კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რით გარდაიცვალა ბრიტანელი მსახიობი პიტ პოსტლეტუეიტი და რას აკეთებდა ის ექიმების კატეგორიული მოთხოვნების საწინააღმდეგოდ

უცნაური, ბრუტალური და ასექსუალური – ამ ბრიტანელი სახასიათო მსახიობის დავიწყება, ერთხელ თუ მაინც გაქვთ ნანახი ფილმი მისი მონაწილეობით, შეუძლებელია. სულით ხორცამდე ბრიტანელის, პიტ პოსტლეტუეიტის დაუვიწყარმა პერსონაჟებმა მსოფლიო კინემატოგრაფს თავისებური ეშხი შეჰმატეს და სამწუხაროა, რომ მასზე ამიერიდან წარსულში უნდა ვისაუბროთ. 2011 წლის მსოფლიო კინოს პირველი დანაკარგი სწორედ პიტ პოსტლეტუეიტია – მსახიობი, რომელიც თავისი მეორეხარისხოვანი როლებით, მსოფლიო კინოს ისტორიაში ოქროს ასოებით სამუდამოდ ჩაეწერა.

პიტერ უილიამ პოსტლეტუეიტი უორინგტონში, ლანკაშერში 1946 წლის 7 თებერვალს დაიბადა. იგი უილიამ და მერი პოსტლეტუეიტების მეოთხე და უმცროსი შვილი იყო. პიტი ორ დასთან – ანა და პატრისიასთან და ძმა მაიკლთან ერთად კათოლიკურ ოჯახში იზრდებოდა. ბავშვობაში კათოლიკურ ეკლესიაში მღვდლობაზეც კი ოცნებობდა. პიტს თავდაპირველი განათლება სტროუბერი ჰილში, სენტ მარის კოლეჯში ჰქონდა მიღებული, რომლის დამთავრებისთანავე მანჩესტერში, ლორეტოს კოლეჯში დრამას შეასწავლიდა მოსწავლეებს. მასწავლებლად მუშაობის პერიოდში პიტი კოლეჯის სამოყვარულო თეატრში სხვადასხვა, მეორეხარისხოვან როლს ასრულებდა და სწორედ იქ გადაწყვიტა, სამსახიობო ოსტატობა შეესწავლა, ამიტომ, ბრისტოლის თეატრალური სკოლის სტუდენტი გახდა, რომლის დასრულების შემდეგ სამსახიობო კარიერა ლივერპულის „ევრიმენის“ თეატრში დაიწყო. თეატრში მისი პარტნიორები და კოლეგები იყვნენ მსოფლიოში სახელგანთქმული მსახიობები – ჯონათან პრაისი, ჯულია უოლთერსი, რომელთანაც პიტს 70-იან წლებში რომანი ჰქონდა. სხვათა შორის ცხვირი, რომლითაც ცნობილი იყო პოსტლეტუეიტი მას შემდეგ შერჩა ასეთი, რაც ახალგაზრდობაში რაგბის თამაშის დროს რამდენჯერმე გაიტეხა.

პიტის კინოდებიუტი 1975 წელს შედგა. 1977 წელს კი მან ცნობილი რიდლი სკოტის გახმაურებულ სადებიუტო ფილმ „დუელიანტებში” შეასრულა ეპიზოდური როლი, სწორედ ამ ფილმმა გაუკვალა გზა დიდი ეკრანისკენ. 1981 წლის 13 იანვარს პიტ პოსტლეტუეიტის სატელევიზიო დებიუტი შედგა „ბიბისის” სერიალში „მუსქლ მარკეტ”, სადაც პიტმა მთავარი როლი შეასრულა. ამ როლმა მას მაყურებლების პირველი აღიარება მოუტანა. 80-იან წლებში პიტი ტელევიზიაში ბევრს მუშაობდა და ბრიტანეთში ერთ-ერთ წამყვან მსახიობად ითვლებოდა. ბრუტალური იერის გამო, ხშირად მას უარყოფითი როლების შესრულება უწევდა. 90-იან წლები პიტ პოსტლეტუეიტის კარიერაში ყველაზე წარმატებული გამოდგა. 1993 წელს გამოსულ, ჯიმ შერიდანის ფილმის „მამის სახელისთვის” პიტმა თავის კარიერაში ერთადერთი „ოსკარი” მოიპოვა. მისი პარტნიორი გადასაღებ მოედანზე, ასევე „ოსკაროსანი” მსახიობი დენიელ დეი-ლუისი მას ყველა დროის ერთ-ერთ საუკეთესო მსახიობად აღიარებდა, რომელსაც კი ოდესმე შეხვედრია გადასაღებ მოედანზე. სხვათა შორის, დეი-ლუისი არ იყო პირველი, ვინც ასე მოიხსენია პოსტლეტუეიტი. ასევე „ოსკაროსანმა” რეჟისორმა სტივენ სპილბერგმა, მას შემდეგ, რაც მუშაობა დაასრულა „იურული პარკის” მეორე ნაწილის გადაღებაზე, პოსტლეტუეიტი თავის კარიერაში ყველა დროის საუკეთესო მსახიობად დაასახელა და აღნიშნა, რომ მასთან მუშაობა ნამდვილი სიამოვნებააო. სწორედ 90-იანი წლების შუა პერიოდში პიტ პოსტლეტუეიტმა შეასრულა თავისი, ალბათ, ყველაზე დასამახსოვრებელი როლი მსოფლიო კინემატოგრაფში, როლი რომლითაც მას ყველა იცნობს. მისტიური ადვოკატის, კობაიაშის პერსონაჟი „ჩვეულებრივი ეჭვმიტანილებიდან” თამამად შეიძლება, მივიჩნიოთ თანამედროვე კინოს შედევრად. გარდა ამ ფილმისა, მის კარიერაში სხვა არაერთი გამოსარჩევი ფილმიც იყო: დევიდ ფინჩერის „უცხო 3”, სპილბერგის „ამისტადი”, ბაზ ლურმანის „რომეო და ჯულიეტა”, სადაც იგი ერთადერთი მსახიობი იყო, რომელიც უილიამ შექსპირის ტექსტებით საუბრობდა. სულ ახლახან ეკრანებზე გამოსული, კრისტოფერ ნოლანის „დასაწყისი” კი, პიტის ერთ-ერთი უკანასკნელი წარმატებული ფილმია.

კინოს პარალელურად, პიტი არ ივიწყებდა თეატრს და 90-იან წლებში მან რამდენიმეთვიანი გასტროლები მოაწყო ავსტრალიაში, ახალ ზელანდიასა და კანადაში, სადაც მაყურებელს ერთი მსახიობის სპექტაკლი „სკარამუშ ჯონი” წარუდგინა. სპექტაკლში ის კლოუნის როლს ასრულებდა, რომლიც საკუთარი ცხოვრების აზრის დანახვას სიკვდილის შემდეგ ცდილობს. ამ სპექტაკლმა პიტს რამდენიმე პრესტიჟული თეატრალური პრემია მოუტანა. თეატრალურ სცენაზე პიტს ყველა მსახიობისთვის საოცნებო – მეფე ლირის პერსონაჟიც გაუცოცხლებია ლივერპულის „ევრიმენის” თეატრის სცენაზე. თავის საყვარელ პერსონაჟად კი მსახიობი ტელესერიალ „მსროლელი შარპის თავგადასავალში” შესრულებული – სერჟანტი ობადია ჰაკესვილის როლს მიიჩნევდა. სერიალის სცენარისტმა ბერნარდ კორნუელმა ერთხელ ისიც კი თქვა, რომ როლი სპეციალურად პიტ პოსტლეტუეიტისთვის იყო დაწერილი. სერიალის გადასაღებ მოედანზე პიტი შარპის როლის შემსრულებელ, ბრიტანელ მსახიობ შონ ბინს დაუახლოვდა, რომელსაც მაყურებელი „ბეჭდების მბრძანებლის” ტრილოგიიდან იცნობს. პიტი სიცოცხლის ბოლომდე მას საუკეთესო კინოპარტნიორად თვლიდა, ის შონს უსიტყვოდ უგებდა.

პიტ პოსტლეტუეიტი მსახიობობის გარდა, პოლიტიკურად აქტიური იყო და მწვავედ აკრიტიკებდა კოალიციური ჯარების შესვლას ერაყში. გარდა ამისა, იგი გარემოს დაბინძურების საწინააღმედგოდ და გამოდიოდა. 2004 წელს პიტ პოსტლეტუეიტს ბრიტანული იმპერიის ოფიცრის საპატიო მედალი გადასცეს. რამდენიმე წლის შემდეგ კი შეხვდა დიდი ბრიტანეთის ენერგეტიკისა და კლიმატის ცვლილების მინისტრს, ედ მილიბენდს და კატეგორიულად განუცხადა, რომ უკან დაუბრუნებდა მედალს, თუ სახელმწიფო არ შეაჩერებდა ახალი სანახშირო ელექტროსადგურის მშენებლობას კინგსნორტში. საინტერესოა, რომ 2009 წლის 25 აპრილს ბრიტანეთის მთავრობამ განაცხადა, რომ 2025 წლისთვის, ქვეყნის მასშტაბით, საერთოდ აიკრძალება ქვანახშირზე მომუშავე ელექტროსადგურების მშენებლობა.

პიტ პოსტლეტუეიტი ოჯახთან ერთად შროპშირში ცხოვრობდა. თავის მეუღლეზე, „ბიბისის” ყოფილ პროდიუსერ ჟაკლინ პოსტლეტუეიტზე იგი ოფიციალურად 2003 წელს დაქორწინდა, თუმცა წყვილის ურთიერთობა რამდენიმე ათეულ წელს ითვლიდა. მათ ორი შვილი ჰყავთ, უილიამ ჯონი და ლილი კეტლინი. პიტი თამბაქოს აქტიური მწეველი იყო ათი წლის ასაკიდან და არაერთ ინტერვიუში განუცხადებია, რომ არა სიგარეტი, მისი, როგორც მსახიობის კარიერა, შესაძლოა, არც შემდგარიყო. მსახიობი 2011 წლის 2 იანვარს კიბოსგან შროპშირის ჰოსპიტალში გარდაიცვალა. მხოლოდ მისი გარდაცვალების შემდეგ გახდა ცნობილი, რომ პოსტლეტუეიტი კიბოს დიაგნოზს 1990 წლიდან ებრძოდა და უკანასკნელი ორი წელი უმძიმეს მდგომარეობაში იმყოფებოდა. თუმცა, ექიმების კატეგორიული მოთხოვნის მიუხედავად ის მაინც განაგრძობდა მუშაობას კინოკამერის წინაშე.


скачать dle 11.3