კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ვინ ერეოდა ირაკლი ბაგრატიონის ცხოვრებაში აქტიურად და რატომ არ ქმნის ის ოჯახს


2010 წელს 200 წელი შესრულდა იმერეთის სამეფოს გაუქმებისა და მისი ტერიტორიის რუსული ჯარების მიერ ოკუპაციიდან. სოლომონ მეორემ ამ ტრაგიკულ მოვლენამდე ერთი თვით ადრე დაწერა წერილი, რომლის გამოქვეყნება ახლახან მისმა ნათესავმა, იმერელ ბაგრატიონთა შტოს ერთადერთმა გამგრძელებელმა – ირაკლი ბაგრატიონმა ითავა. მისი წინაპარი, სიმონ ბაგრატიონი, სოლომონ მეფის ბიძაშვილი და სოლომონივით, ალექსანდრე მეხუთის შვილიშვილი იყო.

ირაკლი ბაგრატიონი: ქალბატონი მანანა ხომერიკის დახმარებით გამოვაქვეყნეთ ბროშურა. გვინდოდა, ხალხისთვის მიგვეწოდებინა ინფორმაცია, თუ რამდენი წელი გავიდა იმერეთის ოკუპაციიდან. მე, როგორც ქართველი და ბაგრატიონთა იმერული შტოს გამგრძელებელი, ვალდებულად მივიჩნევ თავს, გავიხსენო 1810 წლის სამწუხარო მოვლენა. 200 წელი არ არის პატარა დრო, მით უმეტეს, იმერეთმა ეს ძალიან ცუდად გადაიტანა. ჩემს ოჯახს უშუალოდ დაატყდა თავს ის, რასაც შედეგად მოჰყვა მთლიანად იმერეთის დაპყრობა. ფაქტობრივად, ჩვენი ოჯახის სრული განადგურება მოხდა, ყოველ შემთხვევაში, მცდელობა ძალიან დიდი იყო. ჯერ კიდევ 1818-1820 წლების აჯანყების დროს, ჩემი უშუალო, დიდი წინაპრები – როსტომი და მისი 8 წლის შვილი სიმონი გადაასახლეს რუსეთში. როსტომი სუმის ჰუსართა პოლკში ირიცხებოდა რიგით ჯარისკაცად. ის დარდისგან დაავადმყოფდა და 1829 წელს სამხედრო სამსახურიდან დაითხოვეს, მაგრამ სამშობლოში დაბრუნება აკრძალული ჰქონდა. რუსეთში როსტომი სოლომონ მეორის ქვრივმა, მარიამ დედოფალმა თავის სახლში შეიფარა. როსტომის მამა სოლომონ მეფის ბიძაშვილი იყო. მარიამ დედოფალი სულ ზრუნავდა მასზე, არაერთხელ უშუამდგომლა და სწერდა წერილებს იმპერატორს, როსტომის სამშობლოში დაბრუნების თაობაზე, მაგრამ უშედეგოდ. რადგან როსტომი გვარის გამგრძელებელი იყო, ეშინოდათ, მისი საქართველოში დაბრუნება, მას შემდეგაც კი, რაც აჯანყების სხვა მონაწილეებს აპატიეს და დედოფალიც გარდაიცვალა, 1841 წელს როსტომიც შეამოწმეს, ჩათვალეს, რომ იმერეთის მხრიდან საფრთხე აღარ ელოდათ. ამიტომ, როსტომს და მის ვაჟს, სიმონს დაბრუნების უფლება მისცეს. მაგრამ, როსტომმა ძალიან ცოტა ხანს იცოცხლა. რაც მთავარია, მისმა ვაჟმა სიმონმა გააგრძელა ის შტო. საბჭოთა კავშირის დროს ჩვენს ოჯახს კიდევ არ ასცდა რეპრესიები. სასტიკად გაუსწორდა საბჭოთა ხელისუფლება სიმონის შთამომავალს, მამაჩემის ბაბუას – გრიგოლ ბაგრატიონს. ის იმიტომ დახვრიტეს, რომ ბაგრატიონი იყო. მისი მეუღლე კი დააპატიმრეს. ჩვენ შემდეგში მოვიძიეთ მასალები, გვაინტერესებდა, სად დახვრიტეს გრიგოლ ბაგრატიონი და როგორც შევიტყვეთ, ეს ქუთაისში საფიჩხიის ტყეში მოხდა. მასობრივი მკვლელობები ხდებოდა, იქვე ხვრეტდნენ და მარხავდნენ, შესაბამისად, ამოცნობაც შეუძლებელი იყო. პატრიარქიც ბრძანდებოდა, ვაკურთხეთ ის ადგილი, ჯვარიც დავდგით. რაც შეეხება ბაბუას ძმას – ალექსანდრეს, რომელსაც მოფერებით დუდუნას ეძახდნენ, მეორე მსოფლიო ომში გაიწვიეს და იქ დაიკარგა. ჩვენ ვერ მოვიპოვეთ ცნობა, მართლა დაიკარგა თუ დახვრიტეს. ბაბუაჩემი – ირაკლი 12 წლის იყო, ომში რომ წაიყვანეს. მატარებელში რომ აჰყავდათ, ერთ-ერთი სამხედრო პირი თერჯოლელი აღმოჩნდა. მან ბაბუა წამოიყვანა და მას დაახლოებით 2 თვის განმავლობაში ასათიანების მამულში მალავდნენ. სოლომონ მეორის ფოტოს შეხედე, ზუსტად ასეთია მამაჩემი. მისი ასლია. იმერეთის ბაგრატიონებისთვის დამახასიათებელია გრძელი ცხვირი. ბაბუა ორმეტრიანი, გამხდარი კაცია, არისტოკრატი. თავისებური ხასიათი აქვს, მისი საუბრის მანერა განსაკუთრებული, დარბაისლურია. მთელი ცხოვრება ტანჯვა-წამებაში გაატარა – მშობლები დაუხვრიტეს, დაუპატიმრეს, სახლიდან ყველაფერი წაიღეს, სახლიც დაუშალეს და სამზარეულოში ცხოვრობდა. ბაბუას ორი და ჰყავდა – მერი და ციალა. ერთად იზრდებოდნენ. ბაბუა იხსენებდა, ერთ დღეს პატეფონი ჩავრთეთ, ესღა გვქონდა შემორჩენილი და თავზე „ჩეკა“ დაგვადგა, კიდევ ქეიფობთო. შევარდნენ სახლში და მაშინ წაიღეს ყველაფერი, რაც კი იყო დარჩენილი. ბევრი ტრაბახობს, წინაპრებისგან ეს დაგვრჩაო, ჩვენ, იცით, რა დაგვრჩა? მეზობლებს ჩვენგან ქორწილისთვის ორი ვერცხლის შანდალი და ლამპა ჰქონდათ წაღებული. მერე კი დაუბრუნეს ჩემს ბაბუას და მის დებს. მხოლოდ ეს შემოგვრჩა წინაპრებისგან.

– როგორ იზრდებოდნენ მშობლების გარეშე.

– სოფელს ძალიან ემადლიერება, სოფელმა გადაარჩინა ისინი. ბაბუა იხსენებს ხოლმე, დილა და საღამო არ ვიცოდი, სულ ყანაში, ვენახში ვმუშაობდი და ვსწავლობდიო. სოფელი ღვანკითი ალექსანდრე მეფემ აჩუქა თავის შვილს, ბაგრატს, რომელიც ჩვენი უშუალო წინაპარია. მას ჰქონდა თავისი ადგილები, მიწა. მარტო ვხნავდი, ვთესავდი და ჩემი შრომით გამქონდა თავიო, თან, იმავდროულად, სხვა სოფელში, რომელიც დაახლოებით 20 კილომეტრით იყო მოშორებული, სასწავლებლად დადიოდა სკოლაში. დღემდე ძალიან ბევრს კითხულობს, თან სათვალის გარეშე, არაფერი გამოეპარება. პრესასაც სულ ეცნობა, ყველაფრის საქმის კურსშია. ჩვენ დღესაც ღვანკითში ვცხოვრობთ, თუმცა ეს ტერიტორია თავის დროზე საკმაოდ შეავიწროვეს, დააპატარავეს სახლი მოგვიანებით ავაშენეთ. გეოგრაფიულად რომ ავხსნათ, კოლხეთის დაბლობი ჩვენი სოფლიდან იწყება. ჩემი სახლიდან ოთხივე მხრიდან ჩანს მთელი იმერეთი, საოცარი ადგილია.

– ბაბუა თუ ერეოდა თქვენს აღზრდაში?

– აქტიურად ერეოდა. ღვანკითში დავამთავრე სკოლა. შემდეგ თბილისში, ტექნიკურ უნივერსიტეტში ავტოსაინჟინრო ფაკულტეტის ბაკალავრიატი და მაგისტრატურა დავამთავრე. ბაბუამ ჩვენს აღზრდაში ძალიან დიდი როლი ითამაშა. სკოლაში სწავლის დროს სხვადასხვა საგანში ვემზადებოდი და ბაბუა სულ მაკონტროლებდა – წავედი თუ არა მასწავლებელთან.

– იმის გაცნობიერება, რომ იმერელი ბაგრატიონების შთამომავალი ხარ, რთული იყო?

–.ჩვენს სახლში ყოველთვის ძალიან ბევრი მკვლევარი ჩამოდიოდა, ეძებდნენ მასალებს, იკვლევდნენ რაღაცეებს. ქუთაისში სოლომონ მეორის სასახლის პატარა ნაწილია შემორჩენილი. იქ იკრიბებოდნენ და ბავშვობიდან ვიყავი ამ საქმეში ჩართული. სხვა ადამიანების დამოკიდებულებაც ჩვეულებრივი იყო, პრივილეგიებით არასდროს მისარგებლია. პირიქით, მჩაგრავდნენ, მეტი მოგეთხოვებაო. ზედმეტს მთხოვენ. ცუდია ისიც, რომ როდესაც ხალხში ხარ, ყველაფერი აინტერესებთ, გაკვირდებიან. მახსოვს, მეცხრე კლასში ვიყავი, როდესაც ქუთაისის გაზეთში ნუნუ ჩიტალაძემ ჩემზე იუმორით დაწერა სტატია „იმერეთის პრინცი“. მერე გაზეთი სკოლაში წავიღე.

– როდისმე პრინცად გიგრძნია თავი?

– არასდროს, სხვანაირად გავიზარდე და ჩემი ცხოვრების სტილი არ არის პრინცობა. უშუალო ადამიანი ვარ და ასეთი კომპლექსებისგან თავისუფალი.

– როგორი ბავშვი იყავი?

– არც ძალიან ცელქი და არც ძალიან მშვიდი. ჩემს მშობლებს არასდროს დავუსჯივარ, დღემდე მიკვირს – ხმამაღალი სიტყვაც არ უთქვამთ ჩემთვის. მამა ძალიან გვანებივრებდა, მაღაზიაში ჩემი შეყვანა არ შეიძლებოდა. ერთხელ თბილისში ვიყავით, მაღაზიაში შევედით. საქსოფონი ძალიან მომეწონა და მაშინვე მიყიდა. არადა, დაკვრაც არ ვიცოდი. რაც მინდოდა, ყიდულობდნენ და ამით რატომ არ უნდა მესარგებლა?! მახსოვს, პატარა ვიყავი, ძველი სახლი გვქონდა. ძალიან დიდი, ლომის ნიღაბი მქონდა, ძალიან მაგარი, რომ დამემალა, ცეცხლი წავუკიდე და ტახტის ქვეშ შევაგდე. ამ დროს დედაჩემი შემოვიდა, სუნი იგრძნო და ასე გადავრჩით სახლის დაწვას.

– ახლახან შენი და გათხოვდა, გილოცავ!

– ქეთევანი გათხოვდა. ჩემი სიძე – გოჩა მიქელაძე პატიოსანი, განათლებული, ძალიან კარგი ადამიანია. ერთმანეთი გაიცნეს და სიყვარულით შექმნეს ოჯახი. ჩემი და სულ მაყენებდა საქმის კურსში. ეს ის თემაა, რაც აუცილებლად უნდა მცოდნოდა.

– ასე მგონია, საკმაოდ მკაცრი ხასიათი გაქვს...

– მკაცრი არა – მომთხოვნი. დის მომავალი შენ და შენს ოჯახს ეხება. თუ მას უნდა, ვერ დაუშლი, მაგრამ შენი აზრი, ხომ უნდა უთხრა.

– იმერეთის „პრინცს“ როგორი „პრინცესა“ უნდა ჰყავდეს?

– არ ვარ პრინცი. წინასწარ არაფერი იცი, უნდა ნახო ადამიანი, რომელსაც მთელ ცხოვრებას დაუკავშირებ. ეს ცხოვრებაში, გამოგადგება და რაც შენთვის კარგია, ისე უნდა გადაწყვიტო. ყველა ადამიანს თავისი შეხედულებები აქვს – ჩემი შეხედულება ჩემთვის არის.

– ოჯახში არ გიპროტესტებენ, რატომ არ მოგყავს ცოლიო?

– პროტესტი არის, მაგრამ ადამიანმა საკუთარი ოჯახის ტვირთი თვითონ უნდა ზიდოს საკუთარი მხრებით ატაროს და არა ვინმეს დახმარებით. მე ვცდილობ, ჩემი ცხოვრება მოვაწყო, დამოუკიდებლობა შევიძინო და ეს განსაზღვრავს ჩემს მომავალსაც.


скачать dle 11.3