ვინ უწოდა მოსკოვის მერს, სერგეი სობიანინს, „ადამიანი-კომპიუტერი” და რის გამო დახურა მან ტიუმენის რეგიონული ტელევიზია
ის მუდამ იყო და დარჩება ვლადიმირ პუტინის გუნდის ერთგულ წევრად. სწორედ მან ჩაანაცვლა ერთ დროს შეუცვლელი იური ლუჟკოვი რუსეთის მთავარი ქალაქის მმართველის თანამდებობაზე. მოსკოვის ამჟამინდელი მერი, სერგეი სობიანინი, ყველაზე იდუმალ და ამოუცნობ ფიგურად ითვლება რუსულ პოლიტიკაში, რომელსაც ერთი ხანობა პრეზიდენტის პოსტზე პუტინის შესაძლო შემცვლელადაც კი მოიაზრებდნენ. ამჯერად საუბარი სერგეი სობიანინის ცხოვრების საინტერესო ფაქტებზე გვექნება.
* სერგეი სემიონის ძე სობიანინი 1958 წელს ტიუმენის ოლქში, სოფელ ნიაქსიმვოლში დაიბადა. ერთ-ერთი ვერსიით, სობიანინის წინაპრები ურალიდან გადასახლებული კაზაკები იყვნენ, მეორე ვერსიით კი – ეროვნებით მანსები, თუმცა ოფიციალურ ბიოგრაფიაში სობიანინი უარყოფს თავის კავშირს მანსისთან და საკუთარ თავს ასპროცენტიან რუსად მიიჩნევს. სერგეის ბაბუა მამის მხრიდან, ფიოდორ სობიანინი, სტაროობრიადელი იყო, მამას, სემიონს, დაუმთავრებელი საშუალო განათლება ჰქონდა. მოგვიანებით იგი ხანტი-მანსიისკში ზეთის ქარხნის დირექტორად მუშაობდა. სერგეის ბაბუა, დედის მხრიდან, ალექსანდრ ულანოვი, რუსეთ-იაპონიისა და პირველი მსოფლიო ომების მონაწილე იყო, რევოლუციის შემდეგ იგი სემიონ ბუდიონთან მსახურობდა. სტალინის მმართველობის დროს მათ ოჯახს რეპრესიები შეეხო და ისინი ნიაქსიმვოლში გადაასახლეს. სერგეის მშობლებმა ერთმანეთი ზეთის ქარხანაში მუშაობის პერიოდში გაიცნეს.
* სკოლაში სწავლის პერიოდში სერგეი სობიანინი არაფრით იყო გამორჩეული სხვა თანაკლასელებისგან გარდა იმისა, რომ ფრიადებზე სწავლობდა, თავისუფალ დროს ის მამასთან ერთად დადიოდა სანადიროდ და სათევზაოდ. ბავშვობაში სერგეი გატაცებული იყო თხილამურებით სრიალით, რაც მას მამამ ასწავლა. სობიანინი დღემდე ინახავს მამის ნაჩუქარ, წიწვისგან გამოთლილ, თავის პირველ თხილამურებს.
* 2001 წელს სერგეი სობიანინი ტიუმენის ოლქის გუბერნატორად აირჩიეს. მის არჩევაში დიდი წვლილი შეიტანეს მისმა კავშირებმა რუს ოლიგარქებთან – რომან აბრამოვიჩთან და ვაგით ალეკპეროვთან. სობიანინის საარჩევნო კამპანია „სურგუტნეფტეგაზიდან” და „სიბნეფტიდან” ფინანსდებოდა. მის გუბერნატორად არჩევაში დიდი ღვაწლი შეიტანეს ტიუმენის ოლქში შემავალმა ორმა ავტონომიამ, რომელთა მეთაურები, ფილიპენკო და ნეელოვი იმედოვნებდნენ, რომ არჩევის შემთხვევაში, სობიანინი არ დაუშვებდა ოლქის ავტონომებთან გაერთიანებას. თავდაპირველად სობიანინი ეთანხმებოდა ავტონომიების ხელმძღვანელებს, თუმცა გუბერნატორად არჩევიდან მეორე დღესვე, მან ოლქის ერთპიროვნული მართვის შესახებ გამოცემულ ბრძანებას მოაწერა ხელი და ავტონომიები ფინანსურად ტიუმენზე დამოკიდებულებად გამოაცხადა. სერგეი სობიანინი იყო პირველი გუბერნატორი, რომელიც გაერთიანდა პარტია „ედინაია როსიაში”. გარდა ამისა, იგი პირველი გუბერნატორი იყო, რომელსაც კონკურეტებმა არჩევნების პერიოდში სატანიზმში დასდეს ბრალი.
* 2004 წელს, ტიუმენელ ჟურნალისტებთან შეხვედრის დროს, სერგეი სობიანინმა სკანდალური განცხადება გააკეთა: მისი თქმით, არ შეიძლება, რომ რუსეთში ჟურნალისტი თავისუფალი იყოს და, საერთოდ, პრესას სახელმწიფო უნდა აკონტროლებდეს და სიტყვის თავისუფლება დაუშვებელია. ამაზე მეტყველებს ფაქტი, რომელიც შეემთხვა ტიუმენის დამოუკიდებელ ტელეკომპანია „ტერტეერს“ და მის შეფს, ევგენი დროზდინსკის. ტელეკომპანიის წამყვანმა, ნატალია ემელიანოვამ, პირდაპირ ეთერში ირონიულ ფორმაში მოიხსენია სობიანინის, ჯერ კიდევ გუბერნატორის, იდეა, შეესყიდათ ფრანგული ჯიშის ძროხები საფრანგეთიდან. ტელეეთერიდან მეორე დღეს სობიანინმა მკაცრად მოითხოვა ემელიანოვას გათავისუფლება დაკავებული თანამდებობიდან, რაზეც უარი მიიღო დროზდინსკისგან. უარიდან მეორე დღეს ევგენი დროზდინსკის ჩამოერთვა ტელეკომპანია და აეკრძალა მუშაობა მედიაში. ამჟამად ეს ტელეკომპანია ტიუმენის საოლქო ადმინისტრაციის მფარველობის ქვეშ იმყოფება და ფინანსდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან.
* რუსი ექსპერტების უმეტესობა სერგეი სობიანინს კრემლის ტექნიკურ ფიგურად მიიჩნევს, რომლის საშუალებითაც ხორციელდება ურთიერთობა ნავთობკომპანიებთან და ოლიგარქებთან. რუსეთის დუმის ყოფილი დეპუტატი ვადიმ ბონდარი სობიანინს სულაც „ადამიან-კომპიუტერს” უწოდებდა იმის გამო, რომ მას ერთდროულად შეეძლო, ეკეთებინა სხვადასხვა საქმე. ერთი პერიოდი იგი აქტიურად განიხილებოდა პუტინის არაოფიციალურ შემცვლელად პრეზიდენტის პოსტზე, თუმცა ეს ტიტული შემდგომში დიმიტრი მედვედევმა მოირგო.
* მოსკოვის მერად არჩევამდე სერგეი სობიანინის შევსებულ დეკლარაციაში დაფიქსირებული იყო: წლიური შემოსავალი 3,2 მილიონი რუბლი, 118 კვადრატული მეტრი ფართობის ბინა, ავტოფარეხი და ავტომობილი. სობიანინის მეუღლის – ირინას საკუთრებაა გზების სამშენებლო ფირმა „ირა ბორდიური”, რომელიც ტიუმენშია რეგისტრირებული. სხვადასხვა ცნობით, სერგეი სობიანინის მეუღლე და ორი ქალიშვილი მოსკოვში, ხანტი-მანსიისკსა და ევროპაში ცხოვრობენ.
* სერგეი სობიანინის ჰობიდან აღსანიშნავია ნადირობა (პირველად სანადიროდ იგი 15 წლის ასაკში წავიდა), ასევე, თევზაობა. გუბერნატორად მუშაობის პერიოდში სობიანინი გატაცებული იყო ირმების მოშენებით. ცნობილია, რომ მოსკოვის მერს უყვარს რუსული ლიტერატურა და კლასიკური მუსიკა. სკოლაში და ინსტიტუტში სწავლის პერიოდში იგი აქტიურად იყო დაკავებული სპორტით – თამაშობდა ჩოგბურთსა და ჰოკეის. გარდა ამისა, ახლახან ცნობილი გახდა, რომ სტუდენტობის პერიოდში სობიანინი წერდა მოთხრობებს და ლექსებს და მისი ნაშრომები სტუდენტურ ჟურნალში იბეჭდებოდა.
* მერად არჩევიდან ერთი თვის თავზე სერგეი სობიანინმა პრეზიდენტ დიმიტრი მედვედევს მიჰბაძა და „ტვიტერზე“ ოფიციალური გვერდი გაიხსნა. გარდა ამისა იგი „ფეისბუქზეც” დარეგისტრირდა, სადაც აღმოაჩინა, რომ მავანებს უკვე ჰქონდათ გავლილი რეგისტრაცია სერგეი სობიანინის სახელით. პირველი „ფრენდი”, რომელიც სობიანინმა დაიმატა „ტვიტერზე”, დიმიტრი მედვედევი იყო.
* ტიუმენელმა ჟურნალისტებმა: ირინა მოკროუსოვამ, ელენა არბატსკაიამ და ოლგა ზაცეპინამ დაწერეს წიგნი მოსკოვის მერზე, სერგეი სობიანინზე, სადაც მისი ცხოვრებისა და საქმიანობის საინტერესო ფაქტებს მოუყარეს თავი. წიგნი 20-ათასიანი ტირაჟით დაიბეჭდა და გასაყიდად 2010 წლის დეკემბერში გავიდა. მასში მოთხრობილია რამდენიმე სკანდალურ ფაქტზე, კერძოდ, ნათქვამია, რომ სერგეი სობიანინის საყვარელ საქმიანობად თანამშრომლების სამსახურიდან გათავისუფლება ითვლება. წიგნიდან ცნობილი ხდება, რომ სერგეი სობიანინის საყვარელი სამოსი შინდისფერი სვიტრია, კერძებიდან კი იგი ციმბირულ სამზარეულოს ანიჭებს უპირატესობას და დიდი სიამოვნებით მიირთმევს უმად შებოლილი ირმის ხორცს. წიგნის ავტორების ვერსიით, ნაკლებად სავარაუდოა, რომ სობიანინის მეუღლემ, ირინამ, ახლო მომავალში, იური ლუჟკოვის ცოლის ელენა ბატურინას მსგავსად, „ფორბსის” მილიარდერების რეიტინგში შეაღწიოს, რადგან ამის უფლებას მას სერგეი სემიონის ძე არ მისცემს.