როგორ მოვუაროთ არეკასტრუმს დაბალი ტემპერატურის დროს და სად დავდგათ ზამთარში ჰიბრიდული აბუტილონი
ფლორის სამყაროში ხშირია ძალიან ლამაზი მცენარე, თუმცა ბინაში გასახარებლად, ზედმეტი მოვლა სჭირდება და პრეტენზიულია. „ფლორა ინტერნაციონალის” ბიოლოგიის მეცნიერ მუშაკთან, ბატონ ამირან ბიწაძესთან ამჯერად, სწორედ ასეთ მცენარეზე ვისაუბრებთ. ასევე, გავარკვევთ, რომელი მცენარე გაწმენდს ჩვენს ბინაში ჰაერს.
– ბატონო ამირან, პრეტენზიული მცენარეა თუ არა არეკასტრუმი და თუ შეიძლება საქართველოს პირობებში მისი გახარება?
– ეს არის მცენარე, რომლის გახარებას ძალიან ბევრი ადამიანი ცდილობს. საქართველოს პირობებში სრულიად შესაძლებელია მისი გახარება ბინაში, ორანჟერეასა თუ ზამთრის ბაღში. მართალია, ეს მცენარე ცოტათი პრეტენზიულია, მაგრამ მისი მაღალი ტანი და მოგრძო დაშვებული ფოთლები საოცარ ეფექტს ქმნის.
– რით არის ეს მცენარე პრეტენზიული?
– არეკასტრუმი პრეტენზიულია როგორც გადარგვის, ასევე მოვლის პირობებითაც. ის მრავლდება მხოლოდ თესლით, რომელიც ძალიან მგრძნობიარეა და მალევე კარგავს აღმოცენების უნარს. ამიტომ, ყურადღება უნდა მიაქციოთ თესლის მოკრეფისა და მიწაში ჩარგვის პროცესს და ეს ისე სწრაფად უნდა მოხდეს, რომ თესლმა გამოშრობა ვერ მოასწროს. შესაძლებელია, ტროპიკული წვიმების დროს თესლი ბუნებრივად ატაროს წყალმა, სადმე მიწაში მოხვდეს და იქვე გაღვივდეს.
– რა ზომის იზრდება ეს პალმა?
– თავის სამშობლოში, ლაგოსის კუნძულზე, სადაც ზამთრის ტემპერატურა 20-25 გრადუსია, მცენარე ძალიან სწრაფად იზრდება და სიმაღლეში სამ მეტრს აღწევს. საქართველოს პირობებში კი, არეკასტრუმი ქოთანში ნელ-ნელა იზრდება. ამავე დროს, ჩვენს პირობებში ზამთარი ხანგრძლივია, ტემპერატურის ვარდნა კი ძალიან მოქმედებს ამ მცენარის ზრდაზე. ის მაშინვე წყვეტს სიმაღლეში ზრდას. თუ გსურთ, პალმა მაღალი გაიზარდოს, ზამთრის სეზონზე ბინაში მუდმივად 20-25 გრადუსი სითბო უნდა გქონდეთ.
– თუ ახლა დაბალი ტემპერატურა გვაქვს ბინაში, როგორ მოვიქცეთ?
– ასეთ დროს, ეცადეთ, მცენარე ძალიან ხშირად არ მორწყათ, თორემ შესაძლებელია, დალპეს. თუ არეკასტრუმს ზამთარში მაღალ ტემპერატურაზე ამყოფებთ, შეგიძლიათ, ხშირად მორწყათ, სხვა შემთხვევაში კი წყალი აუცილებლად დააკელით.
– როგორ მოვუაროთ არეკასტრუმს ზაფხულში, მაღალი ტემპერატურის პირობებში?
– ზაფხულში მცენარე აივანზე ან ეზოში გაიტანეთ. თუ ტემპერატურა 30 გრადუსზე მაღალი იქნება, ხშირად დანამეთ.
– რაც შეეხება მორწყვას?
– ზაფხულის ცხელ დღეებში პალმა რეგულარულად მორწყეთ, ხოლო ზამთარში – ორ კვირაში ერთხელ.
– შესაძლებელია თუ არა არეკასტრუმმა ოთახის პირობებში იყვავილოს და მავნებლების დახვევის საშიშროება არ დაემუქროს?
– ოთახის პირობებში ეს პალმა არ ყვავის, მავნებლები კი ნამდვილად ემტერება მას. ბუგრი და ფარიანების ჯგუფი ხშირად აწუხებს მცენარეს, თუმცა როგორც კი შეამჩნევთ, უნდა გამოიყენოთ ბაილეტინი ან ანტრაკოლი. ამით ძალიან სწრაფად გაათავისუფლებთ პალმას მათგან. ერთი გრამი რომელიმე ქიმიური საშუალება გახსენით ხუთ ლიტრ წყალში და მცენარე კარგად ჩამორეცხეთ. ასევე, ყურადღება მიაქციეთ ფოთლის ძირებს, პარაზიტებისთვის ეს ადგილი კარგი სამალავია.
– კიდევ რა გავითვალისწინოთ არეკასტრუმის გახარებისთვის და რა დამატებით რჩევას მოგვცემთ ამ მცენარის შესახებ?
– ამ პალმას ხშირად ამოსდის ყლორტები, რომელიც ფესვს არ იკეთებს და მიბმულია „დედის” ტანზე. ამიტომ, არ ეცადოთ, მცენარის გაყოფას ან ჩაჭრას გამრავლების მიზნით. ეს ცუდ შედეგს მოუტანს მას. სასურველია, შეიძინოთ უკვე აღმოცენებული მცენარე. ის ძალიან ძვირფასია, მისი ფასი 300 დოლარიდან იწყება და გირჩევთ, კარგად მოუაროთ.
– რას გვეტყვით ჰიბრიდული აბუტილონის შესახებ?
– ჰიბრიდული აბუტილონი ოთახის საუკეთესო მცენარეა. ის გამოირჩევა ულამაზესი ყვავილებითა და საოცარი სურნელით.
– როგორ პირობებში ხარობს კარგად ჰიბრიდული აბუტილონი?
– მცენარე კარგად ხარობს გრილსა და ნათელ გარემოში. სითბოში ეს მარადმწვანე მცენარე მთელი წლის განმავლობაში იზრდება. მას სინათლე არ მოაკლოთ, რომ არ მოიწყინოს. ზაფხულიდან ადრე შემოდგომამდე ის სხვადასხვა ფერის ყვავილებით ყვავის. მიმზიდველია მისი ფოთლებიც.
– ხშირად უნდა მოვრწყათ მცენარე?
– ზაფხულში ამ მცენარეს ფესვები მუდამ ტენიანი უნდა ჰქონდეს, რომ ფოთლები არ დაეწვას. ზამთარში კი, როდესაც ტემპერატურა დაბალია, მორწყვიდან მორწყვამდე მიწას ცოტათი შეშრობა აცადეთ და მორწყეთ 10 დღეში ერთხელ. აქტიური ზრდის პერიოდში, ნიადაგი ორ კვირაში ერთხელ, თხევადი ბალანსირებული სასუქით გაანოყიერეთ. ახლა კი დამატებითი კვება არ სჭირდება. გირჩევთ, თავიდანვე ტორფიან ნიადაგში ჩარგოთ. ასე ყვავილები და ფოთლები უფრო ხასხასა ფერის ექნება და დიდხანსაც იყვავილებს.
– რა ტემპერატურაზე ვამყოფოთ ჰიბრიდული აბუტილონი?
– ზაფხულში ის ნებისმიერ ტემპერატურას ეგუება, ზამთარში კი ეცადეთ, ოთახის ნორმალური ტემპერატურა შეუქმნათ, დაბალი ტემპერატურა მის სიშიშვლეს იწვევს.
– სად დავდგათ ახლა მცენარე?
– ზამთარში ჰიბრიდული აბუტილონი მოათავსეთ დიდ ჰოლში ან საძინებლებში. ეს მცენარე კარგად წმენდს ჰაერს და ჟანგბადსაც მეტს გამოყოფს. ის ეგუება როგორც დაჩრდილულ, ასევე, მზიან ადგილსაც.
– როგორ გავამრავლოთ?
– ჰიბრიდულ აბუტილონს ძირიდან ამონაყარი არ უვითარდება, ამიტომ მის გასამრავლებლად ახალი და ნორჩი ტოტი უნდა გამოიყენოთ. ამ მცენარის ფესვები შაქარს შეიცავს და მის მიწის ნაზავში შეიძლება, ჭიანჭველებს წააწყდეთ. ეცადეთ, არ დააზიანოთ მისი ნორჩი ფესვები, თორემ შეიძლება, გახმეს.
– ამ მცენარის გასხვლა თუ შეიძლება?
– მცენარე ძალიან რომ არ გაიზარდოს, გაზაფხულზე უნდა გასხლათ. თუ წვეროებს წააჭრით, ბუჩქს დაემსგავსება. თუმცა, შეიძლება, ცოტა გვიან აყვავდეს. ზაფხულში აქტიური ზრდის პერიოდი აქვს, ამიტომ შემოდგომის დასაწყისში შეიძლება გასხვლა ხელახლა დასჭირდეს.