7 დღე – გასალამაზებლად
საახალწლო დღეების სუფრის მრავალფეროვნებამ და გაუთავებელმა სტუმრიანობამ, არა მარტო თქვენი სხეული, არამედ კანიც გადატვირთა და გადაღალა. ამიტომ, ნამდვილად არ გაწყენთ, სულ რაღაც 15-20 წუთი მიუძღვნათ საკუთარ თავს და, თუ ჩვენს რჩევებს შეასრულებთ, გარწმუნებთ, ერთი კვირის შემდეგ, გაცილებით უფრო ახალგაზრდა და ლამაზი იქნებით.
პირველი დღე
დაღლილობისა და სტრესის მოსახსნელად მიიღეთ ნელთბილი შხაპი. გამოიყენეთ „მწვანე” არომატის (კიტრის, ვაშლის, ალოეს) ან ციტრუსის სურნელის მქონე გელი ტანისთვის. თუ ცოტაოდენი შამპანური ან თეთრი ღვინო ჩარჩა ბოთლებში, არ გადაღვაროთ – ცოტა შეათბეთ, ჩაასხით პატარა ჯამში, ჩაამატეთ 1 სადილის კოვზი ზღვის (ან ჩვეულებრივი) მარილი, 1 ჩაის კოვზი ზეითუნის ზეთი და რამდენიმე წვეთი ნებისმიერი სურნელის ეთერზეთი, კარგად აურიეთ. ამ სითხეში ჩააწყვეთ ხელები 10-15 წუთის განმავლობაში. შემდეგ გადაივლეთ თბილი წყალი, შეიმშრალეთ და წაისვით გლიცერინი.
მეორე დღე
3 სადილის კოვზი მწვანე ბარდა (დაკონსერვებული) ათქვიფეთ ბლენდერში, დაუმატეთ ნახევარი ლიმონის წვენი, კარგად აურიეთ, მიღებული მასა წაისვით სახეზე და გაიჩერეთ სრულ შეშრობამდე. ჩამოიბანეთ ჯერ თბილი, შემდეგ კი, ცივი წყლით და წაისვით მკვებავი.
მესამე დღე
მოამზადეთ მუქი ჩაის ან უნალექო ყავის ყინულის კუბიკები და წაისვით სახესა და მთელ სხეულზე. ამით „მიიღებთ” მსუბუქ, თანაბარ ნამზეურს, კანი კი ელასტიკური და ხავერდოვანი გახდება.
მეოთხე დღე
სიცივეს დადებითი მხარეც აქვს – აჩერებს კანის დაბერების პროცესს. ამიტომ, შეეცადეთ, რაც შეიძლება მეტი დრო გაატაროთ ჰაერზე და თუ ამის საშუალება არის, გაიკეთეთ სუფთა თოვლის კომპრესი: ტილოს ხელსახოცში ჩადეთ თოვლი, გადაკეცეთ და მონაცვლეობით დაიდეთ სახეზე, ყელსა და დეკოლტეზე 2-2 წუთის განმავლობაში, თუ თოვლი ჯერ კიდევ არ მოსულა, იგივე პროცედურა ჩაიტარეთ სახლში, ოღონდ, მაცივრიდან გამოღებული „თოვლით”.
მეხუთე დღე
ლაკებითა და სხვა ქიმიური ნივთიერებებით გადაღლილი თმა „გონზე” რომ მოიყვანოთ, დაბანის წინ თმის ძირებში კარგად შეიზილეთ ათქვეფილი კვერცხის გული, გაიჩერეთ 20 წუთი და ჩამოიბანეთ ოდნავ შემთბარი მინერალური წყლით.
მეექვსე დღე
ზამთარში კანი ვიტამინების ნაკლებობას განიცდის. ამიტომ, ბალანსი თქვენ უნდა შეუვსოთ: 1 აბი C ვიტამინი (0,25 გრამი), 1 აბი B ვიტამინი, გახსენით 2 სადილის კოვზ მდუღარე წყალში, შეაზილეთ 1 ჩაის კოვზი სახამებელი და შეათქვიფეთ 1 ცალი უმი კვერცხის ცილა. მიღებული მასა წაისვით სახეზე, 20 წუთის შემდეგ კი ჩამოიბანეთ გვირილის თბილი ნახარშით და წაისვით მკვებავი.
მეშვიდე დღე
თუ კანი გექერცლებათ, გაიკეთეთ შემდეგი სახის ნიღაბი: შეათბეთ 2-3 სადილის კოვზი ზეითუნის ზეთი, შეაზილეთ დაფქული „ჰერკულესი”, რომ სქელი, ფაფისებური მასა მიიღოთ. წაისვით სახეზე წრიული მოძრაობით და 2-3 წუთის განმავლობაში ამავე მოძრაობით იკეთეთ მასაჟი. შემდეგ ჩამოიბანეთ თბილი წყლით და წაისვით მკვებავი.