ლაზათიანად მოცეკვავეები
მანდატურები – ჩოხებში!
რაკი, რასაც აკეთებენ, ლაზათიანად აკეთებენ, ზედაც, მზრუნველ მეთვალყურეობას (გნებავთ, თვალთვალსაც) უწევენ, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე, ბ-ნი სეფერთელაძე, თბილისის 64-ე საჯარო სკოლაში ქართული ცეკვის პირველი გაკვეთილის მიმდინარეობას გაეცნო (მის ადგილას პირადად მე, ისე საყველპუროდ მაინც მოვემზადებოდი, რომ კიდეც მივუცეკვებდი). განათლების სამინისტრო გვაიმედებს, რომ ცეკვის გაკვეთილის პილოტირება (ადამიანურ ენაზე – გამოცდა) 2011 წლის იანვარში თბილისის ყველა საჯარო სკოლაში დაიწყო, ხოლო 2011-2012 სასწავლო წლიდან ის სავალდებულო დისციპლინაც გახდება საქართველოს ყველა ზოგადსაგანმანათლებლო სკოლის მეოთხეკლასელისთვის.
მიუხედავად ბოროტთა ქირქილისა, ზემოხსენებულ დისციპლინას საგნობრივი პროგრამაც აქვს, რომელიც საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ეროვნული სასწავლო გეგმებისა და შეფასების ცენტრში შექმნილმა სამუშაო ჯგუფმა შეიმუშავა! მეორე მხრივ, თუ გავიხსენებთ, რომ არცთუ მცირე შემოსავლების იმედი გვაქვს „ბოლივუდისგან“ (დევიზით – „ბოლივუდი“ გადაარჩენს საქართველოს!), ვფიქრობ, ინდური ცეკვის სწავლაც არ გვაწყენდა (ბოლოს და ბოლოს, მუდამ უფასო „მასოვკის“ როლს ხომ ვერ დავჯერდებით?!).
მანამდე კი, ისევ ქართულ ცეკვას დავუბრუნდეთ: თუ გავითვალისწინებთ, რომ მის სასკოლო დისციპლინად ქცევაში ლომის წილი პატრიოტულ მოტივს მიუძღვის (ყოველ შემთხვევაში, ზემოდან ასე გვეუბნებიან), მანდატურებისთვის ჩოხები ხომ არ ჩაგვეცმია, რა თქმა უნდა, პატრიოტული სულისკვეთების ერთიორად ასამაღლებლად?!