რატომ ცდილობდა ანტონ მეორე ქართული სასულიერო წოდების გამრავლებას და რა აუკრძალა მას გენერალმა ციციანოვმა
მეცხრამეტე საუკუნის დამდეგს 1801-1810 წლებში რუსეთის საიმპერატორო კარმა გააუქმა მეფობა ქართლ-კახეთსა და იმერეთში, ხოლო შემდეგ მოახდინა საქართველოს ისტორიული ტერიტორიის დიდი ნაწილის ოკუპაცია. საქართველოში დამყარდა სამხედრო-საოკუპაციო რეჟიმი. ამ დროისთვის არსებობას განაგრძობდა საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესია, რომლის ერთბაშად გაუქმებისგან რუსებმა გარკვეული მოსაზრებით შეიკავეს თავი. თუმცა, როგორც ირკვევა, რუსეთის საიმპერატორო კარი საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში ემზადებოდა საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის გასაუქმებლად. სწორედ ამ თემაზე გვესაუბრება ჩვენი რესპონდენტი, საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის პროფესორი, ისტორიკოსი ვახტანგ გურული.
– ქართლ-კახეთის სამეფოს გაუქმების შემდეგ, რატომ შეიკავა თავი რუსეთის საიმპერატორო კარმა ეკლესიის ავტოკეფალიის გაუქმებისგან?
– დავიწყოთ იმით, რომ მეცხრამეტე საუკუნის დამდეგისთვის საქართველოში არსებობდა 2 საპატრიარქო ტახტი – მცხეთის კათოლიკოს-პატრიარქის, ანტონ პირველის წინამძღოლობით და ლიხთ-იმერეთისა და აფხაზთა საპატრიარქო. ლიხთ-იმერეთისა და აფხაზთა კათოლიკოსის, მაქსიმე აბაშიძის გარდაცვალების შემდეგ, ახალი კათოლიკოს- პატრიარქის არჩევა ვერ მოხერხდა. ამ მომენტისთვის საპატრიარქოს დროებით განაგებდა ქუთათელი მიტროპოლიტი დოსითეოზი (წერეთელი). მართალია, რუსეთის იმპერატორებმა – პავლე პირველმა და ალექსანდრე პირველმა დაუყოვნებლივ არ ხელყვეს საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალია, მაგრამ, როგორც დგინდება, რუსები ამისთვის იმთავითვე ემზადებოდნენ.
– კონკრეტულად რა გაქვთ მხედველობაში?
– მცხეთის საპატრიარქოს ტახტის გაუქმების მიზნით, ღონისძიებების გატარება იმპერატორმა პავლე პირველმა ჯერ კიდევ 1801 წელს დაავალა ქართლ-კახეთის პირველ გენერალ-გუბერნატორს კარლ კნორინგს. გენერალმა კნორინგმა წერილი გაუგზავნა კათოლიკოს-პატრიარქს, ანტონ მეორეს და სთხოვა, რამდენიმე კითხვაზე ეპასუხა. ეს კითხვები ისე იყო შედგენილი, რომ ცხადი ხდებოდა: რუსები ცდილობდნენ, საფუძვლიანად გარკვეულიყვნენ ეკლესიაში შექმნილ ვითარებაში, რათა ავტოკეფალიის გაუქმებისთვის მოემზადებინათ ნიადაგი. ანტონ მეორე ცხადია, ყველაფერს კარგად მიხვდა, ამიტომ გენერალს პასუხი დაუგვიანა. თუმცა, ბოლოს იძულებული გახადეს მაინც ეპასუხა. ანტონ მეორის პასუხში სხვათა შორის არის ერთი ასეთი ადგილი: „ბერძენთა (იგულისხმება ბიზანტიის იმპერატორი – ავტორი) მეფის, კონსტანტინე დიდის დროს საქართველოში მოვიდა წმიდა ნინო, რომელმაც უფლის შეწევნით დაამხო წარმართობა და ქრისტიანობაზე მოაქცია მეფე მირიანი და ქართველი ხალხი.” შემდეგ ანტონ მეორე საგანგებოდ გამოყოფდა იმ ფაქტს, რომ ვახტანგ გორგასლის მეფობის ჟამს საქართველოს ეკლესიამ მოიპოვა თვითმწყემსობის, ანუ ავტოკეფალიის უფლება, რომელიც ცნობილი იყო მსოფლიოს საპატრიარქოების მიერ. ყოველივე ეს ანტონ მეორეს იმისთვის სჭირდებოდა, რომ რუსებისთვის ეგრძნობინებინა, დამპყრობელს საქმე უძველეს სამოციქულო მართლმადიდებელ ეკლესიასთან ჰქონდა, სადაც ქრისტიანობა მოციქულმა ანდრია პირველწოდებულმა იქადაგა, საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალია კი აღიარებული იყო ქრისტიანულ სამყაროში.
– მიაღწია თუ არა მიზანს კათოლიკოს-პატრიარქის, ანტონ მეორის მცდელობამ?
– რა თქმა უნდა – არა. ეს იქიდან ჩანს, რომ საქართველოს ახალმა მთავარსარდალმა, გენერალმა პავლე ციციანოვმა აქტიურად დაიწყო მზადება საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის გაუქმებისთვის. მან ანტონ მეორეს აუკრძალა ეკლესიის ქონების დამოუკიდებლად განკარგვა. კათოლიკოს-პატრიარქი ცდილობდა, ეკლესიის კუთვნილი მიწა და სხვა უძრავ-მოძრავი ქონება საეკლესიო აზნაურებისა და გლეხებისთვის დაემტკიცებინა საკუთრებაში, რადგან ხვდებოდა, რომ მცხეთის საპატრიარქოს გაუქმების შემდეგ, ეკლესიის მთელი უძრავ-მოძრავი ქონება რუსეთის ეკლესიის კუთვნილება გახდებოდა. ცხადია, პავლე ციციანოვი იმთავითვე მიუხვდა ანტონ მეორეს განზრახვას და კათოლიკოს-პატრიარქს, რუსეთის ხელისუფლებასთან შეთანხმების გარეშე, საეკლესიო ქონების განკარგვა აუკრძალა. ანტონ მეორე იმასაც ხვდებოდა, რომ ეკლესიის ავტოკეფალიის გაუქმების შემდეგ, რუსები ქართველების სასულიერო წოდებაში დამკვიდრებას ხელს შეუშლიდნენ. ამიტომ იყო, რომ კათოლიკოს-პატრიარქი ცდილობდა, რაც შეიძლება მეტი ეპისკოპოსის, არქიმანდრიტის, იღუმენის, მღვდელ-მონაზვნისა და მღვდლის ხელდასხმა მოეხდინა ანუ რიცხობრივად გაემრავლებინა ქართული სასულიერო წოდება. გენერალი ციციანოვი კათოლიკოს-პატრიარქს ამ განზრახვასაც დროულად მიუხვდა და საკმაოდ მკვახე ტონით აცნობა: არანაირი ხელდასხმა მასთან შეთანხმების გარეშე აღარ მომხარიყო. ანტონ მეორემ ეს უკვე მეტისმეტად მიიჩნია და პროტესტი განაცხადა. მაშინ პავლე ციციანოვმა ანტონ მეორეს ასეთი შეკითხვით მიმართა: ეპისკოპოსად, არქიმანდრიტად და მღვდლად ხელდასხმას თავის დროზე თქვენ ხომ უთანხმებდით ქართლ-კახეთის მეფეებს და ერეკლე მეორესა და გიორგი მეთორმეტეს? დადებითი პასუხის მიღების შემდეგ, რუსმა გენერალმა უტიფრად განუცხადა, უძველესი სამოციქულო მართლმადიდებლური ეკლესიის საჭეთმპყრობელს, კათოლიკოს-პატრიარქ ანტონ მეორეს: ახლა მეფეები აღარ არიან, უმაღლესი საერო ხელისუფალი კი მე ვარ და კეთილი ინებეთ, ჩემთან შეათანხმეთ ყოველგვარი ხელდასხმაო.
– როგორ გაგრძელდა ანტონ მეორისა და პავლე ციციანოვის ურთიერთობა?
– საქართველოს მთავარმართებელი, ვახტანგ მეორის დროს რუსეთში გადახვეწილი თავად ციციშვილის შთამომავალი გახლდათ, მაგრამ ქართული მასში აღარაფერი იყო. იგი ტიპიურ რუს გენერლად მოევლინა საქართველოს. ამაზე მეტყველებს შემდეგი ფაქტი – ციციანოვი ანტონ მეორეს სწერდა: ეკლესიებში, სადაც კი ღვთისმსახურებას დავესწარი, გალობის ნაცვლად თხების კიკინი ისმოდაო. როგორც ჩანს, გენერალს მრავალხმიანი ქართული გალობა არ მოსწონებია და ამიტომ იყო, რომ ანტონ მეორეს ურჩევდა: ქართული საეკლესიო გალობა რუსული საეკლესიო გალობით შეცვალეთო.
– შეასრულა გენერალმა ციციანოვმა რუსეთის საიმპერატორო კარის დაკვეთა?
– გენერალმა ციციანოვმა ავტოკეფალიის გაუქმების საქმე ბოლომდე ვერ მიიყვანა. 1806 წელს, იგი ბაქოში მოკლეს. დასახულ მიზანს ვერც მისმა მემკვიდრემ, გენერალმა ივანე გუდოვიჩმა მიაღწია. სამაგიეროდ, ავტოკეფალიის გაუქმებისთვის დიდი ხნის წინ დაწყებული ბრძოლა მთავარმართებელმა ალექსანდრე ტორმასოვმა დაასრულა.
– როდის და როგორ?
– გენერალი ტორმასოვი იმთავითვე მიხვდა, რომ მცხეთის საპატრიარქო ტახტის გაუქმება შეუძლებელი იქნებოდა რუსეთში კათოლიკოს-პატრიარქის, ანტონ მეორის გასახლების გარეშე. გენერლის აზრს პეტერბურგშიც დაეთანხმნენ და იმპერატორმა ალექსანდრე პირველმა ანტონ მეორე სტუმრად მიიწვია დედაქალაქში. კათოლიკოს-პატრიარქის მიწვევის მიზეზი ოფიციალურად ასე განუმარტეს: რუსეთის ეკლესიის უწმიდეს სინოდში საქართველოს ეკლესიის საქმეები იხილებოდა, ხოლო განხილვას აუცილებლად უნდა დასწრებოდა ანტონ მეორე. ანტონ მეორე, ცხადია მიხვდა, რომ მისი საქართველოდან გამგზავრება დააჩქარებდა მცხეთის საპატრიარქო ტახტის გაუქმებას. ამიტომ იყო, რომ მან ავადმყოფობის მომიზეზებით რუსეთში გამგზავრების გადადება ითხოვა. რუსეთში გამგზავრების დაუსრულებლად გადადება შეუძლებელი იყო, ამიტომ გარკვეული პერიოდის შემდეგ, ანტონ მეორეს მაინც მოუწია გამგზავრებაზე თანხმობის მიცემა. მოულოდნელად, საქმის ვითარება შეიცვალა და კათოლიკოს-პატრიარქის გამგზავრებაც გადაიდო.
– რა იყო ამის მიზეზი?
– ალექსანდრე ტორმასოვს შეატყობინეს, რომ საქართველოდან დევნილი ლევან ბატონიშვილი და მისი მომხრე თავადები, რუსეთში მიმავალი ანტონ მეორის გატაცებას გეგმავდნენ. გატაცება უნდა მომხარიყო სადღაც ჟინვალიდან დარიალამდე. ტორმასოვი შეშინდა. რუსებმა ვითარება ზედმიწევნით ზუსტად შეისწავლეს – სამხედრო გზის მთელ მონაკვეთზე ჟინვალიდან დარიალამდე თანამდებობის პირები და მოსახლეობა დაკითხეს და დაადგინეს, რომ ლევან ბატონიშვილის კაცების გარდა, გატაცებისთვის აუცილებელი სამხედრო რაზმი სამხედრო გზის სიახლოვეს არ გამოჩენილა. ალექსანდრე ტორმასოვმა თავი მაინც დაიზღვია და ანტონ მეორის გამცილებელი რაზმი გააძლიერა. რუსეთში მიმავალ კათოლიკოს-პატრიარქს მცხეთიდან-კობამდე გააცილებდა კაზაკთა პოლკის 16 ჯარისკაცი ოფიცრის მეთაურობით, ხოლო კობიდან ვლადიკავკაზამდე კაზაკთა პოლკის მთელი ასეული. კათოლიკოს-პატრიარქი ანტონ მეორე 1810 წლის 3 ნოემბერს თბილისიდან პეტერბურგს გაემგზავრა. იგი 9 ნოემბრამდე მცხეთაში შეჩერდა. ამის შემდეგ ანტონ მეორე საქართველოში ვეღარასდროს დაბრუნდა. იგი რუსეთშივე გარდაიცვალა 1821 წელს.
– რა ბედი ეწია მცხეთის საპატრიარქო ტახტს?
– 1811 წლის 21 ივნისს რუსეთის ეკლესიის უწმიდესმა სინოდმა იმპერატორ ალექსანდრე პირველს წარუდგინა „უქვეშევრდომილესი” მოხსენება მცხეთის საპატრიარქოს გაუქმების თაობაზე. იმპერატორმა მოხსენება 30 ივნისს დაამტკიცა. ასე გაუქმდა უძველესი სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალია.
ავტოკეფალიის გაუქმება ნიშნავდა, რომ აღარ იარსებებდა კათოლიკოს-პატრიარქი, აღარ მოიწვევდნენ საეკლესიო კრებას. იმ ტერიტორიაზე, რომელიც მცხეთის საპატრიარქო ტახტის იურისდიქციაში შედიოდა, რუსეთის იმპერატორის ბრძანებულების თანახმად, უმაღლესი საეკლესიო იერარქი იყო: „მიტროპოლიტი მცხეთისა და ქართლისა, სინოდის ეგზარქოსი საქართველოში”. ქართველთათვის ეს ავადსახსენებელი თანამდებობა ისტორიაში საქართველოს ეგზარქოსის სახელწოდებით შევიდა. მცხეთის საპატრიარქო ტახტის გაუქმების შემდეგ 1814 წელს გაუქმდა ლიხთ-იმერეთისა და აფხაზთა საპატრიარქო. ყოფილი საპატრიარქოს ტერიტორია კი საქართველოს ეგზარქოსის იურისდიქციაში შევიდა. გარკვეული პოლიტიკური მოსაზრებით, რუსებმა პირველ ეგზარქოსად ქართველი, ქსნის ერისთავთა საგვარეულოს წარმომადგენელი – ვარლამი დანიშნეს. შემდგომ ეგზარქოსებად, საქართველოს საეგზარქოსოს გაუქმებამდე, 1917 წლამდე, მხოლოდ რუსები ინიშნებოდნენ.