კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ღამის საჩუქარი

ლაშამ იგრძნო, როგორ დაურბინეს მთელ სხეულში ჭიანჭველებმა და მუხლები მოუდუნდა. ახლა მიხვდა, რას ელოდებოდა მთელი ამ ხნის განმავლობაში, რისი წინათგრძნობა ჰქონდა და რატომ ვერ მშვიდდებოდა.

– ბოდიში, მაგრამ კარგად ვერ გავიგე, თქვენ საერთოდ ვინ ხართ? – სცადა, პროტესტი ომახიანი ტონით გამოეთქვა, მაგრამ მისმა მცდელობამ სასურველი შედეგი ვერ გამოიღო. ორივე უცნობი შეუვალი და მკაცრი სახით იდგა. რომც არაფერი ეთქვათ, მათი სახის გამომეტყველებით მიხვდებოდი, უსიტყვოდ დამორჩილებას რომ მოითხოვდნენ.

– იქნებ, ამიხსნათ რა ხდება? – კიდევ ერთხელ მოსინჯა ბედი.

– აუცილებლად აგიხსნით, მაგრამ აქ არა. აქ ამისთვის შესაფერისი ადგილი არ არის. უნდა გამოგვყვეთ, – მშვიდად განუმარტა მაღალმა.

– რომ არ გამოგყვეთ? – ლაშა ხავსს მოებღაუჭა.

– არ გირჩევთ... აზრი არ ექნება წინააღმდეგობის გაწევას, დამიჯერეთ. ნუ გვაიძულებთ, ჩვენი უფლებები გამოვიყენოთ. ახლა თქვენს მეგობარს დაველოდებით. აი, უკვე გვიახლოვდება კიდეც, ერთი სიტყვით, მგონი, მიხვდით, – ლაშა გაფითრდა და მანქანის ღია კარს მოებღაუჭა.

– არა, – თქვა მან. – არა, მე ვერ გავიგე, ვინ ხართ და რა გინდათ.

– კარგი, – მაღალმა ქურთუკის შიდა ჯიბეში ხელი ჩაიყო და მოგრძო წიგნაკი ამოიღო, – აი, ნახეთ.

ლაშას არც უფიქრია წიგნაკის გამორთმევა. მაღალმა გაშალა და ახლოს მიუტანა სახესთან.

– დარწმუნდით? ძალიან კარგი. ახლა უფრო ადვილი იქნება თქვენთან საუბარი.

– რატომ ხართ ასე დარწმუნებული? მე არაფერი დამიშავებია.

– ძალიან კარგი, მაგრამ, ჩვენც რომ დავრწმუნდეთ ამაში, უნდა დაგელაპარაკოთ.

– საწინააღმდეგო არაფერი მაქვს, – ლაშამ ღრმად ჩაისუნთქა ჰაერი და იქით გაიხედა, საიდანაც ვახო უახლოვდებოდა.

– თქვენი მეგობრის იმედი გაქვთ? თუმცა, ერთში გეთანხმებით: ცუდი არ იქნება, თუ ორივე ერთად მიხვდებით, როგორი სერიოზული სიტუაცია გაქვთ. ნამდვილად არ ვისურვებდი თქვენს ადგილას ყოფნას. ფული, ალბათ, თან გაქვთ, ხომ ასეა?

ლაშა სულ გათეთრდა.

– ამ ორ ხაჭაპურში და ორ ბოთლ კოკა-კოლაში ათი ლარი გამომართვეს. რა ხდება, ტო?! – ვახოს ყურადღება არ მიუქცევია ლაშას გაფითრებული სახისთვის და არც უცნობების ვინაობით დაინტერესებულა, თავისი აღშფოთების ბოლომდე გამოთქმა უნდოდა.

– ეს რა ქვეყანაა, ტო, აზრზე ხარ? ხვდებიან, რომ სხვა გამოსავალი არ გაქვს და გულაობენ. კიდევ კარგი, რომ ვითესები აქედან. ჰა, რას დგახარ გაშტერებული და მიყურებ. ჩვენი რიგი არ მოვიდა? დროზე, შეჭამე და დავახვიოთ.

მაღალმა გაიცინა და ვახომაც მხოლოდ ახლა აღმოაჩინა, „უცხოების საზოგადოება.”

– მგზავრები აიყვანე, ტო? ესენი ვინ არიან? ლაშა, რა ხდება? ესენი ვინ არიან-მეთქი?!

– თქვენც რომ ჩვენთან ერთად წამოხვალთ, ყველაფერს აგიხსნით.

– ტო, თქვენთან ერთად, ტო... – ვახო სულ დაიბნა, ვერაფერი გავიგე. თქვენი გამომცხვარი ხომ არ არის ეს ხაჭაპური? უკან მიმაქვს ჩემი სიტყვები, უსაფუძვლო პრეტენზია გამოვთქვი. ძალიან მაგარი „ვეშჩია” და უფრო ძვირი უნდა ღირდეს. კარგად ბრძანდებოდეთ. ლაშა, შენც მოუხადე ბოდიში, თორემ ესენი რაღაც ძალიან გაბრაზებულები ჩანან.

– მორჩი, რა. – ძლივს ამოილუღლუღა ლაშამ და შუბლზე ხელი მოისვა, – ცუდად არის საქმე.

ვახო გაშრა. თვალები მოჭუტა და დაკვირვებით შეათვალიერა ორივე უცნობი.

– ეე, აქ მართლა ვერ უნდა იყოს საქმე კარგად. რამე გავაფუჭეთ, ტო? პასპორტები წესრიგში გვაქვს.

– თქვენს მეგობარს უკვე ავუხსენით, რომ თქვენი მოგზაურობა დასრულდა. თუმცა, უფრო ზუსტები რომ ვიყოთ, ამ მიმართულებით დასრულდა. დანარჩენზე სხვაგან დაგელაპარაკებით. ჰო, ფულთან დაკავშირებით, მგონი არ შევმცდარვარ, – მაღალმა მანქანის სალონში ჩაიხედა და უკანა სავარძელზე მიანიშნა, – აჰა, ნივთმტკიცებაც სახეზეა.

ვახო ჯერ გაფითრდა, მერე გაფითრება სიწითლით შეეცვალა და დაიყვირა:

– კუდი გამოგვაყოლეს, ტო? ნაბიჭვრები! თუ რამე უნდოდათ, იქ არ ვიყავით?! მაგრამ, საკუთარ ტერიტორიაზე სკანდალის ატეხვას მოერიდნენ. ლაშა, არ დანებდე. ამათ როგორ ვერ მოვერევით. – ვახომ ხაჭაპურიან-კოკა-კოლიანი ცელოფანი მოისროლა და საბრძოლო პოზა მიიღო, თან ლაშას ამხნევებდა: – მიდი, ნუ გეშინია! ამ ახმახს საკუთარ თავზე ვიღებ, არც ასეა საქმე. არ დავნებდეთ! ამათ როგორ უნდა გავატანოთ ჩვენი ფული, ტო! მიდი, ლაშა, ვუჩვენოთ, რა შეგვიძლია!

ლაშა იდგა მანქანის გამოღებულ კარზე მიყრდნობილი და ხელებჩამოშვებული და ერთადერთი, რაზეც იმ წუთას ფიქრობდა, ციხე იყო. არაფრის ისე არ ეშინოდა, როგორც ოთხ კედელშუა ნადირივით გამომწყვდევის. ბუნებრივია, წინააღმდეგობის გაწევა აზრადაც არ მოსვლია.

არ ვიცი, ვინ თქვა ეს პირველად, მაგრამ, აბსოლუტურად ვეთანხმები მას და ძალიანაც მომწონს. „სიტყვები არსებობს იმისთვის, რომ ადამიანმა თავისი ჭეშმარიტი ზრახვები დამალოსო.” ხომ მაგარია?! უბრალოდ, ზოგს ძალიან ოსტატურად გამოსდის ეს, ზოგი კი უნიჭოა. რას იზამ, უნიჭობასთან ბრძოლა ისეთივე უაზრობაა, როგორც იმის მტკიცება, რომ ადამიანები ყოველთვის სიმართლეს ლაპარაკობენ. ასე რომ იყოს, ან არცთუ სახარბიელო რეალობის წინაშე აღმოვჩნდებოდით, ან ერთმანეთს დავხოცავდით და ეს, პრაქტიკულად, ფაქტია... მოკლედ, არ გავაგრძელებ. ისედაც ძალიან კარგად იცით, როგორ არ უყვართ და არ უნდათ ადამიანებს სიმართლის თქმა.

...ანდრომ ნაძალადევად გაუღიმა ლიკას, დამფრთხალი ჩიტივით რომ აცეცებდა თვალებს და სავარძელზე ანიშნა.

– მიდი, დაჯექი. უცნაური პაემანი გამოგვივიდა. რას ვიზამთ, თვითონ ცხოვრებაა უცნაური. სიმართლე რომ გითხრა, ვერაფრით წარმოვიდგენდი, ჩემი ჭკუიდან გადამყვანი შენი ქმარი თუ იქნებოდა. ეს ჩემთვისაც შოკი იყო. ალბათ, ბევრი რამის ახსნა მომიწევს შენთვის, მაგრამ ჯერ ერთ რამეზე უნდა შევთანხმდეთ, აუცილებლად.

– ლიკა, შენ არ ინერვიულო, უბრალოდ, მოუსმინე, კარგი? – საუბარში ჩაერია სოფოც, – ჩვენ უკვე ვილაპარაკეთ და...

ლიკამ უკმაყოფილოდ გაუქნია ხელი.

– ულტიმატუმებს არ მივიღებ, აქ ამისთვის არ მოვსულვარ. ჩემი ქმრის შესახებ სიმართლე მაინტერესებს. ყველაფერი უნდა მითხრათ, რაც იცით.

– ჰმ, სწორედ ეს არის ულტიმატუმი და შენგან ამას ნამდვილად არ ვიმსახურებ. დაზარალებული ხომ მე ვარ!

– დაზარალებული?! – ლიკამ ირონიულად დაბრიცა ტუჩები. სოფოს გადახედა და გაიმეორა – დაზარალებული? რანაირად?

– გეტყვი, რანაირად, მაგრამ, ჯერ უნდა შევთანხმდეთ, რომ ერთმანეთს არ მოვატყუებთ. პრინციპში, ეს არავის არაფერში გვჭირდება – არც შენ, არც მე და არც შენს ქმარს, რომელზეც, როგორც გატყობ, ბევრი არაფერი იცი.

– ჰო, ალბათ ასეა, მაგრამ ისეთ ვერსიას ნუ მომიყვები, რომლისაც თავად არ გჯერა.

ანდრო შეიჭმუხნა:

– თუ ასეთი პოზიცია გექნება ჩემ მიმართ, მაშინ არც ჩვენს საუბარს აქვს აზრი. ასე არ შეიძლება. ბევრ რამეში კიდევ ვერ გავერკვიე, მაგრამ ერთის თქმა ნამდვილად შემიძლია: შენი საყვარელი და განუმეორებელი მეუღლე ან პროფესიონალი თაღლითია, ან ძალიან მაგარ შარშია და, თუ დროზე არ გამოუჩნდა პატრონი, აუცილებლად დაიღუპება. ამას იმიტომ გეუბნები, რომ, როგორ უცნაურადაც უნდა მოგეჩვენოს, შენ მიმართ რაღაც გრძნობა მაქვს. რა თქმა უნდა, ეს არ არის სიყვარული, მაგრამ ჩვენ ხომ აქ ახლობელი ადამიანები შევიკრიბეთ. ჰოდა, შენც ჩემი ახლობლების რიცხვში ხარ.

– რას მეუბნები! ეს ალბათ დიდი პატივია.

ანდრო სოფოსკენ შებრუნდა:

– არა, ასე არაფერი გამოვა. შენ ხომ ხვდები, რომ ასე ლაპარაკი არ შემიძლია. თანაც, ხომ მითხარი, უკვე ველაპარაკეო და ვიფიქრე, ცოტათი მაინც შეამზადე ამ საუბრისთვის.

სოფომ მხოლოდ თავი გადააქნია. სამაგიეროდ, ლიკამ გასცა პასუხი მის მაგივრად:

– რისთვის უნდა შევემზადებინე? რა მოხდა ამისთანა? რას გულისხმობ, როცა ამბობ, რომ პროფესიონალი თაღლითია ჩემი ქმარი?

ანდრომ ამოიოხრა:

– სოფო, შენ ამას რა უთხარი?

– ის, რაც რეალურად იყო. ვუთხარი, როგორ შოულობდა მისი ქმარი ფულს. კაზინოში იგებდა, ლიკა!.. რულეტკაში. ახლა ანდროს მოუსმინე.

– მოკლედ, ჩემო მშვენიერო, შენმა ქმარმა რაღაც ისეთი იცის, რომ გაგვფცქვნა. ასეთი რამ შემთხვევით არ ხდება. ამ ბიზნესში გუშინ არ მოვსულვარ, რომ დავიჯერო, უმართლებს-მეთქი. თანაც, ბოლოს ისეთი რაღაც მოხდა, საბოლოოდ დავრწმუნდი – სერიოზული ჯგუფი მოქმედებდა.

ლიკამ სახეზე აიფარა ხელები. ანდრო შეიჭმუხნა:

– ოო, ტირილით ვერაფერს შეცვლი და ვერც ვერაფერს დაამტკიცებ. თუ გინდა, შენს ქმარს დაეხმარო, უნდა დამშვიდდე და დავილაპარაკოთ. თუ გინდა, ნურც დავილაპარაკებთ, მაგრამ, გეუბნები, მაგას აუცილებლად ექნება პრობლემები, თანაც სერიოზული. შენ არაფერი შეგინიშნავს ქმრისთვის?!

ლიკა დაფიქრდა და თავი ჩაღუნა. თავი რომ ასწია, თვალები ცრემლებით ჰქონდა სავსე:

– არც კი ვიცი, რა გიპასუხო.

– ჯერ უნდა დამშვიდდე. მერე დაფიქრდე და გაიხსენო, რა უცნაურობას ატყობდი ქმარს ბოლო დროს. სხვანაირად არ იქცეოდა?

– ბევრ რამეს ვატყობდი და სხვანაირად რომ იქცეოდა, იმიტომაც ვნერვიულობდი და ვეჭვიანობდი, მაგრამ, მე ეს ყველაფერი...

– ქალს დააბრალე, – ანდრომ თავი დაუქნია, – ვიცი. ეჭვი ძალიან ცუდი მრჩეველია, სამწუხაროდ, ძალიან ცუდი მრჩეველი. რომ არ გეეჭვიანა, ახლა ამ მდგომარეობაში არ ვიქნებოდით. არც შენ გექნებოდა პრობლემები და არც მე.

– იქნებ, თქვენ ცდებით და რაღაც გეშლებათ?

– წარმოუდგენელი სიჯიუტეა, ასე არ შეიძლება. გეუბნები, შენსა და შენს ქმარს შორის თუ ვინმე დგას, ეს ფულია, დიდი ფული და მისი შოვნის უტყუარი, თუმცა, ალბათ, კრიმინალური მეთოდი.

– ვერ ვიჯერებ. კარტიც კი არასდროს უთამაშია, კაზინოში ფულის წაგებაზე ხომ ლაპარაკი ზედმეტია.

– საყვარელო, კაზინოში წაგება კი არა, მოგება. შენს ქმარს არაფერი წაუგია, მხოლოდ იგებდა.

– კი, მაგრამ რანაირად?

– მეც სწორედ ეგ მაინტერესებს. თუმცა, პრინციპში, აღარც მაინტერესებს. მეეჭვება, ეგ აქ კიდევ დაბრუნდეს თუ საერთოდაც... – კაცი გაჩუმდა.

– საერთოდაც რა? მოიცა, ამით რისი თქმა გინდა, რომ ლაშას სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება? – წამოენთო ლიკა და შეშლილივით წამოხტა ფეხზე, – უნდა მოვძებნო! როგორმე უნდა ვიპოვო, აუცილებლად!

ანდრომ მოასწრო, აფორიაქებულ, აჟიტირებულ ქალს წინ გადაუდგა და კარის გაღების საშუალება არ მისცა.

– არა, არა, ვერსად გაგიშვებ. მართლა მტერი კი არ ვარ შენი. საერთოდ არ ვაპირებდი შენთან შეხვედრას, სოფომ მთხოვა და უარი ვერ ვუთხარი. თუმცა, ვაღიარებ, რომ მეც განვიცადე, როცა გავიგე, ვისი ცოლი იყავი.

– ანუ მე ვყოფილვარ თავი და თავი, თორემ, შენ ფეხებზე გკიდია ფული, რომელიც დაკარგე.

– ჩემი ბიზნესი წაგებას გულისხმობს. ჩემს შემთხვევაში, ფული ნამდვილად არ არის მნიშვნელოვანი. უფრო შეურაცხყოფილი ვარ და ბოღმა მახრჩობს. თუმცა, მეეჭვება, შენ ეს გაიგო.

– რატომ?

– იმიტომ რომ, ჯერ ერთი დაინტერესებული მხარე ხარ. მეორეც, შეყვარებულ ქალზე საშინელი არაფერია.

– შენ ფიქრობ, რომ მე ჩემი ქმარი მიყვარს? ისევ მიყვარს, ამ ყველაფრის მერე?

– არა, ამას მე კი არ ვფიქრობ. შენ შენი ქმარი მართლა გიყვარს, ყოველთვის გიყვარდა და გეყვარება. არ ვიცი, ეს რა ფენომენია, მაგრამ, საკმარისი გამოცდილება მაქვს საიმისოდ, რომ მივხვდე, რას ფიქრობს ქალი, მით უფრო – შენნაირი ქალი, რომელსაც თამაში არ შეუძლია.

– აბა, რა უნდა ვქნა? ჰო, მიყვარს, მიყვარს და ეს კიდევ უფრო ამძიმებს ჩემს მდგომარეობას. ლაშა მე ცოცხალი მჭირდება.

– მესმის შენი. ძალიან კარგად ვხვდები, როგორი სიტუაციაც გაქვს, მაგრამ მე ვერაფრით დაგეხმარები, თუ რამე ხელჩასაჭიდს არ მომცემ. მერეც ვერაფერს დაგპირდები, მაგრამ, რაღაც შანსი მაინც არსებობს.

– რისი შანსი? – სასოწარკვეთილი ხმით იკითხა ლიკამ.

– რომ ვიპოვით შენს ქმარს, – ამოიოხრა ანდრომ და მოღუშულმა სიგარეტს მოუკიდა.

...ვახო ნერვიულად წრიალებდა მანქანაში და თითებს იმტვრევდა. ლაშა უფრო ცდილობდა სიმშვიდის შენარჩუნებას. თუმცა, ათრთოლებული თითებით ძლივს იმორჩილებდა საჭეს.

– მოდი, მოვუტყდეთ, გესმის? მერე გვდიონ, შენი მანქანა რამდენს გაქაჩავს? ვერ ვაჯობებთ, ვითომ? მე ვფიქრობ, და ღირს. აბა, ასე ცხვრებივით ხომ არ გავყვებით სასაკლაოზე, თანაც ჩვენივე მანქანით?

– ნუ აფრენ და გაჩუმდი. ისედაც თავი მისკდება და შენი სისულელეების მოსმენის განწყობაზე ნამდვილად არ ვარ.

– ჰო, ვიცი. განწყობა არაფერ შუაშია. მართალია, საქმე დასწრებაზეა. გეუბნები, ვერ დაგვეწევიან-მეთქი. ბაკი სავსე გვაქვს.

– ვახო, გეყოფა, ვის გავექცევით, რას ამბობ, თუ დასჭირდათ, მიწიდან ამოგვიღებენ. შენ რა, გგონია, შემთხვევით გაგვეჩითნენ აქ? დარწმუნებული ვარ, დიდი ხანია, გვთირავენ და სპეციალურად საზღვარზე მოგვადგნენ, თავი რომ სამშვიდობოზე გასული გვეგონა, მაშინ. ვერაფერს იტყვი, ამათი ხელწერაა.

– ვისი, ამათი? – ახტა ვახო, – რაღაც მუყაოს ნაჭერი გიჩვენეს და შენც დაიჯერე, რომ „იქიდან” არიან? მე კი, პირიქით, დარწმუნებული ვარ, რომ იმ ნაბიჭვრებმა გამოგვაყოლეს კუდი კაზინოდან. თავიანთი ფულის უკან დაბრუნება უნდათ. ნაძირლები! იცი, რა იქნება? სადმე მიგვაყუდებენ და გაგვასუფთავებენ. შეიძლება, ჩვენი მოკვლაც კი აქვთ გადაწყვეტილი... – ვახომ მოგვიანებით გააცნობიერა თავისი სიტყვები და ტუჩები გაულურჯდა.

– აუუ, მართლა ხომ არ უნდა მოგვკლას ტო. მართლა ეს ხომ არ უნდათ? არა, ტო, არ მინდა სიკვდილი! ან დროზე მიადგი გაზს ფეხი და მოვტყდეთ როგორმე, ან მოკიდე ამ ფულით სავსე ჩანთას ხელი და გადააგდე ფანჯრიდან. აიღებენ და შეგვეშვებიან.

ლაშამ სიმწრით ჩაიცინა:

– სულელი ხარ. თუ ჩვენი მოკვლა აქვთ გადაწყვეტილი, ფულის გადაგდება არ გვიშველის. მაინც დაგვხოცავენ, მაგრამ მკვლელებს არ ჰგვანან.

– შენ რა იცი, შუბლზე ხომ არ ეწერებოდათ მკვლელები ვართო? იმ დაბალს არ შეხედე, როგორ უცნაურად გვიყურებდა?! დედას გეფიცები, მკვლელები მოგვიგზავნეს. ასპროცენტიანია. ვაიმე, ლაშა, ძალიან ცუდ დღეში ვართ. მგონი გვერხევა, ბიჭო!

– გაჩერდი, რა! – გამოსცრა ლაშამ, – ნუ წუწუნებ. მაფიქრე ცოტა!

– რომ იფიქრო და იფიქრო, საინტერესოა, რას მოიფიქრებ. ორივე ფეხით გავებით ისეთ ხაფანგში, რომლიდანაც გამოსვლას ვეღარ შევძლებთ. აუ, რად გვინდოდა ეს ფული, რად გვინდოდა, ჰა? სიკვდილის მეშინია. გააჩერე, გადავალ და გავიქცევი ან, საერთოდაც, გადავხტები მანქანიდან.

– პანიკის გარეშე, გესმის? – ლაშამ ცალი ხელით საჭე ჩაბღუჯა, მეორე ხელი კი გამეტებით შემოჰკრა სახეში, – ახლავე დაწყნარდი! გამოუვალი სიტუაციები არ არსებობს, აუცილებლად მოვიფიქრებთ რაღაცას!

ამბობენ, ადამიანი ყველაზე გააფთრებით მაშინ იწყებს ბრძოლას, როცა რაღაც ყველაზე ძვირფასს კარგავსო... თუმცა, ალბათ, განსხვავება იმაშია, ვისთვის რა არის ძვირფასი. ერთი თუ საკუთარ სიცოცხლეს არის ჩაფრენილ-ჩაბღაუჭებული, მეორეს სწორედ საკუთარი სიცოცხლე არ უღირს არაფრად, მაგრამ სხვისი, დიახ, სხვისი სიცოცხლისთვის თვალის დაუხამხამებლად გადაეშვება უფსკრულში. არა, მსხვერპლშეწირვა არაფერ შუაშია: მთავარი ხომ ის არის, ვის რა ეძვირფასება. ისე, ინსტინქტი ოხერია, გინდა თუ არ გინდა, მაინც აკეთებს თავის გასაკეთებელს – იღვიძებს და მოქმედებას გაიძულებს. ადამიანი ხომ არც ისე დაშორდა ცხოველთა სამყაროს, რომ ინსტინქტები მასზე გავლენას ვერ ახდენდნენ. ჯერაც ვერ ჩამოვყალიბდით სუპერარსებებად. ეტყობა, არც არის ამისი აუცილებლობა, თორემ, აქამდე რაღაც როგორ არ გვეშველებოდა. იქნებ, სწორედ ასეთები ვუყვარვართ ღმერთს, ჩვენს შემოქმედს. ასეთები მოვწონვართ ყველა ჩვენი ნაკლითურთ: უგუნურებითა და ქარაფშუტობით, ზოგჯერ ბოროტებით და წინასწარგანზრახული სიკეთით. ოღონდ, არ მითხრათ, რომ არ იცით, რა არის „წინასწარგანზრახული სიკეთე.” ეს სწორედ ის არის, რაც ყველაზე ძალიან გვიშლის ხელს ღმერთთან მიახლოებაში, მაგრამ, იმედს არ ვკარგავ, რომ ერთხელაც, აუცილებლად მოვეგებით გონს და მერე, სულ სხვანაირი იქნება ცხოვრება. სხვანაირი? მაინც როგორი? – მკითხავთ თქვენ და შემრცხვება იმიტომ, რომ ამ კითხვაზე პასუხი არ მაქვს!

ვახო ისევ აწრიალდა:

– ჰა, რას ვშვრებით, ასე უნდა ვიაროთ ყელზე თოკმობმული ცხვრებივით?

– შენ რას მირჩევ? – გაღიზიანებული ხმით ჰკითხა ლაშამ.

– რა ვიცი, ტო, რაღაც ვქნათ. მოდი, გზიდან გადაუხვიე, მიაწექი და გვდიონ მერე.

– არ გამოვა. გადასცემენ საპატრულო პოლიციას და ათ წუთში მთელი ესკორტი გამოგვყვება.

ვახომ ამოიოხრა:

– არ ყოფილა საშველი.

– საშველი ყოველთვის არის, ნუ კვნესი.

– ვაიმე, გული ცუდს მიგრძნობს! – მკერდზე ხელი დაიდო ვახომ.

– მოკეტე რა, ნუ გააჭირე საქმე. დამაწყდა ნერვები!

– არ შემიძლია. მშვიდად როგორ უნდა ვიყო, როცა ჩემს სიცოცხლეს წუთები აქვს დათვლილი? ლამის ჭკუიდან შევიშალო. თავს მახეში გამომწყვდეული თაგვივით ვგრძნობ, რომელმაც ზუსტად იცის, რომ მოკლავენ. შეხედე, რაღაცას გვანიშნებენ.

ლაშამ შეიგინა და კბილები გააღრჭიალა:

– მანიშნებს, ახლა მე ვივლი წინ და შენ უკან გამომყევიო.

ვახოს ფერი ცოტათი დაუბრუნდა.

– მგონი, გვეშველა. გაუშვი წინ და ჩვენ დავახვიოთ. სანამ ეგენი აზრზე მოვლენ, რომ მოვტყდეთ, სამშვიდობოს ვიქნებით.

– ეს კიდევ არ იშლის თავისას. გეუბნები, მიწიდან ამოგვიღებენ-მეთქი, კანონის ფარგლებში უნდა ვიმოქმედოთ.

ვახომ გაოგნებულმა შეხედა.

– რომელი კანონის, ტოო, ტ...ში რომ გაგიკეთებენ იმ კანონის? არა, შენ, მგონი, გაგიჟდი. ვერ ხვდები, როგორ შარში ვართ? რა კანონებზე ლაპარაკობ, როცა ისე დაგვბრიდავენ, რომ თვალს არ დაახამხამებენ? გეუბნები, ეგრე იქნება!

ლაშამ თავი გადააქნია:

– მაინც ვერაფერს ვიზამთ, მაგრამ, მართლა არ მგონია, რომ ჩვენი დახოცვა უნდოდეთ.

– მე მაინც გადამიშვი მანქანიდან, – კარის სახელურს დაეჯაჯგურა ვახო.

– თუ არ გაჩერდები, ერთ სილას კიდევ მიიღებ! – დაემუქრა ლაშა და წინ მიმავალ მანქანას მიაშტერდა, – მგონი, მთავარი გზიდან აპირებენ გადასვლას – თქვა და ფერი დაკარგა. ვახოს პანიკა დაეწყო:

– ვაიმე, დაგვბრიდავენ! გეუბნებოდი რა, დროზე უნდა გაგვესწრო. ახლა რა უნდა ვქნათ, აქეთ რა არის? – არაფერი. დაღუპულები ვართ. აშკარად სადღაც მიყრუებული ადგილისკენ მივყავართ. ფულს აიღებენ და ისე ჩაგვხოცავენ, თვალის დახამხამებასაც ვერ მოვასწრებთ!

მართლაცდა, რატომ იყო დარწმუნებული, რომ არ მოკლავდნენ, რომ ეს ხალხი, მართლა კაზინოს მეპატრონემ არ გამოაყოლათ უკან?! მერე რა, რომ რაღაც საბუთებიც აჩვენეს. ასეთ საბუთებს კომპიუტერთან ნახევარსაათიანი „ჩალიჩი“ სჭირდება და სხვა არაფერი. იქნებ ვახოსთვის უნდა დაეჯერებინა – მიედგა გაზისთვის ფეხი და გაქცეულიყო? გამოეკიდებოდნენ და ყველაფერი იმით დამთავრდებოდა, რომ პირდაპირ, მანქანიდან გაუხსნიდნენ ცეცხლს?! არც ეს იყო გამორიცხული, მაგრამ, იმაზე ხომ მაინც არ დასწყდებოდა გული, რომ არაფერი გააკეთა, საკუთარი სიცოცხლის გადასარჩენად... ლაშას სიმწრისგან გაეცინა. ჰმ, მკვდარს სინანული არაფერში სჭირდება, არც ფული სჭირდება და, საერთოდაც, მკვდრისთვის ყველაფერი გაცილებით მარტივია – მას აღარაფერი სჭირდება. არც ფული, არც კომფორტი, არც სიყვარული და მოთმინება, არც ადამიანების გაძლება. ერთი სიტყვით, იდეალური მდგომარეობაა, თუ იმას არ ჩავთვლით, რომ მკვდარი ხარ.

...ლიკამ სლუკუნს უმატა:

– როგორი სულელი და უგუნური ვყოფილვარ. რა მინდოდა, რატომ გავირთულე ცხოვრება და ლაშასაც გავურთულე? მე ვაიძულე, ამ ხიფათში გაეყო თავი. ფულზე ისე ხშირად ვჩხუბობდით, რომ სხვა გზა აღარ დავუტოვე. ჩემი ბრალია, რაც მოხდა და, თუ ვინმეს წინაშე დამნაშავე ვარ, ეს ჩემი შვილია. როგორ უნდა ვუთხრა, რომ მამა მოვუკალი?

ანდრომ სოფოსკენ გაიხედა. ის მაშინვე მიხვდა, კაცის აფეთქებას რომ აღარაფერი უკლდა, თავი ოდნავ დაუქნია და ლიკასთან სავარძელზე გადაჯდა:

– მომისმინე! ახლა ტირილის დრო არ არის. ანდრო მართალია, მისთვის უკვე სულერთია, რა დაემართება შენს ქმარს. დაფიქრდი და მიხვდები, რომ შენს დასახმარებლად სერიოზულ რისკზე მიდის. ისედაც საკმარისზე მეტი პრობლემები შეუქმნა ლაშამ და, ახლა რომ ახალ პრობლემას შეიქმნის იმით, რომ შენი ქმრისა და მისი ბანდიტი თანამზრახველების ძებნას დაიწყებს, ესეც ხომ ფაქტია.

ლიკამ ხელისგულებით მოიწმინდა ცრემლები და სოფოს შეუბღვირა:

– ჩემი ქმარი ბანდიტი არ არის. არ მოგცემ უფლებას, რომ მასზე ასე ილაპარაკო!

ანდრომ ხელები გაშალა:

– ჰმ, ტყუილად როდი ამბობენ, რომ ცოლი და ქმარი ყველაზე შეკრული ბანდააო. არა, მე ასე არ შემიძლია. სოფო, გააცილე შენი მეგობარი. ინას ვეტყვი, ტაქსი გამოიძახოს. მე თქვენთან საუბარი დავამთავრე.

ლიკა ერთბაშად გამოაფხიზლა კაცის მკაცრმა ტონმა. შუბლზე მოისვა ხელი და ამოიოხრა.

– მაპატიე, ემოციებს ავყევი. შენ მართალი ხარ, მადლობის მეტი რა მეთქმის, მაგრამ, ჩემს მდგომარეობაშიც ხომ უნდა შეხვიდეთ? შეიძლება, ჩემი ქმარი ახლა ცოცხალიც აღარ არის. – ლიკას ისევ მოეძალა ემოციები და თვალებიც ცრემლით აევსო.

– შენმა ქმარმა იცოდა, ყოველ შემთხვევაში, უნდა სცოდნოდა, რაზე მიდიოდა, – პირქუშად ჩაილაპარაკა ანდრომ, – ახლა უკვე მართლა აღარ ვიცი, რით შეიძლება დაგეხმარო. ფაქტია, რომ ასე მარტივად არაფერი ხდება. მე ვეცადე, მაგრამ მათი თაღლითური სქემა ვერაფრით ვარ გავშიფრე. შენი ქმარი მარტო არ არის, მას ეხმარებიან. ყოველ შემთხვევაში, ეხმარებოდნენ და ზურგსაც უმაგრებდნენ.

– ვინ ეხმარებოდა? რაღაც ხომ უნდა შემემჩნია? მე არავინ მინახავს ჩვენთან მოსული და, ბოლო დროს, ვახოს გარდა, სხვა არავისთან ჰქონია ახლო ურთიერთობა.

– მაგრამ შენ ლოგიკურად არ გიფიქრია და არ გიმსჯელია, რა სჭირდა შენს ქმარს. გადაწყვიტე, საყვარელი ჰყავსო და გამოიქეცი. ამიტომაც, არაფერი იცი მის შესახებ.

ლიკამ ტუჩზე იკბინა:

– მართალი ხარ. არადა, აშკარად ცდილობდა ჩემთვის რაღაცის ახსნას. ახლა მახსენდება, რაღაც დაუჯერებელ შემთხვევაზე მელაპარაკებოდა. მე თვითონაც არ მჯერა, ისეთი რამე დამემართა, მაგრამ, შენ უნდა მენდოო; თუ გიყვარვარ, ბრმად უნდა გამომყვეო; ასეთი სასწაულები, მარტო ზღაპრებში ხდებაო.

ანდრო შეიჭმუხნა:

– ამით მე ვერაფერს გავარკვევ. კარგი, წადი სახლში და შევეცდები, რაღაც ინფორმაციები მოვიპოვო. ჩემი კავშირებით თუ რამეს გავარკვევ, შეგატყობინებთ.

– მე მანამდე რა უნდა ვქნა? – სასოწარკვეთით წარმოთქვა ლიკამ და ტუჩები აუკანკალდა.

– რა ვქნა, მესმის შენი მდგომარეობის სიმძიმე, მაგრამ სხვა ვერაფრით დაგეხმარები. იქნებ, თვითონ შეგეხმიანოს?

ლიკამ თავი გააქნია:

– გამორიცხულია. ეს, რომ ნდომოდა, მობილურის სიმ-ბარათს არ გამომიგზავნიდა. ამით ყველაფერი თქვა.

– ეგ ბევრს არაფერს ნიშნავს, – ანდრომ სოფოს შეხედა, – შენ რას ფიქრობ?

სოფომ მხრები აიჩეჩა:

– რაზე?

– რა შეიძლება მხოლოდ ზღაპარში მოხდეს?

– რა ვიცი, ბევრი რამ, გააჩნია, ვისთვის რა არის დაუჯერებელი. თუმცა, ლაშა არ უნდა იყოს ისეთი ემოციური ადამიანი, ზღაპრებს მისთვის სერიოზული მნიშვნელობა ჰქონდეს. იქნებ, რომ უმართლებდა და იგებდა, ამას ეძახდა სასწაულს?!

– მე მას ფსიქოლოგი მივუჩინე და დასკვნა ასეთი იყო: – არავითარი ემოცია. ზუსტად იცოდა, აქ რისთვისაც მოდიოდა.

– ვერ გავიგე, რისი თქმა გინდა. იცოდა, რომ მოიგებდა?

– იცოდა, დარწმუნებულიც იყო ამაში.

– ხელი რატომ არ შეუშალე, რატომ მიეცი საშუალება, გაეძარცვე, ექსპერიმენტს ატარებდი? – ლიკა ერთბაშად გაცხარდა და საცოდავი ფისუნია წამში გაანჩხლებულ კატას დაემსგავსა.

– ჰოო?! რა უნდა გამეკეთებინა? თამაში ამეკრძალა მისთვის? რის საფუძველზე? ეს განსაკუთრებული ბიზნესია და თავისი კანონები აქვს. შენი ქმრის გამო ყველაფერს ვერ დავღუპავდი. უბრალოდ, იმაზე ვმწარდები, თვალსა და ხელს შუა რომ გამაცურეს. თუმცა, ეს ჩემი პრობლემაა და მე უნდა მოვინელო. მორჩა, ახლა საქმე მაქვს. ჩვენი საუბარი დროებით დასრულებულია.

– ანუ, უნდა წავიდე. თანაც ისე, რომ საერთოდ ვერაფერი გავარკვიე, პირიქით, უფრო საშინელი ფიქრები გამიჩნდა. მგონი, სულ არ უნდა მოვსულიყავი.

– მე ვთქვი, დროებით უნდა დავშორდეთ-მეთქი. როგორც კი რაღაც ახალს გავიგებ, სოფოს დავურეკავ. თქვენც ყველაფერი გამაგებინეთ, თუნდაც ყველაზე უმნიშვნელო, წვრილმანი სიახლე. მაგრამ, იმასაც გეტყვი, რომ ყველაზე ცუდისთვისაც მზად უნდა იყო.

– ანუ, იმის თქმა გინდა, რომ დროა, შავი კაბა შევიკერო?!

– მე ვთქვი, ყველაზე ცუდისთვის-მეთქი. თუ ეს შენთვის ყველაზე ცუდი ვარიანტია, მაშინ...

ლიკა წამოდგა:

– ყველაფერი გავიგე. შანსი იმისა, რომ ჩემი ქმარი ცოცხალი და ჯანმრთელია, მინიმალურია. ჯობია, თავი არ მოვიტყუო. მადლობის მეტი არაფერი მეთქმის. პირიქით, ძალიან კარგად, დელიკატურად ამიხსენი, რომ ამიერიდან სრულიად მარტო ვარ. არც არავისი იმედი არ უნდა მქონდეს. ახლა წავალ და ჩემს ახალ მდგომარეობას შევეგუები, – ლიკამ კარი გამოაღო.

– მოიცადე, მეც, გამოგყვები – სოფომ ანდროს შეხედა:

– ესე იგი, იმედი მართლა აღარ უნდა გვქონდეს?!

ანდრომ ხელები გაშალა:

– არ ვიცი, სოფო, არ ვიცი. ისე, იმედი ბოლოს კვდება, ესეც ხომ არის?! ასე რომ, შეიძლება, ხვალ სასწაული მოხდეს, თუკი თქვენ გჯერათ სასწაულების.

კარის სახელური უჩვეულოდ მძიმე და ცივი მოეჩვენა. გასაღებიც ძლივს გადაატრიალა საკეტში. ზურგზე თითქოს ქვებით სავსე ტომარა აჰკიდეს და კიდურები უსაშველოდ დაუმძიმეს. თავბრუ ესხმოდა და შიგნით რაღაც ძალიან სტკიოდა. გვიან მიხვდა, რომ ეს სიცარიელის განცდა იყო. აუტანლად დამთრგუნველი და შემაწუხებელი. კიდევ უფრო საშინელი აღმოჩნდა სახლში გამეფებულ სამარისებურ სიჩუმესთან პირისპირ დარჩენა. ლიკას მოეჩვენა, რომ ეს სახლი არასდროს ყოფილა მისი, არასდროს ყოფილა თბილი და მზის სხივებით განათებული. ყველაფერი ძველებურად იყო – ყველა ნივთი თავის ჩვეულ ადგილას იდო. ლიკას არ უყვარდა მათთვის მდგომარეობის შეცვლა, ლაშაც არ ერეოდა ამაში. ქალი ოთახებში ფეხაკრეფით დააბიჯებდა, ფრთხილად და უხმაუროდ. თითქოს ვიღაც უხილავი არსების გაღვიძებას უფრთხოდა. თვალები დახუჭა და შეეცადა, ის ბედნიერი, სიცილითა და ხალისით სავსე დღეები გაეხსენებინა, ამ სახლში რომ ჰქონდა. ვერ შეძლო. სამაგიეროდ, წარმოსახვამ ისეთი შემაძრწუნებელი სურათი დაუხატა, შეშინებულმა მაშინვე გაახილა თვალი. წარმოიდგინა, რომ ... არა, კი არ წარმოიდგინა, პირდაპირ დაინახა შუა ოთახში მდგარი ძველი დივანი და მასზე გაწოლილი ქმრის უსულო სხეული. მაინც, რატომ გადაირია ამ ძველისძველ, გაქუცულ და მონჯღრეულ დივანზე ასე?! ანდროსთან საუბრისას ქმრის ეს ბოლოჟამინდელი ახირება არც გახსენებია. არადა, შეიძლება, სწორედ ეს იყო ყველაზე საყურადღებო?.. ლიკამ ამოიოხრა და დივანზე ჩამოჯდა. უფრო სწორად, მის კიდეზე. საშინელ სისუსტეს გრძნობდა, ღონე მთლიანად წაერთვა. მუხლები მოუდუნდა და ქუთუთოები ისე დაუმძიმდა, თითქოს ვიღაცის უხილავმა ხელმა ზედ ტყვიის ფირფიტები დაალაგა. შინაგანი ხმა ჩასძახოდა, ადექი, გაიქეცი აქედან უკანმოუხედავადო და თვითონაც ხვდებოდა ამის აუცილებლობას, მაგრამ სხეული ვერაფრით დაიმორჩილა. ვერც კი იგრძნო, საიდან ან როდის მოვიდა ძილი. ისღა მოასწრო, ბალიშზე თავი დაედო და ფეხები შეეკეცა. ისე ჩაეძინა, როგორც თამაშით გადაღლილ ბავშვს, მშობლების ყურადღების გარეშე დარჩენილს, ტანსაცმლიანად მიძინებულს, სახეზე უმანკო ღიმილით.

...ლაშამ მკვეთრად დაამუხრუჭა. ვახომ ძლივს შეიკავა თავი, საქარე მინას შუბლით რომ არ მისკდომოდა.

– გაგიჟდი? რატომ გაჩერდი, აკი უნდა გავქცეულიყავით?

– ეგ დაივიწყე. ვერსად ვერ გავიქცევით, მაგრამ მანქანის მართვასაც ვეღარ შევძლებ. მოხდეს, რაც მოსახდენია.

– მე რაღას მერჩი? შენ ჩამითრიე ამ ყველაფერში და ახლა ასე ბრმად უნდა შეგეწირო? არ მინდა, გესმის შენ? არ მინდა!

– არც მე მინდა სიკვდილი, მით უმეტეს ახლა და აქ, მაგრამ იოლადაც არ დავნებდები, – ლაშამ სავარძლის ქვეშ ხელი შეყო და მოზრდილი რკინის ქანჩი გამოათრია.

– ეს რა არის, ტო? – გაშტერდა ვახო.

– ხომ გითხარი, ადვილად არ დავნებდები-მეთქი. ვიბრძოლებ. სხვა გამოსავალი მაინც არ მაქვს. ამათ ხელში არ ჩავუვარდები. ერთს მაინც გავიყოლებ თან. შენ ყურადღებით იყავი. როგორც კი ახლოს მოვლენ და დაინახავ, რომ ყველაფერი დასასრულისკენ მიდის, ჩანთა მანქანიდან გადაათრიე და ამ სანთებელით ფულს ცეცხლი მოუკიდე. სანამ მე მათ ყურადღებას მივიპყრობ, შენ ფულის დაწვას მოასწრებ.

ვახომ თავზე იტაცა ხელები:

– გიჟი ხარ? უკეთესი ვერაფერი მოიფიქრე? საიდან გაქვს თვითგანადგურების ასეთი ნიჭი? მეც როგორ აგყევი, ასეთი წარმოუდგენელი სისულელე რატომ ჩავიდინე?!

– ახლა უკვე ძალიან გვიანია ამაზე ფიქრი. ქალივით ნუ კრუსუნებ. სანთებელა ჯიბეში ჩაიდე და მოემზადე. დრო ცოტა გვექნება.

გაგრძელება შემდეგ ნომერში


скачать dle 11.3