კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა სიურპრიზი მოუწყო შინაგან საქმეთა სამინისტრომ ჯემალ ღაღანიძეს 78 წლის ასაკში და რატომ უპირებდა მას მილიციის უფროსი დაჭერას

მსახიობმა ჯემალ ღაღანიძემ იმდენჯერ მოირგო გადასაღებ მოედანზე პოლიციელის ფორმა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს ყურადღებაც დაიმსახურა და შესაბამისი საჩუქრებიც მიიღო. როგორც თავად აღნიშნა, ასეთ საჩუქარს ის ნამდვილად არ ელოდა და გადაწყვიტა, მოკრძალებული საჩუქარი თავადაც მიუძღვნას მინისტრს, ვანო მერაბიშვილს. რა რეაქცია ჰქონდა მას მაიორის წოდების მინიჭებისას, რამდენჯერ მოირგო სამართალდამცველის ფორმა და რატომ გადაურჩა ის ქუთაისის მილიციის უფროსისგან „გაციმბირებას”, ამაზე თავად ბატონი ჯემალი მოგიყვებათ.

– ბატონო ჯემალ, გილოცავთ საპატიო მაიორის წოდებას! ეს წოდება რისი დამსახურებისთვის მოგანიჭათ შინაგან საქმეთა მინისტრმა, თუ საიდუმლო არ არის?

– დიდი მადლობა მოლოცვისთვის. რაც შეეხება მაიორის წოდებას, ვანო ჯავახიშვილთან ვიყავი გადაცემაში მიწვეული. ვანომ მითხრა, ბატონო ჯემალ, იცით, ჩვენ დავადგინეთ, რომ თქვენ რეკორდსმენი ხართ ერთ რამეშიო. გამიკვირდა, ვკითხე, რაში-მეთქი. მიპასუხა, რაში და, სპექტაკლი „კავკასიური ცარცის წრე” 650-ჯერ დაიდგა და 650-ჯერვე, ყველა სპექტაკლში თქვენ ითამაშეთ შეუცვლელადო. არ ვიყავი დაკვირვებული და გავიოცე, უი, მართლა ასეა და ამისთვის ყურადღება არ მიმიქცევია-მეთქი. გავიდა დრო, ისევ მიმიწვია ვანომ თავის გადაცემაში და მითხრა: ბატონი ჯემალ, ჩვენ დავადგინეთ, რომ თქვენ რეკორდსმენი ხართ... შევაჩერე: მაიცა, კაცო, ეგ ხომ უკვე მითხარი, შენთან რომ ვიყავი სტუმრად-მეთქი. გაეცინა, არა სხვა რამეს გეუბნებიო. ვა, გამიკვირდა, ვიფიქრე, ახლა რაღა გამოიძიეს-მეთქი (იცინის). აღმოჩნდა რომ, ყველაზე მეტი პოლიციელის როლი, მე მქონია ნათამაშები საქართველოში, მსახიობებს შორის.

– ამაზე თავად არ დაფიქრებულხართ?

– ნამდვილად არ დავფიქრებულვარ, თუ ერთადერთი „ფორმიანი” მსახიობი ვიყავი საქართველოში. თუმცა, იმას რა დამავიწყებს, რამდენჯერ მცმია სამართალდამცველის ფორმა (იცინის). ხანდახან ისე შევსულვარ როლში, ნამდვილი მილიციელი გეგონებოდით. მოკლედ, ოცამდე მილიციელის როლი მაქვს ნათამაშები. სურათებიც ამოვქექე და დავრწმუნდი, მართლა რეკორდსმენი ვყოფილვარ. ჰოდა, თემას თუ დავუბრუნდებით, ვანომ რომ მითხრა თავის გადაცემაში, რეკორდსმენი ხართო, მაშინ ვიხუმრე – ვანო, ჩემო საყვარელო, იქ, მაღლა, შენი მოსახელე დიდი ვანო რომ გყავს, იმას უთხარი, ამდენი მილიციონერის როლი რომ მაქვს ნათამაშები, ერთი ვარსკვლავი ან „ბატინკები” არ მეკუთვნის-მეთქი. ხალხმა გაიცინა, კარგი გადაცემა გამოვიდა, დამთავრდა და წამოვედი სახლში. ერთი სიტყვით, ჩაიარა ამ ამბავმა. მეორე დილით მძინავს, ტელეფონმა დარეკა. ავიღე ყურმილი და მესმის ვიღაცის ხმა: ბატონი ჯემალი მინდოდა. ვუთხარი, მე ვარ-მეთქი. მომესალმა: გამარჯობა, ბატონო ჯემალ, მე გირეკავთ შინაგან საქმეთა სამინისტროდანო. „დამცეცხლა”, მარა რა „დამცეცხლა”.

– რატომ „დაგცეცხლათ”?

– 78 წლის კაცი ვარ და ვიცი, უსამართლო და უკანონო არაფერი ჩამიდენია, მაგრამ შვილიშვილი ხომ მყავს, სანდრო, 23 წლის. ვიფიქრე, რამე ხომ არ მიქარა და ახლა მე მირეკავენ-მეთქი. აბა, რა მეფიქრა სხვა? ვუთხარი: რაშია, ბატონო, საქმე, იქნებ გამარკვიოთ-მეთქი. უცნობმა მიპასუხა: ბატონო ჯემალ, ხვალ სად იქნებით, დაახლოებით დღის 12 საათზე, დავალება გვაქვს, უნდა შეგიკეროთ მაიორის ტანსაცმელი და მოგანიჭოთ მაიორის წოდებაო. ახალი გაღვიძებული ვიყავი და უცხო ხმა კახი კავსაძის ხმას მივამსგავსე. ვუთხარი: კახი, შე ასეთო და ისეთო, ჩემს მეტი ვერავინ ნახე გასაშაყირებელი, შენი ასე და ისე, ისე და ასე-მეთქი. (იცინის). სულ გადაირია ის უცხო კაცი: რატომ კადრულობთ, ბატონო ჩემო, მინისტრის ერთ-ერთი მოადგილე გახლავართო. უფრო დავინტრიგდი, ვუთხარი: გამაგებინეთ, რაშია საქმე-მეთქი. მოკლედ, მეორე დღეს შეხვედრა დამითქვა. კი დავეთანხმე, მაგრამ მაინც ეჭვში ვიყავი. მოკლედ, ვიფიქრე, მაინც მისასვლელი ვარ, 12 საათზე თეატრში და თუ მოვიდნენ, ხომ კარგი, თუ არ მოვლენ და ისევ კახის მივადგები ცხრასართულიანებით-მეთქი (იცინის). მეორე დღეს, თეატრში, პირველის ხუთ წუთზე, შემოვიდა მორიგე და მითხრა, თქვენთან არიანო. გავიხედე, სერიოზული, სოლიდური კაცი დგას, გვერდით ლამაზი გოგონა უდგას, ხელში სანტიმეტრი უჭირავს. ვიფიქრე – უი, ნაღდი ყოფილა-მეთქი (იცინის). შემიყვანეს ოთახში, მიმზომ-მომზომეს, ფეხის ზომა მკითხეს და დამემშვიდობნენ. ერთი კვირის შემდეგ კი, ლამაზად შეფუთული, ზემოდან გაბანტული ამანათი მივიღე. გავხსენი და... მაიორის ფორმა.

– როგორც ვიცი, ფორმის გარდა, ფულადი ჯილდოც მიიღეთ, არა?

– ეს ფორმა რომ მომიტანეს, მითხრეს, საჩუქარს სახლში მოგართმევთო. მივედი სახლში და ცოლს ვუთხარი, მაიორის წოდება მომანიჭეს, ფორმაც მაჩუქეს და ალბათ ფულიც იქნება-მეთქი. ქალებს მეტი რა უნდათ (იცინის)?! მართლაც, საღამოს მომიტანეს „ნოკიას” ფირმის, ბოლო გამოშვების ტელეფონი, რომელშიც ასი ლარის სასაუბრო იყო ჩატვირთული. სხვათა შორის, ეს ფორმა რომ მოვიტანე და დავკიდე კარადაში, მას მერე არ ჩამიცვამს, ხელიც არ გამიყრია და ახლა თქვენი ჟურნალისთვის ექსკლუზიურად ვიცვამ (იცინის). მომეწონა ჩაცმული, ხომ იცით... მიხდება არა?



– ნამდვილად გიხდებათ, რომ იტყვიან, თქვენს ტანზეა შეკერილი, მაგრამ ამ წოდებას და ფორმას, იარაღიც ხომ უნდა? ის რატომ არ გაჩუქათ მინისტრმა?

– თქვენ წარმოიდგინეთ, არ მიყვარს იარაღი. მამა მონადირე მყავდა და თოფი არ დამიჭერია ხელში.

– მაშინ, ერთი კარგი პატრულის როლი?

– ო, ეგ კი მომიხდება, მაგრამ ასაკი არ მიწყობს ხელს და... (იცინის). გულწრფელად გეტყვით, პოლიტიკაში მე არ ვერევი, ხელოვანი ადამიანი ვარ. არ ვიცი, რომელმა რეფორმამ გაამართლა და რომელმა არა, მაგრამ ფაქტია, პოლიციის რეფორმამ, ნამდვილად გაამართლა ჩვენთან და ამის რუსებსაც კი შურთ. ასე რომ, თუ დღეს ამ სფერომ გაამართლა, მეც მიმიძღვის პატარა წვლილი, ტყუილად ხომ არ მეცვა მათი ფორმა (იცინის)? ბრმა ხომ არ ვარ, ეს რომ ვერ დავინახო? ახლახან ებრაულ ფილმში მიმიწვიეს და იქაც სამართალდამცველის ფორმა მაცვია, „კაგებეშნიკი” ვარ, რაბინი კი – გურამ საღარაძეა. ახლა დავფიქრდი, რაც კი ფორმიანის როლი მითამაშია, ძირითადად, ყველა დადებითი ხასიათის იყო.

– ვანო მერაბიშვილს პირადად არ იცნობთ?

– არა, პირადად არ ვიცნობ ვანო მერაბიშვილს, მაგრამ როცა ვანო ჯავახიშვილი შეცვალა და თავად წაიყვანა გადაცემა, მივხვდი, კარგი იუმორი ჰქონია. მე მსახიობი კაცი ვარ და იუმორის გრძნობას დიდ პატივს ვცემ. ასე რომ, შინაგან საქმეთა მინისტრს კარგი იუმორის გრძნობა ჰქონია და ეს „ვანოს შოუში” დაამტკიცა. დავფიქრდი, ასეთი საჩუქარი რომ გამიკეთა, მეც ხომ უნდა გადავუხადო რამით სამაგიერო-მეთქი და ჩავიფიქრე, გავაკეთო ბუკლეტი, სადაც შევიტან ფოტოებს ჩემს მიერ ნათამაშები ფორმიანი როლებიდან. ამ ბუკლეტს ჩემს ხელმოწერას გავუკეთებ და მინისტრს მივუძღვნი მადლიერების ნიშნად.

– ბატონო ჯემალ, მართალია, თითქოს ქუთაისის მილიციის უფროსმა კინაღამ „გაგაციმბირათ”?

– (იცინის). გაციმბირებისა რა მოგახსენოთ, მაგრამ ციხის ხეხვას მართლა გადავურჩი. მოკლედ, ფილმ „ჩემი მეგობარი ნოდარის” გადაღებები მიმდინარეობს ქუთაისის ცენტრში. ღამის პირველ საათზე, ქუჩაში მოვდივარ სროლა-სროლით, მილიციელის ფორმაში გამოწყობილი. ჩამოუვლიათ ვიღაცეებს, დავუნახივარ და სამტრედიაში რომ მისულან, ერთ-ერთი რესტორნის წინ დაუნახავთ ქუთაისის მილიციის უფროსის მანქანა. შესულან და უთქვამთ, შენ რომ აქ ქეიფობ, შენი თანამშრომელი ქუთაისში, პირდაპირ ქუჩაში ხალხს ხოცავსო. გადარეულა ის კაცი, დამჯდარა მანქანაში და გამოვარდნილა. მე რა ვიცი? მოვდივარ ქუჩაში, თან ვისვრი, თან ვმღერი და უცებ, გაჩერდა „ვილისი”, გადმოხტნენ ტალიკ-ტალიკი ბიჭები და გადამიგრიხეს ზურგს უკან ხელები. ვუხსნი, რას აკეთებთ, მსახიობი ვარ, გადაღებები მიმდინარეობს-მეთქი. ვინ მისმენს? გავიხედე, მორბის რეჟისორი რონდელი ყვირილით – რას აკეთებთ, კაცო, ჩამეშალა გადაღებები, სად მიგყავთ ეგ კაციო (იცინის). აი, ასე გადავურჩი დაჭერას და გაციმბირებას ფორმის გამო. იმავე პერიოდში, ჩემს ძმისშვილს უნდოდა „ბოტასების” ყიდვა. მთხოვა, მაღაზიაში გამყევიო. მე უკვე გამზადებული ვიყავი გადასაღებად, ფორმაში გამოწკეპილი და დაგრიმული. უარი ვერ ვუთხარი, რეჟისორს ვთხოვე, ბავშვს მაღაზიაში გავყვები და მალე დავბრუნდები-მეთქი. არ დაგავიწყდეთ, გაქანებული კომუნისტების პერიოდია. შევედით მაღაზიაში და ყველა ფეხზე წამოხტა, გადმოალაგეს რაც ჰქონდათ და არ ჰქონდათ, გაწელ-გამოწელეს „ბოტასები”, პატარა არ მოუვიდეს, არ დავიღუპოთ და არ შევრცხვეთ ამ პატიოსან მილიციელთანო. ჩემი ბრალი, არ იყო, ვერ მიცნეს და მეც ვისარგებლე ჩემი ჩინ-მედლებით.

– ქრთამი არ აგიღიათ?

– არ შემოუთავაზებია არავის და როგორ ავიღებდი ქრთამს (იცინის)? ახლანდელ პატრულის ბიჭებსაც მოვუწოდებ, ისეთივე პატიოსნები იყვნენ, როგორიც მე ვიყავი და მაიორის წოდება არ ასცდებათ (იცინის).


скачать dle 11.3