„ინდოეთი ჩემი არის…“
ანუ „ბოლივუდი“ გადაარჩენს საქართველოს!
მართალია, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა ჯერაც ვერ მოიცალა, ეპასუხა საქართველოს საპატრიარქოსთვის, რა ხელშეკრულება ფორმდება თურქულ მხარესთან ისტორიული ქართული ძეგლების აღდგენის სანაცვლოდ მეჩეთებისა და ჯამეების ასაშენებლად, მაგრამ, სამაგიეროდ, „ბოლივუდის“ დელეგაციასთან კინოწარმოების სფეროში მომავალი თანამშრომლობის საკითხები უკვე განიხილა. კიდეც განიხილა და არც მიღებული შთაბეჭდილების გაზიარება დაგვამადლა: ბოლივუდელები კახეთს, აჭარასა და სვანეთს საქართველოში ფილმის გადაღების პერსპექტივის შესასწავლად დაათვალიერებენ. როგორც ბ-ნი რურუა ბრძანებს: „საქართველოში ფილმის გადაღებისთვის ძალიან კარგი პირობები და სამთავრობო მხარდაჭერა არსებობს“ (რაკი მინისტრს არ განუმარტავს, რას გულისხმობდა „სამთავრობო მხარდაჭერაში“, წარსული გამოცდილებით, ეს, სულ მცირე, უფასო „მასოვკის“ ორგანიზებას ხომ მაინც უნდა ნიშნავდეს?!).
ასე იქნება თუ ისე, ინდოელ კინომწარმოებელთა ხუთკაციანი დელეგაცია ჩვენს სამშობლოში ერთ კვირას დარჩება. ხოლო, თუ საქმე კეთილად გასრულდება, ბოლივუდელი პროდიუსერები საქართველოს შესახებ ვიდეორგოლსაც გადაიღებენ, მას ინდური კინოინდუსტრიის წარმომადგენლებსაც აჩვენებენ და ინდურ ტელევიზიებშიც დაატრიალებენ!
ერთი სიტყვით, ჯერჯერობით, საქმეს ასეთი პირი უჩანს: ბურები მიწას მოგვიხნავენ, „ბოლივუდი“ ჩვენს პეიზაჟებს ფილმებში მოახვედრებს, ჩვენ კი ჭურის თავზე ჩამომსხდრები, სინგაპურზე ვიოცნებებთ!