რისი შიშის გამო აპირებდნენ „თიელის“ ლონდონის ყველაზე პრესტიჟული მუსიკალური სკოლიდან გამოგდებას და რატომ დაიბნა მისი კოცნისას თიკო სადუნიშვილი
ჩამოვიდა და ზუსტად ერთ დღეში მთელი საქართველო ხელახლა აალაპარაკა... ზოგმა იცნო, ბევრმა კი ვერც გაიხსენა. მომღერალი, რომელიც, ისევე კარგად ცეკვავს და მოძრაობს სცენაზე, როგორც მღერის, შესაბამისად წერს კარგ სიმღერებს და აკეთებს არანჟირებას. ლევან ჩიჩუა იგივე „თიელია“, რომელიც ქართულ შოუ-ბიზნესს ორწლიანი ლონდონური ცხოვრების შემდეგ დაუბრუნდა. ლევან ჩიჩუას სტუდიაში რეპეტიციის შემდეგ შევხვდით, სადაც ის ძალიან ბევრ დროს ატარებს.
ლევან ჩიჩუა: პირველი ჩემი გამოჩენა მოხდა სიმღერით – „ჰეი, შენ”, რომელიც „მაესტროსთან” ერთად გავაკეთე. ეს იყო ჩემი და მამუკა ღლონტის თანამშრომლობის დასაწყისი. შემდეგ უკვე, როდესაც კახუჩელასთან და სტეფანესთან ერთად, უფრო მაღალ პროფესიულ დონეზე დავიწყეთ მუშაობა, თუ გახსოვთ, ერთად გავაკეთეთ „ბალის” სარეკლამო რგოლი. რაც ჩემი კარიერის დასაწყისისთვის ძალიან კარგი იყო, რადგან მთელმა ქვეყანამ გამიცნო. მაგრამ, შემდეგ მივხვდი, რომ სიმღერაც უნდა მცოდნოდა. ჩემთვის რაღაცას ვღიღინებდი, სტუდიაში შევიდოდი და ფრაზებს ნაწილ-ნაწილ ვწერდი. უფრო სიმღერებს ვწერდი და არანჟირებებს ვაკეთებდი...
– ცეკვაც ასევე შენით ისწავლე?
– კი, კლუბებში სიარულით. სახლში არ ვმჯდარვარ და სარკესთან არ მივარჯიშია. ეტყობა, მქონდა ეს ნიჭი. მოკლედ, გადავწყვიტე, რომ სწავლა მჭირდებოდა. მაშინ, ფინანსურად სადმე წასვლის და სწავლის საშუალება არ მქონდა, მაგრამ შემდეგ მამაჩემმა რაღაც საქმე დაიწყო, ცოტა ფულიც გამოჩნდა და მოხდა ისე, რომ ოჯახის სახსრებით სასწავლებლად ლონდონში წავედი. ვიცოდი, რომ ვოკალის განხრით უნდა მესწავლა. „ვოკალ ტექ” ჰქვია იმ მუსიკალურ სასწავლებელს, სადაც მივედი. იქ ასწავლიან ადამიანები, რომელთან ნამუშევარი აქვთ ელტონ ჯონთან, ბიონსესთან, ქრეიგ დევიდთან, ჯემიროქვაისთან.
– ეს არ დაჯდებოდა იაფი?
– სიმართლე გითხრათ, ლონდონში მსგავსი სასწავლებლები ძალიან ძვირი ნამდვილად არ არის. თუმცა ექვსი ათასი ფუნტი დაჯდა ერთი წელი სწავლა. სულ ორი წელი ვისწავლე. ამას დამატებული იქ ცხოვრების ხარჯები და მთლიანობაში, მაინც ძვირი გამოდის.
– არ მუშაობდი?
– არა. თავიდან თითქოს ვეძებდი სამსახურს, ვერაფერი ვნახე. მერე მივხვდი, რომ მემუშავა ვერ ვისწავლიდი, თუ სწავლა მინდოდა ორივეს ერთად ვერ მოვახერხებდი. ყველანაირი ტიპის სამსახურს ვეძებდი. ჩემთვის პრობლემა არაა, ბარმენადაც ვიმუშავებდი, მიმტანადაც. მერე სიმართლე გითხრათ, აღარც მიძებნია. ძალიან ბევრ დავალებას გვაძლევდნენ იქ, მარტო ვოკალს არ გასწავლიან. პროგრამაში შედიოდა სოლფეჯიო, ჰარმონია, სიმღერის და ტექსტის დაწერა. დაახლოებით იგივეს ასწავლიან აქ, კლასიკური მუსიკის სასწავლებლებში. თანამედროვე მუსიკის სკოლა კი არ გვაქვს. სხვათა შორის, მინდა და სერიოზულად ვაპირებ, თბილისში დაახლოებით ასეთი სკოლის გახსნას. დღეს საქართველოს ეს ყველაზე მეტად სჭირდება. როცა ამბობენ, შოუ-ბიზნესი არ არსებობს და მომღერლები არ გვყავსო, როგორ შეიძლება სფერო არსებობდეს თუ იმის სასწავლებელი და პროფესიონალები არ არსებობენ. რაც უნდა ნიჭიერი იყო, თეორიული ცოდნის გარეშე, ვერაფერს იზამ.
– როგორი იყო სწავლების სისტემა?
– ის, რასაც აქ ოთხი და რვა წლის განმავლობაში ვსწავლობდი მუსიკალურ სკოლაში, იქ ერთ წელიწადში ვისწავლე. ლექტორებთან გაქვს არაჩვეულებრივი ურთიერთობა, არავინ ყვირის – დაჯექი, ორიანი, რატომ დააგვიანე და გადი. ასე არ ხდება – არავინ აგვიანებს, რადგან ყველა სწავლისთვის არის მოსული. ძალიან საინტერესო სწავლის სისტემა იყო – სულ უკრავ, მღერი ან სცენაზე ხარ, ხან კი ტექსტზე მუშაობ. გვასწავლიდნენ სამსახიობო ოსტატობას. სცენაზე რაღაც როლები უნდა გვეთამაშა, ანუ ჩვენი ნამღერისთვის ხასიათი მიგვეცა – მიმიკა უნდა ანახო. აქ მომღერლები მარტო დგანან და მღერიან, არ აინტერესებთ, ვინმე უსმენს, მოსწონს თუ არა. „სტეიჯ ტექნიკ” ანუ სასცენო ტექნიკა ჰქვია ამას და ერთადერთი, ვინც საქართველოში ამას აკეთებდა სოსო პავლიაშვილი იყო. ის სცენაზე თავიდან ბოლომდე იხარჯებოდა, ხან მუხლებზე ეცემოდა, ხან – დგებოდა. ხელს, რომ მოგიშვერდა და გიმღეროდა ბოლომდე აჰყავდი.
– ხელზე ტატუ გაქვს და რა გაწერია, ბარემ აქვე მითხარი.
– „earth, wind and fire” ჯგუფის სახელია და თან, სამყაროს სამი სტიქია და მისი ძალაა.
– ისევ სწავლას დავუბრუნდეთ...
– პირველ წელს დიპლომი ვერ ავიღე, ჩავვარდი. ენა არ ვიცოდი. ჯერ ინგლისურად ისე რა მესმოდა და სოლფეჯიოსა და ჰარმონიას რომ მასწავლიდნენ, მართლა ჩინური იყო ჩემთვის. ძალიან გამიჭირდა. მერე უკვე ყველაფერი გავიგე. ყველა ლექტორი მხოლოდ პედაგოგი კი არა, პრაქტიკოსი, მოქმედი მუსიკოსია და ფეხდაფეხ მიჰყვებიან პროგრესს. მაგალითად, ერთი იყო ელტონ ჯონის ბექ-ვოკალისტი. გვასწავლიდა ქალი, რომელსაც მაიკლ ჯეკსონმა მოუწერა ხელი იმაზე, რომ მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მაგარი ვოკალის პედაგოგია. ამ ადამიანსაც ძალიან ბევრთან უმღერია, იგივე ბიონსესთან. ყველაფერი ვისწავლე – ბექებში სიმღერაც, ხმებში სიმღერაც, საერთოდ ყველაფერი.
– სოსო პავლიაშვილი ახსენე. არ არის ვინმე ისეთი, ვინც შეიძლება, შოუს არ დგამს სცენაზე, მაგრამ მხოლოდ მიმიკით მისგან საოცარი ემოცია მოდის.
– მხოლოდ ნინო ქათამაძე მახსენდება, რომელიც ტრანსში გადის, საოცარი გრძნობით მღერის. ამოდის მისგან ყველაფერი. ვსაუბრობ თანამედროვე მუსიკაზე და არა ტრადიციულ ან სუფრულ სიმღერაზე, რომელსაც თავისი კულტურა აქვს. საერთოდ, ლონდონმა ძალიან ბევრი რამ მასწავლა – დისციპლინა, დილით ადრე ადგომა, სწორი ცხოვრება, მოწესრიგებულობა...
– არ იყო კონკრეტული შემოთავაზებები სკოლის დამთავრების შემდეგ. სკოლებში ხომ სულ დადიან პროდიუსერები, პრომოუტერები...
– წელიწადში სამ-ოთხჯერ ქასთინგებს ატარებენ პროდიუსერებისთვის. ცნობილი ჯგუფის „ბლუს” პროდიუსერი იყო მოსული. უნდოდა, ენახა, ვინმე ახალი ხომ არ გამოჩნდაო. სხვათა შორის, იგივეს გაკეთებას აქ მეც ვაპირებ – ვიარო და ვეძებო ნიჭიერი ახალგაზრდები. მოკლედ, „ბლუს” პროდიუსერმა მოუსმინა ძალიან ბევრს, რომლებმაც შესაძლოა, ჩემზე გაცილებით მაგრად იმღერეს. მე კი შევედი, დავიწყე სიმღერა, მერე მიკროფონი თავისი სამაგრიდან მოვხსენი, ვიარე სცენაზე. შუა სიმღერის დროს გამაჩერა, დიდი მადლობაო. დავიბენი, მეთქი, არ მოეწონა. იმას არ გეტყვი, რომ დღესვე აგიყვან და პროდიუსერობას გაგიწევო, მაგრამ ძალიან ნიჭიერი ხარ და ზუსტად ის მანახე, რისთვისაც მოვედიო. ეს დებილები შემოდიან, დადგებიან, სცენაზე არც ინძრევიანო. არ მაინტერესებს მაგათი სიმღერა, ისეთი ვოკალის მასწავლებლები მყავს, ოდნავ თუ სიმღერა იცის, სამ თვეში სუპერმომღერლად ვაქცევო. ჩემთვის მთავარია, ტიპაჟი და ის, თუ როგორ გრძნობს და როგორ იქცევა სცენაზეო. თან, საშინლად ვნერვიულობდი, სიკვდილი იყო ჩემთვის სცენაზე ასვლა. სამი თვის განმავლობაში სცენაზე ვერ ავდიოდი, შიში მქონდა და ბოლოს, უკვე ფიქრობდნენ, გავერიცხე თუ არა. ახლაც მაქვს გასვლის წინ რაღაც ნერვიულობები, მაგრამ ისეთი სიმძაფრით აღარ.
– აქ სულ გადარებდნენ ჯასთინ თიმბერლეიკს. იქ არ იყო ასეთი შედარებები?
– არა, არ აქვთ ასეთი მომენტები. პირიქით, მაქსიმალურად ცდილობენ, შენში ინდივიდუალიზმის დანახვას. ერთს მივხვდი, რომ იმ მუშაობის სტილით, როგორც აქ მომღერლები მუშაობენ, შორს ვერ წავალთ. ვიყავი „ბოიზ თუ მენის” ბრაიან მაკნაიფის და ბევრის კონცერტზე. ზუსტად ისე მღერიან ლაივში, როგორც ჩანაწერში. მაგარი ხმა შეიძლება, ძალიან ბევრ ქართველ მომღერალსაც აქვს, მაგრამ არ მუშაობს იმდენს. ისინი მთელი დღეები რეპეტიციობენ, სწავლობენ ცეკვასთან ერთად სიმღერას. რასაც ისინი აკეთებენ, იმის ოცდამეთორმეტედსაც კი არ ვაკეთებთ. ამით ცხოვრობენ. ჩვენთან ხან შეყვარებული, ხან კაცი, ხან ქალი, ხან გაპრანჭვა და ფრჩხილების გაკეთება – სულ სხვა პრობლემები აქვთ. ბევრი სიგარეტს ეწევა და სიმღერის დროს ოდნავ თუ წაიცეკვებს, ვეღარ სუნთქავს. ისინი კი სულ ვარჯიშობენ და თან, ბოლომდე იხარჯებიან.
– სახე აქვს ხოლმე დაკარგული ბიონსეს ცეკვის შემდეგ, გაოფლიანებული და გაწეწილია. ჩვენები კი იმაზე ფიქრობენ, თმა არ დაეშალოთ და ტუჩები გამობერონ.
– კი, ეს პრობლემა არის. ამას ყველაფერს ბევრი მუშაობა და სწავლა სჭირდება. ზუსტად ამ მიმართულებით მინდა აქ მუშაობა. ჩემი მიზანი არ არის, რომ მომღერალი ვიყო. ეს ჰობია, რომელიც გამომდის რაღაც დონეზე და ვაკეთებ. აქ ჩამოსვლის ძირითადი მიზეზი მაინც პროდიუსერობაა. ახალგაზრდა ბავშვების გაზრდა მინდა, რომლებიც ახალ სიტყვას იტყვიან ამ სფეროში.
– ერთადერთი იყავი ახალი წლის კონცერტზე, რომელსაც ძალიან კარგი საცეკვაო დადგმა ჰქონდა.
– მეც იგივე მჭირს, რაც ზოგადად ქართველებს, ცოტა ზარმაცი ვარ. თან, ცოტა დრო მქონდა, ამ კონცერტისთვის რამდენიმე რაღაც გავაკეთე – ნინი ბადურაშვილის სიმღერა თავისი ცეკვით, მე და სტეფანე ვაკეთებდით თაკო გაჩეჩილაძისა და ქრისტინეს ნომრებსაც. ცოტა დრო გვქონდა.
– არ შემიძლია, არ გკითხო თიკო სადუნიშვილის კოცნაზე, რომელზეც მეორე დღეს მთელი საქართველო ლაპარაკობდა.
– კოცნა, როგორც მიხვდით, დადგმული იყო. თიკო ბოლოს დაიბნა, მგონი, ზუსტად არ იცოდა, ვისთვის უნდა ეკოცნა (იცინის). მთელ მსოფლიოში ტრადიციასავითაა, რომ თუ შენ გვერდით საყვარელი ადამიანი დგას, მას უნდა აკოცო და ყველა სურვილი აგისრულდება. ამ მიზნით გააკეთეს ეს ყველაფერი.
– უახლოეს კონკრეტულ გეგმებზეც გვითხარი.
– ბენდი მყავს „სფეის ჯემ” და პანკურ, ლაივმუსიკას ვუკრავთ. მონაწილეობას ვიღებდით ჯაზ-ფესტივალში და ძალიან კარგი კონცერტი გვქონდა „ივენთ ჰოლში“. სადაც უფრო თანამედროვე და თინეიჯერებისთვის საყვარელ მუსიკას გავაკეთებ, იქ „თიელი“ ვიქნები. „თიელს“ ექნება უფრო დუეტები, სხვებს გავუკეთებ სიმღერებს და იქ მივიღებ მონაწილეობას. დაახლოებით მარტისთვის, კიდევ ვგეგმავთ სოლო კონცერტს „ივენთ ჰოლში“. ეს იქნება „სპეის ჯემის” კონცერტი ვიწრო წრეში. ვნახოთ, იმედია, კარგი გამოვა.