კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

30 თებერვალი

საგიჟეთის მორიგე სანიტრის ბრძანება დაუყოვნებლივ შეასრულეს მისმა სასწრაფოელმა კოლეგებმა და ნაცემ-ნაბეგვი ტარო კუბოიამა უზურგო სკამზე დასვეს, თავად კი ნახევარწრედ შემოერტყნენ და მორიგეს მიაპყრეს მზერა, რომელმაც უზარმაზარი დავთარი გადაშალა, ქიმიური ფანქარი აიღო და ახალმოყვანილ პაციენტს ჰკითხა:

– სახელი და გვარი.

– ტარო კუბოიამა, – მიუგო მორიგეს იაპონელმა, რომელსაც შოკმა გაუარა და მიხვდა, რომ, თუ არ დამშვიდდებოდა, უარეს შემთხვევაში, სანიტრები ცემით მოკლავდნენ, უკეთესში კი – დააინვალიდებდნენ.

– რა უცნაური სახელი და გვარია, – თქვა მორიგე სანიტარმა, – სად დაიბადე?

– ტოკიოსი, ბატონო, დედაქალაქის მკვიდრი ვარ.

– სად, სად? – ჰკითხა იაპონელს მორიგე სანიტარმა.

– ტოკიოსი, ბატონო, – გაიმეორა კუბოიამამ, – მე იაპონიის დედაქალაქის მკვიდრი ვარ.

– ისევ ძველებურს უბერავ, არა? – შეუღრინა მორიგე სანიტარმა იაპონელს, – არ გეყო ხომ, ცემა!

– პასპოლტი ნახეთ, ბატონო, – გაახსენდა კუბოიამას, – სალვლის ძიბესი მიდევს.

საგიჟეთის მორიგე სანიტარმა ტარო კუბოიამას შარვლის მარჯვენა ჯიბიდან პასპორტი ამოაცურა და, სანამ გადაშლიდა, მანამდე გაფითრდა, შემდეგ ყურადღებით დაათვალიერა და მაგიდაზე დადო, დავთარი დახურა და სასწრაფო დახმარების სანიტრებს უღრიალა:

– ჩქარა, პერანგი გააძრეთ, თქვე კრეტინებო! მართლა იაპონელი ყოფილა და თავნებობისა და ძალადობისთვის ყველას ციხეში ამოგალპობენ!

„სასწრაფო დახმარების“ ფსიქიატრიული ბრიგადის სანიტრებმა, რომლებსაც კუზმიჩი მეთაურობდა, დაუყოვნებლივ გახადეს ტარო კუბოიამას დამამშვიდებელი პერანგი და კუთხეში აიტუზნენ, საგიჟეთის მორიგე სანიტარმა კი ნაცემ იაპონელს პირველადი დახმარება თვითონვე გაუწია და სისხლნაჟღენთი ადგილები სპირტიანი ბამბით გაუწმინდა, თან ბოდიშს უხდიდა და ეუბნებოდა, ბნელი და მოძალადე ხალხია ეს სასწრაფოს სანიტრები და მათ მაგივრად მე გიხდით ბოდიშსო. შემდეგ მორიგე ექიმი მოვიდა, რომელმაც მილიცია გამოიძახა, მათ კი იაპონიის ელჩიც უკან მოჰყვა და მანვე დაადასტურა, რომ „სასწრაფო დახმარების“ სანიტრების მიერ სასტიკად ნაცემი ადამიანი იაპონიის ერთ-ერთი უმდიდრესი ადამიანი, მილიარდერი ტარო კუბოიამა იყო.

იაპონელი მილიარდერის პიროვნების გარკვევამ შოკში ჩაყარა საგიჟეთის მისაღებში შეკრებილი ადამიანები, მისი ცემა-ტყეპის ფაქტმა კი საბჭოთა მთავრობის უმაღლეს ეშელონებამდეც მიაღწია და, შუადღე ახალი გადასული იყო, როდესაც საგიჟეთის მისაღებში შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე და „მურის“ უფროსი ერთდროულად შეიჭრნენ, ნაცემ კუბოიამას ბოდიში მოუხადეს და დამნაშავეების დასჯას დაჰპირდნენ.

– არავის დასჯას არ მოვითხოვ და, რაც მოხდა, ჩათვალეთ, რომ გაუგებრობა იყო, მით უმეტეს, რომ გარკვეული ბრალი მეც მიმიძღვის ყველაფერ ამაში, რადგან ემოციები ვერ მოვთოკე, – უთხრა იაპონელმა მილიარდერმა საბჭოთა მილიციის მაღალჩინოსნებს, თან კუთხეში შეყუჟულ კუზმიჩსა და მის ხელქვეითებს გადახედა, რომლებიც ციებიანებივით კანკალებდნენ შიშისგან, ბოლოს კი დაამატა: – თქვენთან ერთი თხოვნა მაქვს და, თუ შემისრულებთ, წაგებულები არ დარჩებით.

– ბრძანეთ, მისტერ კუბოიამა, გისმენთ, – უთხრა იაპონელ მილიარდერს მინისტრის მოადგილემ.

– ჩემდა სამარცხვინოდ უნდა გითხრათ, რომ აქაურმა თაღლითებმა ოცდახუთი მილიონი დოლარი გამომძალეს და გაუჩინარდნენ.

– ოცდახუთი მილიონი დოლარი აგახიეს? ბოდიში, გამოგძალეს? – სიტყვა გააწყვეტინა კუბოიამას გაოცებულმა მინისტრის მოადგილემ და იაპონელი მილიარდერი ყურადღებით აათვალიერ-ჩაათვალიერა.

ტარო კუბოიამას უკვე დაბრუნებული ჰქონდა საკუთარ თავზე სრული კონტროლი, ამიტომ მან ყელმოღერებულმა შეხედა გაოცებულ მილიციის გენერალს, გაუღიმა და მშვიდად, ღირსეულად უთხრა:

– ოცდახუთი მილიონი დოლარი, რა თქმა უნდა, ძალზე უმნიშვნელო თანხაა ჩემთვის და არ დამაქცევს, მაგრამ, ჩემი ღირსებაა შელახული და, თუკი მათ შეიპყრობთ და პირისპირ შემახვედრებთ, ის ოცდახუთი მილიონი დოლარი თქვენი გასამრჯელო იყოს.

აბა, ვინ იტყოდა უარს ასეთ შემოთავაზებაზე და მთელი „მური“ და სამინისტროს ცენტრალური აპარატი ფეხზე დადგა. იაპონელი მილიარდერის ჩვენების შედეგად სიტყვიერი პორტრეტები შეადგინეს და, მართალია, ვერ დაადგინეს, ვინ განასახიერებდა იური რომანოვს, რადგან ბიჭიკო ბუცხრიკიძეს მილიციაში არ იცნობდნენ, სამაგიეროდ, ძალიან მალე გაიგეს, რომ ებრაელი სამუელ გოლდმანის სახელით ჯამბულ ონიანი იმალებოდა.

– ოჰ, ეს ონიანი, ონიანი! ეს ქართველი აფერისტი უკვე ყელში მყავს ამოსული! საბჭოთა დოყლაპიების წეწვა აღარ აკმაყოფილებს, უკვე ფირმაჩებს პარსავს, თანაც, რა მსხვილად. მის გამო ლამის საერთაშორისო სკანდალი ატყდა, – დაიჩივლა მინისტრის მოადგილემ „მურის“ უფროსთან, როდესაც ისინი საგიჟეთის მიმღებიდან გამოვიდნენ და მანქანაში სხდებოდნენ.

– ნუ ღელავთ, ამხანაგო გენერალო, – მხიარულად უთხრა მინისტრის მოადგილეს „მურის“ უფროსმა, – არანაირი საერთაშორისო სკანდალი არ იქნება. პირიქით, ხომ გაიგონეთ, რა თქვა იმ ჩუქჩამ?

– ჩუქჩამ კი არა, იაპონელმა, – შეუსწორა რანგით უმცროს კოლეგას მინისტრის მოადგილემ.

– იმ იაპონელმა, – გაიმეორა „მურის“ უფროსმა, – თუ დაიჭერთ და დამაპირისპირებთ, მაშინ ის ოცდახუთი მილიონი დოლარი თქვენი იყოსო.

– მერე, ასე ადვილი გგონია ოცდახუთი მილიონი დოლარის ამხევის დაპატიმრება, მით უმეტეს, ჯამბულ ონიანის და თანაც ამ დროში, როდესაც ყველაფერი ისეა არეული, რომ ძაღლი პატრონს ვერ ცნობს და ბოროტმოქმედებისთვის იდეალური პირობებია შექმნილი? როგორც ის კრეტინი მილიარდერი ამბობს, ფული თაღლითებს მან ორი კვირის წინ გადასცა და, როგორ გგონია, ოცდახუთი მილიონი დოლარის მფლობელი თაღლითები კვლავ საბჭოთა კავშირში იქნებიან? ალბათ, მეორე დღესვე აითესნენ აქედან და ახლა სადმე ტროპიკებში, ზღაპრულ განცხრომასა და ჩვენს დაცინვაში ატარებენ დროს.

– გამორიცხული არაფერია, ამხანაგო გენერალო, მაგრამ, მე მაინც ვფიქრობ, რომ ონიანი აქ უნდა იყოს. მართალია, მას დიდი კუში აქვს დათრეული და არც საბჭოეთიდან გაპარვა გაუჭირდებოდა, მაგრამ, თითქმის დარწმუნებული ვარ, რომ აქედან ფეხს არ მოიცვლიდა.

– რატომ ხარ ასე დარწმუნებული? – გაუკვირდა მინისტრის მოადგილეს.

– იმიტომ, ამხანაგო გენერალო, რომ ონიანი აზარტული მოთამაშეა და გაქცევა, თავის გარიდება, მისი სტილი არაა. მისი აზარტი, სულიერი და, თუ გნებავთ, ფიზიკური კმაყოფილება ბეწვის ხიდზე სიარულში მდგომარეობს.

– ეგ როგორ? – სიტყვა გააწყვეტინა „მურის“ უფროსს მინისტრის მოადგილემ და მხრები აიჩეჩა, – არაფერი მესმის.

– უფრო თვალსაჩინოდ აგიხსნით, ამხანაგო გენერალო. აი, წარმოიდგინეთ ათსართულიანი სახლის სიმაღლეზე გაბმული ტროსი, რომელზეც ყოველგვარი დაზღვევის გარეშე გადის აკრობატი, – დაიწყო ახსნა „მურის“ უფროსმა, – ჰოდა, ეს აკრობატი, რომელსაც, ოდნავ მაინც რომ დაუცდეს ფეხი, ჩამოვარდება და მიწამდე სულიც კი არ დაჰყვება, ის კი, არა, მარტო წინ მიიწევს, არამედ ტრიუკებსაც კი უჩვენებს ქვევით შეკრებილ პუბლიკას, აშინებს მათ თავისი რისკიანი მოძრაობებით, თვითონ კი ტკბება ამ ყველაფრით. ბოლოს, სამშვიდობოზე რომ გადის, მხურვალე ოვაციებს იღებს და თავის უმაღლესი ხელოვნების ნაყოფს სრულად იმკის. აი, ასეა ჯამბულ ონიანიც და ამიტომ ვფიქრობ, რომ ის არსადაც არ წასულა, სადღაც აქაა ჩაყუჩებული და ჩვენი ფორიაქით ტკბება.

– მოკლედ, ასე, ამხანაგო გენერალო, – ოფიციალური ტონით უთხრა მინისტრის მოადგილემ „მურის“ უფროსს, რომელიც მასავით გენერალი იყო, თუმცა, უფრო დაბალი რანგის პოსტი ეკავა, – თქვენ მართლაც ძალიან ხატოვანი შედარება გააკეთეთ აკრობატსა და აფერისტ ონიანს შორის და იმ ქართველ თაღლითს რომ ცხვირში ამოვადინოთ, ჩვენზე კაიფი, რასაც თქვენ ტკბობას უწოდებთ, სასწრაფოდ დაიწყეთ გადამჭრელი და კვალიფიციური მოქმედება.

– არის, ამხანაგო გენერალო! – გამოეჯგიმა მინისტრის მოადგილეს „მურის“ უფროსი და ჯერ ის გაისტუმრა მანქანით, შემდეგ თავადაც სამსახურებრივ „ვოლგაში“ ჩაჯდა და პეტროვკაზე გაემართა.

მოკლე ხანში მთელი საბჭოთა მილიცია ფეხზე დადგა და ჯამბულ ბიძიას ძებნას შეუდგა, მაგრამ, უშედეგოდ – ის მთელი ქვეყნის მასშტაბით გადაადგილდებოდა, მდიდრული სასტუმროების ნომრებში ჩერდებოდა და ზღაპრულ დროს ატარებდა, თან, არც ნაცნობ-მეგობრები და გაჭირვებული ადამიანები ავიწყდებოდა და ყველას ეხმარებოდა. ერთი სიტყვით, ვერ მოიხელთეს. ამასობაში კი საბჭოთა კავშირიც დაიშალა და ჯამბულ ბიძია უკვე დამოუკიდებელ საქართველოში დაბრუნდა, მაგრამ აქ დიდხანს არ გაჩერებულა და კვლავ რუსეთში გაემგზავრა.

– აქ რატომ არ დარჩა? – ჰკითხა შორენამ ჯაბას.

– პატრიოტია და იმიტომ, – მიუგო ჯაბამ.

– ეგ როგორ, ვერ ვხვდები, – მხრები აიჩეჩა შორენამ, – თუ პატრიოტია, პირიქით, სამშობლოში არ უნდა დარჩენილიყო?

– არა, – გაეცინა ჯაბას, – ის ხომ თაღლითია და, აქ რომ დარჩენილიყო, მაშინ აქვე უნდა ემუშავა თავისი პროფესიით, მას კი ეს, პატრიოტული მოსაზრებებიდან გამომდინარე, არ უნდოდა, რადგან მაშინ აქაურები უნდა ეპარსა; თანაც, მისი მასშტაბების ადამიანისთვის საქართველო ძალიან პატარა ასპარეზია, რუსეთში ბევრად მეტი გასაქანია. მოკლედ, კვლავ რუსეთში დაბრუნდა, იქაური მოქალაქეობაც გაიფორმა და იქვე დაიდო ბინაც, მაგრამ, ღმერთმა დიდხანს აცოცხლოს და, ასე ამბობს, როდესაც მოვკვდები, საქართველოში დამასაფლავეთო.

– ცოლ-შვილი თუ ჰყავს ბიძაშენს?

– კი, ოცი წლის ქალიშვილი ჰყავს, თეა.

– ცოლი?

– თეას დედა ჯერ კიდევ ოცი წლის წინ, როდესაც ბავშვი სამი თვის იყო, უცხოეთში გაიქცა და შვილი ჯამბულ ბიძიას მიუგდო. ბიძაჩემმა მარტომ გაზარდა თეა, არაფერს აკლებდა, ბრწყინვალე დაწყებითი განათლება მისცა – ერთ-ერთ ძალიან პრესტიჟულ უნივერსიტეტში სწავლობს ბრიტანეთში.

– მართლა მაგარი ბიძა გყავს, – ნაღვლიანად ჩაეცინა შორენას, – მე კი უპატრონოდ გავიზარდე და საკუთარი გზის გაკვლევა ჩემით, ყოველგვარი დახმარების გარეშე მიწევდა. რა კარგია, როდესაც გვერდში მდგომი გყავს, როდესაც მამა გპატრონობს, რომელსაც შეგიძლია, დაეყრდნო და იცი, რომ არასოდეს გიღალატებს. მე კი, შეიძლება ითქვას, მგლებში გავიზარდე და რას არ ვიგონებდი, რომ საკუთარი ღირსება და სიცოცხლე გადამერჩინა.

– კარგი, კარგი, ეს შენ არ გიხდება, ცრემლი არ დამანახვო, თორემ, მეც ავტირდები, – უთხრა ჯაბამ შორენას.

– ტირილი არც მიფიქრია, უბრალოდ, ოცნებაში წავედი, – მიუგო ჯაბას შორენამ, რომელსაც მართლაც უკვე მომდგარი ჰქონდა ცრემლები და, ჯაბას სიტყვები რომ არა, უეჭველად ატირდებოდა. თუმცა, საკუთარი თავი მოთოკა და, სისუსტე რომ დაემალა, ჯაბას ჰკითხა: – ესე იგი, ასე გულაობასა და მილიციასთან კატა-თაგვობანას თამაშში დახარჯა ჯამბულ ბიძიამ შვიდი მილიონი დოლარი?

– ნაწილი გულაობაში დახარჯა, ნაწილი გაჭირვებულ ადამიანებს გაუნაწილა, ერთი საკმაოდ დიდი ეკლესიაც ააშენა საქართველოში. მოსკოვში ფეშენებელური სახლი და ზღვაზე აგარაკი აიშენა, თან თეას სწავლა-განათლებაშიც დიდი ფული წავიდა, ერთი მილიონი დოლარი კი სტეპან სოლოგუბს მისცა.

– ეგ ვინღაა?

– გენერალ-ლეიტენანტი სოლოგუბი – „მურის“ უფროსი იმ პერიოდში, როდესაც ჯამბულ ბიძიამ იაპონელი მილიარდერი „გაპარსა“.

– მაგას ევალებოდა ჯამბულ ბიძიას დაჭერა და რომ არ დაეჭირა, ფულიც იმიტომ გადაუხადა, ხომ? – უთხრა შორენამ ჯაბას.

– კი, მასეა, – დაუდასტურა ჯაბამ.

– მაგრამ როგორ დათანხმდა? – თქვა შორენამ, – იაპონელმა მილიარდერმა ხომ საგიჟეთის მისაღებში უთხრა გენერლებს, თუკი თაღლითებს დაიჭერთ და მიჩვენებთ, ეგ ფული თქვენი იყოსო. ბიძაშენი რომ დაეჭირა, ის სოლოგუბი ბევრად მეტ ფულს არ აიღებდა? თუმცა, ალბათ, „მურის“ უფროსი ჯამბულ ბიძიას ახლო მეგობარი იყო და ეს საქმე ნაცნობობით მოუგვარა.

– არანაირი მეგობრობა არ ყოფილა მათ შორის, – თავი გააქნია ჯაბამ და ჩაეცინა, – მილიცია-პოლიციასთან, მით უმეტეს, როდესაც დიდ ფულზეა ლაპარაკი, არანაირი ნაცნობობა არ ჭრის. სოლოგუბი არამცთუ ბიძაჩემის მეგობარი არ ყოფილა, პირადადაც კი არ იცნობდა მას, თუმცა ყოველთვის დიდი სურვილი ჰქონდა, რომ გაეცნო და ეს სურვილიც აისრულა.

მოკლედ, ბიჭიკო ბუცხრიკიძემ რომ რიოდან დაურეკა ჯამბულ ბიძიას კონსპირაციულ ბინაზე, თაღლითობიდან ზუსტად ერთი თვე იყო გასული, ბიძაჩემს გამალებით ეძებდნენ და მან ასეთი სვლა გააკეთა: გრიმი და პარიკი მოირგო, სოლიდურად ჩაიცვა, პავლე ეგოროვის სახელზე გაკეთებული პასპორტი ჩაიდო ჯიბეში, ხელში მცირე ზომის კეისი დაიკავა და კონსპირაციული ბინიდან შეუმჩნევლად გამოვიდა. შემდეგ ცენტრალური ფოსტამტის შენობიდან გენერალ სოლოგუბის მისაღებში დარეკა, თავი ბიზნესმენად წარუდგინა, რომელსაც მოსკოვის მილიციისთვის ქველმოქმედების გაღება სურდა და „მურის“ უფროსთან მიღებაზე ჩაეწერა, სამიოდე საათის შემდეგ უკვე სოლოგუბის მისაღებში იჯდა და გენერალთან აუდიენციას ელოდა.

– მობრძანდით, სტეპან სემიონოვიჩი გელოდებათ, – უთხრა ჯამბულ ბიძიას „მურის“ უფროსის მდივანმა და გენერლის კაბინეტის კარი ფართოდ გაუღო.

კეისმომარჯვებული და რესპექტაბელურად ჩაცმული ჯამბულ ბიძია დინჯად შევიდა სოლოგუბის უზარმაზარ კაბინეტში, სადაც მას გენერალი შეეგება, ხელი გაუწოდა და უთხრა:

– გამარჯობა, პაველ...

– პაველ რომანოვიჩ ეგოროვი, – გაეცნო ბიძაჩემი „მურის“ უფროსს.

– მობრძანდით, პაველ რომანოვიჩ, აქ დაბრძანდით, გეთაყვა და ბრძანეთ, რისთვის შეწუხებულხართ, – დაბალ მაგიდასთან მიიპატიჟა სტეპან სოლოგუბმა ჯამბულ ბიძია, თავად კი ბარიდან ორი ფუჟერი, კონიაკი „ნაპოლეონი“ და სიგარები გამოიღო და მაგიდაზე დააწყო. შემდეგ, ჭიქები აავსო და სტუმარს უთხრა: – ჩვენს გაცნობას გაუმარჯოს! სიგარა ინებეთ, ნამდვილი კუბურია.

– გაუმარჯოს ჩვენს გაცნობას, სტეპან სემიონოვიჩ! – უთხრა გენერალს ჯამბულ ბიძიამ და კონიაკი ნელ-ნელა გამოცალა, თან სიგარაც გააბოლა და დაამატა: – მშვენიერი კონიაკი და სიგარაა, გემოვნება არ დაგეწუნებათ, გენერალო.

– გმადლობთ, პაველ რომანოვიჩ, დიდი მადლობა. გეტყობათ, რომ საქმიანი კაცი ბრძანდებით, მანერებზე გამჩნევთ ამას, – მიუგო სოლოგუბმა ბიძაჩემს, რითაც აგრძნობინა, რომ დროა, საქმეზე გადავიდეთო.

– თქვენც გმადლობთ, სტეპან სემიონოვიჩ, ახლა კი საქმეზე გადავიდეთ, – უთხრა ჯამბულმა სოლოგუბს, შემდეგ კეისი გახსნა, რომელშიც ასდოლარიანი დასტებით ერთი მილიონი ელაგა, გენერალს დაუდო წინ და დაამატა, – აქ, ბატონო გენერალო, ერთი მილიონი დოლარია და ეს ფული სულ თქვენია.

ფულით სავსე კეისის დანახვაზე გენერალ სოლოგუბს თვალები გაუფართოვდა, მაგრამ მღელვარება დაიოკა და რაც შეეძლო მშვიდად ჰკითხა სტუმარს:

– კი მაგრამ, მილიონს რისთვის მჩუქნით?

– იმისთვის, რომ ჩემთან იმეგობროთ და ჩემს დევნას დაანებოთ თავი, – მშვიდად, ღიმილით მიუგო სოლოგუბს ბიძაჩემმა.

– თქვენს დევნას? არაფერი მესმის.

– ეს არცაა გასაკვირი, რადგან გრიმითა და პარიკით გეახელით.

– გრიმითა და პარიკით?

– დიახ, ბატონო გენერალო, მე ხომ ჯამბულ ონიანი ვარ, რომელსაც მთელი „მური” ეძებს და, შეიძლება, არა მარტო „მური”, – თავმომწონედ მიუგო ბიძაჩემმა გენერალ სოლოგუბს.

ბიძაჩემის სიტყვებმა „მურის” უფროსი თავდაპირველად ააღელვა და სახე წამოუჭარხლდა, მაგრამ, კეისში მოთავსებულ მილიონს რომ დახედა, დამშვიდდა და ნორმალური ფერი დაუბრუნდა. შემდეგ წამოდგა და კაბინეტში გაიარ-გამოიარა, ბოლოს კეისთან მივიდა, დაკეტა, სეიფში შეინახა და ბიძაჩემს უთხრა:

– წესით, ახლა მე თქვენ უნდა გაპატიმრებდეთ, ამ ფულს კი ხელმძღვანელობას ვაბარებდე, მაგრამ, ვინ დაგიფასებს? მით უმეტეს, რომ რაღაც ძალიან უცნაურ დროში ვცხოვრობთ და, ჩემი აზრით, გაურკვეველი მომავალი გველოდება. ამიტომ, ვფიქრობ, ჯობია ეს მილიონი ავიღო.

– უდავოდ ჭკვიანი კაცი ბრძანებულხართ – შეაქო სოლოგუბი ჯამბულ ბიძიამ, მაგრამ მას გენერალმა ხელით ანიშნა გაჩერდიო და მიუგო:

– თუმცა, უნდა გითხრათ, რომ მინისტრის მოადგილესა და მე იმ წვრილთვალებამ გვითხრა, თუკი თაღლითს, ანუ თქვენ, იპოვით, ოცდახუთი მილიონი თქვენი იყოს, მე კი მასთან პირისპირ შემახვედრეთო. ოცდახუთი მილიონი კი ერთ მილიონზე ოცდახუთჯერ მეტია და ამ თანხის მეხუთედიც რომ შემხვედროდა, თქვენ მიერ შემოთავაზებულ ფულზე ხუთჯერ მეტი მექნებოდა.

– და თქვენ ფიქრობთ, რომ ჩემი დაჭერისთვის ხუთ მილიონს მოგცემდნენ?

– ხუთის კი არა, ერთის იმედიც რომ მქონოდა, უყოყმანოდ დაგაპატიმრებდით, მაგრამ, შეიძლება, კაპიკიც კი ვერ მივიღო და ამ ნაბიჯს ამიტომ ვდგამ.

– ჰოდა, აგაშენოთ ღმერთმა! – უთხრა ბიძაჩემმა სოლოგუბს და ხელი გაუწოდა, – აი, ჩემი ხელი, დღეიდან მეგობრობას გთავაზობთ და იმავეს ველოდები თქვენგანაც.

სოლოგუბმა ბიძაჩემს ხელი ჩამოართვა და ასე დაძმაკაცდნენ „მურის” უფროსი, მილიციის გენერალი და ცნობილი ქართველი თაღლითი, რომელმაც იაპონელი მილიარდერი 25 მილიონ დოლარში გადააგდო. ერთი სიტყვით, ბიძაჩემს სოლოგუბი მფარველობდა და, მიუხედავად იმისა, რომ მასზე ძებნა იყო გამოცხადებული და მილიცია თავს არ ზოგავდა, ჯამბულ ბიძია ყოველთვის მოხერხებულად უსხლტებოდა მათ ხელიდან „მურის” უფროსის მეშვეობით. შემდეგ საბჭოთა კავშირი დაიშალა და ბიძაჩემზე ძებნა შეწყდა, რაც ასევე სოლოგუბის დამსახურება იყო. შვიდწლიანი მალვის შემდეგ კი ჯამბულ ბიძიამ კვლავ ლეგალური ცხოვრება დაიწყო, „ახეული” ფულით ქონება შეიძინა, „გაიპრავა” და ელიტაში გაერია. მას იმდენი კარგი საქმე ჰქონდა გაკეთებული და ნაცნობთა ისეთი ფართო წრე ჰყავდა, რომ არც ქურდები აწუხებდნენ, არც „ძაღლები“ და ეკლესიაც კეთილგანწყობილი იყო მის მიმართ. ყველა კარგ კაცს ეხმარება, ნათესაობაზე გადამკვდარია და ახლა აქ იმიტომ იმყოფება, რომ მე მიშველოს. შვილივით ვუყვარვარ, ჩვენს ჯიშში ერთადერთი ვაჟი ვარ და ონიანების გვარის გამგრძელებლად მივაჩნივარ, – დაასრულა თხრობა ჯაბამ, საათს გახედა და თქვა: – შუაღამეა, დავიძინოთ.

– ძილი ნებისა, – უთხრა შორენამ ჯაბას, ოთახიდან გავიდა და კარი გამოიხურა, ჯაბა კი ლოგინში ჩაწვა და თვალები დახუჭა.

შორენამ ჯაბაზე ადრე გაიღვიძა და საუზმის მომზადებას შეუდგა, თან ვიტალის შეუთანხმდა, რომელმაც მობილურზე დაურეკა, რომ ზუსტად საღამოს 5 საათზე აეროპორტში, მოსკოვში გაფრენამდე ერთი საათით ადრე შეხვდებოდა მას.

საუზმე რომ მოამზადა, შორენამ შხაპი მიიღო. სააბაზანოდან რომ გამოვიდა, 9 საათი იყო. გოგონამ ტელევიზორი ჩართო და სამზარეულოსკენ გაემართა, რომ ყავა მოემზადებინა, მაგრამ ჯერ ერთ ადგილზე გაშეშდა, შემდეგ გიჟივით მოსწყდა ადგილს, ტელევიზორისკენ გავარდა, მისგან ორიოდე მეტრში გაქვავდა და დილის ახალი ამბების წამყვანს გაოგნებულმა მოუსმინა, რომელმაც თქვა: „წუხელ, ღამის პირველ საათზე, საცხოვრებელი სახლის სადარბაზოსთან მძიმედ დაჭრეს კრიმინალურ სამყაროში საკმაოდ კარგად ცნობილი და ავტორიტეტული პიროვნება ჯამბულ ონიანი. ორმა, ჯერჯერობით დაუდგენელმა პირმა ონიანს იმ დროს ესროლა მაყუჩიანი იარაღიდან, როდესაც ის სადარბაზოში შედიოდა. ონიანს ექვსი ტყვია აქვს მოხვედრილი, მათ შორის ერთი – თავში. ამ შემთხვევას რამდენიმე თვითმხილველი ჰყავს, რომლებიც მოპირდაპირე მხარეზე მდებარე სადღეღამისო აფთიაქში იმყოფებოდნენ. ონიანზე თავდასხმა, სავარაუდოდ, ბანკის ვიდეოკამერებმაც დააფიქსირეს და, ჩვენთვის ცნობილი ინფორმაციის თანახმად, სამართალდამცავი ორგანოები ამ ჩანაწერის გაშიფვრაზე მუშაობენ. დაჭრილ ონიანს პირველადი დახმარება აფთიაქის თანამშრომლებმა აღმოუჩინეს და მათვე გამოიძახეს სასწრაფო დახმარება და პოლიცია. ჯამბულ ონიანს ღუდუშაურის სახელობის კლინიკაში გუშინვე გაუკეთეს გადაუდებელი ოპერაცია, რომელიც ხუთი საათის განმავლობაში გრძელდებოდა. როგორც ექიმები აცხადებენ, მისი მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა. ამჟამად, ნაოპერაციები ონიანი ექიმების ყურადღებისა და პოლიციის გაძლიერებული დაცვის ქვეშ იმყოფება რეანიმაციული განყოფილების პალატაში. მომხდართან დაკავშირებით ძალოვნები კომენტარისგან თავს იკავებენ. ჩვენთვის კი ცნობილი გახდა, რომ ჯამბულ ონიანი თბილისში სპეციალურად იმისთვის იყო მოსკოვიდან ჩამოსული, რომ თავისი ძმისშვილის, ჯაბა ონიანის საქმე მოეგვარებინა, რომელიც ნარკოტიკების დიდი რაოდენობით შენახვისთვის ძიებაში იმყოფებოდა. მასვე ედებოდა ბრალად ბაქოელი ბიზნესმენისთვის 200 ათასი ევროს გამოძალვა. ჯაბა ონიანი ამ ორი დღის წინ ფსიქიატრიული კლინიკიდან გაიქცა, სადაც ის სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის გასავლელად იყო მოთავსებული. ჩვენი ჟურნალისტები ინტენსიურად მუშაობენ ამ კრიმინალურ ისტორიაზე და ახალ დეტალებს ამ საქმესთან დაკავშირებით ჩვენს უახლოეს გამოშვებებში შეგატყობინებთ”.

ამ საზარელმა ინფორმაციამ თავზარი დასცა შორენას და სავარძლის ზურგს ჩაავლო ხელი, რომ ფეხი არ მოკვეთოდა და არ წაქცეულიყო. პირველი, რაც მან გაიფიქრა, ის იყო, რომ მოსკოვში გამგზავრება გაურკვეველი დროით გადაიდო, რადგან ახლა ჯაბას მარტო დატოვება არ შეიძლებოდა. ამიტომ შორენა სამზარეულოში დაბრუნდა, ვიტალის ნომერი აკრიფა და მორიდებით უთხრა:

– ვიტალი ბაბუა, მოსკოვში გამგზავრება გადაიდო.

– რატომ შვილო, მოხდა რამე?

– ჰო, მაგრამ ტელეფონით ამაზე ლაპარაკი არ მინდა.

– ახლავე შენთან გამოვალ.

– ახლა არა, ვიტალი ბაბუა, გავდივარ.

– გადიხარ?

– ჰო, მაგრამ, არ ინერვიულო და როგორც კი დავბრუნდები, მაშინვე დაგიკავშირდებით და გინახულებთ.

– შორს მიდიხარ შვილო?

– ისე რა.

– დიდი ხნით?

– ჯერ არ ვიცი, ვიტალი ბაბუა, – მიუგო შორენამ ვიტალის და ჯაბას მოჰკრა თვალი, რომელიც საძინებლიდან გამოდიოდა, ამიტომ ხმას დაუწია, – ბოდიში, ვიტალი ბაბუა, უნდა წავიდე. როგორც კი ჩამოვალ, შეგეხმიანები, ნახვამდის.

– იცოდე, ფრთხილად იყავი, ნახვამდის, – მიუგო შორენას ვიტალიმ, შემდეგ ტელეფონი გათიშა და კახას დაურეკა.

შორენამ ტელეფონი დაკეცა და ჯაბას შესახვედრად გაემართა ღიმილით, რომელმაც გოგონას ჰკითხა:

– ასე ადრე ვის ელაპარაკებოდი?

– ვიტალის.

– ვიტალი ვინაა?

– ვისთან ერთადაც მოსკოვში მივფრინავ.

– აა, იმ ბაბუას? – გაეცინა ჯაბას, – ბაბუასთან ერთად არ მიფრინავ მოსკოვში?

– უფრო სწორად, მგზავრობა გადაიდო – თქვა შორენამ და ჯაბას სევდიანი მზერა მიაპყრო.

– გადაიდო?

– ჰო, გადაიდო, აღარ მივფრინავ.

შორენას სიტყვებმა ნამძინარევი ჯაბა საბოლოოდ გამოაფხიზლა:

– რატომ, რა მოხდა?

– ვითარება შეიცვალა, – მიუგო შორენამ ჯაბას, რომელმაც გადაწყვიტა, ნელ-ნელა შეეპარებინა ახალი ამბავი.

– რა ვითარება, რა ქარაგმებით მელაპარაკები, გამაგებინე რა ხდება?

– დაჯექი და გეტყვი, – უთხრა შორენამ ჯაბას და სავარძელზე მიუთითა, ხოლო ყმაწვილი რომ დაჯდა და თავადაც სავარძელში ჩაეშვა, უკვე თქმას აპირებდა, როდესაც დილის პროგრამის წამყვანმა გამოაცხადა: „წუხელ მომხდარ თავდასხმასთან დაკავშირებით ჩვენთვის ახალი დეტალები გახდა ცნობილი. კერძოდ, ის, რომ შემთხვევის ადგილიდან თავდამსხმელები მოტოციკლით მიიმალნენ და რომ მათ გამოიყენეს „გლოკის” სისტემის პისტოლეტი, რაზეც მიანიშნებს შემთხვევის ადგილზე ნაპოვნი ჰილზები. ღუდუშაურის კლინიკიდან კი შეგვატყობინეს, რომ ჯამბულ ონიანი კლინიკური სიკვდილის მდგომარეობაში იმყოფებოდა და ექიმმ-რეანიმატოლოგებმა ძლივს მოახერხეს მისი გადარჩენა, თუმცა, მათივე განცხადებით, პაციენტის მდგომარეობა კვლავ კრიტიკულია”.

ტელეწამყვანის განცხადებას სავარძელში მოკალათებული ჯაბა ინტერესით, მშვიდად ისმენდა. როდესაც ბიძამისის სახელი მოესმა, ჯაბამ ჩაილაპარაკა: – „ვინ ჯამბულ ონიანი?” – შემდეგ შორენას შეხედა და მისი გაფითრებული სახე რომ დაინახა, თავადაც გაფითრდა, სავარძლიდან წამოიჭრა, საფეთქლებზე ხელისგულები შემოირტყა და წამოიძახა:

– ღმერთო! ჯამბულ ბიძიას ესროლეს და კრიტიკულ მდგომარეობაში ბიძაჩემია? ნუთუ ეს სიმართლეა?

– დამშვიდდი ჯაბა, სამწუხაროდ, ეს მართალია – წუხელ შენი სახლის სადარბაზოსთან ბიძაშენს ესროლეს, – უთხრა შორენამ ჯაბას და სავარძლიდან წამოდგა, რომ ჯაბა ენუგეშებინა, მაგრამ ჯაბა აქეთ-იქით დარბოდა და ხმამაღლა იმეორებდა:

– ღმერთო, ღმერთო, რატომ, რისთვის, ვის რა დაუშავა საცოდავმა ბიძაჩემმა, რომ ასე გაიმეტეს“?

ჯაბამ ერთხანს ასე ირბინა ოთახში, შემდეგ შედგა და შორენას უთხრა:

– უნდა წავიდე.

– სად?

– ბიძაჩემთან, ღუდუშაურის კლინიკაში.

ასე არ თქვეს ტელევიზორში, იქ წევსო?

– გაგიჟდი? როგორც კი გარეთ გახვალ, ეგრევე დაგიჭერენ. ხუმრობა ხომ არაა, „სოდი” გეძებს! შენი გარეთ გასვლა არანაირად არ შეიძლება.

– გრიმი რომ გავიკეთო?

– ჯერ ერთი, ისეთ გრიმს სად გაიკეთებ, რომ ვერ გიცნონ და, რომც გაიკეთო, მაინც დაგიჭერენ. ბიძაშენი რეანიმაციაში წევს, მას პოლიცია სდარაჯობს და, სანახავად რომ მიხვალ, რას ეტყვი, ვინ ვარო? მასთან ექიმების მეტს არავის უშვებენ, იქ რომ ფეხი მიადგა, აუცილებლად დაგიჭერენ.

– არა, უნდა წავიდე, – მკვეთრად მოუჭრა შორენას ჯაბამ და სააბაზანოსკენ გაემართა, რომ თავი მოეწესრიგებინა, მაგრამ ის შორენამ გააჩერა:

– ნუ ჩქარობ ჯაბა, შენ რომ იქ მიხვიდე, აუცილებლად დაგიჭერენ და ყველაფერს წყალში ჩაყრი.

– რა ყველაფერს? – მკვეთრად, გაღიზიანებული ტონით მიუგო ჯაბამ შორენას, რომელიც ემოციების ტყვეობაში იმყოფებოდა, იმპულსურად მოქმედებდა და თავის საქციელს გონებას არ ატანდა, – რა ყველაფერს? ბიძაჩემი სიკვდილის პირასაა და საავადმყოფოში წევს, მე კი აქ კუანა კურდღელივით ვიმალები. რა ყველაფერს ჩავყრი წყალში! მეტი რა წყალში ჩაყრა გინდა, როცა ბიძა მიკვდება?

– ჯერ ერთი, ცოცხალ კაცს ნუ დასტირი – მტკიცედ უთხრა შორენამ ჯაბას, – წყალში კი იმ ყველაფერს ჩაყრი, რაც ბიძაშენმა გაგიკეთა. მთელ მის ამაგს ჩაყრი წყალში, შენ რომ დაგიჭირონ, გესმის შენ ეს?

– არა, მომაკვდავი ბიძაჩემი უნდა ვნახო, – ჯიუტად, ისტერიკული ტონით გაიმეორა ჯაბამ და სააბაზანოსკენ გასწია, მაგრამ ის კვლავ შორენამ გააჩერა:

– კარგი, ბატონო, წადი ბიძაშენის სანახავად, მაგრამ, ერთი წუთით მოიცადე, ბოლომდე მომისმინე და მერე წადი, აქ ხომ არავინ გაბამს?

– გისმენ, – უთხრა გოგონას კოპებშეკრულმა ჯაბამ.

– წამოდი, სავარძლებში ჩავსხდეთ და ისე ვილაპარაკოთ, – მშვიდად შესთავაზა შორენამ ჯაბას.

– არა, აქ მითხარი, – ჯიუტად გაიმეორა ჯაბამ, მაგრამ შორენამ მას ხელკავი გამოსდო, სავარძლებისკენ წაიყვანა. ერთში ის დასვა, მეორეში თვითონ ჩაჯდა და უთხრა:

– მოდი, ყველაფერი მშვიდად, ყოველგვარი ემოციების გარეშე გავაანალიზოთ და გადაწყვეტილება ამის მერე მიიღე. სულ ოცი-ოცდაათი წუთი დაგვჭირდება და ეს დრო ამ შემთხვევაში ბევრს არაფერს წყვეტს.

– გისმენ, დაიწყე, – ლაპარაკის ნება მისცა შორენას ჯერ კიდევ კოპებშეკრულმა ჯაბამ, რომელიც გუნებაში ფიქრობდა, რომ ბიძამისის სანახავად მაინც წავიდოდა და რომ შორენა ტყუილად კარგავდა დროს.

– ბიძაშენი მოსკოვიდან შენ გამო, შენი საქმის მოსაგვარებლად ჩამოვიდა და ის კი აქ მძიმედ დაჭრეს. ამიტომ, გამოდის, რომ მისი ასეთი მდგომარეობა გარკვეულწილად შენი ბრალია. მეთანხმები?

– გარკვეულწილად კი არა, მთლიანად ჩემი ბრალია, – ნერვიულად თქვა ჯაბამ და თავში შემოირტყა ხელები.

– შენი ბრალი თუა, ესე იგი, შენვე უნდა გაარკვიო ყველაფერი და, თუკი ამას საჭიროდ ჩათვლი, დამნაშავეებს საკადრისი მიუზღა, ასე არაა?

– საჭიროდ ჩავთვლი კი არა, ვინც ეს საშინელება მოაწყო და შეასრულა, ცოცხლად დავწვავ.

– ესე იგი, მეთანხმები, რომ, ასე ვთქვათ, აბაროტი უნდა აიღო?!

– კი.

– კარგი ბატონო, – ჩაილაპარაკა შორენამ და განაგრძო: – თუ დაგიჭირეს, ჯერ როგორ გაიგებ, რა მოხდა და, რომც გაიგო, აბაროტს როგორღა აუღებ ციხიდან? ოღონდ, არ მითხრა, რომ თუ ღუდუშაურის კლინიკაში მიხვალ ბიძაშენის სანახავად, „სოდი” ვერ დაგიჭერს. დაგიჭერენ კიდეც და ისე გამოგამწყვდევენ, მზის სხივი მოგენატრება. ამიტომ, ჩემო კარგო, შენი სიტყვებიდან ორი აზრი გამომაქვს: ერთი ის, რომ ემოციებს აჰყევი, რადგან ბიძაშენის ამბავმა თავზარი დაგცა, რაც სავსებით ბუნებრივია და ყველას შეიძლება დაემართოს, მაგრამ, დაფიქრების შემდეგ სწორ გადაწყვეტილებას მიიღებ. მეორე კი ისაა, რომ, იმდენად გეშინია ამ ყველაფრის და არ გინდა, ბიძაშენთან დაკავშირებული სიმართლე გაარკვიო, რათა შარში არ გაეხვე, რომ პატიმრობაზე ხარ თანახმა და „სოდს” შეგნებულად აჭერინებ თავს ყველაფერ ამის ასაცილებლად.

– რაო, რა თქვი? – ჰკითხა შორენას ჯაბამ, რომელიც გოგონასგან ასეთ სიტყვებს არ ელოდა და ისიც კი იფიქრა, ხომ არ მომესმაო.

– რა და, უბრალოდ, შეგეშინდა, – მშვიდად თქვა შორენამ, – თუმცა, შიშიც ბუნებრივი გრძნობაა და არ გამტყუნებ.

– არ მამტყუნებ? – გაიმეორა ჯაბამ, რომელშიც შორენას სიტყვებმა თავმოყვარეობა და გონება ერთდროულად გააღვიძა.

– სულაც არა.

– ეს შიში კი არა, ლაჩრობაა და არ მამტყუნებ?

– ყველა იმდენს ზიდავს, რამდენიც შეუძლია, – მოკლედ მოუჭრა ჯაბას შორენამ.

– როგორ უნდა გავიგო შენი სიტყვები?

– ეგ შენი საქმეა, როგორ გაიგებ, მე კი შედეგის მიხედვით შევაფასებ შენს საქციელს – ვნახოთ, რა ძმისშვილი ხარ, – მშვიდად, ირონიით უთხრა შორენამ ჯაბას, რომელიც ხედავდა, რომ დასახულ მიზანს აღწევდა და ბიჭის ნორმალურ კალაპოტში დაბრუნებას ახერხებდა.

– ესე იგი, შენ მე ლაჩრად, ყოვლად ნაძირალა პიროვნებად მთვლი, რომელსაც საკუთარი თავის გარდა სხვა არავინ აღელვებს და ისეთი არარაობაა, რომ საყვარელ ბიძასაც კი ფეხებზე დაიკიდებს? – უთხრა შორენას ჯაბამ, რომელიც უკიდურესად შეურაცხყო გოგონას ხაზგასმულმა სიტყვებმა – „ვნახოთ, რა ძმისშვილი ხარო”.

შორენას გუნებაში გაეცინა, რადგან მიხვდა, რომ „ათიანში“ გაარტყა და სულ მალე მიზანსაც მიაღწევდა, ამიტომ ჯაბას მიუგო:

– მე არ მითქვამს, რომ ეგოისტი და ნაძირალა ხარ. უბრალოდ, შენი საქციელის ანალიზი გავაკეთე, ხოლო დასკვნას, შედეგის შემდეგ გავაკეთებ და შედეგს კი, შენი მოქმედება მოიტანს. მე მეტს აღარაფერს გეტყვი. საინტერესოა, რას აპირებ, რას იზამ და რა გამოგივა.

შორენას სიტყვებმა ჯაბა ჩააფიქრა. ამასობაში 10 საათი შესრულდა და ტელევიზორში მორიგი საინფორმაციო გამოშვება დაიწყო, რომელშიც ჯამბულ ონიანზე თავდასხმის ამბავი გაიმეორეს.

გაგრძელება შემდეგ ნომერში


скачать dle 11.3