მამაკაცია, თუ გამოცანა
მაინც რა იცით იმ მამაკაცის შესახებ, რომელიც გვერდით გყავთ და რომელზეც დიდ იმედს ამყარებთ. ხშირ შემთხვევაში, ბევრი არაფერი. მართალია, არსებობს უკვე აღიარებული ფაქტები, მაგრამ საპირისპირო სქესი ბოლომდე, მაინც შეუცნობელი რჩება. იქნება, ეს კარგიც არის, მაგრამ ცოდნა მოქმედების თავისუფლებას გვანიჭებს. მაგალითად, მამაკაცების 52 პროცენტს თურმე არ შეუძლია, წარმოთქვას ფრაზა: „მე შენ მიყვარხარ”. იმიტომ კი არა, რომ არ უნდა, ან არ უყვარს. მიზეზი ის არის, რომ ამისი თქმის მათ რცხვენიათ. მამაკაცების 40 პროცენტს მიაჩნია, რომ ეფექტური გარეგნობა აქვს და ქალის გულის მოსაგებად, ეს სრულიად საკმარისია.
მამაკაცებს უყვართ თვალებით, ქალებს – ყურებით. ეს უკვე ყველამ კარგად იცის, მაგრამ იცით, რა იგულისხმება ამაში?! ფაქტია, რომ ძლიერი სქესის გასაღიზიანებლად საკმარისია შიშველი ქალის მხოლოდ დანახვა. ქალისთვის მთავარი მაინც გრძნობაა. ემოცია, რომელსაც პარტნიორის მიმართ განიცდის.
მამაკაცისთვის ეროტიკული გაღიზიანება მხედველობასთან არის პირდაპირ კავშირში. მათზე ყველაფერი მოქმედებს. მაქმანიანი, ეროტიკული თეთრეული, დეკოლტე, ღრმად შეჭრილი ქვედა კაბა, მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი. მამაკაცების 64 პროცენტი არ გააბამს ურთიერთობას ქალთან, რომლის ჩაცმულობაც მას არ მოსწონს. ქალები, ამ მხრივ, ნაკლებად წუნიები არიან. მათ 72 პროცენტს მიაჩნია, რომ ჩაცმის სტილი სულაც არ არის პრობლემა და პარტნიორს, მას თავად შეუცვლიან საკუთარი შეხედულებისამებრ.
არც ერთ მამაკაცს არ შეუძლია, ერთდროულად ორი, ან მეტი საქმე გააკეთოს. ეს, უბრალოდ, გამორიცხეთ და ნერვებიც აღარ მოგეშლებათ, როცა ტელევიზორის ყურებისას, მეუღლე საუბარში არ აგყვებათ, ვერც კი გაიგონებს, რა უთხარით. მათი პრობლემა ისაა, რომ მამაკაცის ტვინს არ აქვს უნარი, ორივე ნახევარსფერო ერთდროულად „ამუშაოს” სხვადასხვა თემაზე. ქალი ამას წარმატებით ახერხებს. ქალის ტვინის ორივე ნახევარსფერო მუდმივად აქტიურია და სამუშაოდ „შემართული.”