როდის ჰქონდა აჭრის პერიოდი ანა სანაიას და რატომ არ სჯერა მას ქორწინებისა და ბედნიერი დასასრულის
ანა სანაია ის რესპონდენტია, რომელთან საუბარიც ყოველთვის განსხვავებული და საინტერესო გამოდის. ეს არის ადამიანი, რომელიც ფიქრობს და, ბევრის მთქმელია. არსებობენ მასზე მეტი გამოცდილების, დიდი ასაკისა და უფრო მეტის მნახველი ადამიანები, მაგრამ... მას ერთნაირად კარგად შეუძლია ისაუბროს ფროიდზე, ჩაცმაზე, გემოვნებაზე, სიყვარულზე, კინოზე...
ანა სანაია: შესანიშნავად გავატარე ეს ახალი წელი: ვიყავი ბათუმში მეგობრებთან ერთად. ისეთივე ახალი წელი იყო, როგორც ყოველთვის, უბრალოდ, ლოკაცია იყო შეცვლილი – თბილისის ნაცვლად ბათუმელი მეგობრები ჭარბობდნენ. ლაღად და ხალასად გავატარე ეს დღეები. მღეროდა ბოჩელი, ჩავრთე ტელევიზორი და სასიამოვნო იყო, რომ ეს ყველაფერი ჩემი ტელევიზორიდან ძალიან ახლოს ხდებოდა. ახალ წელს მეგობრები ერთად შევხვდით, იქიდან სხვა მეგობართან, მეგისთან დავთვერით, შემდეგ კი – „ინტურისტში“, სადაც ახალწლობაზე მიძღვნილი დიდძალი ღონისძიება“ იყო. კარგი დამკვრელი უკრავდა, იქვე, ახლომახლოში, დიჯეიც იყო (იცინის). მოკლედ, იმ ღამეს ძალიან ბევრ ადგილას ვიყავი, ზოგიერთი ლოკაცია ცხადლივ მახსოვს, ზოგიერთი კი – არა.
– სერიალი დაიხურა, ითამაშებდი კიდევ რამე სერიალში?
– მხოლოდ ბრაზილიურ სერიალში, ისიც, აუცილებლად „გლობოს“ გადაღებული უნდა იყოს და ვერა ფიშერი უნდა იყოს დედაჩემი. ასეთი ფილმის 280-ვე სერიაში ძალიან დიდი სიამოვნებით დავიხარჯებოდი და ნახევარ ხელფასზეც ვიმუშავებდი. ამისთვის საჭიროა ჯერ პორტუგალიური ენის სწავლა, მერე ჩასვლა, ქასთინგში მონაწილეობის მიღება... მოკლედ, ბევრი საფეხურია გასავლელი (იცინის). რამეს ვიზამ, ნუ გეშინია, არ დავიკარგები.
– ვიცი, რომ მართლა გინდა უცხოეთში წასვლა.
– კი, ვფიქრობ. მხოლოდ ფიქრის დონეზე არა, კონკრეტულ ნაბიჯებსაც ვდგამ. პირველი ენის სწავლა იყო, რა თქმა უნდა. გაძლიერებულად ვსწავლობ ინგლისურს და აქვე დიდი მადლობა მინდა ვუთხრა ჩემს მასწავლებელს, რადგან შეყვარებულივით დამდევს, გაკვეთილზე თუ არ მივედი. ყველაფერს აკეთებს, რომ მიპოვოს და მასწავლოს. შევპირდი, რომ შრომას არ დავუკარგავდი. უფრო კონკრეტულად ჩემს გეგმებზე ჯერ საუბარს არ ვაპირებ, რადგან თვითონაც ზუსტად არ მაქვს გარკვეული ყველაფერი და, არ მინდა, ტყუილი გამომივიდეს. ერთგვარად ვისვენებ კიდეც. ოთხი წლის განმავლობაში მუხლჩაუხრელად და თავაუღებლივ თუ, რაც ჰქვია, ისე ვშრომობდი. ყველაფერი კარგი იყო და ახლაც მგონია, რომ, რაც ხდება, კარგია. ყველანაირი პერიოდი საჭიროა ადამიანებისთვის; დრო უნდა იმისთვის, რომ ახალი რაღაც მოიფიქროს, გამოძებნოს, ისწავლოს ან ძველს დაუბრუნდეს.
– ყოველთვის ბევრს ფიქრობ?
– ძალიან, სულ ფიქრში ვატარებ ამ ცხოვრებას. საერთოდ, როცა ადამიანს ფიქრი შეუძლია, ეს ყოველთვის კარგზე მიანიშნებს, ოღონდ, ზედაპირულად ვერ იაზროვნებ და ვერ იფიქრებ. იმ დროს, როცა შენი ინტელექტუალური საფუძველი სხვანაირია, სხვა ბეგრაუნდი გაქვს, ბევრი გაქვს ნაკითხი, ნაფიქრი, ნანახი, განცდილი – ეს ქმნის იმ ერთიან „კომპოტს“, რომელიც ცოტა ღრმა და არაზედაპირული ფიქრების საშუალებას გაძლევს. ერთი მხრივ, ეს ცუდიცაა, ყოველთვის არ ხარ ლაღი, ხშირად გამძიმებს ისეთი რაღაცეები, რისთვისაც შენს გარშემო მყოფებს ყურადღება არ მიუქცევიათ; ხან ეგზისტენციალური ფიქრები შეგიპყრობს ადამიანს, ხან არა და ასე შემდეგ, მაგრამ, გააჩნია ადამიანის ტიპსაც: თუ მელანქოლიკი ხარ, მაშინ ასეთი ხარ და მორჩა, თუ სანგვინიკი ხარ – ეს ფიქრები დეპრესიაში არ გაგდებს.
– მგონი, შენ მაინც სანგვინიკი ხარ.
– კი, მაინც სანგვინიკი ვარ – ძირითადად ვამბობ ხოლმე, რომ ცხოვრება მშვენიერია. ყველაფერი კარგად კი არ იქნება, არის. რატომ არ არის კარგად?! ფეხი გაქვს, ხელი გაქვს, თვალი გაქვს, ხარ ჯანმრთელი, თავისუფალი და, ვალდებული ხარ, იყო ბედნიერი.
– მაგრამ მაინც, არის ეს ბრძოლა გადარჩენისთვის?
– არა მგონია. საკუთარ თავს უნდა შეურიგდე და მერე შეგირიგდება მთელი სამყარო. უნდა მიხვდე, რომ კაი ტიპი ხარ...
– როდის მიხვდი ამას?
– დაახლოებით ოთხი-ხუთი წლის წინ მივხვდი, რომ კაი ტიპი ვარ. კაი ტიპი – ამას ბრჭყალებში ვამბობ. მანამდე იყო კონფლიქტები საკუთარ თავთან. მივხვდი, რომ ბევრად სხვანაირად მოაზროვნე ადამიანი ვარ, ვიდრე ჩემი ტოლები ან, თუნდაც, ჩემზე უფროსები არიან, მაგრამ ამის გამო თავი კი არ უნდა დავითრგუნო ან ვეჩხუბო და კონფლიქტში შევიდე სხვებთან, უბრალოდ, უნდა შევეგუო ამ ყველაფერს, რომ ისინი ისეთები არიან, მე კი – ასეთი და მორჩა. მათგან განსხვავებულობაც არ ნიშნავს, რომ უფრო ცუდი ხარ ან უფრო კარგი – ეს ერთმნიშვნელოვნად უნდა განისაზღვროს. უბრალოდ, კარგი ტიპი ვარ და დამთავრდა: გემოვნება მაქვს, სხვაგვარად ვაზროვნებ...
– რას ეძახი სხვაგვარად აზროვნებას?
– ნონკომფორმისტი რომ ხარ, არ ცხოვრობ ჩარჩო-შუშაბანდებში, გაქვს შენი აზრი... ინდივიდუალიზმში ხსნას ვერ ვხედავ, შესაბამისად – ჩემში. ეს, უბრალოდ, არის ჩემი მონაპოვარი – დღეს ეს მონაპოვრად ითვლება, მით უმეტეს, აქ, ჩვენს ქვეყანაში. არც ის მინდა, ვთქვა, რომ ამით ვინმეს ვამცირებ და ვაკნინებ. პირიქით, იმდენად კაი ტიპი უნდა იყოს, რომ შეგეძლოს ყველანაირ ადამიანთან ურთიერთობა. მელეხი უნდა მიიღო მელეხ კაი ტიპად, პანკი – პანკად და ჩვეულებრივი ადამიანი – ჩვეულებრივ ადამიანად.
– მაგრამ, მაინც ბევრად უფრო კრიტიკული ხარ.
– ვარ, მაგრამ, ამის გამო საზოგადოებას არ განვერიდები, არ განვუდგები, რადგან ეს უკვე ნიშნავს, რომ არასწორი პიროვნება ხარ. „აჭრის“ პერიოდი მქონდა, ზუსტად ისეთივე ვიყავი, როგორც ახლა, უბრალოდ, არ ვიცოდი, რა მინდოდა და რისთვის ვაკეთებდი რაღაც-რაღაცეებს. ყოველ შემთხვევაში, ახლა, მგონია, რომ ვიცი, რა მინდა, რა მგონია ჭეშმარიტი ხელოვნება, რა არა, რა მგონია, რომ არის ცუდი და რა – არა; კარგისა და ცუდის გარჩევა ვისწავლე როგორც ადამიანებში, ისე სხვა ყველაფერში.
– პირად ურთიერთობებშიც რთული ხარ. რატომღაც, მგონია, რომ ძალიან გაუჭირდება ადამიანს შენ გვერდით...
– რთული ვარ, გეთანხმები. ჩემთვის საინტერესო და სასურველი ადამიანი ბევრი ვერ არის და, ალბათ ამიტომაც, ჩემი მდგომარეობა, რომელსაც მარტოობა ჰქვია, ადეკვატურია იმისა, რა მოთხოვნებიც მაქვს და როგორიც ვარ... რთული ხასიათი მაქვს...
– მაგრამ თვალებში ვარსკვლავები სულ გიციმციმებს.
– გეთანხმები, სულ შეყვარებული, მოტივირებული ვარ, სულ მინდა რაღაც სიგიჟეები. ალბათ, ესეც იქიდან მომდინარეობს, რომ ჩემთვის ფუფუნებაა, ვიპოვო ისეთი ადამიანი, რომელიც ჩემი იდეალების, მსოფლმხედველობისა და გემოვნების თანმხვედრი იქნება. შეიძლება, იყოს ასეთიც და არ გქონდეს მის მიმართ ლტოლვა, მიზიდულობა. მაგრამ ის გრძნობა ჯერ კიდევ თინეიჯერობაში გამოვიარე, როდესაც არაფერს ვაქცევდი ყურადღებას, უბრალოდ, მასთან მინდოდა და მორჩა. ბოლო დროს, თუ ვინმე მომწონებია, ყოველთვის ვიცოდი, ეს რატომ ხდებოდა. ისიც ვიცოდი, ეს ემოცია მართალი იყო, ტყუილი თუ ჩემი ახირება. საერთოდ, საშინლად ახირებული ადამიანი ვარ. მახსოვს, რაღაც წიგნი იყო, თუ არ ვცდები, პაპუაშვილის „ქალაქის ზღაპრები“. იქ იყო ერთი მოთხრობა – „ახირებული კაცი“. ახლაც შეიძლება, ვიღაცამ დაწეროს ასეთი „ახირებული გოგო“. რაღაცას ავიჩემებ, მგონია, რომ ეს სწორია და დედამიწაზე ვერავინ და ვერაფერი ვერ დამაჯერებს, რომ ეს ასე არ არის. შეპყრობილი ვარ რაღაც აზრებით. მომწონს ის, რასაც იმ კონკრეტული ახირების დასაკმაყოფილებლად ვაკეთებ. მიზანზე ორიენტირებული კი არ ვარ, ის კონკრეტული მომენტი მომწონს.
– მაგალითად, როცა მიდიხარ დიდი ყუთითა და ბუშტებით ღამის 4 საათზე სიურპრიზის გასაკეთებლად.
– კარგი, რატომ მიხმაურებ ამ ამბავს? (იცინის) სად დამინახე? ობიექტი არ მყავს ხოლმე, ზოგადად ვარ შეყვარებული, ისე... ხან ვიჩემებ ხოლმე ვიღაცას და იმაზე ვახორციელებ ჩემს სიგიჟეებს...
– ხან ასეთი ორია.
– ასეთი შემთხვევებიცაა. ახლა მყავს ორი შეყვარებული, სხვათა შორის, ორივე ბიჭია (იცინის).
– რა გედო იმ ყუთში?
– ყუთში სიყვარული მედო და მიმქონდა, მაგრამ, ხელი მიკრა. მივუტანე სიყვარული და მითხრა, შენი არ მინდა, სხვისი სიყვარული მჭირდებაო.
– ერთ-ერთი ადამიანი ხარ ოცდამეერთე საუკუნის თბილისში, რომელიც ჯერ ისევ წერილებს სწერს თავისი სიყვარულის ობიექტს.
– რატომ, სხვებსაც ჰკითხე და ასეთი არავის გაუკეთებია?! იცი, რაშია საქმე?! მე, უბრალოდ, ვარ გოგონა სხვა საუკუნიდან. ხომ არსებობს „გოგონა გარეუბნიდან“, „გოგონა სლაიდიდან“, „ახირებული გოგონა“... მე კი ვარ „გოგონა სხვა საუკუნიდან“. ალბათ, უფრო მეთვრამეტე საუკუნიდან...
– პუშკინის ეპოქიდან?
– უფრო პუშკინის პოემიდან.
– „ევგენი ონეგინიდან“?
– გახსოვთ მათი წერილები? რაღაც პარალელს ვავლებ საკუთარ თავთან. თუმცა, მხოლოდ ონეგინის კი არა, მაგ ეპოქის სულში ვტრიალებ. ისევე, როგორც ონეგინის, არც ჩემი ისტორია დამთავრებულა ბედნიერი ფინალით. საერთოდ, „ჰეფი ენდები“ არ მომწონს.
– ესეც შენი პრობლემაა. ასე მგონია, ყველაფერი კარგად რომ არ დამთავრდეს, ამის ფონსაც თავად ქმნი.
– კი, არის მაგაშიც სიმართლე, ეგ ვარიანტიც დავუშვი. ალბათ, არ მინდა და იმიტომ. არ მჯერა ქორწინების, მატრიმონიალური ურთიერთობის, ერთად ბედნიერად ყოფნის. ძალიან იშვიათად მინახავს ბედნიერი წყვილი. ყოველ შემთხვევაში, მე არ გამომდის.
– გააჩნია, ვისთვის რა არის ბედნიერება.
– ჩემთვის ბედნიერებას ძალიან კონკრეტული განმარტება აქვს: ბედნიერებაა, რომ შემიძლია, ვაკეთო უამრავი სიგიჟე; მიყვარდეს სიცოცხლეზე მეტად და ვიყო ამით კმაყოფილი. მერე კი იგონებ რაღაცეებს. არსებობს ასეთი მშვენიერი სიტყვა – „იმეჯინ“. რა გგონია, აბა, ბაყაყი რომ იპოვა, აკოცა და გადაიქცა პრინცად?! ეს არქიტიპია იმისა, რომ, როცა ადამიანი გიყვარს, რაც უნდა ბაყაყი იყოს, იმ შენი სიყვარულით პრინცად იქცევა. იგივე მჭირს ალბათ მეც. როცა რაღაცას სიყვარულის ჩუქურთმები ჩამოშორდა, ის ისევ ჩვეულებრივ ადამიანად გადაიქცა, როგორიც იყო. ჰოლივუდური დასასრულები არ მომწონს. ალბათ, ჩემი ზღაპარიც სადღაც „ბალ-მასკარადზე“ დაიწყება.