიტომ, ბერიას ბელადი უნდა დაერწმუნებინა, რომ ქართველ ბოლშევიკთა ლიდერები პირადად სტალინის პოლიტიკურ ხაზს ეწინააღმდეგებოდნენ. ყველაფერი დამოკიდებული იყო იმაზე, თუ როგორი ოსტატობით შექმნიდა ბერია მათგან მტრის ხატს. ლავრენტი სტალინის შესანიშნავი მოწაფე გამოდგა. ბერია მიზანმიმართულად ავრცელებდა ხმებს, რომ ილია ჭავჭავაძის მკვლელობაში ორჯონიკიძე და მახარაძე იყვნენ გარეულნი. ცალკეული ბოლშევიკებისაგან მტრის ხატს ისე ოსტატურად ქმნიდა, რომ რეპრესირებული ბოლშევიკები ლამის თვითონვე იჯერებდნენ ხალხის მტრობას. მაგალითად: მამია ორახელაშვილის წინააღმდეგ წამოყენებულ ბრალდებაში ფიგურირებდა, რომ მამიას მამა ძველი რეჟიმის დროს ქუთაისში გოროდავოი (ანუ პოლიციის დაბალი რანგის მოხელე – უთოფო პოლიციელი) იყო. გასაგებია, რატომაც კეთდებოდა ეს მინიშნება. სამსონ მამულიას, „მეგრელ ნაციონალისტებთან“ კავშირი დასდეს ბრალად. ფილიპე მახარაძეს – მუდამ აყვედრიდნენ, რომ ის ქართველ უკლონისტთა ლიდერი იყო და სტალინის მიერ წამოყენებულ ამიერკავკასიის ფედერაციის შექმნას ეწინააღმდეგებოდა. საერთოდ, უნდა აღინიშნოს, რომ ბერიას ფანტაზია ძალზე შორს მიდიოდა. მაგალითად, ცნობილ დირიჟორს ევგენი მიქელაძეს ერთ-ერთ ბრალდებად წაუყენეს, რომ მის სახლში ცხოვრობდა მეუღლის ნათესავი, რომელიც თითქოს თურქეთის დაზვერვის რეზიდენტი იყო. ბერიას შუა გზაზე შეჩერება არ ახასიათებდა. მის წინააღმდეგ ბრძოლის უპერსპექტივობაში დარწმუნებული ორახელაშვილი და მამულია გაეცალნენ და მოსკოვში გადაბარგდნენ, მაგრამ თავს მაინც ვერ უშველეს. ისინი დააპატიმრეს და თბილისში დააბრუნეს. ლავრენტი ბერიას გულის ამაჩუყებელი სცენების გათამაშებაც უყვარდა. ერთხელ, თავის რეზიდენციის სადარბაზოსთან, იგი მამულიას მეუღლეს შეეჩეხა, სამსონი ამ დროს უკვე რეპრესირებული იყო. ბერიამ ძველი ბოლშევიკის მეუღლეს მოუბოდიშა და უთხრა: გარწმუნებთ, მე სამსონისა და თქვენი ოჯახის მტერი არა ვარო. მამულიას წარბშეკრულმა მეუღლემ უშიშრად უპასუხა: შენ მთელი საქართველოს მტერი ხარო. მას ეს სიტყვები ძვირად დაუჯდა.
საქართველოში სახელმწიფოებრივი აღმშენებლობა ლავრენტი ბერიას დროს დაიწყო. ყველაზე უფრო მეტად ეს დაეტყო თბილისს. თანამედროვე გაგებით, თბილისმა ქალაქის იერსახე სწორედ ბერიას მოღვაწეობის წლებში მიიღო. ქალაქის დაგეგმარებას იგი უშუალოდ ხელმძღვანელობდა. იმ პერიოდში აგებულთაგან ჩვეულებრივ მიანიშნებენ ხოლმე: ცირკისა და ფოსტის შენობებზე, მაგრამ იყო უფრო მნიშვნელოვანი პროექტებიც, კერძოდ: მტკვრის მარჯვენა და მარცხენა სანაპიროების მშენებლობის დაწყება, სპორტული ბაზების მშენებლობა, თბილისის წყალმომარაგების გაუმჯობესება, საკანალიზაციო მეურნეობის მოწესრიგება, ქალაქის გამწვანება... აღსანიშნავია, რომ უზარმაზარი ტერიტორია მთის ფერდობზე – წყნეთიდან, ვიდრე მთაწმინდის პარკამდე, ხრიოკად იყო ქცეული. იქ ტყე ლავრენტი ბერიას ინიციატივით გაშენდა.
ბერიას მოღვაწეობის დაწყებამდე თბილისის მოსახლეობაში ქართველთა ხვედრითი წილი ძალზე მოკრძალებული იყო. ბერიამ სარისკო ნაბიჯი გადადგა, მან სხვადასხვა საშუალებებით დაიწყო თბილისში ქართველთა რიცხვის გაზრდა. ძირითადად, ეს ხდებოდა უმაღლეს სასწავლებლებში სტუდენტთა კონტინგენტის ზრდითა და ახალი სასწავლებლების გახსნით. საქართველოს რეგიონებიდან ჩამოსული სტუდენტების ნაწილი თბილისში რჩებოდა მუდმივ მცხოვრებად.
ბერიას მოღვაწეობის დასაწყისისათვის ძალზე სავალალო მდგომარეობა იყო კოლხეთის დაბლობზე: გურიაში, სამეგრელოში აფხაზეთისა და აჭარის ნაწილში. აქ სასოფლო-სამეურნეო სავარგულები პრაქტიკულად, არ არსებობდა. ძირითადად მოჰყავდათ სიმინდი. იქაური ნესტიანი ჰავა აუტანელს ხდიდა ცხოვრებას. ბერიამ დაიწყო გრანდიოზული პროექტის განხორციელება – ჭაობების დაშრობა და ციტრუსების გაშენება. მან საბჭოთა დაზვერვას უცხოეთიდან კონტრაბანდული გზით შემოატანინა ჩაის განსაკუთრებული ჯიში, რომელიც დასავლეთ საქართველოში შემდგომში ფართოდ გავრცელდა.
ცხადია, ლავრენტი ბერიას ყველა ნაბიჯი ბელადთან იყო შეთანხმებული. საკავშირო ბიუჯეტიდან საქართველოსთვის დამატებითი თანხების ასე ხელაღებით გამოყოფას ბერია სტალინის თანადგომის გარეშე ვერ მიაღწევდა. სტალინმა კარგად იცოდა, თუ რისთვის იხარჯებოდა თითოეული კაპიკი. ბელადი კიდეც ამაყობდა, თავისი შეგირდის წარმატებებით. მოსკოვში ყველა კარგად გრძნობდა, რომ ლავრენტი ბერიას სტალინი უფრო დიდი მისიისთვის ამზადებდა. ბერია სტალინის ხატი იყო. უნდა აღინიშნოს, რომ მსგავსი ხატები ბელადმა სხვა რესპუბლიკებში ვერ შექმნა.
დადგა დრო, როდესაც ბერიამ საქართველოსა და ამიერკავკასიაში თავისი მისია დაასრულა. 1938 წლის 31 აგვისტოს ბერიამ ბოლო სხდომა ჩაატარა თბილისში. ბელადს იგი მოსკოვში სჭირდებოდა.
ვახტანგ გურულის
მასალების მიხედვით მოამზადა
ანრი შავლაძემ