რატომ უყვარდა ყველა ადამიანი ოთხი ჭიქის დალევის შემდეგ ია შუღლიაშვილს და როდის იგრძნო მან საკუთარი თავიდან “ამოვარდნა„
როდესაც სერიალი „გოგონა გარეუბნიდან” გავიდა ტელეეკრანზე, მაშინვე შესამჩნევი გახდა ამ სერიალის ერთ-ერთი გმირი – გრიმიორი, რომელიც თავისი ადამიანურობითა და თბილი ბუნებით გამოირჩევა. ის არაერთ მეგობარს და თანამშრომელს დაეხმარა და სიკეთე არავისთვის დაუშურებია.
ია შუღლიაშვილი, რეალურ ცხოვრებაშიც ასეთი თბილი და მოსიყვარულეა. ამიტომ, ჰყავს უამრავი მეგობარი და ნაცნობი, რომლებიც მას აფასებენ და სიყვარულითვე პასუხობენ. ია ძალიან მხიარული და ხალისიანია, ხშირადაც ხვდება კურიოზულ სიტუაციებში, მაგრამ სიცილითა და იუმორით, ადვილად იძვრენს თავს.
ია შუღლიაშვილი: ვერ ვიტყვი, დაბნეული ვარ-მეთქი. პირიქით, ძალიან მობილიზებული ვარ, მაგრამ მაინც ვეხვევი გამოუვალ და კურიოზულ ამბებში. კიდევ კარგი, ღმერთმა ჩემთვის იუმორის გრძნობა არ დაიშურა და ამით ადვილადვე ვიძვრენ ხოლმე თავს შექმნილი სიტუაციიდან. ისე, იუმორი ყველაზე კარგი იარაღია, ნებისმიერი სიტუაციიდან თავის დასაღწევ-დასაძვრენად (იცინის).
– ერთხელ, შენმა ძმამ თქვა, ია ბავშვობაში ნამდვილი გმირი იყო, ისეთ „დარტყმებს” იღებდა და მაინც არ გადიოდა „ბრძოლის ველიდანო”. მართლა ასე იყო?
– ბავშვობაში ხშირად მიწევდა ეზოში ფეხბურთის თამაში და ძირითადად, კარში ვიდექი – გაფაციცებული, რომ გოლი არ გასულიყო. ჩემი ძმა და მისი ძმაკაცები რომ ჩავიდოდნენ ეზოში ფეხბურთის სათამაშოდ, მე კარში ჩამაყენებდნენ და კი არ ფიქრობდნენ, გოგო რომ ვიყავი. ისე გაშმაგებით ურტყამდნენ ბურთს ფეხს... ეჰ, რაც მე სახეში ბურთი მომხვედრია და გავმწარებულვარ, რაც მე ძირს დავვარდნილვარ და მიგორავია, ვინ დათვლის. მაგრამ, მაინც არ დამიტოვებია „ბრძოლის ველი”... ახლა დავფიქრდი, მართლა, მაგარი გამძლე და ამტანი ბავშვი ვიყავი. ამდენ დარტყმას გმირულად ვიტანდი და იცით რატომ?
– არ ვიცი. რატომ?
– იმიტომ, რომ არ მინდოდა, ბიჭებს დაეცინათ. არადა, უფრო მწყინდა და მცხვენოდა, ვიდრე მტკიოდა (იცინის). სხვათა შორის, ძალიან სპორტული ბავშვი ვიყავი და ეს დიდობაშიც ბევრჯერ დამეხმარა.
– გარდა იმისა, რომ „გამძლე” მეკარე იყავი, კარგადაც ცურავდი. აბობოქრებულ ტალღებში თუ გამოგიცდია საკუთარი თავი და სპორტული შესაძლებლობები?
– მართალია, ძალიან კარგად ვცურავ და არც დიდ ტალღებს ვუშინდები. მაგრამ, ერთხელ ისეთი ამბავი შემემთხვა... მოკლედ, დასასვენებლად ჩავედი ზღვაზე. მთელი ოთხი დღე წვიმდა. როგორც იქნა, გადაიღო. გავიქეცით დაქალები სანაპიროზე. რადგან აღარ წვიმდა, ისე ვიყავი დახამებული, ტალღებს აღარ შევუშინდი, შევვარდი და ისე შორს გავცურე, აზრი ვერ დავატანე. უკან რომ მოვიხედე, მივხვდი, ნაპირზე გამოსვლის შანსი აღარ მქონდა.
– მერე, საშველად ვერ ანიშნე ნაპირზე მჯდომ დაქალებს?
– სხვათა შორის, ჩემი დაქალები ისე მშვიდად ისხდნენ და მიყურებდნენ ნაპირიდან, აზრზე ვერ მოვიდნენ, თუ რამე მიჭირდა. კი ვიქნევდი ხელ-ფეხს, მაგრამ მათ ეგონათ, ვხუმრობდი. აბა, რას იფიქრებდნენ? იციან, კარგად ვცურავ და შეშინება მოინდომაო, ასე გაიფიქრეს თურმე. არადა, მიჭირდა, მაგრამ რა მიჭირდა... ამ შუა ზღვაში, ვიქნევ ხელ-ფეხს და ვხედავ, ზედაც არ მიყურებენ დაქალები. გავცოფდი, ვიფიქრე, ახლა თუ გადავრჩი, ამათ რას ვუზამ ნახონ ერთი, გავგლიჯავ შუაზე-მეთქი (იცინის). იცით, კიდევ რა გამახსენდა? ასეთი ბობოქარი ტალღები რომ არის, ამბობენ, მსხვერპლს ითხოვს, რომ დაწყნარდესო. ვიფიქრე, მე ვარ ეტყობა ის მსხვერპლი და მიშველეთ ხალხნო-მეთქი (იცინის). ვეხვეწებოდი ღმერთს, გადამარჩინე, შვილს ნუ დამიობლებ-მეთქი. ბოლოს, ერთი მიხვდა, რომ „ნამეტანი გავჭედე” და ცუდად იყო საქმე. წამოხტა, გამოგლიჯა ვიღაც ბავშვს ერთი ნამცეცა კამერა, ძლივს გაეკვეტა მასში და შემოვარდა. თან, იმხელა ტალღები არ უშვებდა ჩემკენ, ეს კამერაც სასაცილოდ ჰქონდა გაკვეტებული და რომ დავინახე, სულ დამავიწყდა ჩემი გაჭირვება. ამიტყდა ისტერიკული სიცილი, იმას კიდევ ეგონა, ეტყობა, საცოდავმა შიშისგან გააფრინაო და უფრო მეტად აფაფხურდა წყალში, რომ როგორმე ჩემამდე მოეღწია. თურმე, უფიქრია, რომ მივუახლოვდები, ამ კამერას მე გავიძრობ და იას ჩამოვაცვამ, რომ გავიყვანო ნაპირზეო. ასე, კამერაგაკვეტებული მომიახლოვდა წვალებით და ახლა იმაზე დაიწყო ფაფხური, ის კამერა აეძრო და ჩემთვის ჩამოეცმია თავზე (იცინის). ამ წვალება-წვალებაში, მე სიცილით კინაღამ გავიგუდე. ეს ჩემი დაქალი კიდევ ბრაზისაგან კინაღამ გადამერია – რა გაცინებს, იხრჩობი და მეც შენს გამო გავწირე თავიო. არ დაგიმალავთ, მაშინ პირველად შევიგრძენი, რა არის ადამიანისთვის შიში, პანიკა და მივხვდი, რომ ასე ზედმეტად თავდაჯერებული არ უნდა ვიყო. ბედს არ უნდა შეეწინააღმდეგო, აზრი არ აქვს, რაც გაწერია შუბლზე, ის არ აგცდება.
– მერე, როგორ მოახერხეთ დაქალებმა, ასე ფაფხურ-ფაფხურით, ნაპირზე მშვიდობიანად გამოსვლა?
– როგორ და, ის კამერა, რასაკვირველია, ვეღარ აიძრო, მე ჩავებღაუჭე ჩემს დაქალს და ასე წვალებ-წვალებით გამოვედით ნაპირზე. ჩემი დაქალის სახეს რომ ვუყურებდი, ვკვდებოდი სიცილით. ის კიდევ უფრო ბრაზდებოდა და უნდა გენახათ, რა ხდებოდა (იცინის). დღესაც რომ ვხვდები, ასე ვესალმები, ვა, ჩემი მაშველი პამელა ანდერსონი როგორ ბრძანდება-მეთქი. ამაზე სულ გიჟდება (იცინის). მადლობა ღმერთს, მშვიდობიანად დასრულდა ტალღებთან ჩვენი ჭიდილი და ახლა ეს ამბავი სასაცილოდ მახსენდება. ერთი სიტყვით, კარგია ის, რაც კარგად მთავრდება.
– შენი მეგობრები იმასაც ამბობენ, თურმე, სასმელს კარგადაც იტან და ამ მდგომარეობაში განწყობაც ერთიორად გიმაღლდება. ის თუ გახსოვს, პირველად ვისთან ერთად დალიე და როგორ მიიღო შენმა ორგანიზმმა ახალი „მდგომარეობა”?
– (იცინის). მართალია, კარგად ვიტანდი სასმელს, მაგრამ, ასაკის მატებასთან ერთად, სმის პროცესიც აღარ მსიამოვნებს. პირველი დალევა, როგორ არ მახსოვს, თან, გუშინდელი დღესავით. მოკლედ, „თბილისობის” დღესასწაულზე დავლიე პირველად, სტუდენტობის დროს. რეპეტიციას გავდიოდით და მახსოვს, ძალიან ციოდა. მეგობრები გადამეკიდნენ, რას იყინები, მიდი, დალიე ერთი ჭიქა და გათბებიო. ავდექი, ერთი ჭიქა დავლიე და გავთბი.
– მეორე ჭიქაზე?
– აი, მეორე ჭიქაზე შევხურდი, მესამეზე გავიღიმე, მეოთხეზე გავთამამდი და... წავიდა ასე... (იცინის). დალევით კი დავლიე და კარგადაც წავიდა, მაგრამ, რომ წამოვდექი, მერე დამარტყა თავში და კარგადაც დამაბარბაცა. ახალი სიტუაცია კი „მჭირდა”, მაგრამ ცუდი თუ კარგი, ამას ვერ მივხვდი (იცინის). მართალია, საკუთარი თავიდან კი ამოვვარდი, მაგრამ ხომ გავხურდი იმ ყინვაში? კარგი განწყობაც მქონდა, ყველას ვუღიმოდი და ყველა მიყვარდა (იცინის).
– ყველაფერს შევეხეთ შემოქმედების გარდა. მოდი, მითხარი, სცენაზე სასაცილო ამბებში არ მოხვედრილხარ?
– როგორ არა. ერთხელ ისეთი დავგორდი... მოკლედ, სცენის ქვეშ უნდა ჩავსულიყავი კიბით და შემდეგ, ლუკი ამეწია და იქიდან ამოვსულიყავი. დამრეცი კიბე იყო და ისე დავგორდი, მტრისას (იცინის). ახლა მეცინება, თორემ მაშინ ისე გავმწარდი, სიმღერით უნდა გამეცილებინა მსახიობი-მეომრები ომში და ისეთი მოვთქვამდი, ისე სიმწრით ვმღეროდი, ისეთი ტრაგიზმი ჩავდე სიმღერაში, გეგონებოდათ, მართლა ვუშვებდი საომრად. ბიჭებს დაავიწყდათ საკუთარი როლები და გადარეულები შემომცქეროდნენ, ნეტა, რა დაემართა, ნამდვილად ხომ არ დაიწყო ომი და გვიმალავენო (იცინის). ისე ბუნებრივი გამოვიდა, ნუ იტყვით. მაყურებელმა კი შემაქო, მაგრამ ახლა ჩემი გვერდები გენახათ, როგორი ჩაბეჟილი მქონდა და როგორ მტკიოდა.