რის გამო გააბრაზა დათო როსტომაშვილი შვილმა და რაზე დაიხეთქა ხელები მან
ერთმნიშვნელოვნად უნდა ითქვას, რომ დათო როსტომაშვილის ნიჭი, იუმორი, განსაკუთრებული ქარიზმა მის შვილში გაორმაგებულად თუ არა, იმავე დოზით ნამდვილად გადავიდა. გიორგი როსტომაშვილი ძალიან სიმპათიური ბიჭი, არაჩვეულებრივი მოცეკვავე, კარგი იუმორის მქონე და ისეთი ცეცხლოვანი დამკვრელია ტამტამებზე რომ, შეუძლებელია, სკამზე ერთი წუთით მაინც გაჩერდე და ისე უსმინო. ეს საკუთარ თავზეც გამოვცადე...
დათო როსტომაშვილი: სულ ამახია ამ ბავშვმა ყველაფერი... (იცინიან). გიორგი დავითის ძე როსტომაშვილი, 1995 წლის 15 ნოემბერი. ამ ნოემბერს 15 წლის გახდა, ოქროს დაბადების დღე ჰქონდა და კომპიუტერი ვაჩუქე. ერევანში ვიყავი და მობილურზე მირეკავს. საერთოდ, თუ ქალაქიდან ვარ გასული, მე ვრეკავ ხოლმე. ამან რომ დამირეკა, ცოტა გამიკვირდა, ხომ მშვიდობაა-მეთქი და, რას მეკითხება, იცი?! დოლზე შევალო. სად დოლზე შეხვალ-მეთქი? ჩვენთან მასწავლებელია, დოლზე დაკვრას ასწავლის და ძალიან მინდა შესვლაო. მაგაზე მაგიჟებ, შედი-მეთქი, ვუთხარი...
– ასე ყველაფერს გითანხმებთ ხოლმე?
– კი, აბა! მოკლედ, ერთი თვე იარა და მასწავლებელმა უთხრა: წადი, შვილო, შენ რაღა უნდა გასწავლო, აწი შენგან თუ ვისწავლი რამესო.
– ბავშვობიდან ეტყობოდა, რომ ნიჭიერი იყო?
– მამას ბიჭია და აბა, რა! მართალია, მერე სხვა მიმართულებით წავიდა ჩემი ცხოვრება, მაგრამ, გიოზე პატარა ვიყავი, როცა არტოს ბაღში მივედი. ბორჯომში ვისვენებდი და იქ გავიცანი თამუნა ბუხნიკაშვილი, ჩვენი გურამ ჯაშის ექს-მეუღლე. დავძმაკაცდით მე და თამუნა. ლაპარაკში მითხრა, არტოს ბაღში დავდივარ გოგი თოდაძესთან თეატრშიო. მეც მივედი და გამოცდების შემდეგ მიმიღეს. მოკლედ, გენში აქვს ეს ამბები, გენში.
სკოლა რომ დავამთავრე, დავოჯახდი – თვრამეტი წლის ვიყავი მაშინ. 22-ის რომ გავხდი სამივე შვილი მყავდა. მოკლედ, წელი არ „გამიმაზია”. ორი გოგო მყავს და მესამე ბიჭი. თვრამეტის მყავს უფროსი, შუათანა, ქეთევანი – ჩვიდმეტის და გიო – თხუთმეტის. 18 წლის ვიყავი, მუშაობა რომ დავიწყე, სხვათა შორის, ამავე სისტემაში. თავიდან საგამოძიებო იზოლატორში დავიწყე, მერე თეატრალური უნივერსიტეტი დავამთავრე და, თეატრში რომ მანაწილებდნენ, დიდი მადლობა გადავუხადე – თეატრში რა შემოსავალი უნდა მქონოდა, რომ ოჯახს ჰყოფნოდა. ამიტომ, პოლიციაში მუშაობა დავიწყე და, იქიდან მოყოლებული, ასე ვმუშაობ.
– და ახლა უკვე პოლკოვნიკი ხართ. რომ შემოვდიოდი და გიკითხეთ, „სტაიანშიკმა” მითხრა, იმ ოქრო ადამიანთან მიდიხართო?
– „სტაიანშიკმა” გითხრა, ხომ?! პლეხანოველი მარინასავით ვარ, ქვეყანა მიცნობს (იცინიან).
– გიორგი, შენ მომიყევი, რას საქმიანობ?
გიორგი: 7 წლის ვიყავი, ცეკვაზე რომ შევედი და, იქიდან მოყოლებული, დღემდე ვცეკვავ. ხელოვნების სფეროდან სხვა ჯერ არაფერზე არ დავდივარ. ახლა უნივერსიტეტის ანსამბლში ვარ და ვგიჟდები ცეკვაზე. სწავლის გაგრძელება ლონდონში მინდა...
დათო: რა იყო, სანდრო ხარ?!
გიორგი: ბიზნესი და მართვა მინდა ვისწავლო.
– რატომ გადაირია ყველა ამ ბიზნესზე? ცეკვავ, უკრავ, ხელოვანი ხარ, რაღად გინდა ბიზნესი?
– აბა, თეატრალურს არანაირი დაფასება არ აქვს. ჯობია, ისეთი პროფესია აირჩიო, საიდანაც შემოსავალი გექნება. შეიძლება, ორივე ერთად გამოვიდეს. აი, მამაჩემს ხომ გამოსდის. ახლა მახსენდება, პირველად სცენაზე რომ ავიდა, მაშინ 7 წლის ვიყავი. მთელი ოჯახი „იუმორინაზე” წაგვიყვანა საყურებლად, არადა, არ გვითხრა, რომ უნდა გამოსულიყო. დარბაზში ჩვენთან ერთად იჯდა, შარვალ-კოსტიუმით, ჰალსტუხით, გამოწყობილი იყო (იცინიან). ერთ მომენტში, ვითომ დარბაზში ეძებდნენ ადამიანს, რომელსაც სცენაზე აიყვანდნენ. მამაჩემი ყოველთვის ერთ ადგილზე იჯდა და იქიდან ამოჰყავდათ...
დათო: წესიერად ილაპარაკე, „ერთ ადგილზე იჯდა“, რას ნიშნავს?! (იცინიან).
გიორგი: ყოველთვის იმ სკამზე იჯდა. პირველად რომ აიყვანეს, ძალიან გაგვიკვირდა, დაიწყო ხუმრობები და მერე უკვე მივხვდით, რაშიც იყო საქმე.
დათო: ყველაზე სასაცილო რა იყო, იცით?! ორი პრეზიდენტი იყო სცენაზე, შევარდნაძეები იყო მაშინ მოდაში და მისივე ხმით მეძახიან: უკაცრავად, თქვენ, იქნებ ამოხვიდეთ სცენაზეო. მეუღლე მექაჩება – დაჯექი, სირცხვილია, არ წახვიდე, არ წახვიდეო. ეს კიდევ, მეუბნებოდა – მიდი მამი, მიდიო – უხაროდა, ჭკუაზე არ იყო. მოკლედ, ავედი და დავრჩი.
– შენ გინდა „იუმორინაში“ მონაწილეობის მიღება?
გიორგი: ძალიან, მქონდა კიდეც შემოთავაზება. გია ბაღაშვილმა მითხრა, რამე მოვიფიქროთო და ძალიან გამიხარდა. ალბათ, ამ „იუმორინაში“ მომიწევს გამოსვლა – მამაჩემი აღარ აპირებს გაგრძელებას და მე ჩავანაცვლებ.
დათო: დავიღალე, გენაცვალე, დავიღალე. ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო მამა-შვილ ბაღაშვილს, უნიჭიერეს ადამიანებს. დათო როსტომაშვილი ადრეც ვიყავი, მაგრამ, ვიწრო წრეში, მათ კი ჩემი თავი ყველას გააცნეს.
– ძალიან მაგარია და რატომ უნდა თქვათ ამაზე უარი?
– არა, უარს კი არ ვამბობ, დავიღალე. დავბერდი, მგონი. თმა კი ამომივიდა, მაგრამ, დავბერდი. არა, ვხუმრობთ, კაცო. რას ჰქვია არ ვაპირებ, ამაზე კარგი რა უნდა გავაკეთო?!
– გიორგი, იუმორში როგორ ხარ?
გიორგი: გადასარევად. მამაჩემი თავის ძმაკაცს რომ მაცნობს, ეუბნება ხოლმე – კარგად გაუგებთ ერთმანეთს, ჩემზე მაგრად „ღადაობსო“ (იცინიან). ალბათ, „იუმორინაზე“ უფრო ცეკვა და დაკვრა მომიწევს, ვიდრე ხუმრობა. 11 წლის ვიყავი, როდესაც ჩემი და ქობულეთიდან ჩამოვიდა და თქვა, ტამტამებზე დაკვრა ვისწავლეო. მამაჩემმა ტამტამი უყიდა და მერე მეც მომინდა. თან, ტამტამი მაინც არ არის გოგოს საქმე. ნელ-ნელა დაკვრა დავიწყე, მამამ ტამტამი მეც მიყიდა და უკვე ძალიან ბევრს ვვარჯიშობდი. მეზობლები მიგებენ და პრეტენზია არ ჰქონიათ ჩემს დაკვრაზე. მერე დოლზე დაკვრაც ვისწავლე, ტამტამიც გავაუმჯობესე – უფრო მაგარი ვიყიდე. ყველაზე ცუდი ტამტამი ისაა, რომელსაც რკინები აქვს გვერდით გამოშვერილი. დაკვრა რომ დავიწყე, ასეთ ტამტამზე ვუკრავდი და ხელები სულ დახეთქილი მქონდა. ხომ უნდა მოვნათლულიყავი?!
– როგორია, გყავდეს ასეთი მამა? მეგობრებში ალბათ ამაყობ!
– ძალიან მიხარია, ასეთი მამა რომ მყავს, მაგრამ ამის გამო ზემოდან არავის ვუყურებ. ერთი მხრივ, ძალიან კარგია, ასეთი მამა რომ გყავს, მაგრამ ბევრს შურს ამის გამო და ბევრი შარს ეძებს ჩემთან. ამიტომ, ხშირად მიწევს ჩხუბი, მაგრამ არც ეს არის პრობლემა. ძიუდოზე დავდიოდი ორი წელი და ახლაც ძალიან ბევრს ვვარჯიშობ.
დათო: სულ ვნერვიულობ ასეთ რაღაცეებზე და ვცდილობ, ვაკონტროლო. გუშინ თხლაშანიც გავადინე: ცეკვაზე წავიდა და დააგვიანა. ვრეკავ – ტელეფონს არ იღებს, ცეკვის მასწავლებელს ვურეკავ – არ მოსულაო. მოვკვდი. მერე 8 საათზე გადმომირეკა მასწავლებელმა – ახლა მოვიდაო. გიჟივით მივვარდი და – თხლაშ!.. ძმაკაცურად, არაფერი მოუვა. ზუსტად იმიტომ, რომ იცოდეს, მეორედ ასეთი რამ არ გააკეთოს.
– სად იყავი?
– შეყვარებულთან იყო.
გიორგი: ხომ არ გიპასუხა ტელეფონზე შეყვარებულმა?! მერე მკითხა, შენ რეკავდიო? არა, მამაჩემი-მეთქი – ჩვენ ხომ ერთნაირი ნომრები გვაქვს.
დათო: მერაბ გეგეჭკორმა თქვა მაგარი, მე და გიორგის გვაქვს ერთი და იგივე ნომრები: 899, 898, 897, 851-ით იწყება და მერაბამ თქვა, როსტომაშვილები სხვა ნომერს ვერ იმახსოვრებენო. არადა, „პროსტა“, „გვევასება“, მაგარი „ბლატნოი” ნომრებია. შენ იცი, ერთხელ ცოლის მანქანით რომ ვიყავი?! ნომრები აქვს „მაკ 100”. გეგეჭკორი მეკითხება: „ეს ვისი მაშინაა?” ნომერს შეხედე და მიხვდები-მეთქი. გეგეჭკორმა სულ სამი რუსული სიტყვა იცის და ამბობს: „მაკ სტო”! (იცინიან) რატომ უნდა წაეკითხა „მაკ სტო”?
– გიორგი, შენც ადრე ხომ არ აპირებ დაოჯახებას?
გიორგი: ჯერ არა, ალბათ, ასე, 20-21 წლის ასაკში.
დათო: 20 ადრეა, 25 – კიდევ ჰო. მაინც, რა ძალა ადგია, თორემ, „პაჟალუსტა”. მე თუ მიყურებს, ბავშვობიდან ძალიან შრომისმოყვარე ვიყავი და ამიტომ არ გამიჭირდა ოჯახის შენახვა. ისე, ნაადრევი ყველაფერი კარგია, სიკვდილის გარდა. 18 წლის მყავს უფროსი შვილი – ამაზე მაგარი რა არის?! სტუდენტობა, ერთი, მეორე, მესამე, გაიაროს და, მერე რაც უნდა, ის ქნას. სად ეჩქარება. ვინ უშლის სიყვარულს? უყვარდეთ ერთმანეთი და იყვნენ. ყველაზე მეტად რა მიხარია, იცით? უცებ ვიღაც რომ მეტყვის, თქვენ გიორგის მამა არ ხართო?! განა დათო როსტომაშვილის შვილიო, გიორგის მამაო.
– გახდით ორი და ოცი სიმაღლეში?
– არც ისე მაკლია ბევრი (იცინიან).
– მექალთანე ხარ, გიო?
დათო: ეე, იმ დღეს ქეიფში არ მომყვებოდა და მიზეზი პირდაპირ დედამისთან მითხრა, შემარცხვინა – რა აზრი აქვს, რომ წამოვიდე, ყველა ლამაზ გოგოს მაინც შენ დაელაპარაკებიო. (იცინიან).
გიორგი: იმ დღეს „გურუში” ვიყავით, ცოტა ადრე მივედით და მამაჩემმა დაინახა ძალიან ლამაზი. მენეჯერი გოგო, მივიდა და ეუბნება, ჩემს ბიჭს მოსწონხარ და უნდა წაგიყვანოო, თან ჩემკენ მოჰყავს. ვუთხარი, ახლა არ წამოიყვანო, დღეს მუშაობს და ხვალ წავიყვანოთ-მეთქი. კარგიო. იქვე, ერთ ხუთ მეტრში, დადგა ამ გოგოსთან და ელაპარაკება. აქედან ვუყვირი – ეს გოგო შენთვის გინდა თუ რა არის, რამდენ ხანს ელაპარაკები-მეთქი და დაიწყო ყვირილი – შენზე ველაპარაკები, შენზეო. (იცინიან). ასე ვხუმრობთ ხოლმე.
– სადმე კლუბებში არ უკრავ?
– „ქალაქურში” დაბადების დღეზე დავუკარი, შემთხვევით „ვაი ნოთის” მფლობელს მოუსმენია, მოეწონა და მიმიწვია თავის კლუბში. ძალიან კარგი მინუსები მაქვს ტამტამებისთვის, ეს მუსიკა მხოლოდ მე და დიტო საკანდელიძეს – „იუმორინას“ ტამტამისტს გვაქვს საქართველოში, მან ჩამოიტანა თურქეთიდან და ძალიან უხდება ტამტამს.
– დათო, როგორ ხედავთ გიორგის მომავალს?
დათო: რა ვიცი, აბა, ნოსტრადამუსი ხომ არ ვარ! ნოსტრადამუსმა რომ ჰკითხა, ხომ იცი დედას, სადილად რა გვაქვსო და, მე მეკითხებიო? გადაირია დედა (იცინიან). ვიცი, რომ კარგი ბიჭია და ნიჭი არ დაიკარგება. რაც უფრო კარგი იქნება, თავის თავსაც გამოადგება, მეც და ქვეყანასაც. დედამისი კი ჩხუბობს – მეორე შენ იზრდები სახლშიო, მაგრამ, კარგია, კარგი ბიჭია.