როგორ შეაპარა პაოლო იაშვილმა დაშლილი სანადირო თოფი მწერალთა კავშირის შენობაში და თვითმკვლელობა ამ თოფით ჩაიდინა
ბრწყინვალე პოეტის, საზოგადო მოღვაწის, უბადლო თამადის, წარმოსადეგი, მჭევრმეტყველი მამაკაცისა და უბრალოდ, პოპულარული პაოლო იაშვილის ცხოვრება 45 წლის ასაკში თვითმკვლელობით დასრულდა მწერალთა კავშირის შენობაში. ამ ამბავთან დაკავშირებით ჩვენს ინტერვიუში პროფესორი სოსო სიგუა გვესაუბრება.
– 1937 წლის ივლისში ცნობილმა ქართველმა პოეტმა, პაოლო იაშვილმა საქართველოს მწერალთა კავშირის შენობაში თავი მოიკლა. თვითმკვლელობა მოხდა მაშინ, როდესაც სხდომა მწერალთა კავშირის კლუბში მიმდინარეობდა. მე, ამ ამბავთან დაკავშირებით მახსოვს უფროსი თაობის მწერალთა გადმოცემები. ისინი იხსენებდნენ, რომ იმხანად მწერალთა კავშირის შესასვლელში მდგარა მილიციელი, რომელიც შენობაში არავის უშვებდა, ვინც კავშირის წევრი არ იყო. პლუს ამას, ამოწმებდნენ, თუ რა შეჰქონდათ დაწესებულებაში შემსვლელთ. ამიტომაც, პაოლო იაშვილს სანადირო თოფი დაშლილი შეუტანია მწერალთა კავშირის შენობაში.
სიმონ ჩიქოვანი მოგონებაში წერს: „სხდომა დაწყებული იყო და პაოლო იაშვილი შემოვიდა. დამიჯდა, მელაპარაკა სხვადასხვა თემაზე, თან დროდადრო მიმეორებდა: მე მართალი ვარ, იცოდეო. მერე, სხვასთან გადაჯდა და იმასთან დაიწყო საუბარი“.
– თვითონ სხდომა რასთან დაკავშირებით იყო მოწვეული?
– ჩვეულებრივი რიგითი ხასიათის სხდომა იყო. იაშვილი, ჩიქოვანის შემდეგ სხვასთან გადამჯდარა. მოგონებაში ვკითხულობთ, მაშინ მე ამისთვის ყურადღება არ მიმიქცევიაო. არ ახსოვდა როდის დატოვა პაოლომ დარბაზი. ცოტა ხანში სროლის ხმა გაისმა. მეორე სართულზე მოიკლა თავი პოეტმა, სხდომა – პირველზე მიმდინარეობდა. თოფის ლულა პირში ჩაუდევს, ფეხის თითით გამოუწევია ჩახმახი. თავის ქალა ჰქონდა აგლეჯილი თურმე. სხდომიდან ყველა გამოვარდა. ყველაზე ადრე ირაკლი აბაშიძე მივარდა და ტიროდა თურმე. ამის გამო იგი შინსახკომში დაუბარებიათ, რატომ დასტირი ხალხის მტერსო. მწერალთა კავშირში ისტერია და მთელი ამბავი შეიქმნა. წარმოიდგინეთ, კაცმა მოიკლა თავი და თანაც ისეთმა, როგორიც პაოლო იაშვილი იყო. ამ ამბის შემდეგ პაოლო იაშვილის ხსენება აიკრძალა.
– რა იყო ამ თვითმკვლელობის რეალური მიზეზი?
– ამ თვითმკვლელობის მიზეზის შესახებ არსებობს სხვადასხვა ვერსია. მაგრამ, ჩვენ უნდა გავითვალისწინოთ, რომ პაოლო იაშვილი ქართული სიმბოლისტური გაერთიანება „ცისფერი ყანწების” ერთ-ერთი ლიდერი იყო. მასში შედიოდნენ: გრიგოლ რობაქიძე, პაოლო იაშვილი, ტიციან ტაბიძე, ვალერიან გაფრინდაშვილი, სერგო კლდიაშვილი და სხვა ცნობილი ქართველი მოღვაწეები. 1921 წლამდე ამ გაერთიანებას არავითარი პოლიტიკური ნიშანი არ ჰქონდა. ეს იყო წმიდა ესთეტიკური გაერთიანება.
– შემდეგ რა შეიცვალა?
– 1921 წელს, როდესაც ბოლშევიკები შემოვიდნენ, პაოლო იაშვილი მათ შეეგება. იგი თბილისში ხელმძღვანელობდა წესრიგის დაცვას, რომ არ ყოფილიყო რბევა, ნგრევა, ხანძარი და ამგვარი ინციდენტი. მანამდე კი, ორი კვირით ადრე, დემონსტრაციას აწყობდა საქართველოს დეიურედ ცნობის გამო, ნოე ჟორდანიას მხარდასაჭერად. ეს ალბათ ცხადყოფს, რომ ის პოლიტიკაში არ ერეოდა და ვერც ერკვეოდა. მას აინტერესებდა მხოლოდ კულტურა, ხელოვნება და არა თანამდებობა და პოლიტიკური იდეალები. ამის შემდეგ, პაოლო იაშვილი იყო ერთ-ერთი ინიციატორი, რომ ქართველ მწერლებს გადასცემოდათ, ის შენობა, რომელიც მათ წლების განმავლობაში ეკავათ მაჩაბლის 13 ნომერში. კომუნისტებთან, ბოლშევიკებთან კარგი ურთიერთობის გამო პაოლო იაშვილს, ტიციან ტაბიძეს, გრიგოლ რობაქიძეს სასტიკად აკრიტიკებდა კონსტანტინე გამსახურდია. მათ წლების განმავლობაში ცუდი ურთიერთობა ჰქონდათ და არც ესალმებოდნენ ერთმანეთს.
– რა იყო მიზეზი ამ დაპირისპირებისა?
– ერთ-ერთი მთავარი მოტივი ამ დაპირისპირებისა იყო რუსებთან ურთიერთობა. ცისფერყანწელები კი მეგობრობდნენ რუსებთან, ბოლშევიკებთან, ამას თავის საფუძველი ჰქონდა. ცისფერყანწელები ყველანი სწავლობდნენ ქუთაისში.
– კი მაგრამ, კონსტანტინე გამსახურდიაც ხომ სწავლობდა ქუთაისის გიმნაზიაში?
– სწავლობდა, თუმცა გიმნაზიის დასრულების შემდეგ, ის წლების განმავლობაში, გერმანიაში სწავლობდა და ამიტომ ჩამოშორდა ამ წრეს. ვინც კი იყვნენ ახალ მთავრობაში – ოკუჯავები, ბუდუ მდივანი თუ სხვები, ყველანი წამოსული გახლდნენ ქუთაისიდან და ახალგაზრდებთან მეგობრობდნენ. ისინი ხელისუფლებას პოლიტიკური ნიშნით არ აფასებდნენ. ამიტომ, ბუნებრივია, რომ მათთვის ტრაგედია არ ყოფილა ნოე ჟორდანიას განდევნა და დემოკრატიული საქართველოს ხელისუფლების დამხობა. გრიგოლ რობაქიძეს მათ თანამდებობაც მისცეს, პაოლო იაშვილი კი ამიერკავკასიის აღმასრულებელი კომიტეტის წევრი იყო. შემდეგ მთავრობამ ის ორდენითაც დააჯილდოვა. შემდეგ ცისფერყანწელთა კარგი ურთიერთობა ხელისუფლებასთან შეიცვალა.
– რა იყო ამის მიზეზი?
– 1924 წელს დახვრიტეს პაოლოს ძმა. შემდეგ იყო ის ტრაგედია, რაც საქართველოში დატრიალდა. თუ მანამდე ცისფერყანწელები, ვარდისფერი სათვალით ხედავდნენ არსებულ ვითარებას და ეგონათ, რომ, უბრალოდ, ერთი მთავრობა მეორეთი შეიცვალა და ამაში ისინი ტრაგიკულს ვერაფერს ხედავდნენ, ახლა, ცხოვრებამ ისინი მკაცრი რეალობის წინაშე დააყენა. დაანახვა, რომ მიდის ქართული სულის დათრგუნვა, რუსიციზმი.
ამას დაერთო ის, რომ ყველა, ვისთანაც პაოლო და სხვები მეგობრობდნენ ნაციონალ-უკლონისტები აღმოჩნდნენ, რომლებიც შემდეგ ტროცკისტებად მონათლეს. უკლონისტებს ეგონათ, რომ ბოლშევიკები კი შემოვედით, მაგრამ ჩვენ გვინდა, დამოუკიდებელი საქართველო, რომელსაც კარგი ურთიერთობა ექნება მოსკოვთანო და არანაირად არ სურდათ, რომ საქართველო რუსეთის ერთ-ერთ გუბერნიად ქცეულიყო. ისინი ებრძოდნენ მენშევიკ ჟორდანიას და მიიჩნევდნენ, რომ მენშევიკები განვდევნეთ და ახლა ბოლშევიკურ საქართველოს ჩვენ შევქმნითო, რაც, რა თქმა უნდა, ილუზია იყო. ეს, ასე ვთქვათ, იმედგაცრუებული ადამიანები კი – ყველანი ტროცკისტებად შეირაცხნენ. რა მოჰყვა ამას, ბევრი მაგალითი ვიცით, გავიხსენოთ, თუნდაც ის, რომ გალაკტიონ ტაბიძის 5 ცოლისძმა, რომელთაც ხელმძღვანელის პოსტი ეკავათ ბოლშევიკურ ხელისუფლებაში, 1937 წელს შეეწირა, მეექვსე იყო გალაკტიონის ცოლი და ისიც დახვრიტეს, მეშვიდე ძმა კი, კიდევ ერთი ცოლისძმა გალაკტიონისა, გადაასახლეს და მხოლოდ 15 წლის შემდეგ დაბრუნდა გადასახლებიდან. გადარჩა მხოლოდ მერვე ოკუჯავა – გალაკტიონის ცოლისდა, მაგრამ მას ქმარი დაუხვრიტეს. ასეთი იყო ოკუჯავების ოჯახის ისტორია.
ვიცით, რომ პაოლო იყო საუკეთესო თამადა, იმპროვიზატორი, მჭევრმეტყველი, გარეგნულადაც წარმოსადეგი, ელვარე ნიჭის კაცი. ამიტომ, თითქმის მთელი ბოლშევიკური ხელისუფლება და ხელოვანთა ნაწილი მასთან მეგობრობდა – ძმაკაცობდნენ.
1936 წელს, როდესაც ქართველ ხელოვანთა დელეგაცია მოსკოვში მიიწვიეს, კრემლის სვეტებიან დარბაზში, სუფრას პაოლო იაშვილი ხელმძღვანელობდა. ამას ესწრებოდნენ მთელი იმდროინდელი პოლიტბიურო, სტალინი და სხვები. რუსული ენის მხრივ პაოლოს არანაირი პრობლემა არ ჰქონია. მოგეხსენებათ, ქუთაისის შემდეგ იგი ოდესაში სწავლობდა. ლექსებსაც კი წერდა რუსულ ენაზე. მისი ცოლიც ოქრომჭედლიშვილი-სერებრიაკოვა იყო. მათ ოჯახში სასაუბრო ენა იყო რუსული, ისევე როგორც გალაკტიონისა და მისი მეუღლის ოჯახში. ამას იმიტომ ვამბობ, რომ რუსული ინტელიგენცია პაოლო იაშვილისთვის იყო ძალიან ახლობელი, მაგრამ არა ბოლშევიკური. ანტირუსული ცისფერყანწელებს და პაოლოს არაფერი არ ჰქონდათ, მაგრამ მათთვის მიუღებელი იყო ბოლშევიზმი.
– კიდევ რაში ედებოდა მას ბრალი?
– მეორე ფაქტი, რამაც უარყოფითი როლი ითამაშა პაოლო იაშვილის ცხოვრებაში იყო ის, რომ გრიგოლ რობაქიძემ დატოვა, საქართველო, საბჭოთა კავშირი და გახდა გერმანიის მოქალაქე.
გრიგოლ რობაქიძე ცისფერყანწელთა ერთ-ერთი ლიდერი იყო, მათი მეგობარი და უფროსი ძმა, რომელსაც პაოლო დიდ პატივს სცემდა. მას ლექსებს უძღვნიდნენ, მიიჩნევდნენ სიმბოლიზმის მეტრად და თავიანთ მედროშედ. უცებ კი, ეს მედროშე აღმოჩნდა ჰიტლერის ბანაკში. ამას დაერთო ტროცკისტობა და უკვე ყველაფერი მომზადდა, ობიექტური ფონი შეიქმნა პაოლო იაშვილის საწინააღმდეგოდ. თანაც, 1937 წელი იყო. სტალინმა ცეკას პლენუმზე გამოაცხადა, რომ ჩვენ, რაც წინ მივდივართ, მით უფრო ძლიერდება ანტიბოლშევიკური მოძრაობა საბჭოთა კავშირში. ამიტომ, უნდა მოხდეს მათი ლიკვიდაცია. ბერია იყო ცეკას პირველი მდივანი საქართველოში. მანაც ყრილობაზე გაიმეორა ბელადის სიტყვები.
– მავნებლურ ელემენტებს შორის პაოლო იაშვილიც დაასახელა?
– დიახ, მაგრამ მაშინ ამ ყრილობაზე კიდევ ბევრი დასახელდა, თუმცა ყველა უცებ არ დაუჭერიათ და დაუპატიმრებიათ. მესამე უარყოფითი ფაქტორი ის იყო, რომ პაოლოს ურთიერთობა ჰქონდა ვალოდია ჯიქიასთან.
– ვინ იყო ის?
– ვალოდია ჯიქია გახლდათ ძველი ბოლშევიკი, რიონჰესის მშენებელი. პაოლო, როგორც მეგობარი, ეხმარებოდა მას. დაიჭირეს ვალოდია ჯიქია, რა თქმა უნდა, გამოაცხადეს ტროცკისტად. მავანნი ვარაუდობდნენ, რომ თითქოს პაოლო იაშვილს ათქმევინეს ვალოდია ჯიქიას საწინააღმდეგოდ რაღაც. აქ ამ დროს ძალიან აქტიურობდა შინსახკომი, რომელსაც უშუალოდ ბერია ხელმძღვანელობდა. თითქოს, ბერიამ გადმოიბირა, თუ სურდა პაოლო იაშვილის გადმობირება...
– ანუ გადმოიბირა, თუ სურდა მისი გადმობირება.
– ახლა ძნელია ამაზე საუბარი... ყოველ შემთხვევაში, პაოლო გრძნობდა, რომ მის გარშემო ძალიან ცუდი ატმოსფერო ტრიალებდა. გერონტი ქიქოძე წერს თავის მოგონებაში, რომ პაოლო მარტოდმარტო ადიოდა ბოტანიკურ ბაღში იმ დღეებში, ჩანჩქერთან ჯდებოდა და არავისთან არ სურდაო საუბარი. ალბათ, უნდოდათ, პაოლო იაშვილი ექციათ თავის აგენტად, წინააღმდეგ შემთხვევაში, დახვრეტა ემუქრებოდა. პაოლო იაშვილმა არჩია, თავი მოეკლა, ვიდრე გამხდარიყო მეგობრების დამბეზღებელი და ამიტომ, დაასრულა ასე ცხოვრება. ამ დროს იგი 45 წლის გახლდათ – ენერგიით აღსავსე, მჩქეფარე ბუნების კაცი, მართლაც პოეტად დაბადებული. მას ყველა ლექსი ექსპრომტად აქვს დაწერილი. არც უბის წიგნაკები ჰქონია.
პოეტს დარჩა ერთი ქალიშვილი და სანამ თავს მოიკლავდა, მანამდე სახლში 2 წერილი დატოვა ცოლის და შვილის სახელზე.
პაოლო იაშვილის სახელის რეაბილიტაცია მოხდა 1954 წელს, ესე იგი 17 წლის შემდეგ.