ბედნიერება მარტივია?!
სიყვარული არ არის მარადიული. ფსიქოლოგების ერთი ნაწილი საერთოდ ამტკიცებს, რომ ის დაავადებაა და ქრონიკული ფორმაც არ ახასიათებს. სხვათა შორის, ქალბატონების უმრავლესობა საკმაოდ მშვიდად ეთანხმება იმ მოსაზრებას, რომ ყველაზე ვნებიანი სიყვარულიც კი, რაღაც დროის გასვლის შემდეგ, ჩვევაში გადადის. რაც შეეხება მამაკაცებს, ისინი, როგორი უცნაურიც არ უნდა იყოს, ქალბატონებზე რომანტიკულები აღმოჩნდნენ. მართალია, ხშირად არც იციან, რა არის ეს სიყვარული, მაგრამ მხოლოდ 30 პროცენტს მიაჩნია, რომ უსიყვარულოდ ცხოვრება პრობლემა არ არის.
საბოლოოდ მაინც გამოირკვა, რომ ოჯახური ბედნიერებისთვის აუცილებელი არ არის, ცოლ-ქმარი ერთმანეთზე გიჟდებოდეს და ირეოდეს. ოჯახური ჰარმონიულობა ვნებიან გრძნობასა და ჭარბ ემოციებზე ნაკლებად არის დამოკიდებული. მაგალითად, ბრიტანელ ფსიქოლოგებს მიაჩნიათ, რომ იდეალური ვარიანტია, როცა მეუღლეებიდან ერთს უყვარს, მეორეს კი ამის მიმართ პროტესტის განცდა არ უჩნდება. სანდოა თუ არა ბრიტანელი ფსიქოლოგების მოსაზრება, ეს ყველამ საკუთარ თავს უნდა ჰკითხოს, მაგრამ ფაქტია, რომ დიდი სიყვარულით შექმნილი ოჯახები უფრო ხშირად ინგრევა, ვიდრე გონებით, რაღაცის „გათვლით” და „გაანგარიშებით”.
როცა საქმეში გონება ერევა, იქ უკვე „მხედველობაც” უმჯობესდება. მზერა უფრო მახვილი ხდება და ვხედავთ, ბევრ ისეთ ფაქტორს, რომლებიც ოჯახურ ბედნიერებაში ძალიან შეგვიშლიდა ხელს. მართალია, ქორწინება თითქმის არც ერთ ქალს არ შეუძლია, წარმოიდგინოს, დიდი სიყვარულის გარეშე... მაგრამ, გაცილებით მარტივად აღწევს ბედნიერებას ის, ვინც გადაწყვეტილებას გონებით, ემოციის გარეშე იღებს.